განაჩენი

სისხლის სამართლის 21.12.2018
საქმის ნომერი
010141318700061945
თარიღი
21.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700061945

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

379აპ-18 თბილისი

შ-–---–---–- ლ----, 379აპ-18 10 დეკემბერი, 2018 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

გიორგი შავლიაშვილი, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან – კ------------- თ--------ს

პროკურორ – იმედა გუგუშვილის

ადვოკატების – კ------- მ----–---ს, დ------- მ---------ს

მსჯავრდებულ – ლ---- შ-–---–---–-ს

კანონიერი წარმომადგენლის – თ----- შ-–---–---–-ს

მონაწილეობით განიხილა თბილისის პროკურატურის პროკურორ იმედა გუგუშვილისა და მსჯავრდებულ ლ---- შ-–---–---–-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ---- შ-–---–---–ს ბრალი დაედო სიცოცხლის მოსპობაში გაუფრთხილებლობით და დამამძიმებელ გარემოებებში დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობაში.

 

ლ---- შ-–---–---–-ს დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2016 წლის 29 სექტემბერს, დაახლოებით 19:30 საათზე, ქ-------–--–-----------------------–--–----------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ---- შ-–---–---–ს, რომელიც იმყოფებოდა მეგობრებთან - მ-----– ი------–---–თან, რ---- მ-------–---–თან, გ--- მ----–----–---სთან, ნ------- ბ------–---თან, ბ------- ჭ-----------სთან, ზ------ მ-----–---სა და ა---------– ბ----–-–---–თან ერთად, შელაპარაკება მოუხდა ო---- ყ--–-----–---–თან, შ----- მ--–-----–---სთან, ტ-------- პ---–---–სა და მათ მეგობრებთან, რაც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში.

 

ლ---- შ-–---–---–ს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ კონფლიქტის მონაწილეები იყვნენ არასრულწლოვნები, მან დანით, განზრახ მოკვლის მიზნით, არასრულწლოვან ო---- ყ--–-----–---–ს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მიაყენა სახის არეში, ასევე არასრულწლოვან ტ-------- პ---–---–ს - გულმკერდის არეში, ხოლო შ----- მ--–-----–---ს - გულმკერდისა და მხრის არეში.

 

ამავე ჩხუბში ლ---- შ-–---–---–მა დანით გულმკერდის არეში შემთხვევით მიაყენა შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა თავის მეგობარ, არასრულწლოვან ა---------– ბ----–-–---–ს, რომელიც შეცდომით ეგონა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი. ა---------– ბ----–-–---–ი მიყენებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 აგვისტოს განაჩენით:

 

ლ---- შ-–---–---–-, - დაბადებული 2--- წლის 2--------------, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ამავე კოდექსის 69-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა - 1 (ერთი) წლით შინაპატიმრობა.

 

ლ---- შ-–---–---–ს - 23:00 საათიდან 08:00 საათამდე პერიოდში დაეკისრა საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება.

 

ლ---- შ-–---–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/4-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეფარდებულ სასჯელთაგან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ლ---- შ-–---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 (ექვსი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

ლ---- შ-–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2016 წლის 30 სექტემბრიდან იმავე წლის 17 ნოემბრის ჩათვლით და სასჯელის მოხდა დაეწყო სასამართლო სხდომის დარბაზში თავისუფლების აღკვეთის მომენტიდან - 2017 წლის 30 აგვისტოდან.

 

3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარეებმა. ლ---- შ-–---–---–-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - კ------- მ----–---მ და დ------- მ---------მ მოითხოვეს განაჩენში ცვლილებების შეტანა, კერძოდ: მსჯავრდებულის გამართლება საქართველოს სსკ-ის 19,117-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ვინაიდან ლ---- შ-–---–---–- მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. თბილისის პროკურატურის პროკურორებმა - იმედა გუგუშვილმა და გიორგი ქობულაძემ მოითხოვეს ლ---- შ-–---–---–-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 19, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულ ლ---- შ-–---–---–-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - დ------- მ---------სა და კ------- მ----–---ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო თბილისის პროკურატურის პროკურორების - გიორგი ქობულაძისა და იმედა გუგუშვილის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

 

ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 აგვისტოს განაჩენში, კერძოდ:

 

ლ---- შ-–---–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 69-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით შინაპატიმრობა.

 

ლ---- შ-–---–---–ს 23:00 საათიდან 08 :00 საათამდე პერიოდში დაეკისრა საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება.

 

ლ---- შ-–---–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 16 (თექვსმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ–ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეფარდებულმა მკაცრმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ–ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფარდებული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ლ---- შ-–---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ლ---- შ-–---–---–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2017 წლის 30 აგვისტოდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2016 წლის 30 სექტემბრიდან იმავე წლის 17 ნოემბრის ჩათვლით.

 

მხედველობაში იქნა მიღებული, რომ ლ---- შ-–---–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა მოეხსნა თ----- შ-–---–---–-ს საკუთრებაში რიცხული ქონების (მდებარე ქ-------–--–----------–-------------–----–------------------------------------------------ N01.18.13.023.007.01.0--) 8 000 (რვა ათასი) ლარის ეკვივალენტურ წილს.

 

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის პროკურატურის პროკურორმა იმედა გუგუშვილმა და მსჯავრდებულმა ლ---- შ-–---–---–მა.

 

სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს ლ---- შ-–---–---–-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 19, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისი სასჯელის შეფარდებას, ხოლო მსჯავრდებული ლ---- შ-–---–---–- - საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შერაცხულ ბრალდებაში გამართლებას, სსკ-ის 116-ე მუხლის 1-ლ ნაწილში კი - განაჩენის უცვლელად დატოვებას.

 

6. საკასაციო პალატის სხდომაზე ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივრებს და მოითხოვეს მათი დაკმაყოფილება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მათი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. დაზარალებულ ტ-------- პ---–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 29 სექტემბერს, საღამოს, ის და მისი მამიდაშვილი შ----- მ--–-----–--- იმყოფებოდნენ სახლთან მდებარე სტადიონთან ახლოს, სადაც კონცერტი მიმდინარეობდა. ამ დროს ჩამოიარა რამდენიმე ბიჭმა. ყველაზე წინ ლ---- შ-–---–---–- მოდიოდა, რომელიც აგდებულად მიესალმა მათ. ამის შემდეგ ლ---- შ-–---–---–მა ჰკითხა შ----- მ--–-----–---ს, როგორ მიყურებ, ხომ არ გეცნობიო და გვერდზე გასვლა შესთავაზა, რაზეც დათანხმდნენ. ლ---- შ-–---–---–- და შ----- მ--–-----–--- წინ მიდიოდნენ, ის კი მათ მიჰყვებოდა. ირგვლივ ხალხი იყო და ნაწილი მათ გაჰყვა უკან. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ მივიდნენ საბანკეტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე. იქ ლ---- შ-–---–---–- და შ----- მ--–-----–--- ერთმანეთის პირისპირ დადგნენ. ტ-------- პ---–---–ი კი მათ წინ გაჩერდა. ლ---- შ-–---–---–-ს მეგობრები და ისინი, ვინც მათ გაჰყვა, წრიულად იდგნენ ტ-------- პ---–---–თან ერთად. შემთხვევის ადგილზე მისვლისთანავე შ----- მ--–-----–---მ, ისე რომ მათ შორის საუბარიც არ დაწყებულა, ლ---- შ-–---–---–ს ხელი დაარტყა. ლ---- შ-–---–---–მა დანა ამოიღო და დაიწყო უმისამართოდ ქნევა. მოწმის განმარტებით, მან დაინახა, რომ ლ---- შ-–---–---–ს დანა ეჭირა, თვითონ კი დაჭრილი იყო. შეეშინდა და გაიქცა. ლ---- შ-–---–---–- მას გაეკიდა. დაახლოებით 5 - 10 მეტრი სდია, შეურაცხყოფას აყენებდა და ეძახდა, ხომ მაინც დაგჭერიო, რომ ვერ დაეწია, უკან მიბრუნდა.

 

ტ-------- პ---–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მან ლ---- შ-–---–---–ს იმიტომ დაარტყა, რომ ლ---- დანას იღებდა ჯიბიდან.

 

3. დაზარალებულ შ----- მ--–-----–---ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 29 სექტემბერს ის, მისი ბიძაშვილი - ტ-------- პ---–---–ი და ო---- ყ--–-----–---–ი უყურებდნენ კონცერტს, რა დროსაც ჩამოიარა მისთვის უცნობმა რამდენიმე ბიჭმა და მიესალმა იქ მყოფებს. ამის შემდეგ მასთან მივიდა ლ---- შ-–---–---–- და ჰკითხა, ხომ არ ეცნობოდა. უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ ლ---- შ-–---–---–მა შესთავაზა გვერდზე გასულიყვნენ, რაზეც დათანხმდა და წავიდნენ დაახლოებით 100-200 მეტრის მოშორებით. ის და მსჯავრდებული წინ მიდიოდნენ, ლ---- შ-–---–---–-ს თანმხლები ბიჭები კი უკან მისდევდნენ. როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, ერთმანეთის პირისპირ დადგნენ, ტ-------- პ---–---–ი და ო---- ყ--–-----–---–ი მის გვერდით, ხოლო ლ---- შ-–---–---–-ს თანმხლები ბიჭები - იქვე, ახლოს. შემთხვევის ადგილზე სიბნელე იყო, მაგრამ საბანკეტო დარბაზის პირველ სართულზე მდებარე მოტოციკლეტების სახელოსნოდან შუქი გამოდიოდა და იმ ზოლზე კარგად ჩანდა ყველაფერი. ტ-------- პ---–---–ი ამ სახელოსნოსკენ იდგა. მან და ლ---- შ-–---–---–მა საუბარი დაიწყეს, რა დროსაც ლ---- შ-–---–---–მა კიდევ ერთხელ ჰკითხა, ხომ არ ეცნობოდა, რაზეც კვლავ უარყოფითად უპასუხა. მსჯავრდებულმა ჯიბისკენ წაიღო ხელი. დაზარალებულმა დაინახა, როგორ იღებდა იგი დანას და ხელი დაარტყა სახეში, ლ---- შ-–---–---–- წაბარბაცდა, რის შემდეგაც მისკენ წამოვიდა ხელის ქნევით. შ----- მ--–-----–---მ უკან დაიხია და ლ---- შ-–---–---–ს ტ-------- პ---–---–ი შეეჩეხა. მას შემდეგ, რაც მან მსჯავრდებულს ხელი დაარტყა, შემთხვევის ადგილზე ჩხუბი ატყდა. ხელი ერთი ორჯერ მანაც მოიქნია და დაინახა, რომ მისი მეგობარი ო---- ყ--–-----–---–ი სახის არეში იყო დაჭრილი. თვითონ როგორ დაჭრა, არ დაუნახავს, ამის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც ო---- ყ--–-----–---–თან მივიდა. მეგობრისკენ წასულმა დაინახა, რომ მსჯავრდებული კვლავ იქნევდა დანას, ყვიროდა, იგინებოდა და ამბობდა, ხომ მაინც დაგჭერითო. ხან ყვიროდა, დანა მაქვსო, თუმცა არ მომეკაროთო, არ უთქვამს. შ----- მ--–-----–---მ შემთხვევის ადგილი დატოვა ო---- ყ--–-----–---–თან ერთად. მას ტ-------- პ---–---–ის დაჭრა არ დაუნახავს.

 

4. დაზარალებულ ო---- ყ--–----–---–-ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 29 სექტემბერს, საღამოს, წავიდა კონცერტზე, რომელიც მისი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმართებოდა. როდესაც მივიდა, დაინახა, რომ შ----- მ--–-----–--- და ტ-------- პ---–---–ი უცნობებთან ერთად მიდიოდნენ. ირგვლივ ბევრი ხალხი იყო, ამ დროს გაიგონა დაძახილი, წამოდითო და ისიც გაჰყვა. წინ მიმავლებიდან კონკერტულად ვინ იყვნენ, ვერ გაარჩია, რადგან საკმაოდ ბნელოდა და მისგან შორს იყვნენ, ამასთან, მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. მივიდნენ საბანკეტო დარბაზთან. ის იყო შემთხვევის ადგილზე უნდა მისულიყო, რომ ჩოჩქოლი ატყდა, ხელისკვრა და მსგავსი მოქმედებები იყო. ამას მოჰკრა თვალი თუ არა, დანა მოხვდა სახის არეში. მისი განმარტებით, როდესაც დანა მოხვდა, იმან, ვინც დაზიანება მიაყენა, დაიყვირა დავჭერიო. როდესაც სახეზე მოიკიდა ხელი, ნახა, რომ სისხლი სდიოდა, სხვა აღარაფრისთვის მიუქცევია ყურადღება, გამოტრიალდა და სახლისკენ გამოიქცა.

 

5. მოწმე მ-----– ი------–---–ის განმარტებით, 2016 წლის 29 სექტემბერს ის, ლ---- შ-–---–---–-, რ---- მ-------–---–ი, ბ------- ჭ----------- და ა---------– ბ----–-–---–ი წავიდნენ კონცერტის საყურებლად. გზაში შეხვდათ ზ------ მ-----–---, ნ------- ბ------–---ი და გ--- მ----–----–---. იქ იყვნენ ქ---------------–--–- ბიჭები, რომლებსაც არ იცნობდა. ისინი უყურებდნენ ლ---- შ-–---–---–ს. ლ---- მივიდა ერთ-ერთთან და ჰკითხა, ხომ არ ეცნობოდა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო. შემდეგ ლ---- შ-–---–---–მა ჰკითხა თუ საიდან იცნობდა, ბიჭმა უპასუხა, რა შენი საქმეაო და ხელით ძიძგილაობა დაიწყეს. იმ ბიჭმა ლ---- შ-–---–---–ს შესთავაზა გვერდით გასულიყვნენ. შემთხვევის ადგილზე მისვლამდე ხალხი ემატებოდათ. როდესაც მივიდნენ, მსჯავრდებულმა ქ---------------–--–- უთხრა ხელი ასე რატომ დამადეო. იმ ბიჭს არ ესიამოვნა და უთხრა, მეორეჯერ ხელი ასე აღარ დამადოო, მაგრამ ლ---- შ-–---–---–- კვლავ შეეხო მხარზე. ქ---------------–--–მა ბიჭმა ლ---- შ-–---–---–ს სახეში ხელი დაარტყა, რაზეც მან ამოიღო დანა და ჯერ ამ ბიჭს დაარტყა და შემდეგ - მის მომდევნო ქ---------------–--– ბიჭსაც, ლოყაზე. მოწმის განმარტებით, ის ამ დროს მსჯავრდებულის გვერდით იდგა. ამის შემდეგ ჩხუბი დაიწყო, თავად ძირს ეგდო და ურტყამდნენ. ირგვლივ სიბნელე იყო, მაგრამ შუქი ურტყამდა და ჩანდა იქაურობა. როცა ქ---------------–--–მა ბიჭებმა გაიგეს, რომ მათიანები დაჭრილები იყვნენ, უკან დაიხიეს და მ-----– ი------–---–მა წამოდგომა მოახერხა, რა დროსაც ა---------– ბ----–-–---–ის გვერდით აღმოჩნდა. მსჯავრდებული მათ წინ იდგა. ა---------– ბ----–-–---–მა ხელი დაადო მხარზე ლ---- შ-–---–---–ს და უთხრა, წამო, გეყოო, მსჯავრდებული შემოტრიალდა და ისე, რომ სხვა რაიმე რეაქცია არ ჰქონია, ა---------– ბ----–-–---–ს დანა დაარტყა გულის არეში. ა---------– ბ----–-–---–მა მსჯავდებულს უთხრა, რა ქენი, ბიჭო, დამჭერიო. მსჯავრდებულმა დანა სხულიდან ამოუღო ა---------– ბ----–-–---–ს და ბოდიში მოუხადა. მოწმის განმარტებით, ამის შემდეგ გაიგონა, როგორ თქვა ლ---- შ-–---–---–მა, დანა მაქვს, არ მომეკაროთო, მანამდე მსგავსი რამ არ გაუგონია.

 

6. მოწმე ბ------- ჭ-----------მ კონცერტზე მისვლის, შ----- მ--–-----–---სა და ლ---- შ-–---–---–ს შორის შელაპარაკების და შემთხვევის ადგილზე მისვლის გარემოებები ისე აღწერა, როგორც მოწმე მ-----– ი------–---–მა. ასევე განმარტა, რომ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლები მათზე დიდები იყვნენ. მას შემდეგ, რაც შ----- მ--–-----–---მ ლ---- შ-–---–---–ს დაარტყა, აღარაფერი დაუნახავს, რადგან ურტყამდნენ, რის შემდეგაც ძირს დაწვა, თუმცა მის ცემას განაგრძობდნენ. მსჯავრდებულის მოქმედება არ დაუნახავს სიბნელის გამო, არც თავისი მეგობრების მოქმედება და არც ის, თუ კონკრეტულად მათგან რომელი იყო შემთხვევის ადგილას. როცა ჩხუბი დამთავრდა და იმ ადგილს მოშორდნენ, მხოლოდ მას შემდეგ დაინახა თავისი მეგობრები, ისინი, ვინც თავდაპირველად იყვნენ მასთან ერთად. როცა თავი დაანებეს და ფეხზე წამოდგა, გაიგონა ა---------– ბ----–-–---–მა როგორ თქვა, დაჭრილი ვარო, ამ დაძახილზე მიხვდა, რომ ისიც იქ ყოფილა. როცა მასთან მივიდა, დაინახა, რომ სისხლი სდიოდა. ლ---- შ-–---–---–მა და ნ------- ბ------–---მა ხელში აიყვანეს ა---------– ბ----–-–---–ი და წაიყვანეს.

 

7. მოწმე გ--- მ----–----–---ს ჩვენებით დგინდება, რომ მან საღამოს გაუარა თავის მეგობარ ზ------ მ-----–---ს და ერთად წავიდნენ კონცერტზე. გზაში შეხვდნენ: ლ---- შ-–---–---–-, ა---------– ბ----–-–---–ი, ნ------- ბ------–---ი, ბ------- ჭ-----------, რ---- მ-------–---–ი და მ-----– ი------–---–ი. კონცერტი არ მოეწონათ და გასეირნება გადაწყვიტეს. სანამ წავიდოდნენ, ა---------– ბ----–-–---–მა უთხრა, ნახე, ჩვენები სადღაც მიდიანო და თავად მათკენ გაემართა. როცა ის და ზ------ მ-----–--- შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, ჩხუბი უკვე დაწყებული იყო. ირგვლივ სიბნელე იყო, მას კი მხედველობის პრობლემა აქვს, შორს ხედვა უჭირს, მხოლოდ ლანდებს არჩევდა. ჩხუბში არ ჩართულა და ცოტა მოშორებით დადგა. ჩხუბი რამდენიმე წუთს გაგრძელდა, მერე იქ მყოფთაგან ზოგიერთი წავიდა, რასაც მხოლოდ შავ ლანდებად ხედავდა. მერე მასთან მივიდნენ ზ------ მ-----–--- და რ---- მ-------–---–ი. ამის შემდეგ გაიგონა ა---------– ბ----–-–---–ის ხმა, ბიჭებო, დავიჭერიო და მასთან მივიდნენ.

 

8. მოწმე ზ------ მ-----–---მ დაადასტურა გ--- მ----–----–---ს მიერ აღწერილი გარემოებები. დამატებით განმარტა, რომ კონცერტზე ბოლოს დარჩნენ ის და გ--- მ----–----–---, რომ გაიხედა, ა---------– ბ----–-–---–იც აღარ იდგა მათთან ერთად. მოშორებით ხედავდა, როგორ მიჰყავდათ მისთვის უცნობ, დიდ ბიჭებს ლ---- შ-–---–---–- და უკან გაჰყვა. შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ მოულოდნელად მოხვდა მუშტი. შემდეგ რ---- მ-------–---–ი მივიდა მასთან, ხელი დაადო და უთხრა, რომ წასულიყვნენ და სწრაფი ნაბიჯებით გაბრუნდნენ უკან. მას შემთხვევის ადგილზე არაფერი დაუნახავს სიბნელის გამო.

 

9. მოწმე ნ------- ბ------–---ის ჩვენებით დგინდება, რომ ის, რ---- მ-------–---–ი, ბ------- ჭ-----------, ა---------– ბ----–-–---–ი, მ-----– ი------–---–ი და ლ---- შ-–---–---–- იყვნენ ერთად. გადაწყვიტეს წასულიყვნენ კონცერტზე. გზაში ზ------ მ-----–--- და გ--- მ----–----–--- შეხვდათ. კონცერტი არ მოეწონათ და გადაწყვიტეს სხვაგან წასულიყვნენ. მან გაიკეთა ყურსასმენი და მიდიოდა წინ. ამ დროს დაეწია თავისი მეგობარი, დაადო ხელი და შემოაბრუნა, რა დროსაც დაინახა, რომ მის წინ ხალხის მასა მოძრაობდა. ის უკან გაჰყვა ამ მასას. როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდა, დაინახა, რომ ბიჭები ერთმანეთზე „იწევდნენ“, იყო ჩოჩქოლი და გაიგონა ხმა, დაჭრილი ვარო, გაჰყვა ამ ხმას, რომელიც ა---------– ბ----–-–---–ს ეკუთვნოდა. უშუალოდ ჩხუბში მას მონაწილეობა არ მიუღია. დაჭრილი ა---------– ბ----–-–---–ი ხელში აიყვანა და შეეცადა იმ ადგილიდან გამოეყვანა. ა---------– ბ----–-–---–მა უთხრა, რომ პატარა ნაკაწრი ჰქონდა, ნუ ნერვიულობდა და სთხოვა ძირს დაესვა. მან დასვა, გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და აღმოაჩინა, რომ სისხლით იყო დასვრილი, მოტრიალდა და ნახა, რომ ა---------– ბ----–-–---–ი მის ფეხებთან ეგდო, დაიწყო ყვირილი, რაზეც მისი ყველა მეგობარი მოცვივდა, მათ შორის ლ---- შ-–---–---–-ც. მოწმის განმარტებით, როცა დაჭრილი შემთხვევის ადგილიდან გამოიყვანა, სხვებიც მას გამოჰყვნენ და ჩხუბი შეჩერდა. ამის შემდეგ ა---------– ბ----–-–---–ი ამოიყვანეს სტადიონთან და უცხო პირის მანქანით წაიყვანეს საავადმყოფოში.

 

10. მსჯავრდებულ ლ---- შ-–---–---–-ს ჩვენებით დგინდება, რომ ის, ნ------- ბ------–---ი, რ---- მ-------–---–ი, ბ------- ჭ-----------, მ-----– ი------–---–ი და ა---------– ბ----–-–---–ი 2016 წლის 29 სექტემბერს, საღამოს, წავიდნენ კონცერტის საყურებლად, გზაში შეხვდათ ზ------ მ-----–--- და გ--- მ----–----–---. კონცერტზე ყოფნისას შეამჩნია, რომ შ----- მ--–-----–--- აგრესიულად უყურებდა. ლ---- შ-–---–---–მა მეგობრები დატოვა და მასთან მივიდა იმის გასარკვევად, ეცნობოდა თუ არა მას. შ----- მ--–-----–---მ გვერდზე გასვლა შესთავაზა, რაზეც მსჯავრდებული დათანხმდა. შ----- მ--–-----–---მ კისერზე მოხვია ხელი და ისე მიჰყავდა, რომ უკან მოხედვას და სხვების დანახვას ვეღარ ახერხებდა, თუმცა ფეხის ხმითა და შეძახილებით ხვდებოდა, რომ ხალხი ემატებოდათ. შემთხვევის ადგილზე რომ მივიდნენ, შ----- მ--–-----–---მ კედელთან დააყენა, იქ მყოფები წრეზე იყვნენ განლაგებულნი კედელთან და გარშემო რამდენიმე ადამიანი ედგა. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლები მასზე დიდები, მაღლები და ტანადები იყვნენ. შ----- მ--–-----–---მ უთხრა, რამდენს ბლატაობ ბიჭო შენო, რაზეც მან უპასუხა, რომ მხოლოდ შეეკითხა, თუ საიდან ეცნობოდა, ამაზე შ----- მ--–-----–---მ ხელი დაარტყა სახის არეში, მას თვალთ დაუბნელდა, ამას მოჰყვა წიხლებიც და თითზე იგრძნო წვა. მან ხელი წაიღო ჯიბისკენ, გახსნა დანა და დაიყვირა, დანა მაქვს, არ მომეკაროთო და დაიწყო დანის ქნევა. ხმით ხვდებოდა, რომ ჩხუბი ატყდა. ირგვლივ ისე ბნელოდა, რომ ვინმეს დანახვა შეუძლებელი იყო, გარდა სილუეტებისა. წინიდან გაიგონა ხმა, დაჭრილი ვარო, რაზეც უპასუხა, რომ ხომ მაინც დაგჭერიო. ჩხუბი დიდხანს არ გაგრძელებულა. დანა მოხვდა მის მეგობარ ა---------– ბ----–-–---–ს და გაიგონა მისი ხმა, დაჭრილი ვარო. მსჯავრდებულის განმარტებით, ა---------– ბ----–-–---–ის დაჭრისთანავე შეწყვიტა დანის ქნევა.

 

11. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ----- ჯ-------მ დაადასტურა მის მიერ გაცემული N--------- ექსპერტიზის დასკვნა და განმარტა, რომ პირადი შემოწმებისას, 2017 წლის 7 მარტს, ო---- ყ--–-----–---–ს სახეზე, მარჯვნივ, აღენიშნებოდა თვალბუდის ქვედა კიდის პროექციიდან ლოყაზე გარდამავალი, შედარებით სწორნაპირებიანი ნაწიბური, რომელიც წარმოადგენს ამავე მიდამოში არსებული ნაკვეთი ჭრილობის შეხორცების შემდგომ კვალს, განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს - 2016 წლის 29 სექტემბერს. პირადი გასინჯვისას ო---- ყ--–-----–---–ს აღენიშნებოდა სახის მცირე ასიმეტრია და მიმიკის მოშლა. გამოვლინდა, სახის მარჯვენა ნერვის ნეიროპათია, ქვედა ტოტის დაზიანებით. ო---- ყ--–-----–---–ის სახეზე, მარჯვნივ არსებული ნაწიბური წარუხოცელია და დროთა განმავლობაში თავისით არ გამოსწორდება.

 

12. ანალოგიური დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ------- ბ------–---–მა.

 

13. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზ------ გ-------–-–---–მა დაადასტურა მის მიერ 2016 წლის 24 ოქტომბერს გაცემული N--------- დასკვნა, რომლის თანახმად, ა---------– ბ----–-–---–ის სიკვდილის მიზეზია გულმკერდის მარცხენა ნახევრის, გულმკერდის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობით დაზიანებული მარცხენა ლავიწქვეშა არტერიიდან და ვენიდან და ასევე მარცხენა ფილტვიდან სისხლდენის შედეგად განვითარებული ზოგადი სისხლნაკლებობა. ზ------ გ-------–-–---–მა განმარტა, რომ მის მიერ გაცემული დასკვნის მიხედვით, ჭრილობის არხის მიმართულებაა: ზემოდან ქვემოთ, წინიდან უკან, არხის სიგრძეა 6.5-8.5 სმ (ჭრილობის არხის სიგრძის უფრო ზუსტად აღება შეუძლებელია, ვინაიდან იგი შემავალია პლევრის ღრუში).

 

14. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი მხარეებმა ურთიერთშეთანხმებით სადავოდ არ მიიჩნიეს, რის გამოც ისინი პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე. კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი (29.09.2016), ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი (30.09.2016), ამოღების ოქმი (30.09.2016), დათვალიერების ოქმები (03.10.2016), სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის N--------- დასკვნა (18.10.2016), N--------- დასკვნა (18.10.2016), N--------- დასკვნა (02.12.2016), N--------- დასკვნა (07.12.2016), N--------- დასკვნა (10.03.2017), N--------- დასკვნა (31.03.2017).

 

15. N--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ო---- ყ--–-----–---–ის დიაგნოზია: ლოყის ღია ჭრილობა, პირის ღრუს ღია ჭრილობა, ჭრილობა არის ნაკვეთი ტიპის. დაზიანება განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

16. N--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შ----- მ--–-----–---ს დიაგნოზია: გულმკერდის მარცხენა ნახევრის ნაკვეთ-ნაჩვლეტი ჭრილობა, არაშემავალი გულმკერდის ღრუში, ანტიტეტანური იმუნიზაცია. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ - მჭრელი თვისებების მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

17. N--------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ტ-------- პ---–---–ის დიაგნოზია: ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭღილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში, არაშემავალი გულმკერდის ღრუში, ანტიტეტანური იმუნიზაცია. აღნიშნული დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ - მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

 

18. საკასაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე არ იზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნასა და სასამართლო სხდომაზე მითითებულ არგუმენტებს, ვინაიდან ისინი არ გამომდინარეობს წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან, კერძოდ:

 

19. დაცვის მხარის პოზიციით, მსჯავრდებული ლ---- შ-–---–---–- მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და მას არ გააჩნდა დაზარალებულების - ო---- ყ--–-----–---–ის, ტ-------- პ---–---–ისა და შ----- მ--–-----–---ს მოკვლის განზრახვა, იგი მხოლოდ თავს იცავდა, რასაც საკასაციო პალატა არ ეთანხმება შემდეგ გარემოებათა გამო:

 

20. საქართველოს სსკ-ის 28-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას. შესაბამისად, უნდა დადგინდეს, რომ ხელყოფა არის მართლსაწინააღმდეგო, რაც იმავდროულად საფრთხეს უნდა უქმნიდეს სამართლით დაცულ სიკეთეს, ხელყოფა უნდა იყოს იმწუთიერი და თავდაცვა უნდა შეესაბამებოდეს თავდასხმას (ხელყოფას).

 

21. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ ლ---- შ-–---–---–- არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ვინაიდან ყველა მოწმის ჩვენებით, მათ შორის თვითონ მსჯავრდებულ ლ---- შ-–---–---–-ს ჩვენებითაც დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მყოფ ახალგაზრდებს დანა, ან სხვა იარაღი, რომლითაც შესაძლოა, ლ---- შ-–---–---–-ს სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე დამუქრებოდა, არ ჰქონდათ და მათ მის მიმართ არ ჩაუდენიათ ისეთი ფიზიკური ძალადობა, რომელიც მას ჩააყენებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში. ლ---- შ-–---–---–-ს მეგობრის, მ-----– ი------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ შ----- მ--–-----–---მ ლ---- შ-–---–---–ს სახეში ხელი დაარტყა, ლ----მ კი ამოიღო დანა და ჯერ ამ ბიჭს, ხოლო შემდეგ მის გვერდით მდგომ ქ---------------–--– ბიჭს დაარტყა ლოყაში, რის შემდეგაც დაიწყო ჩხუბი, თვითონ კი ძირს ეგდო და ურტყამდნენ.

 

22. მ-----– ი------–---–ის ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ ლ---- შ-–---–---–მა მხოლოდ სახეში გარტყმის გამო ამოიღო დანა და დაჭრა შ----- მ--–-----–---, ო---- ყ--–-----–---–ი და ტ-------- პ---–---–ი, რაც თავისთავად გამორიცხავს მის აუცილებელ მოგერიებაში ყოფნის ფაქტს. თავის მხრივ, დაზარალებულმა შ----- მ--–-----–---მ საქმის არსებითი განხილვისას განმარტა, რომ მან დაინახა, ლ---- შ-–---–---–- დანას იღებდა და სწორედ ამიტომ გაარტყა ხელი.

 

23. მოწმეთა ჩვენებებით ასევე დადგენილია, რომ ლ---- შ-–---–---–სა და შ----- მ--–-----–---ს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გადაიზარდა ფიზიკურში, რაშიც ჩაერთვნენ მათი მომხრეებიც. ლ---- შ-–---–---–მა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელთა განზრახ მოკვლის მიზნით ამოიღო დანა და ურტყამდა მათ.

 

24. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ მოცემულ შემთხვევაში შ----- მ--–-----–---ს მხრიდან სახეში ხელის გარტყმა და დაცვის მხარის მიერ მხოლოდ იმ გარემოებაზე აპელირება, რომ მათ შორის მოხდა ჩხუბი, რა დროსაც დაზიანებები მიიღო ლ---- შ-–---–---–მაც, არ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ლ---- შ-–---–---–- აუცილებელი მოგერიების ფარგლებში იმყოფებოდა. ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაზარალებულის მიერ მხოლოდ ხელის გარტყმა და მსჯავრდებულის საპასუხო ქმედება - დანის დარტყმა, ერთი მხრივ, არ შეიძლება ჩაითვალოს ისეთი ძალის მართლსაწინააღმდეგო ქმედებად, რომელიც ლ---- შ-–---–---–ს ჩააყენებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ხოლო მეორე მხრივ, მსჯავრდებულის ქმედება არ არის დაზარალებულის ქმედების შესაბამისი და პროპორციული.

 

25. რაც შეეხება დაცვის მხარის კიდევ ერთ მოსაზრებას, რომ სასამართლომ არ დაასაბუთა, თუ როდის და რა მოტივით წარმოეშვა ლ---- შ-–---–---–ს მკვლელობის განზრახვა, მითუფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მას შელაპარაკება მოუხდა მხოლოდ დაზარალებულ შ----- მ--–-----–---სთან, ხოლო დაზარალებულებს - ო---- ყ--–-----–---–სა და ტ-------- პ---–---–ს იგი საერთოდ არ იცნობდა, არანაირი კონფლიქტი წარსულში მათთან არ ჰქონია და ამასთანავე, სამივე დაზარალებული დაბეჯითებით აცხადებს, რომ მსჯავრდებულს არ ჰქონდა მათი მოკვლის განზრახვა, აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს შემდეგს:

 

26. საკასაციო პალატის მიერ განმარტებულია, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის - განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნება. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, მსჯავრდებული (ბრალდებული) არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა. ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას იძლევა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი, N 527აპ-17).

 

27. საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ლ---- შ-–---–---–მა განიზრახა დაზარალებულების მკვლელობა და მისი ქმედება უშუალოდ მიმართული იყო სწორედ ამ დანაშაულის ჩასადენად, რაზეც მეტყველებს რამდენიმე ფაქტორი, კერძოდ:

 

· ლ---- შ-–---–---–-ს მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი - 3 პირის დაჭრა ცივი იარაღით და მათთვის მიყენებული სხეულის დაზიანებების სახე და ლოკალიზაცია - სიცოცხლისათვის სახიფათო მიდამოებში, სახელდობრ: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნების თანახმად, შ----- მ--–-----–---ს აღენიშნება გულმკერდის მარცხენა ნახევრის ნაკვეთ-ნაჩვლეტი ჭრილობა, არაშემავალი გულმკერდის ღრუში, ო---- ყ--–-----–---–ს - ლოყისა და პირის ღრუს ღია ჭრილობა, ტ-------- პ---–---–ს - ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭღილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში, არაშემავალი გულმკერდის ღრუში.

 

· ასევე დადგენილია, რომ ლ---- შ-–---–---–მა შეგნებულად, სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილას, გულის არეში, დაზიანება მიაყენა საკუთარ მეგობარს - ა---------– ბ----–-–---–ს, რომელიც შეცდომით ეგონა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი, რაც დამატებით ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ლ---- შ-–---–---–ს ამოძრავებდა სწორედ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელთა მოკვლის განზრახვა.

 

· მოკვლის განზრახვაზე ასევე მეტყველებს ტ-------- პ---–---–ის ჩვენება, რომ მას ლ---- შ-–---–---–-, ხელში დანამომარჯვებული, გაეკიდა 5 - 10 მეტრის მანძილზე, რომ ვერ დაეწია, მიაძახა - „ხომ მაინც დაგჭერიო“ და უკან მიბრუნდა.

 

28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მკვლელობის განზრახვა შესაძლებელია წარმოიშვას დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული იმწუთიერი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, უშუალოდ კონფლიქტის დროს და დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელი არ არის, რომ განზრახვა დროის ხანგრძლივი ინტერვალით უსწრებდეს წინ ქმედებას. მოცემულ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მკვლელობის განზრახვა ლ---- შ-–---–---–ს წარმოეშვა ურთიერთშელაპარაკების დროს და მის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით. ხოლო ის ფაქტი, ჰქონდა თუ არა ლ---- შ-–---–---–ს დაზარალებულების მოკვლის განზრახვა, არ არის დამოკიდებული დაზარალებულთა აღქმაზე, ეს წარმოადგენს სასამართლოს შეფასების საგანს. მიუხედავად ამისა, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულების - ტ-------- პ---–---–ისა და ო---- ყ--–-----–---–ის ჩვენებებზე. ტ. პ---–---–ი განმარტავს: რომ არ გაწეულიყო, ლ. შ-–---–---–- მეორედ დაარტყამდა დანას და მოკლავდა, ხოლო ო. ყ--–-----–---–ი: ვინაიდან მისი ჭრილობის მიმართულება იყო ზემოდან ქვემოთ, ეს არ იყო შემთხვევითი დაჭრა.

 

29. გარდა ამისა, დაცვის მხარე აპელირებს კიდევ რამდენიმე გარემოებაზე, კერძოდ: ლ---- შ-–---–---–- შ----- მ--–-----–---მ იძულებით გაიყვანა მოფარებულ ადგილას, სადაც მას, ისევე როგორც მის ყველა მეგობარს, უმოწყალოდ სცემეს, ხოლო მოწმე მ-----– ი------–---–ი არის დაინტერესებული პირი. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმის მასალებით დადგენილად და უდავოდ მიაჩნია, რომ მსჯავრდებულს ხელი პირველად შ----- მ--–-----–---მ დაარტყა, რის შემდეგაც მხარეებს შორის დაიწყო ჩხუბი, თუმცა კონფლიქტის ინიციატორი, მათი თავდაპირველი შეხების მომენტიდან და შემდეგ მოფარებულ ადგილას გასვლის დროის ჩათვლით, არის სწორედ ლ---- შ-–---–---–-. დაზარალებულები - ტ-------- პ---–---–ი და შ----- მ--–-----–--- თავიანთ ჩვენებებში, ისევე როგორც მოწმეები - ბ------- ჭ----------- და მ-----– ი------–---–ი განმარტავენ, რომ ლ---- შ-–---–---–- მივიდა მ--–-----–---სთან სასაუბროდ, რასაც მსჯავრდებულიც ადასტურებს. ხოლო მოწმეები - ბ------- ჭ----------- და მ-----– ი------–---–ი უთითებენ, რომ როდესაც ისინი მოფარებულ ადგილას გავიდნენ, ლ----მ ხელი დაადო შ-----ს და ჰკითხა, თუ რატომ დაადო მან ასე ხელი თავდაპირველი საუბრისას. შ. მ--–-----–---მ გააფრთხილა, რომ ხელი აღარ დაედო მისთვის, თუმცა იგი არ დაემორჩილა, კვლავ დაადო ხელი, რასაც მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება. საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ მოწმე მ-----– ი------–---–ი არის დაინტერესებული პირი, ვინაიდან მისი ჩვენება სრულად შეესაბამება როგორც საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, ისე მოწმეთა ჩვენებებს, ამასთან, იგი არის მსჯავრდებულ ლ---- შ-–---–---–-ს მეგობარი და გაუგებარია, რა დაინტერესება უნდა გააჩნდეს მის მიმართ.

 

30. რაც შეეხება ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ლ---- შ-–---–---–-ს საქართველოს სსკ-ის 19, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და მიუთითებს, რომ საქმეში არ მოიპოვება სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა დასკვნისათვის, რომ მან იცოდა შ----- მ--–-----–---სა და ო---- ყ--–-----–---–ის ასაკი, რომლებიც დანაშაულის ჩადენის დროს იყვნენ, შესაბამისად - 17 და 16 წლისები. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ო---- ყ--–-----–---–ი იყო 16 წლის და მას საკმაო პერიოდი აშორებდა სრულწლოვანებას, არ წარმოადგენს უტყუარ მტკიცებულებას და არც სხვა რაიმე გარემოება დადგენილა, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ ქმედების ჩადენისას ლ---- შ-–---–---–მა დანამდვილებით იცოდა ან შეიძლება სცოდნოდა დაზარალებულების ასაკი.

 

31. მსჯავრდებულ ლ---- შ-–---–---–-სათვის შეფარდებულ სასჯელთან მიმართებით უნდა აღინიშნოს შემდეგი: სააპელაციო სასამართლომ სრულად გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ასევე შეაფასა და დაადგინა ბავშვის საუკეთესო ინტერესი, მართებულად იხელმძღვანელა როგორც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად და ინდივიდუალური შეფასების ანგარიშით, მხედველობაში მიიღო: ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი, რომელიც ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში ნებისმიერი გადაწყვეტილება მიზნად უნდა ისახავდეს ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესის დაცვას. ამავე კონვენციის 32-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის „გ” ქვეპუნქტის მოთხოვნები, რომელთა თანახმად, სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, სასჯელის შესაბამისი სახის გათვალისწინებისას მხედველობაში მიიღოს ბავშვის ჯანმრთელობა, განათლება, ეკონომიკური ექსპლუატაცია, ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური და სოციალური განვითარების ფაქტორები; გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სტანდარტული მინიმალური წესები, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის ადმინისტრაციის შესახებ („პეკინური წესები“) მე-5 მუხლი, რომლის მიხედვითაც, ზემოქმედების ზომის შერჩევისას ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, რომლის შესაბამისად, არასრულწლოვნის მიმართ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინება ისეთი სახის ინდივიდუალური მახასიათებლები, როგორებიც არის: ასაკი, განვითარების დონე, ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების პირობები, განათლება, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური ვითარება და სხვა გარემოებები, რომლებიც არასრულწლოვნის ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასებისა და მისი საჭიროებების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა. ზემოაღნიშნული ინდივიდუალური მახასიათებლების დადგენა, 27-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შესაძლებელია ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის საფუძველზე, რომლის მომზადება ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე სავალდებულოა სასჯელის განსაზღვრის დროს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ლ---- შ-–---–---–-სათვის შეფარდებული სასჯელი სამართლიანია და სრულად შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თბილისის პროკურატურის პროკურორ იმედა გუგუშვილისა და მსჯავრდებულ ლ---- შ-–---–---–-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 30 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულ ლ---- შ-–---–---–-ს მიმართ დარჩეს უცვლელად;

 

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

 

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

 

პ. ქათამაძე