განჩინება

სისხლის სამართლის 03.01.2019
საქმის ნომერი
010141318700061175
თარიღი
03.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700061175

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №81აგ-18 3 იანვარი, 2019 წელი

გ------–--ე ზ------, 81აგ-18 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, პაატა ქათამაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ------ გ------–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ------- ბ------ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 6 აგვისტოს განაჩენით ზ------ გ------–--ე, - დ----------–-------–-–------------–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,“ ,,ე“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 10 წლითა და 4 თვით; საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,“ ,,ე“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით; საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ზ------ გ------–--ეს მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 22 წლითა და 4 თვით. ზ------ გ------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 16 აპრილიდან.

 

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 დეკემბრის განაჩენით ზ------ გ------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,“ ,,ე“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლით; საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,“ ,,ე“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლითა და 6 თვით და დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარი; საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 6 თვით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზ------ გ------–--ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლით, ხოლო დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 6 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 20 წელი, 7 თვე და 17 დღე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზ------ გ------–--ეს მიესაჯა - თავისუფლების აღკვეთა 33 წლით, 7 თვითა და 17 დღით, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა - 5000 ლარი. ზ------ გ------–--ეს დანიშნული სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო 2009 წლის 29 დეკემბრიდან.

 

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 26 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 25 მარტის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

 

5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 7 მარტის განჩინებით ზ------ გ------–--ე,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, გათავისუფლდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 6 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელისაგან; მასვე, ¼-ით შეუმცირდა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლითა და 9 თვით; მასვე ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,“ ,,ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; ასევე ¼-ით შეუმცირდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 29 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 19,379-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 9 თვით; საქართველოს სსკ-ის 19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა,“ ,,ე“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლით, 10 თვითა და 15 დღით; საქართველოს სსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, 1 თვითა და 15 დღით. საბოლოოდ ზ------ გ------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 23 წლითა და 6 თვით. ზ------ გ------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2008 წლის 16 აპრილიდან.

 

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 27 აგვისტოს განაჩენით მსჯავრდებულ ზ------ გ------–--ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. ზ------ გ------–--ეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 6 აგვისტოს განაჩენით (ამნისტიის გათვალისწინებით) დანიშნული სასჯელი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განაჩენით (ამნისტიის გათვალისწინებით) დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ ზ------ გ------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 წლითა და 6 თვით, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2008 წლის 16 აპრილიდან.

 

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 21 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულ ზ------ გ------–--ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 აგვისტოს განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

8. 2018 წლის 6 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულ ზ------ გ------–--ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ------- ბ------ემ, რომელმაც საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მოითხოვა განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ: მსჯავრდებულის ქმედუუნაროდ ცნობა და მისი გათავისუფლება ყველა ინკრიმინირებული დანაშაულისაგან, ხოლო იძულებითი მკურნალობისათვის - თბილისის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსება. შუამდგომლობის ავტორი ახლად გამოვლენილ გარემოებად მიიჩნევდა ამბულატორიულ სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის 2018 წლის 17 მაისის N0-------- დასკვნას, რომლის მიხედვითაც, ზ------ გ------–--ე დაავადებულია პარანოიდული შიზოფრენიით (კოდი F 20 დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციით მე-10 გადასინჯვის მიხედვით). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით მას არ შეუძლია, ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას. იგი დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას სასჯელაღსრულების დაწესებულების პირობებში, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით იგი საჭიროებს არანებაყოფლობით სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას, არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაუგრძელდეს საერთო წესით. აღნიშნული მკურნალობა რეკომენდებულია ჩაუტარდეს შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახ. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პირობებში“ (ხონი-ქუტირი) არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების ამოწურვამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა შეიძლება გაუგრძელდეს საერთო წესით.

 

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის განჩინებით მსჯავრდებულ ზ------ გ------–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ------- ბ------ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

 

10. კასატორი - მსჯავრდებულ ზ------ გ------–--ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ზ------- ბ------ე ითხოვს ზ------ გ------–--ის ქმედუუნაროდ აღიარებას, მის მიმართ ყველა ინკრიმინებული ბრალდების მოხსნასა და იძულებით მკურნალობას.

 

11. კასატორის მითითებით, ზ------ გ------–--ე, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაავადებულია იმგვარი ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას სასჯელაღსრულების პირობებში. კასატორი თავისი პოზიციის დასასაბუთებლად უთითებს ექსპერტიზის N0-------- და N0------- დასკვნებზე. დასკვნაში მითითებულია, რომ ქმედების ჩადენის დროს ზ. გ------–--ე დაავადებული იყო, ხოლო 2008 და 2009 წლებში ზ------ გ------–--ის მიერ სასამართლოსადმი ჩვენების მიცემა ყველასათვის ცნობილი ფაქტია და სასამართლომ იგი არ უნდა შეაფასოს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებასთან (საქმეზე დართულ ექსპერტიზის N0-------- დასკვნის შეფასებასთან) დაკავშირებით, პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, კერძოდ, ამ შემთხვევაში ადვოკატს არ მიუთითებია არცერთ ფაქტსა ან მტკიცებულებაზე, რომელიც, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის შესაბამისად, შესაძლოა, განაჩენის გადასინჯვის საფუძველი გამხდარიყო. ამბულატორიული სასამართლო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა არ უთითებს, თუ როდის დაავადდა ზ. გ------–--ე დასკვნაში მითითებული ავადმყოფობით; ამასთან, აღნიშნული შეკითხვა არც ექსპერტიზის წინაშე ყოფილა დასმული (იხ. ექსპერტიზის დასკვნის 1/13 გვ.).

3. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ზ------ გ------–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ------- ბ------ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მსჯავრდებულ ზ------ გ------–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ------- ბ------ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივნისის განჩინება მსჯავრდებულ ზ------ გ------–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ------- ბ------ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად;

 

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

 

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

 

პ. ქათამაძე