განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340100118002399542
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №157აპ-19 ქ. თბილისი
კ-------- გ-------, 157აპ-19 24 ივლისი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ------- კ--------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ-- ფ-------–---–-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 22 იანვრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ----------ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 აგვისტოს განაჩენით გ------- კ--------, – დაბადებული 2--- წლის 2------------, ნასამართლობის არმქონე (ამ ფაქტამდე), – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით – 4 წლით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით კი – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა; დანიშნული სასჯელები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და სასჯელის ზომად განესაზღვრა, შესაბამისად, 3 წლითა და 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით გ------- კ-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა გ------- კ--------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა და გ------- კ-------ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. გ------- კ-------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2018 წლის 21 მარტიდან 2018 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით და გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან. მასვე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ამავე კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაევალა სარეაბილიტაციო პროგრამა ,,დანაშაულის გაცნობიერებაში“ ჩაბმა.
2. განაჩენით გ------- კ-------ს მსჯავრი დაედო ქურდობაში, ე. ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით; მანვე ჩაიდინა ქურდობა, ე. ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით.
გ------- კ--------ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 15 თებერვალსა და იმავე წლის 23 თებერვალს გ------- კ-------მა და ქურდობისთვის ნასამართლევმა მ------ ყ-------მა სახლის სახურავიდან უკანონოდ შეაღწიეს გ----------ს რაიონის სოფელ ჭ-------ში მდებარე თ----- ა-–--–---–-ს საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ საოჯახო ტექნიკას, ავეჯსა და ნივთებს, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 6535 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2018 წლის 15 თებერვალსა და იმავე წლის 23 თებერვალს გ------- კ-------მა და ქურდობისთვის ნასამართლევმა მ------ ყ-------მა ფანჯრიდან უკანონოდ შეაღწიეს გ---------–--------–-----–--------------–- მდებარე ნ--- შ---–---ს საცხოვრებელ ბინაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა დასახელების ავეჯსა და საოჯახო ნივთებს, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 35 150 ლარის – დიდი ოდენობის ზიანი.
3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ ზუბაშვილმა, რომელმაც ითხოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 აგვისტოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, პირობითი მსჯავრის გაუქმება და მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 22 იანვრის განაჩენით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 აგვისტოს განაჩენში შევიდა ცვლილება: გ------- კ-------ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“, ,,ა’’ ქვეპუნქტებით მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,გ“ და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 6 თვე – ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და გ------- კ-------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რამაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების საფუძველზე შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი – 3 წელი და 9 თვე და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 3 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო 1 წელი და 6 თვე – ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულ გ------- კ-------ს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელი სასჯელის ათვლა დაეწყო 2019 წლის 22 იანვრიდან; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2018 წლის 21 მარტიდან 2018 წლის 15 აგვისტოს ჩათვლით.
5. კასატორი – მსჯავრდებულ გ------- კ--------ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ-- ფ-------–---–- საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და გ------- კ--------სათვის სასჯელის სახედ და ზომად 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას, რაც ჩაეთვლება პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით იმ მოტივით, რომ ამ დანაშაულების ჩადენის დროს არ იყო ნასამართლევი; აღიარა და მოინანია ჩადენილი ქმედება; დაზარალებულებს აუნაზღაურა ზიანი; დაოჯახდა და დაიწყო მუშაობა.
6. გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორი თინათინ ზუბაშვილი შესაგებლით ითხოვს, არ დაკმაყოფილდეს ადვოკატის საკასაციო საჩივარი და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელად, ვინაიდან გ------- კ-------- მიდრეკილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ჩადენისაკენ, ასევე – დაზარალებულებისათვის მიყენებული ზიანი არ აუნაზღაურებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები (მოწმეების – მ------ ყ-------ის, ლ---- გ--–-–---–-ს, ვ-----–- გ--–-–---–-ს, თ----- ა-–--–---–-ს, ნ--- შ---–---სა და სხვათა ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმები, ნივთების ამოღებისა და ამოცნობის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა და სხვა), რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა გ------- კ-------მა ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედებები, რაზეც დეტალურ მსჯელობას პალატა არ მიიჩნევს საჭიროდ, ვინაიდან სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს. ამასთან, კასატორს გ------- კ--------ს ბრალეულობის ნაწილში განაჩენის გაუქმების მოთხოვნით საკასაციო საჩივრით არ მოუმართავს.
3. რაც შეეხება გ------- კ--------სათვის დანიშნულ სასჯელს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ იგი შეესაბამება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსითა და საერთაშორისო სამართლით დადგენილ ნორმებს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიღებულ გადაწყვეტილებაში იმსჯელა იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც მსჯავრდებულს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირობითი მსჯავრი შეუცვალა თავისუფლების აღკვეთით, რომლის ნაწილი ჩაუთვალა პირობით სასჯელად. საკასაციო პალატა აგრეთვე ყურადღებას მიაქცევს ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში ასახულ დადებით და უარყოფით ფაქტორებს, კერძოდ, გ------- კ-------- მზრუნველია, ნაკლებად საუბრობს პირად პრობლემებზე, მე-9 კლასის დასრულების შემდეგ, სწავლის მიმართ ინტერესის არქონის გამო, შეწყვიტა განათლების მიღება, თუმცა სასკოლო პერიოდში არ ჰქონია უფროსებსა და თანატოლებთან ურთიერთობის, ასევე – მასალის ათვისების სირთულეები; 18 წლის შესრულების შემდეგ გეგმავს დასაქმებასა და დაოჯახებას; მოსწონს ხელოვნებისა და ქართული ენის გაკვეთილები, კითხულობს მხატვრულ ლიტერატურას; ამასთან, არასრულწლოვანს აქვს დაბალი მოტივაცია, მიიღოს პროფესიული განათლება ან ჩაერთოს არაფორმალურ განათლებაში. რისკფაქტორს წარმოადგენს ანტისოციალური ქცევის სამეგობრო წრე. გ------- კ-------მა წლების წინ მიიყენა თვითდაზიანება მეგობარ გოგონასთან დაშორების გამო. მას მოხმარებული აქვს ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“. ამ ეტაპზე ცდილობს, აკონტროლოს საკუთარი თავი და არ მიიღოს სარისკო გადაწყვეტილებები.
4. ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლი ავალდებულებს სახელმწიფოს, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში ნებისმიერი გადაწყვეტილება მიზნად ისახავდეს ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესის დაცვას; ამავე კონვენციის 32-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფოს აკისრია ვალდებულება, რომ სასჯელის შესაბამისი სახის გათვალისწინებისას მხედველობაში მიიღოს ბავშვის ჯანმრთელობა, განათლება, ეკონომიკური ექსპლუატაცია, ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, მორალური და სოციალური განვითარების ფაქტორები. არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ გაეროს მინიმალური სტანდარტული წესების („პეკინური წესები“) მე-5 მუხლის თანახმად, ზემოქმედების ზომები უნდა იყოს თანაზომადი, არა მარტო ჩადენილი ქმედების გარემოებებთან, არამედ – არასრულწლოვნის მდგომარეობასა და მოთხოვნილებებთან.
5. შესაბამისად, გ------- კ--------სათვის დანიშნული სასჯელების მინიმუმი (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილი – 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას), ასევე – სასჯელის საბოლოო სახე და ზომა ჩადენილი ქმედებების გარემოებების, გ------- კ--------ს მდგომარეობის, მისი მოთხოვნილების თანაზომადია და ემსახურება არასრულწლოვნის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესის დაცვას. ამასთან, მსჯავრდებულისათვის შეფარდებული სასჯელი ადეკვატური ღონისძიებაა გ------- კ--------ს რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის, მისი მხრიდან ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვისადმი პატივისცემით განწყობისათვის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ------- კ--------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ-- ფ-------–---–-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 22 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე