განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#010332219900025449
საქმე #სსდ-26-19 27 სექტემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა
შემადგენლობა:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი (მომხსენებელი),ვასილ როინიშვილი
სხდომის მდივანი - მ--- გ-----ა;
საჩივრის ავტორი - თ--–---ს რაიონული სასამართლოს მოსამართლე მ------ წ---–-----ი
მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, წარმომადგენლები - ი----- ვ------–-–---–ი, ო---- მ---------–ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის #4/01-2019 გადაწყვეტილება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 11 მარტის #124/17 გადაწყვეტილებით ნ--- ს-----–---–ის 2017 წლის 11 ივლისისა და 2018 წლის 23 აპრილის საჩივრების საფუძველზე, დისციპლინური დევნის აღძვრის წინასწარი შემოწმების შედეგად, თ--–---ს რაიონული სასამართლოს მოსამართლე მ------ წ---–-----ის მიმართ აღიძრა დისციპლინური დევნა, რისი საფუძველიც გახდა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 751 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა - საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება.
დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის საფუძველი გახდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საჩივრის ავტორის მითითებით, მოსამართლე მ------ წ---–-----მა უსაფუძვლოდ გააჭიანურა სისხლის სამართლის საქმის განხილვა, ქ------- ჯ------–--ისა და კ------ ს-----–---–ის მიმართ. თ--–---ს რაიონული სასამართლოს 2013 წლის 19 ივლისის განჩინებით, ქ------- ჯ------–--ეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. 2014 წლის 7 მაისს, სისხლის სამართლის საქმე კ------ ს-----–---–ისა და ქ------- ჯ------–--ის მიმართ, არსებითად განსახილველად გადაეცა თ--–---ს რაიონული სასამართლოს მოსამართლეს - მ------ წ---–-----ს. სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო, ზემოაღნიშნული სისხლის სამართლის საქმე 2016 წლის 26 დეკემბერს გადაეცა ამავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს. 2017 წლის 1 ივნისს (მ------ წ---–-----ის მოსამართლედ ხელახლა დანიშვნის შემდეგ) სისხლის სამართლის საქმე კ------ ს-----–---–ისა და ქ------- ჯ------–--ის მიმართ, კვლავ განსახილველად დაუბრუნდა მოსამართლე მ------ წ---–-----ს. თ--–---ს რაიონული სასამართლოს მოსამართლის - მ------ წ---–-----ის 2018 წლის 23 მარტის განაჩენით, კ------ ს-----–---–ი და ქ------- ჯ------–--ე ცნობილ იქნენ უდანაშაულოდ წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდნენ.
საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე მოსამართლე მ------ წ---–-----მა, აღნიშნა, რომ კანონით დადგენილი წესით, მის მიმართ დარღვეული იყო დისციპლინური დევნის დაწყების ვადები. ასევე განმარტა, რომ კ------ ს-----–---–ისა და ქ------- ჯ------–--ის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე დროულად ნიშნავდა სასამართლო სხდომებს, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ბრალდებული კ------ ს-----–---–ი ვერ ცხადდებოდა სასამართლო სხდომებზე, რის გამოც ხდებოდა სხდომების გადადება. მოსამართლემ მიუთითა საქართველოს სსსკ 38-ე მუხლის მე-14 ნაწილზე და განმარტა, რომ ბრალდებულს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს სისხლის სამართლის საქმის განხილვაში. ამდენად, მ------ წ---–-----ის შეფასებით, იგი ვალდებული იყო გაეზიარებინა კ------ ს-----–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამასთან, მოსამართლის განმარტებით, მას არ ჰქონდა უფლება შეეზღუდა ბრალდებულის ზემოაღნიშნული საპროცესო უფლება და საქმე განეხილა კ------ ს-----–---–ის მონაწილეობის გარეშე. მოსამართლე ახსნა-განმარტებაში ასევე არ დაეთანხმა საქართველოს სსსკ 185-ე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილი საქმის განხილვის ვადის განმარტებას. კერძოდ, მ------ წ---–-----ის შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სსსკ 333-ე მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილებიდან გამომდინარე, კ------ ს-----–---–ისა და ქ------- ჯ------–--ის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმის განხილვის ვადის ათვლა უნდა მომხდარიყო არა 2014 წლის 7 მაისიდან, არამედ 2016 წლის 1 იანვრიდან. ამასთან განმარტა, დისციპლინური დევნის არც ერთ ეტაპზე არ შესწავლილა მის წარმოებაში არსებული საქმეების სტატისტიკური მონაცემები და დატვირთულობა, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოსამართლემ მოითხოვა მის მიმართ დაწყებული დისციპლინური დევნის შეწყვეტა.
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ მოსამართლის მიერ საქმის განხილვისას მის შესაძლო უსაფუძვლო გაჭიანურებაზე მსჯელობისას, მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლზე (რომელიც მოიცავს სამართლიანი სასამართლოს მიერ საქმის გონივრულ ვადაში განხილვის უფლებას) და იმ კრიტერიუმებზე, რასაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იყენებს მე-6 მუხლის დარღვევის დადგენის დროს (საქმის განხილვის გონივრული ვადის დარღვევის გამო). ამასთან, იყო თუ არა საქმის განხილვის ვადები არაგონივრული, სასურველი იყო შეფასებულიყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სასამართლო პრაქტიკით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, კერძოდ, ეს კრიტერიუმებია: 1) საქმის სირთულით, როგორც საქმის ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი კუთხით (Katte Klitsche de la Grande v. Italy; Papachelas v. Greece); მტკიცებულებების გამოკვლევის მოცულობით (Human v. Poland) და ა.შ.; 2) მხარეთა მოქმედებებით, რაც გულისხმობს მაგალითად, ადვოკატთა ხშირ ცვლილებას (König v. Germany), შუამდგომლობებით, რომელიც გამიზნულია პროცესის გასაჭიანურებლად, ან უბრალოდ დაკავშირებულია გარკვეულ ვადებთან (Acquaviva v. France), ასევე სხვა მოქმედებებით, რაც იწვევს საქმის განხილვის ვადის გაგრძელებას; 3) საქმის განმხილველი მოსამართლის მოქმედებებით. აღნიშნულს ყურადღება უნდა მიექცეს ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოსამართლის მიერ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა/ჩაუტარებლობის მიმართებით (Pafitis and others v. Greece; Tiece v. San Marino; Sürmeli v. Germany). თუმცა, აქვე ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, საქმის განხილვის ვადა იყო გონივრული თუ არა, უნდა შეფასდეს ყოველ საქმეზე ინდივიდუალურად, საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით (Frydlender v. France, §43) და ერთიანობაში ყველა საპროცესო მოქმედების მხედველობაში მიღების შედეგად (König v. Germany; §98).
სადისციპლინო კოლეგიამ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული სასამართლო სხდომის ოქმების დეტალური ანალიზის შედეგად მიიჩნია, რომ კ------ ს-----–---–ისა და ქ------- ჯ------–--ის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობისას მუდმივად, ბრალდებულის სასამართლო პროცესებზე გამოუცხადებლობის გამო, ხდებოდა სხდომების გადადება. კერძოდ, ბრალდებული კ------ ს-----–---–ი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით, არ ცხადდებოდა სასამართლო პროცესებზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საყურადღებოა, რომ უმეტეს შემთხვევაში სასამართლო პროცესების გადადება ხდებოდა ისე, რომ სასამართლოში ბრალდებულის ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ, სასამართლოში არ იყო წარდგენილი ბრალდებულის სასამართლოში საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სადისციპლინო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოსამართლის მიერ უსაფუძვლოდ იქნა გაჭიანურებული საქმის განხილვა, ვინაიდან წარმოდგენილი მასალებით დადასტურებულია, რომ მოსამართლის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე სხდომა რამდენჯერმე გადაიდო. უმრავლეს შემთხვევაში სასამართლო სხდომა გადაიდო ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რასაც ადასტურებდა საქმის განხილვის კონკრეტულ ეტაპზე წარდგენილი წერილობითი ინფორმაცია. ამავე მიზეზით მოსამართლე მ------ წ---–-----მა საქმის არსებითი განხილვის დროს ასევე რამდენჯერმე გადადო სხდომა, თუმცა დაეყრდნო მხოლოდ დაცვის მხარის ზეპირ განცხადებას, რომლითაც განმარტავდა, რომ ბრალდებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ ახერხებდა სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას. აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი კი მას არ ჰქონდა წარდგენილი. შესაბამისად, სადისციპლინო კოლეგიამ მიიჩნია, რომ მოსამართლე მ------ წ---–-----ის მიერ მიღებული შუალედური გადაწყვეტილებები, რომლებიც ეხებოდა სასამართლო სხდომის გადადებას, არ იყო დასაბუთებული და არგუმენტირებული. ამაზე მეტყველებს, სხდომებს შორის ინტერვალი, კერძოდ, მოსამართლემ ისე, რომ არ ჰქონდა ზუსტი ინფორმაცია ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (რამდენ ხანში შეძლებდა სასამართლო სხდომაზე მონაწილეობას ან/და შეძლებდა თუ არა საერთოდ) სხდომა ყოველგვარი არგუმენტის გარეშე გადადო 2 კვირით, ერთი თვით, 45 დღით და ა.შ. (DVD - დისკით სხდომის ოქმები: 17.06.2014წ; 09.07.2014წ; 17.10.2014წ; 17.11.2014წ; 22.01.2015წ; 24.02.2015წ; 25.03.2015წ; 30.04.2015წ; 29.04.2015წ; 08.06.2015; 08.06.2015წ; 25.03.2016წ; 22.04.2016; 27.05.2016წ. 17.06.2016წ; 21.07.2016წ; 08.09.2016წ; 29.09.2016წ;) სწორედ შესაბამისი დოკუმენტის გარეშე სხდომის გადადებამ განაპირობა მოსამართლის გადაწყვეტილების დასაბუთების ნაწილის არარსებობა, კერძოდ, ერთ-ერთი სხდომის გადადებისას მოსამართლე დაცვის მხარის შუამდგომლობაზე, რომელიც ასევე, სხდომის გადადებას ეხება, აცხადებს „მაშინ გადავდოთ“, რაც ცხადია მიზანშეუწონელია. სადისციპლინო კოლეგიამ მხედველობაში მიიღო ბრალდებულის პოზიცია, რომელსაც არ სურდა სასამართლო სხდომის მის გარეშე ჩატარება, თუმცა სხდომაზე დასწრებას ვერ ახერხებდა, რადგან არ შეეძლო გადაადგილება. როგორც ზემოთ აღინიშნა, სწორედ ეს გახდა სასამართლო სხდომის მრავალჯერ გადადების მიზეზი, რა დროსაც მოსამართლე მხოლოდ დაცვის მხარის ზეპირ განცხადებას დაეყრდნო, თუმცა არ გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, სასამართლო განხილვა მიმდინარეობს სხდომის დარბაზში. შემთხვევის ან სხვა ადგილის, ნაგებობის, ტრანსპორტის ან სხვა ისეთი ობიექტის დათვალიერების მიზნით, რომლის სასამართლო სხდომის დარბაზში მიტანაც შეუძლებელია, აგრეთვე დასაკითხი პირის მძიმე ავადმყოფობის გამო ან სხვა ობიექტური მიზეზით სასამართლო განხილვა შესაძლებელია მხარეთა შუამდგომლობით ჩატარდეს სასამართლო სხდომის დარბაზის გარეთ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, მოსამართლემ შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტის გარეშე გადადო არაერთი სასამართლო სხდომა, ვერ დაასაბუთა სასამართლო სხდომის გადადების ვადის გონივრულობა, არ იმსჯელა სრულფასოვნად სხდომის გადადების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას და არ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობა, სადისციპლინო კოლეგია მიიჩნია, რომ მოსამართლე მ------ წ---–-----მა უსაფუძვლოდ გააჭიანურა სასამართლო სხდომის განხილვა.
საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ დისციპლინური სახდელის დაკისრების საკითხის გადაწყვეტისას, გაითვალისწინა მოსამართლის საქმიანი და მორალური რეპუტაცია, მხედველობაში მიიღო დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმე, შედეგები და მიიჩნია, რომ თ--–---ს რაიონული სასამართლოს მოსამართლე მ------ წ---–-----ს უნდა დაკისრებოდა დისციპლინური პასუხისმგებლობა და სახდელი - შენიშვნა.
მითითებული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა მოსამართლე მ------ წ---–-----მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, შემდეგი საფუძვლით:
საჩივრის ავტორის განმარტებით, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილება უკანონოა, ასევე უკანონოა მოსამართლის მიმართ დაწყებული დისციპლინური დევნა. ბრალდების მხარის მტკიცებით, მოსამართლეს საქმე გადაეცა 2014 წლის 7 მაისს და იგი ვალდებული იყო საქმე განეხილა 36 თვეში, თუმცა მოსამართლემ საქმის განხილვა დაასრულა 3 წლის, 5 თვისა და 10 დღის ვადაში.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გამოაქვს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ საქმის არსებითი განხილვისათვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 24 თვისა (ეს ნორმა ამოქმედდა 2016 წლის 1 იანვრიდან). ამავე კოდექსის 333-ე მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილების შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს ამ კოდექსის 185-ე მუხლის მე-6 ნაწილის ამოქმედების მომენტისთვის სასამართლოში განსახილველად არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე განაჩენი გამოაქვს იმავე ნაწილის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 36 თვისა. ეს იმას ნიშნავს, რომ 36 თვიანი ვადა იანგარიშება 2016 წლის 1 იანვრიდან, რაც მოცემულ შემთხვევაში ამოიწურა 2019 წლის 1 იანვარს. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ 2017 წლის იანვრიდან მაისამდე სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო მოსამართლე მ------ წ---–-----ი მართლმსაჯულებას ვერ ახორციელებდა.
საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სადისციპლინო კოლეგიამ დაადგინა პარადოქსი, რომ მოსამართლემ დაზარალებულის მიმართ გააჭიანურა საქმის განხილვა. იმ ვითარებაში, როცა მოსამართლეს კანონმდებელი აძლევს საშუალებას, საქმის განხილვა დაასრულოს 36 თვეში, არც იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და არც სადისციპლინო კოლეგიას უფლება არ აქვს შეზღუდოს იგი ამ ვადაში ე.წ. გონივრულ ვადაზე მითითებით მაშინ, როცა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, საქმის განხილვა გამოიწვევდა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას. საბჭოს არც ერთ გადაწყვეტილებაში მითითებული არ არის, რომელი ნორმა დაარღვია მოსამართლემ, და ვერც იქნება, ვინაიდან ასეთი ნორმა არ არსებობს.
რაც შეეხება ფორმალურ საფუძვლებს, მოსამართლის მიმართ არაერთხელ დაირღვა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი. კოლეგიის გადაწყვეტილება ეფუძნება კანონის დარღვევით მიღებულ საბჭოს გადაწყვეტილებას და თვითონაც კანონის დარღვევით განიხილა საქმე. კერძოდ, მოცემული კანონის 757 მუხლი განსაზღვრავს დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებისა და წინასწარი შემოწმების წესს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნ--- ს-----–---–ის საჩივრები შეტანილია 2017 წლის 11 ივლისს და 2018 წლის 23 აპრილს, ხოლო გადაწყვეტილება დისციპლინური დევნის დაწყებისა და მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის თაობაზე მიღებულია 2018 წლის 8 ოქტომბერს. დარღვეულია დისციპლინური დევნის დაწყების ვადა, როგორც თითოეულ საჩივარზე ცალ-ცალკე, ისე ინსპექტორის მიერ საჩივრების გაერთიანების დღიდან, 2018 წლის 2 მაისიდან. ორთვიანი ვადა ამოიწურა 2018 წლის 2 ივლისს და ვადის ამოწურვის შემდეგ ორი კვირით ვადა არ გაგრძელებულა.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის 7510 მუხლში კანონმდებელი მიუთითებს, რომ დისციპლინური საქმის გამოკვლევა უნდა დასრულდეს მოსამართლისათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 2 თვეში. აუცილებლობის შემთხვევაში ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 2 კვირით. ამავე კანონის 7513 მუხლში კი გაწერილია, რომ დისციპლინური საქმის გამოკვლევის დასრულების შემდეგ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინური საქმის გამოკვლევისათვის ამ კანონის 7510 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი საერთო ვადის ფარგლებში, სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ. თუ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვერ მიიღებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება შეწყდება. გადაწყვეტილების მიღება მიბმულია 2 თვიან ვადაზე. ამდენად, საბჭომ კანონის დარღვევით მიიღო გადაწყვეტილება დისციპლინური დევნის დაწყებისა და ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ, ასევე ორთვიანი ვადის დარღვევით მიეცა მოსამართლე პასუხისგებაში.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 7524 მუხლის თანახმად, სადისციპლინო კოლეგიაში საქმე განიხილება კოლეგიურად, სადისციპლინო კოლეგია უფლებამოსილია, თუ მის სხდომას ესწრება კოლეგიის არანაკლებ 3 წევრი. განსახილველ შემთხვევაში კოლეგიის სხდომას ესწრებოდა სამი წევრი, მათ შორის თ-- ძ----------–---–ი, რომელიც იმყოფებოდა დეკრეტულ შვებულებაში. ამდენად, კოლეგია ამ შემადგენლობით არ იყო უფლებამოსილი განეხილა დისციპლინური საქმე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ მან კანონით დადგენილი სამწლიანი ვადის დაცვით დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა. არ არსებობს ევროსასამართლოს პრაქტიკა, სადაც მან დარღვევა დაადგინა იმ პირის მიმართ, რომელიც მხარე არ არის. სადისციპლინო კოლეგიის მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლითაც „გონივრული ვადის“ დარღვევა დაასაბუთა, მითითებულია, რომ ეს გადაწყვეტილებები ეხება მხარეს, ბრალდებულს. მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდებულები გამართლდნენ კანონით დადგენილი ვადის დაცვით განხილული საქმის შედეგად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატა მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თ--–---ს რაიონული სასამართლოს მოსამართლე მ------ წ---–-----ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მოსამართლე მ------ წ---–-----ი გამართლებულ იქნეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დაუდასტურებლობის გამო, კერძოდ:
სადისციპლინო პალატა აღნიშნავს, რომ მოსამართლის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის განხილვისას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა გააჩნია შემთხვევის ინდივიდუალური ნიშნების გათვალისწინებით დისციპლინური სახდელების დიფერენცირებასა და კონკრეტიზაციას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ხაზგასმული „განჭვრეტადობის“ მოთხოვნა წარმოადგენს იმ ორიენტირს, რომლის თანახმად, დისციპლინური გადაცდომა (ქმედება) საკმაოდ ნათლად და ზუსტად უნდა განისაზღვროს, იმისათვის რომ პირმა, რომლის მიმართაც ის იყო გამოყენებული, შეძლოს მომავალში თავისი მოქმედებების განჭვრეტა და კორექტირება (CDL-AD(2014)018, Joint opinion of the Venice Commission and OSCE/ODIHR on the draft amendments to the legal framework on the disciplinary responsibility of judges in the Kyrgyz Republic, para. 24; CDLAD(2014)008, Opinion on the draft Law on the High Judicial and Prosecutorial Council of Bosnia and Herzegovina, para. 90).
სადისციპლინო პალატა აღნიშნავს, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 751 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება საქმის უსაფუძვლოდ გაჭიანურება. ტერმინი „უსაფუძვლო“ გულისხმობს საპროცესო ვადის გადაცილების ობიექტური გარემოებების არარსებობას, რაც მიუთითებს მოსამართლის ბრალეულ ქმედებაზე - მოსამართლის მიერ ვალდებულებების არშესრულებაზე (მთლიანად ან ნაწილობრივ) და არა - ვერ შესრულებაზე, ანუ უნდა არსებობდეს მოსამართლის ვალდებულებების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობის ფაქტი. ვენეციის კომისიას ერთ-ერთ დასკვნაში აღნიშნული აქვს, რომ მხოლოდ ის გადაცდომები უნდა იწვევდეს დისციპლინურ პასუხისმგებლობას და შესაბამისად, დისციპლინურ სახდელს, რომლებიც ჩადენილია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით (Avis n° 755 / 2014; CDL-AD(2014)006 Commission Européene pour la démocratie par le droit (Vommission de Venise), Direction des Droits de L’Homme (DDH) de la direction générale Droits de L’Homme et Etat de Droits du Conseil de L’Europe. Bureau des insritutions démocratiques et des Droits de L’Homme de l’osce (BIDDH/OSCE). Avis conjoint sur le projet de loi relatif a la responsabilité disciplinaire de juges de la République de Moldova, 19 et 35).
სადისციპლინო პალატა აღნიშნავს, რომ მოსამართლე მ------ წ---–-----ის მიმართ თავდაპირველად სადავო იყო კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის განხილვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ საერთო ვადაში, თუმცა სადისციპლინო კოლეგიის გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში აღარაა მსჯელობა კანონით დადგენილი საქმის განხილვის 36-თვიან ვადაზე და საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება დადგენილია მხოლოდ კანონით დადგენილ ვადაში მიმდინარე პროცესების უსაფუძვლო გადადების გამო. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გამოაქვს წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ საქმის არსებითი განხილვისათვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 24 თვისა (აღნიშნული ნორმა ამოქმედდა 2016 წლის 1 იანვრიდან). ამავე კოდექსის 333-ე მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილების შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს ამ კოდექსის 185-ე მუხლის მე-6 ნაწილის ამოქმედების მომენტისთვის სასამართლოში განსახილველად არსებულ სისხლის სამართლის საქმეებზე განაჩენი გამოაქვს იმავე ნაწილის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 36 თვისა. შესაბამისად, 36-თვიანი ვადა აითვლება 2016 წლის 1 იანვრიდან. ამასთან, სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ საქართველოს იუსტციის უმაღლესი საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილებაში აღარ იყო მითითებული საქმის განხილვის საერთო ვადის გადაცილების საკითხი და მოცემულ შემთხვევაში არ იყო დარღვეული საქმის განხილვის 36-თვიანი ვადა (იხ. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის სხდომის ოქმი, ს.ფ. 66).
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიამ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოსამართლის მიერ საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურებაზე მსჯელობისას მიუთითა, რომ კ------ ს-----–---–ისა და ქ------- ჯ------–--ის სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობისას ბრალდებულის სასამართლო პროცესებზე გამოუცხადებლობის გამო, სისტემატურად ხდებოდა სხდომების გადადება. უმრავლეს შემთხვევაში სასამართლო პროცესების გადადება ხდებოდა ისე, რომ ბრალდებულის ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ სასამართლოში არ იყო წარდგენილი ბრალდებულის სასამართლოში საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. სადისციპლინო კოლეგიამ ასევე მიუთითა, რომ მოსამართლემ არ გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, მართალია, სასამართლო განხილვა მიმდინარეობს სხდომის დარბაზში, თუმცა შემთხვევის ან სხვა ადგილის, ნაგებობის, ტრანსპორტის ან სხვა ისეთი ობიექტის დათვალიერების მიზნით, რომლის სასამართლო სხდომის დარბაზში მიტანაც შეუძლებელია, აგრეთვე დასაკითხი პირის მძიმე ავადმყოფობის გამო ან სხვა ობიექტური მიზეზით სასამართლო განხილვა შესაძლებელია მხარეთა შუამდგომლობით ჩატარდეს სასამართლო სხდომის დარბაზის გარეთ. მნიშვნელოვანია აგრეთვე ის არგუმენტიც, რომ მოსამართლე მ------ წ---–-----მა კ------ ს-----–---–ის სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად არ გამოყო.
სადისციპლინო პალატა იზიარებს განსახილველი საჩივრისა და დამატებითი საჩივრის ძირითად არგუმენტს, აგრეთვე მოსაზრებას იმის შესახებ, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე სხდომების გადადებას გააჩნდა კონკრეტული საფუძვლები. მოსამართლე მ------ წ---–-----მა პასუხისგებაში მიცემის შესახებ გადაწყვეტილებაზე წერილობით ახსნა-განმარტებას დაურთო დოკუმენტები, მათ შორის დოკუმენტი ადვოკატის იურიდიული დახმარების სამსახურის ღონისძიებაზე და შვებულებაში ყოფნის თაობაზე, ასევე, დამატებით წარადგინა კ------ ს-----–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები, რომლებიც არ შეიცავდა მხოლოდ ერთი დღის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაციას. აღნიშნული კი, პალატის აზრით, გამორიცხავს სადავო სხდომების უსაფუძვლო გადადების ფაქტს. თუმცა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მათზე მსჯელობა არ ყოფილა და შესაბამისად, მათ შეფასება არ მისცემია (საქმეზე მტკიცებულებების სახით წარმოდგენილია მრავალი დოკუმენტი, კერძოდ, ადვოკატის სამივლინებო უწყისი, შვებულების განცხადება, კ. ს-----–---–ის გარდაცვალების მოწმობა, ასევე მის მიმართ ჩატარებული თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი სხვა დოკუმენტები; (იხ. დისციპინური საქმე #4/01-19, ს.ფ. 12-55)). ამასთან, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ კ------ ს-----–---–ი გადაადგილდებოდა, შეეძლო სიარული და განზრახ არიდებდა თავს სასამართლოში გამოცხადებას. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აღკვეთის ღონისძიებაც კი არ ყოფილა გამოყენებული, მეტიც, განაჩენის გამოტანამდე იგი გარდაიცვალა. (იხ. დისციპინური საქმე #4/01-19, ს.ფ. 14). მნიშვნელოვანია აგრეთვე ის გარემოებაც, რომ მოსამართლე მ------ წ---–-----ი 2017 წლის იანვრიდან მაისამდე, დაახლოებით 5 თვე, სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო მართლმსაჯულებას არ ახორციელებდა.
სადისციპლინო პალატა ვერ გაიზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების არგუმენტაციას იმის შესახებაც, რომ მოსამართლემ უსაფუძვლოდ არ გამოიყენა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც უშვებს შესაძლებლობას, გამონაკლის შემთხვევაში, დასაკითხი პირის მძიმე ავადმყოფობის გამო ან სხვა ობიექტური მიზეზით, სასამართლო განხილვა მხარეთა შუამდგომლობით ჩატარდეს სასამართლო სხდომის დარბაზის გარეთ, ვინაიდან აღნიშნული საგამონაკლისო უფლების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ პროცესში მონაწილე მხარის შუამდგომლობით და არა მოსამართლის ინიციატივით. მოცემულ შემთხვევაში კი საქმის მასალებით არ დასტურდება მხარეთა მიერ ასეთი შუამდგომლობის დაყენების ფაქტი.
რაც შეეხება საქმის წარმოების ცალკე გამოყოფის საკითხს,სადისციპლინო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 110-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებისათვის სისხლის სამართლის საქმის გამოყოფა ხდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით. საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან ასაცილებლად მხარეებს შეეძლოთ ეშუამდგომლათ კ------ ს-----–---–ის სისხლის სამართლის საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის შესახებ, თუ მიიჩნევდნენ, რომ საქმის განხილვა არაგონივრულად ჭიანურდებოდა, თუმცა არც დაცვისა და არც ბრალდების მხარეს ამგვარი შუამდგომლობით სასამართლოსთვის არ მიუმართავთ. ამდენად, სადისციპლინო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეებს არ გასჩენიათ განცდა იმისა, რომ კ------ ს-----–---–ის მიმართ საქმის განხილვა უსაფუძვლოდ ჭიანურდებოდა.
სადისციპლინო პალატა მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ გვთავაზობს გონივრული ვადის განმარტებას, ის ადგენს მხოლოდ საქმის განხილვის შესაბამის ვადას. გონივრული ვადის განსამარტების მიზნებისათვის სადისციპლინო კოლეგიამ მიუთითა ევროსასამართლოს პრაქტიკაზე, თუმცა აღსანიშნავია, რომ გონივრულ ვადაში საქმის სასამართლო განხილვის უფლება უზრუნველყოფილია უპირატესად ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებულია ბრალდებულის საქმის სამართლიანი განხილვის უფლება. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მოსამართლის მიერ საქმის განხილვის უსაფუძვლო გაჭიანურება გამოხატული უნდა ყოფილიყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით იმპერატიულად დადგენილ მოვალეობათა სრულყოფილად განუხორციელებლობაში, რასაც ბრალდებულის საქმის განხილვაში სავალდებულო მონაწილეობის უზრუნველყოფის უგულებელყოფა უნდა მოჰყოლოდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სტანდარტი ასახულია ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-14 ნაწილში, რომლის თანახმადაც, ბრალდებულს უფლება აქვს: „მონაწილეობა მიიღოს მისი ბრალდების საქმის გამოძიებაში, ასევე უშუალოდ ან დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით - სასამართლო განხილვაში; დააყენოს შუამდგომლობა და განაცხადოს აცილება; დაცვის მხარის მტკიცებულება გამოიკვლიოს იმავე პირობებში, როგორშიც ბრალდების მხარის მტკიცებულების გამოკვლევა ხდება; გაეცნოს მხარის მიერ შეტანილ საჩივარს და მასზე გამოთქვას მოსაზრება; გაეცნოს სასამართლო სხდომის ოქმს და მასზე გამოთქვას შენიშვნა“. პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული უფლება წარმოადგენს მხარეთა თანასწორუფლებიანობისა და შეჯიბრებითი პროცესის მნიშვნელოვან გარანტიას.
სადისციპლინო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენელმა სადისციპლინო კოლეგიის სხდომაზე ვერ მიუთითა იმ სამართლებრივ ნორმაზე, რომელიც მოსამართლე მ------ წ---–-----მა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის განხილვისას დაარღვია და აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მხედველობაში მიიღო საქმეზე მთლიანად არსებული გარემოებები და არა რომელიმე ნორმის საფუძვლით მისცა პასუხისგებაში მოსამართლე (იხ. საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის სხდომის ოქმი, ს.ფ. 68). საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსამართლე მ------ წ---–-----მა სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაასრულა კანონით დადგენილ 36-თვიან ვადაში, სხდომების მრავალჯერ გადადება გამოწვეული იყო ბრალდებულის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობით და იმ გარემოებითაც, რომ ბრალდებულს სხდომების ჩატარება მისი მონაწილეობის გარეშე არ სურდა. ამასთან მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე, მოსამართლე მოკლებული იყო შესაძლებლობას თავისი ინიციატივით გამოეყო სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად კ------ ს-----–---–ის ბრალდების საქმე, ან სასამართლოს შენობის გარეთ ჩაეტარებინა სასამართლო პროცესი, ამდენად, სადისციპლინო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა ისეთ ობიექტურ გარემოებათა ერთობლიობა, რაც გამორიცხავს განსახილველ შემთხვევაში მოსამართლე მ------ წ---–-----ის ბრალს. გასათვალისწინებელია ასევე, მოსამართლის წარმოებაში არსებულ საქმეთა სიმრავლე და მისი დატვირთულობა, რაც გამოკვლეული არ ყოფილა და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შეფასება არ მისცემია.
სადისციპლინო პალატა აღნიშნავს, რომ მოსამართლის მიერ სხდომების გადაუდებლობის პირობებში, უგულებელყოფილ იქნებოდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნა ბრალდებულის საქმეში მონაწილეობის სავალდებულოობის უზრუნველყოფის შესახებ, ასევე, საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აღირებული პრინციპები მოქალაქეთა უფლებების სამართლიანი სასამართლოს მიერ დაცვის, საქმის მასალების გაცნობისა და მტკიცებულებათა წარმოდგენის უფლების რეალიზების და ა.შ. თაობაზე (დამატებით მხედველობაშია მისაღები ბრალდებულის პოზიცია, რომელსაც არ სურდა სასამართლო სხდომის მის გარეშე ჩატარება). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და მოსამართლის გამართლების შესახებ ახალი გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები. ამის გათვალისწინებით, სადისციპლინო პალატა აღარ იმსჯელებს საჩივრის ავტორის მიერ საჩივარსა და დამატებით საჩივარში მითითებულ სხვა საკითხებზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატამ იხელმძღვანელა „საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 7562, 7563 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, 7566 მუხლით, 7541 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ--–---ს რაიონული სასამართლოს მოსამართლე მ------ წ---–-----ის საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2019 წლის 17 ივნისის #4/01-2019 გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება მოსამართლის გამართლების თაობაზე;
3. გადაწყვეტილება გაეგზავნოთ მხარეებს;
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: /გიორგი შავლიაშვილი/
მოსამართლეები: /ზურაბ ძლიერიშვილი/
/ვასილ როინიშვილი/