დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №ბს-656(კ-24) 24 ოქტომბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ა. ნ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2022 წლის 2 მაისს ა. ნ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს მიმართ.
მოსარჩელის მითითებით, სასჯელს იხდის 2011 წლის 23 ივნისიდან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 29 მარტის განჩინებით, გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება და ა. ნ-ის შეუმცირდა განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 წლით და 14 დღით, რომლის მოხდა დაიწყო 2011 წლის 23 ივნისიდან. საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მოსარჩელემ სრულად გააცნობიერა მის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის სიმძიმე, მოინანია, ხასიათდება დადებით პიროვნებად, კარგ ურთიერთობაშია ციხის ადმინისტრაციასთან და მსჯავრდებულებთან. მოსარჩელემ წერილობით მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველ ადგილობრივ საბჭოს და მოითხოვა სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლა. ზემოაღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ა. ნ-ის ეთქვა უარი. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება გაურკვეველი და ბუნდოვანია.
მოთხოვნების დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 1 აპრილის N01/22/გ/პ-0070 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის ა. ნ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა პატიმრობის კოდექსის 41-ე, 43-ე მუხლებზე ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-6, მე-7, მე-10, მე-13 მუხლებზე. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხემ იმსჯელა ზემოაღნიშნული წესის მე-13 მუხლით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. საბჭომ საკითხის განხილვისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის დამოკიდებულება ადმინისტრაციასთან, კერძოდ ის ფაქტი, რომ მსჯავრდებული არ არღვევს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნებს, წასალისებულია სასჯელის მოხდის განმავლობაში. თუმცა, ყურადღება გამახვილდა იმ გარემოებაზე, რომ პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია დანაშაულთა ერთობლიობა, მათ შორის ჯგუფურად ჩადენილია ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა. საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა იქონია სწორედ ჩადენილი დანაშაულის ხასიათმა, თუ რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი ეს დანაშაული. წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ კრიტერიუმების თანმხლები ნეგატიური მოსაზრებები ვერ გააბათილა და ვერ გადაწონა სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმებმა. საბჭოს მიერ, ასევე, აღნიშნულ იქნა, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის ქცევამ გამოიწვია დისციპლინური ღონისძიებების გამოყენების აუცილებლობა. საქალაქო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ა.ნ-ის ჰყავდა ოთხი დაზარალებული, საქმის განხილვისას კი მის მიერ წარმოდგენილი იყო მხოლოდ ორი დაზარალებულის წერილობითი თანხმობა, რომელთაგან მხოლოდ ერთი იყო სანოტარო წესით დამოწმებული, ხოლო მეორეზე არც ხელმოწერა და არც თარიღი იყო დაფიქსირებული. სასამართლომ მიუთითა, რომ დაზარალებულთა თანხმობები, უპირობოდ მოსარჩელისთვის დადებითი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობად არ უნდა იქნეს მიჩნეული, რამეთუ ისინი ფასდება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან და გარემოებებთან ერთობლიობაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა.ნ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით ა.ნ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა.ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 1 აპრილის №01/22/გ/პ-0070 გადაწყვეტილება და მოპასუხეს ა.ნ-ისათვის დანიშნული სასჯელი მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ დანაშაულის ხასიათზე ხაზგასმა და ამ საფუძვლით შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ ნიშნავს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულყოფილად შესწავლას, ვინაიდან დანაშაულის ხასიათი და სიმძიმე სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად პირის მიმართ სასჯელის შეფარდების განმსაზღვრელი წინაპირობაა, იმავდროულად, კანონმდებლობითვე გათვალისწინებულია მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის თუ სიმძიმის მიუხედავად შესაბამისი პირობების არსებობისას, მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობა.
სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ საბჭოს მხრიდან დისკრეციული უფლებამოსილების კანონდარღვევით განხორციელებას ადგილი არ ჰქონდა. პალატამ მნიშვნელოვნად მიიჩნია, საბჭოს შექმნის მიზანი გულისხმობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობასა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვას. პალატამ ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებებზე: ა.ნ-ი სასჯელის მოხდის პერიოდში არ არღვევს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლების და სხვა მსჯავრდებულების მიმართ არ არის კონფლიქტური და აგრესიული, სასჯელის მოხდის პერიოდში მოსარჩელე წახასილებულია ოთხჯერ. ა.ნ-ის შუამდგომლობის განხილვისას, საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, გარემოება, რომ იგი იყო წახალისებული, თუმცა, ყურადღება გაამახვილა დანაშაულის ხასიათზე, სასჯელის სახეზე და პასუხისმგებლობის ზომაზე. საბჭომ აგრეთვე, ნეგატიურად შეაფასა მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობა, კერძოდ ის ფაქტი, რომ მსჯავრდებული იყო ნასამართლევი.
პალატამ ასევე მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე წარდგენილი იყო ოთხივე დაზარალებულის წერილობითი თანხმობები, ა.ნ-ის მიმართ საკანონმდებლო შეღავათის გამოყენებისა და მისი ვადაზე ადრე გათავისუფლების თაობაზე. სააპელაციო სასამართლო ასევე მიუთითა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის 23.09.2019წ. ექსპერტის დასკვნაზე, რომლის თანახმად, ა.ნ-ის ამჟამინდელი სომატური ჯანმრთელობის მდგომარეობის, არსებულ დაავადებათა ხასიათის, ჩასატარებელი დიაგნოსტიკური კვლევებისა და სამკურნალო ღონისძიებების გათვალისწინებით, იზოლაციაში ყოფნა (პენიტენციური დაწესებულება) ნეგატიურად იმოქმედებს ა.ნ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და შესაბამისად ხელს შეუშლის სასჯელის მოხდას.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა წინააღმდეგობაში არ მოდიოდა სასჯელის მიზანთან. პალატამ მიიჩნია, რომ ა.ნ-ის უნდა მისცემოდა საცხოვრებელ ადგილზე, ოჯახურ გარემოში სრულყოფილი რესოციალიზაციის/რეაბილიტაციის და საზოგადოებაში ინტეგრაციის შესაძლებლობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, ქმნიდა მოსარჩელის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის საფუძველს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველმა ადგილობრივმა საბჭომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მითითებით, სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხის გადაწყვეტა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგენს ადგილობრივი საბჭოს კომპეტენციას და მის დისკრეციულ უფლებამოსილებას. ამასთან, კანონით გათვალისწინებულია ხუთი კრიტერიუმი, რომლის გამოკვლევის საფუძველზეც საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, ესენია: 1. დანაშაულის ხასიათი; 2. მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში; 3. მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა; 4. ოჯახური პირობები; 5. მსჯავრდებულის პიროვნება.
კასატორმა აღნიშნა, რომ ა.ნ-ის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხზე მსჯელობისას, საბჭოს შეფასების მიღმა არ დარჩენია არცერთი ზემოხსენებული კრიტერიუმი და სწორედ მათი ერთობლივი ანალიზის შედეგად, შინაგანი რწმენის საფუძველზე და საბჭოს მიზნებიდან გამომდინარე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. საბჭოს მიერ ნეგატიურად შეაფასა ის გარემოება, რომ მოსარჩელესთან მიმართებით სახეზეა პირობითი მსჯავრის პერიოდში ჩადენილი დანაშაულთა ერთობლიობა, მათ შორის ჯგუფურად ჩადენილია ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა. საბჭოს მიერ ყურადღება მიექცა ასევე იმ საკითხს, რომ მსჯავრდებულს მონაწილეობა არ მიუღია სოციალურ აქტივობებში, რის გამოც საბჭოს არ ჰქონდა შესაძლებლობა ემსჯელა მოსარჩელის ქცევის პოზიტიურ ცვლილებებზე ან გათავისუფლების შემდგომ მის რესოციალიზაციაზე. საბჭომ ასევე ყურადღება გაამახვილა მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულ დისციპლინურ სახდელებზე, რადგან აღნიშნული წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების ზოგად მახასიათებელს. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ ვინაიდან მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური სახდელები სასჯელის მოხდის საწყის ეტაპზეა გამოყენებული, აღნიშნული ვერ მოახდენს გავლენას საბჭოს გადაწყვეტილებაზე. კასატორი მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის მიერ წესრიგის სისტემატიური და უხეში დარღვევა იმაზე მითითებით, რომ აღნიშნული წარსულის კონკრეტულ პერიოდშია ჩადენილი, არ ქმნის საბჭოს გადაწყვეტილების არამართებულად მიჩნევის საფუძველს. მნიშვნელოვანია, რომ მსჯავრდებულს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების დროისთვის შუამდგომლობის განმხილველ ორგანოში არ წარმოუდგენია დაზარალებულთა ნოტარიულად დამოწმებული თანხმობები მის მიმართ კანონით დადგენილი შეღავათის გამოყენების თაობაზე. კასატორი აღნიშნავს, რომ საბჭო დაზარალებულთა თანხმობებს განიხილავს დამატებით გარემოებად და არა დადებითი გადაწყვეტილების მიღების უპირობო წინაპირობად. კასატორი განსახილველი დავის გადაწყვეტისთვის არარელევანტურად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის ექსპერტის დასკვნის გამოყენებას, რადგან ზემოაღნიშნული დასკვნა არ ადასტურებს, რომ მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა არ შეუძლია ან მისი ფსიქიკური მდგომარეობა გამორიცხავს შერაცხადობას. ზემოაღნიშნული დასკვნა მიმართული იყო მსჯავრდებულის საჭიროებისკენ, რომ ა.ნ-ის ჩატარებოდა იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობა, რაც განხორციელდა კიდეც. საბჭო გადაწყვეტილების მიღებისას ხემძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლით, რომელიც არ ადგენს საბჭოს ვალდებულებას გაითვალისწინოს სხვა გარემოება გარდა კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმებისა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ივნისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სააპელაციო სასამართლოს მიერ ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 1 აპრილის №01/22/გ/პ-0070 გადაწყვეტილების კანონიერება და მოპასუხისთვის ა.ნ-ისთვის დარჩენილი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლების არსებობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. მსჯავრდებულზე ასეთი ზემოქმედების ფორმები და საშუალებები გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის 31 ნაწილის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივ საბჭოს შეუძლია მსჯავრდებულს, რომელსაც სასჯელის სახით დანიშნული აქვს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისა, მისივე თანხმობით შეუცვალოს სასჯელის მოუხდელი ნაწილი შინაპატიმრობით.
სასამართლო ასევე მიუთითებს სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედ პატიმრობის კოდექსის (ძალადაკარგულია 15.12.2023წ. N3988 კანონით) პირველი მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის თანახმად, სამსახურის ადგილობრივი საბჭო (შემდგომ – საბჭო) არის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი ორგანო. დასახელებული კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს (გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, მისი დამცველისა/კანონიერი წარმომადგენლისა) უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით წარუდგინოს საბჭოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია და შესაბამისი შუამდგომლობა. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, შესაბამისი შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ პირველი მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სამსახური) ადგილობრივი საბჭო (შემდგომში – საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი კი, საბჭოს მიზნად მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობასა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვას განსაზღვრავს.
საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, ზემოაღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხი, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულისა და მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა. ამავე წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტი კი განსაზღვრავს, მსჯავრდებულის შეფასების შემდეგ კრიტერიუმებს: ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული, ასევე, ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას; გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი; ასევე იმას, თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმით საქმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ გორის რაიონული სასამართლოს სასამართლოს 2011 წლის 16 დეკემბრის განაჩენით ა.ნ-ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლით მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 6 თვის ვადით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით და საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულ სასჯელს, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის სასჯელს - 18 წლით თავისუფლების აღკვეთას საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - დანიშნული სასჯელიდან -2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან დაემატა ნახევარი - თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 3 თვის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 236 ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელიდან 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან ასევე ნახევარი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლისა და 3 თვის ვადით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 21 წლისა და 6 თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით, მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 22 წლის ვადით და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 29 თებერვლის განაჩენით, გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 16 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 14 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 29 მარტის განჩინებით, გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებაში შევიდა ცვლილება, კერძოდ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, ერთი მეოთხედით შემცირდა გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 16 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 16 წლითა და 14 დღით, რომლის მოხდა დაიწყო 2011 წლის 23 ივნისიდან.
დადგენილია, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში ა.ნ-ი დასჯილია რამდენჯერმე, კერძოდ: 2012 წლის 28 იანვარს ხმაურობდა, N77 განკარგულებით შეეზღუდა „ნებადართული ნივთით სარგებლობა”; 2012 წლის 22 თებერვალს ხმაურობდა, N204 განკარგულებით შეეზღუდა „ნებადართული ნივთით სარგებლობა"; 2012 წლის 29 მარტს ხმაურობდა, N421 განკარგულებით შეეზღუდა ნებადართული ნივთით სარგებლობა”; 2012 წლის 3 ივნისს ხმაურობდა N714 განკარგულებით შეეზღუდა ნებადართული ნივთით სარგებლობა”; 2015 წლის 2 ოქტომბერს ხმაურობდა, N843954 განკარგულებით გამოეცხადა „საყვედური"; 2015 წლის 4 ოქტომბერს ხმაურობდა, აბრახუნებდა, N853256 განკარგულებით მოთავსებული იქნა „სამარტოო საკანში"; 2015 წლის 23 ოქტომბერს ხმაურობდა, რითიც არღვევდა დაწესებულების რეჟიმს, N929157 განკარგულებით მოთავსებული იქნა „სამარტოო საკანში; 2016 წლის 10 ოქტომბერს თავის საკნის ფანჯრიდან ახდენდა გადაძახილს, N845791 განკარგულებით შეეზღუდა „ტელეფონით სარგებლობა”; 2016 წლის 31 დეკემბერს ხმაურობდა, N1063471 განკარგულებით მოთავსებული იქნა „სამარტოო საკანში"; 2020 წლის 14 ოქტომბერს გამოხატავდა აგრესიას, N249243/24 განკარგულებით შეეზღუდა „ტელეფონით სარგებლობა”.
დადგენილია, რომ ა.ნ-ის მიმართ გამოყენებულია წახალისებები კერძოდ, 2012 წლის 25 ოქტომბერს N535 ბრძანებით ვადაზე ადრე მოეხსნა ადრე დადებული სახდელი; 2014 წლის 5 სექტემბერს N473 ბრძანებით წახალისების სახით მიეცა „დამატებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლება"; 2021 წლის 25 ოქტომბერს N5284 ბრძანებით გამოეცხადა „მადლობა", 2022 წლის 21 თებერვალს წახალისების სახით N867 ბრძანებით მიეცა „დამატებითი სატელეფონო საუბრით სარგებლობის უფლება".
დადგენილია, რომ მსჯავრდებული ა.ნ-ი, დაწესებულების სხვა მსჯავრდებულთა და ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ არ არის კონფლიქტური და აგრესიული, არ არღვევს დაწესებულების სამართლებრივ რეჟიმს.
ასევე დადგენილია, რომ მსჯავრდებული ა.ნ-ი წარსულში ნასამართლევია. კერძოდ, გორის რაიონული სასამართლოს 17.02.2009წ. განაჩენით იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. დადგენილია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 4.05.2010 წლის განაჩენით, ა.ნ-ი ცნობილ იქნა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. მსჯავრდებულთა რეესტრის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის 31.12.2010 წლის განკარგულებით იგი გათავისუფლდა 4.05.2010წ. გორის რაიონული სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისგან.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2022 წლის 1 აპრილის №01/22/გ/პ-0070 გადაწყვეტილებით, ა.ნ-ის შუამდგომლობა სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა. ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციით, მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში, ყურადღება გაამახვილა დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეზე (ჩადენილი იყო პირობითი მსჯავრის დროს ჩადენილი დანაშაულთა ერთობლიობა, მათ შორის ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მსჯავრდებულის შუამდგომლობის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლაზე უარის თქმა არსებითად დაეფუძნა პატიმრის მიერ ჩდენილი დანაშაულის სიმძიმეზე ხაზგასმას. სასჯელის ეფექტურობის მიღწევა შეუძლებელია, თუ ადგილი არ ექნება ინდივიდუალურ მიდგომას არა მხოლოდ ბრალდებულისთვის სასჯელის შეფარდების ეტაპზე, არამედ მსჯავრდებულისთვის შეფარდებული სასჯელის აღსრულების პროცესშიც. რესოციალიზაცია ასევე ემსახურება დანაშაულის რეციდივის თავიდან აცილებას. სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლა შესაძლებელია განხილულ იქნას, როგორც მსჯავრდებულის წახალისების ფორმა. ამდენად, მარტოოდენ ა.ნ-ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი არ არის განმსაზღვრელი მის მიერ დაყენებული შუამდგომლობის გადასაწყვეტად.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს, არა მხოლოდ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, არამედ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოების მიერ სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესის“ მე-13 მუხლით დადგენილი ყველა კრიტერიუმის გამოკვლევას, ამ კრიტერიუმების ურთიერთშეპირისპირებასა და პრიორიტეტების დადგენას. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, საბჭოს შუამდგომლობაზე მსჯელობისას, გარდა დანაშაულის ხასიათის და წარსულში ნასამართლობის ფაქტისა, მხედველობაში უნდა მიეღო სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის არაერთხელ წახალისების ფაქტი, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი კარგი ყოფაქცევა, მის მიერ გაკეთებული ახსნა-განმარტებები, სასჯელის მიზანი და სხვა გარემოებები, რასაც ზეგავლენა შეიძლება მოეხდინა გადაწყვეტილების მიღებაზე. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს საქმეში დაცულ სანოტარო წესით დამოწმებულ დაზარალებულ პირთა - ბ.თ-ის, ლ.გ-ის, ნ.ქ-სა და გ.ხ-ას განცხადებებზე, რომელთა თანახმადაც ზემოაღნიშნული პირები არ არიან წინააღმდეგნი ა.ნ-ის მიმართ საკანონმდებლო შეღავათის გამოყენებისა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულთა თანხმობები უცილობლად მსჯავრდებულის შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობას მართალია არ წარმოადგენს, თუმცა იგი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომელიც სხვა გარემოებებთან ერთად ფასდება. საკასაციო სასამართლო ასევე საგულისხმოდ მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ა.ნ-ის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევების ძირითადი ნაწილი შეეხება ხმაურს, რაც თავისი ბუნებით არაა მძიმე ხასიათის დარღვევა. ასევე ნიშანდობლივია, რომ ა.ნ-ი წარსულში ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც დღეს მოქმედი კანონმდებელობით დეკრიმინალიზებულია. საგულისხმოა, რომ საქმეში დაცულია დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის 23.09.2019წ. №01-02/28 ექსპერტის დასკვნა, რომლის თანახმად, ა.ნ-ის ამჟამინდელი სომატური ჯანმრთელობის მდგომარეობის, არსებულ დაავადებათა ხასიათის, ჩასატარებელი დიაგნოსტიკური კვლევებისა და სამკურნალო ღონისძიებების გათვალისწინებით, იზოლაციაში ყოფნა (პენიტენციური დაწესებულება) ნეგატიურად იმოქმედებს ა.ნ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და შესაბამისად ხელს შეუშლის სასჯელის მოხდას. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას ზემოაღნიშნული დასკვნის მოცემულ საქმეზე გამოყენების გამორიცხვასთან დაკავშირებით, რადგან მან ვერ უზრუნველყო ზემოაღნიშნული დოკუმენტის გამაქარწყლებელი მტკიცებულების წარმოდგენა. ზემოაღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სადავოდ გამხდარი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავდა საკმარის მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხის უარყოფითად გადაწყვეტის მიზეზთან დაკავშირებით.
საკასაციო სასამართლო, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და მსჯელობის შედეგად მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნებიდან გამომდინარე აღარ არსებობს ა.ნ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მთლიანად მოხდის აუცილებლობა, რაც ქმნიდა მოსარჩელის მიმართ სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის საფუძველს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სპეციალური პენიტენციური სამსახურის აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა