დატოვებულია განუხილველად

ადმინისტრაციული 20.01.2026
საქმის ნომერი
ბს-1243(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.01.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-1243(კ-25) 20 იანვარი, 2026 წელი,თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს “...ა” (მოპასუხე)

მესამე პირი - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.07.2025 წლის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, "კასატორი") წარადგინა სარჩელი შპს „...ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოპასუხე") მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 24 537.70 ლარის დაკისრება.

2. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 21.02.2025 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 443.3 ლარის გადახდა (იხ.: გადაწყვეტილება, ს.ფ.63-73). გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 22.05.2025 წლის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო (ს.ფ.128-131).

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.07.2025 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ს.ფ.169-181). განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.12.2025 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან ათი დღის ვადაში სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის 1204.72 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა (იხ.:განჩინება, ს.ფ. 216-218).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) დებულებანი. სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

7. დადგენილია, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.12.2025 წლის განჩინება გაეგზავნა კასატორს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (იხ.: საკასაციო საჩივარი, ს.ფ.194; გზავნილი, ს.ფ.219). გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე დასმულია იმავე მისამართზე მდებარე და წინამდებარე საქმეში მესამე პირის სტატუსის მქონე სუბიექტის - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ბეჭედი, ჩაბარების თარიღად მითითებულია 12.12.2025 წელი (იხ.: ჩაბარების დასტური, ს.ფ.220). კასატორის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში 13.01.2026 წელს წარმოადგინა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 08.12.2025 წლის განჩინება კასატორს ჩაჰბარდა/გადაეცა 12.12.2025 წელს (იხ.: კასატორის მიერ წარმოდგენილი განცხადება, მინდობილობა, ს.ფ 221,222). შესაბამისად, დგინდება, რომ გზავნილის მიმღებმა/მესამე პირმა გზავნილი ადრესატს/კასატორს გადასცა იმავე დღეს.

8. სასკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი - წარმომადგენლისათვის გაგზავნილად. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით. სსსკ-ის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.

9. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. მოცემულ შემთხვევაში, კასატორისთვის ხარვეზის შევსების 10 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 13.12.2025 წელს და ამოიწურა 22.12.2025 წელს. ამდენად, კასატორს ხარვეზი 22.12.2025 წლის ჩათვლით უნდა შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.

10. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ №ბს-251(კ-25), 22.05.2025წ.; №ბს-204(კ-25), 28.03.2025წ.). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსსკ-ის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე

თამარ ოქროპირიძე