დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-420(კ-23) 10 თებერვალი, 2026 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - შპს „ ...“
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; სსიპ შემოსავლების სამსახური
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „...მა“ 2017 წლის 24 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის განჩინებით შპს „...ის“ სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს. მოპასუხეთა წრისა და სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ მოსარჩელემ მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 11 ივლისის №081-125 საგადასახადო მოთხოვნის და მისთვის 35931.48 ლარის დაკისრების ნაწილში დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 23 მარტის №13440/2/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
მოსარჩელის განმარტებით, საზოგადოება ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, კერძოდ, ...ის ადგილობრივ შეძენას და რეალიზაციას, ასევე, კანონით აუკრძალავ ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც არ ითვალისწინებს სპეციალური ლიცენზიის მოპოვებას, მათ შორის, ... ...ის (...ის) იმპორტს, ადგილობრივ შეძენას, შემდგომ მის დაჭრას და რეალიზაციას, რიგ შემთხვევებში კი ... ...ისაგან წარმოებული პროდუქციის რეალიზებას (... და სხვადასხვა დასახელების ნაკეთობები). სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელდა საზოგადოების საქმიანობის გეგმიური შემოწმება (საგადასახადო შეტყობინება №21-14/111931) 2010 წლის 13 აპრილიდან 2015 წლის 1 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდის მიხედვით, რაზედაც შედგა საგადასახადო შემოწმების აქტები. აღნიშნული შემოწმების აქტები არაერთგზის გასაჩივრდა ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოში, თუმცა ფინანსთა სამინისტროში ნაწილობრივ გაითვალისწინეს მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რასაც მხარე არ ეთანხმება და მიიჩნევს უკანონოდ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „...ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს „...მა“.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის განჩინებით შპს „...ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს სრულად არ აქვს ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა და შესაბამისად, შემოსავლები გაანგარიშდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდით. სასამართლომ მიუთითა, რომ საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო ვალდებულების შესრულებას სწორედ გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციისა და მტკიცებულებების შესწავლის საფუძველზე ამოწმებს, მაგრამ შესაბამისი წინაპირობების არსებობისას, მას შეეძლო გამოეყენებინა არაპირდაპირი მეთოდი, რაც გულისხმობს გარემოებითი მტკიცებულებებით საგადასახადო ვალდებულების დადგენას. მოსარჩელე მხარეს 2010 წლიდან 2013 წლის ჩათვლით პერიოდის ხელით შესრულებული ანგარიშ-ფაქტურები საგადასახადო ორგანოსათვის არ წარუდგენია, ე.ი. 3-წლიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, რასაც ითვალისწინებს საგადასახადო კანონმდებლობა. შესაბამისად, მითითებული თანხების ჩათვლის საფუძვლიანობაზე საგადასახადო ორგანო ვერ იმსჯელებდა, ვინაიდან მოსარჩელე მხარემ გაუშვა მათი წარდგენისათვის კანონით დადგენილი ვადა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „...მა“, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორმა მიუთითა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არ მისცა სათანადო შეფასება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სადავო შემთხვევაში, არსებობდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი. სასამართლომ არ დაადგინა ის გარემოება, რომ დღგ-ს თანხა გადახდილი იყო მომწოდებლებზე, რაც დასტურდებოდა მომწოდებლების მიერ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით. სასამართლოს მხრიდან არ იქნა გათვალისწინებული მხარის მოთხოვნა 2010 წელს ადგილობრივი მომწოდებლებისაგან ხელით გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დაფიქსირებული დღგ-ს თანხის ჩათვლის თაობაზე, რაც შეადგენდა 35931,48 ლარს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 28 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლო არ არის ვალდებული დეტალურად გასცეს პასუხი მხარის თითოეულ არგუმენტს, მით უფრო მაშინ, როდესაც ასეთ არგუმენტს არ აქვს რაიმე ზეგავლენა მისი მოთხოვნის წარმატების პერსპექტივაზე (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Van De Hurk v. Netherlands, App. No. 16034/90, §61). ამგვარი სახის არგუმენტებზე სასამართლოს მიერ პასუხის პირდაპირ გაუცემლობა შესაძლოა განიმარტოს ასეთი არგუმენტების ნაგულისხმევ უარყოფადაც (ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Case of Hiro Balani v. Spain, App. No. 18064/91, §28; ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30). თუმცა საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ მხარის იმ მატერიალურ ან საპროცესო-სამართლებრივ პრეტენზიებს, რომელთაც გადამწყვეტი ზეგავლენა აქვთ საკასაციო მოთხოვნის წარმატების ბედსა და ამდენად, საქმის განხილვის საბოლოო შედეგზე, პასუხი უცილობლად უნდა გაეცეს „სრულად და ამომწურავად“ განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სადავო შემთხვევა უკავშირდება ევროკონვენციით დაცული უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ შედავებებს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Wagner and J.M.W.L. v. Luxembourg, App. No. 76240/01, §96; ევროსასამართლოს 1994 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, App. No. 18390/91, §30; აგრეთვე, ევროპული სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Tatishvili v. Russia, App. No.1509/02, §62).
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოს და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს და არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლით განსაზღვრულია საგადასახადო ორგანოთა ვალდებულებები, რომელთა ჩამონათვალში შედის გადასახადების გამოანგარიშების სისწორისა და სისრულის, მათი დროულად გადახდის გაკონტროლება, საგადასახადო შემოწმებების ჩატარება ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გადასახადის გადამხდელისათვის თავისი უფლებებისა და ვალდებულებების გაცნობა (მუხ. 51.1. „გ“ ქვ.პ.), გადასახადის გადამხდელთა დროულად აღრიცხვის უზრუნველყოფა (მუხ. 51.1. „დ“ ქვ.პ.), დარიცხული და ბიუჯეტებში გადახდილი გადასახადების აღრიცხვა და გადახდილი გადასახადების შესახებ ანგარიშგების შედგენა (მუხ. 51.1. „ე“ ქვ.პ.), საგადასახადო შემოწმების აქტების გაცემა (მუხ. 51.1. „ჟ“ ქვ.პ.), გადასახადის გადამხდელს საგადასახადო მოთხოვნის წარდგენა, ხოლო მისი შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ამ კოდექსით დადგენილი წესით განსაზღვრული ზომების მიღება მისი შესრულების უზრუნველსაყოფად (მუხ. 51.1. „რ“ ქვ.პ.).
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობას, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულება და მისი შესრულება გადასახადის გადამხდელის ძირითადი და მნიშვნელოვანი იურიდიული ვალდებულებაა. პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას. საგადასახადო კონტროლთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსი განსაზღვრავს კონტროლის ორ სახეს: მიმდინარე კონტროლს და საგადასახადო შემოწმებას (მუხ. 255.4). საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი (მუხ. 262). გასვლითი საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე (მუხ. 264). საგადასახადო შემოწმების შედეგების შესახებ დგება აქტი, რომელშიც უნდა მიეთითოს ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, მტკიცებულება და არგუმენტი, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას (მუხ. 267. „ა“ ქვ.პ.). საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას, რომლის ასლი წარედგინება გადასახადის გადამხდელს შესაბამის საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად (მუხ. 268.1).
საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო შემოწმების აქტი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, დადგენილია, რომ შპს „...ის“ საქმიანობაა ...ის ადგილობრივი შეძენა და რეალიზაცია. საზოგადოება ასევე ახორციელებს ... ...ის (...ის) იმპორტს და ადგილობრივ შეძენას. გადამხდელი ახდენს აღნიშნული ...ის დაჭრას და რეალიზაციას, ხოლო რიგ შემთხვევაში დოკუმენტით რეალიზებული აქვს ... ...ისგან წარმოებული პროდუქცია (..., ... და ა.შ).
დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ შემოწმდა შპს „...ის“ საქმიანობის 2010 წლის 13 აპრილიდან 2012 წლის 1 იანვრამდე პერიოდი, რაზედაც შედგა 2015 წლის 1 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი. აქტის თანახმად, საზოგადოებას დღგ-ის დეკლარაციაში არ აქვს სრულად ჩათვლილი საქონლის იმპორტისას საბაჟო დეკლარაციის მიხედვით გადახდილი დღგ. შემოწმებით დადგინდა, რომ იმპორტირებული საქონელი და ძირითადი საშუალებები გამოყენებული დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში და საზოგადოებას გადახდილი დღგ არ აქვს გამოქვითული ერთობლივი შემოსავლიდან. შემოწმებით საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის მიხედვით ჩათვლილია საბაჟო დეკლარაციების მიხედვით დღგ 82101 ლარი. შემოწმების აქტით, გადასახადის გადამხდელზე დასარიცხი თანხა განისაზღვრა: ძირითადი გადასახადი 128883 ლარი და ჯარიმა 74503 ლარი. აღნიშნულ თანხებზე გამოიცა 2015 წლის 3 დეკემბრის №45745 ბრძანება და 2015 წლის 4 დეკემბრის №081-292 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც 2016 წლის 4 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 13 აპრილის ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ადგილობრივი მომწოდებლისგან მოწოდებულ საქონელზე ჩასათვლელი დღგ-ის თანხის გაანგარიშების დამატებით შესწავლა, ან ამ თანხით ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯის გაზრდის საკითხის შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში - შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება). შემოსავლების სამსახურის ხსენებული ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2016 წლის 23 ივნისის დასკვნა, 2016 წლის 8 ივლისის №19688 ბრძანება და 2016 წლის 11 ივლისის №081-125 საგადასახადო მოთხოვნა. 2016 წლის 23 ივნისის დასკვნის თანახმად, შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურები. 2011 წელს გადასახდელად გამოანგარიშებული დღგ-ის თანხა შემცირებას დაექვემდებარა იმ ელ. ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით ჩასათვლელი თანხებით, რომელთა მიხედვითაც არ ჰქონდა გადამხდელს მიღებული ჩათვლა. აღნიშნულის შედეგად 2011 წლის გადასახდელი დღგ შემცირდა 21446 ლარით, ხოლო 2010 წელს მიღებული, ხელით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით, გადამხდელის ჩასათვლელი თანხები კორექტირებას არ დაექვემდებარა სსკ-ის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადების დარღვევის გამო. ხელით გამოწერილი 2010 წლის ანგარიშ-ფაქტურებით დადგინდა, რომ შემოწმებით 2010 წელს რეალიზებული საქონლის თვითღირებულება მოიცავდა დღგ-ის თანხებს და მასზე გავრცელებული იყო შემოწმებით დადგენილი ფასნამატი. ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ დღგ-ს ჩასათვლელი თანხების თვითღირებულებაში ასახვა მართლზომიერი იყო, თუმცა აღნიშნა, რომ ფასნამატი უნდა გავრცელებულიყო დღგ-ის თანხების გარეშე დადგენილ რპთ-ზე, შესაბამისად, ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დაექვემდებარა 78444 ლარით შემცირებას. დადგენილია, რომ აღნიშნული აქტები მხარის მიერ გასაჩივრდა სსიპ შემოსავლების სამსახურში, რომლის 2016 წლის 15 სექტემბრის №26449 ბრძანებით, საჩივარი დარჩა განუხილველი, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. განუხილველად დატოვების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 15 სექტემბრის №26449 ბრძანება შპს „...მა“ გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2017 წლის 23 მარტის №13440/2/16 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილების სადავო პერიოდში მოქმედ რედაქციაზე, რომლის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის: ა) დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე; ბ) საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში ამ ოპერაციაზე დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული დღგ-ის თანხა, რომელიც იმავდროულად ჩათვლის მიღების საფუძველია; გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირებს შორის საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში − თითოეული მხარისათვის მიწოდებულ საქონელზე/გაწეულ მომსახურებაზე გადახდილი ან/და გადასახდელი დღგ-ის თანხა, თუ თითოეული ოპერაცია იბეგრება დღგ-ით. ამასთანავე, ჩათვლა ხორციელდება სანაცვლო საქონლის/მომსახურების მიღების მომენტში, მიღებული საქონლის/მომსახურების მიმართ ამ მუხლით დადგენილი შეზღუდვების (გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვისა) გათვალისწინებით; დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ უკუდაბეგვრის შემთხვევაში დარიცხული და დღგ-ის დეკლარაციაში ასახული უკუდაბეგვრის დღგ-ის თანხა, რომელიც იმავდროულად ჩათვლის მიღების საფუძველია. დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ა) საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება: ა.ა) დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა; ა.ბ) საქონლის რეექსპორტში ან/და ექსპორტში; ა.გ) საქართველოს ტერიტორიის გარეთ მომსახურების გაწევისათვის; ა.დ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ სახელმწიფოსათვის ან/და ადგილობრივი თვითმმართველობისათვის საქონლის უსასყიდლოდ მიწოდებისათვის ან/და მომსახურების უსასყიდლოდ გაწევისათვის; ბ) საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საქონლის წარმოებისათვის ან/და მომსახურების გაწევისათვის. დასახელებული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება: პირის მიერ სოციალური მიზნით, გასართობი ღონისძიებებისათვის გაწეულ ხარჯზე ან წარმომადგენლობით ხარჯზე გადახდილ დღგ-ის თანხებზე, გარდა ასეთი ღონისძიებების ფარგლებში პირის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდებისა, როდესაც ასეთი ხარჯის ფარგლებში შესყიდული საქონელი ან/და მომსახურება ამ პირის მიერ იბეგრება დღგ-ით („ა“ ქვ.პ.); ამ მუხლის მე-4–მე-11 ნაწილების გათვალისწინებით, ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულ დასაბეგრ ოპერაციებში გამოყენებული ან/და გამოსაყენებელი საქონლის/მომსახურების საწარმოებლად გაწეულ ხარჯზე გადახდილ დღგ-ის თანხებზე („ბ“ ქვ.პ.); იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც არ იძლევა საქონლის/მომსახურების გამყიდველის იდენტიფიცირების საშუალებას („გ“ ქვ.პ.); იმ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, რომლებიც გადასახადის გადამხდელის (მყიდველის/ჩათვლის მიმღების) მიერ ასახული არ არის ქვემოთ მოცემულ, შესაბამის ვადაში წარმოდგენილ ერთ-ერთ დეკლარაციაში მაინც დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამი საანგარიშო პერიოდის მიხედვით („ა“ და „ე.ა“ ქვეპუნქტები).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა (მუხ. 136.1). გადასახადის გადამხდელი ასევე ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე (მუხ. 136.3).
განსახილველ შემთხვევაში, შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული აღრიცხვა სრულად არ ჰქონდა ნაწარმოები და შესაბამისად, შემოსავლები გაანგარიშდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდით. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საგადასახადო ორგანოს, კომპანიის მიერ ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი მტკიცებულებებისა და კანონმდებლობის საფუძველზე, უფლებამოსილი იყო საზოგადოების პირის საგადასახადო ვალდებულებები განესაზღვრა არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით, რაც გულისხმობდა გარემოებითი მტკიცებულებებით საგადასახადო ვალდებულების დადგენას. ასევე, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა სადავო აქტების - სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 11 ივლისის №081-125 საგადასახადო მოთხოვნისა და მხარისათვის 35931.48 ლარის დაკისრების ნაწილში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 23 მარტის №13440/2/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლების არარსებობასთან დაკავშირებით, რამეთუ სსკ-ის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილით, დღგ-ის ჩათვლა არ ხორციელდება იმ ანგარიშ-ფაქტურებით, რომელიც ჩათვლის მიმღების მიერ არაა ასახული დასაბეგრი ოპერაციის საანგარიშო პერიოდის დამთავრებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამი საანგარიშო პერიოდის, ან იმავე წლის დეკემბრის საანგარიშო პერიოდის მიხედვით წარმოდგენილ დღგ-ის დეკლარაციაში. ხოლო ამავე მუხლის 31-ე ნაწილის მიხედვით, ზემოაღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდებოდა ელ. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე. განსახილველ შემთხვევაში 2010 წელს მიღებული ხელით გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით გადამხდელის ჩასათვლელი თანხები კორექტირებას არ ექვემდებარება, რადგან დარღვეული იყო სსკ-ის 174-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული ვადები. საკასაციო პალატა იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის განმარტებას, რომ მოსარჩელე მხარეს 2010 წლის პერიოდის ხელით შესრულებული ანგარიშ-ფაქტურები საგადასახადო ორგანოსათვის არ წარუდგენია 2013 წლის ჩათვლით, ე.ი. 3 წლიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, რის გამოც მითითებული თანხების ჩათვლის საფუძვლიანობაზე საგადასახადო ორგანო ვერ იმსჯელებდა.
რაც შეეხება კასატორის აპელირებას მის მიმართ საგადასახადო კოდექსის 269.7 მუხლის გამოყენების და საგადასახადო სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონის მიზანს წარმოადგენს საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს არა სტანდარტულად შეცდომის დამშვები პირი, არამედ პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს (სუსგ №ბს-1481 (კ-22), 20.03.2025წ.). გადამხდელის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებაზე (საქმე №ბს-272 (კ-21)), სადაც განმარტებულია, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი საგადასახადო ორგანოს/სასამართლოს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი დარიცხული სანქციისაგან, რაც გულისხმობს, რომ საგადასახადო ორგანო არ არის ვალდებული, ნებისმიერ შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმა. გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერების პრინციპი პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებად განიხილება. საქართველოს საგადასახადო კოდექსი გადასახადის გადამხდელის ქმედების შესაფასებლად არ განსაზღვრავს „კეთილსინდისიერების“ ან „არაკეთილსინდისიერების“ ცნებას. თუმცა კეთილსინდისიერების საკითხს საგადასახადო დავის გადაწყვეტისა და კონკრეტული საგადასახადო-სამართლებრივი ნორმების შეფარდების პროცესში განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია. გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირს სწამს, რომ მისი ქმედება კანონიერია, არ არის მართლსაწინააღმდეგო. ამასთან, პირი მოქმედებს ე.წ საპატიებელი შეცდომის პირობებში, ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას. საპატიებელი შეცდომის დროს პირი ფიქრობს, რომ არ არსებობს ისეთი ნორმა, რომელიც მის ქმედებას კრძალავს. მაშასადამე, მას არ გააჩნია სამართალდარღვევის ჩადენის შეგნება. მოცემულ შემთხვევაში კანონის მიზანს წარმოადგენს, საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს არა სტანდარტულად შეცდომის დამშვები პირი, არამედ პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს. გადასახადის გადამხდელი შეიძლება კეთილსინდისიერად ცდებოდეს კანონის არსთან მიმართებაში, თუ აშკარად ბუნდოვანი და ორაზროვანი შინაარსის გამო კანონის ნორმა აზრთა სხვადასხვაობის, განსხვავებული ინტერპრეტაციისა და არაერთგვაროვანი განმარტების საშუალებას იძლევა (სუსგ №ბს-1481 (კ-22), 20.03.2025წ.). განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის გარემოებები არ იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ სამართალდარღვევა გამოწვეული იყო გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, ამ ნაწილშიც არ არსებობს მოსარჩელის არგუმენტაციის გაზიარების საფუძველი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან რ.თ-ეს შპს „...ის“ საკასაციო საჩივარზე 12.06.2023წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 1796.57 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, რ.თ-ეს (პ/ნ...) უნდა დაუბრუნდეს შპს „...ის“ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1796.57 ლარის 70 პროცენტი - 1257.6 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „...ის“ საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 თებერვლის განჩინება;
3. რ.თ-ეს (პ/ნ...) დაუბრუნდეს შპს „...ის“ საკასაციო საჩივარზე 12.06.2023წ. №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1796.57 ლარის 70 პროცენტი - 1257.6 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე