დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 30.10.2025
საქმის ნომერი
ბს-124(2კ-23)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.10.2025

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-124(2კ-23) 30 ოქტომბერი, 2025 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, სსიპ შემოსავლების სამსახური

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ი/მ ც.შ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების (ნაწილის) ბათილად ცნობა,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2017 წლის 18 აპრილს ი/მ ც.შ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი ინდ. მეწარმეა, მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა უფასო ...ოს მოწყობა. მოსარჩელის საქმიანობა შემოწმდა საგადასახადო ორგანოს მიერ 2012 წლის იანვრიდან 2016 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდზე. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2016 წლის 30 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზეც გამოიცა 12.08.2016წ. საგადასახადო მოთხოვნა. ზემოაღნიშნული აქტი მოსარჩელემ გაასაჩივრა ადმინისტრაციული საჩივრით, რომელიც არ დაკმაყოფილდა.

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 1 დეკემბრის N34099 ბრძანების, N136-12 და 29.10.2016 წლის N136-213 საგადასახადო მოთხოვნების, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების 14 299 ლარის ნაწილში ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 27.10.2016წ. N29304 ბრძანებით, 1.01.2012 - 1.10.2016. პერიოდზე ჩატარდა ი/მ ,,ც.შ-ის “კამერალური, სრული შემოწმება.

შემოწმების შედეგად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 30 ნოემბერის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სხვაობა გამოვლინდა მხოლოდ ,,წლიური საშემოსავლო გადასახადის, ,,საშემოსავლო გადასახადისა“ და ,,სხვა ჯარიმების ნაწილში“. შემოწმების აქტის საფუძველზე 2016 წლის 1 დეკემბერს გამოიცა N34099 ბრძანება და N136-12 საგადასახადო მოთხოვნა. მოსარჩელეს, გადასახდელად დაერიცხა: ძირითადი გადასახადი-28609; საშემოსავლო გადასახადი - 28609; ჯარიმა-17904; საურავი-18841.29, სულ- 65 354.29.

შემოწმების აქტის მიხედვით, ი/მ ,,ც.შ-ეს” 2012, 2013 და 2014 წლებში საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში ფიზიკურ პირებზე განაცემები დაფიქსირებული აქვს სულ 27,749 ლარი. აღნიშნული განაცემებიდან ფიზიკურ პირებზე: ვ.ვ-ზე გაცემულია დარიცხული ხელფასი 3,450 ლარი, ვი.ვ-ზე 2,179 ლარი, ხოლო დანარჩენ სხვა პირებზე 22,120 ლარი. შემმოწმებელმა ჯგუფმა შეისწავლა გადამხდელის საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერები, შრომითი ხელშეკრულებები, ხელფასის გაცემის უწყისები და გამოვლინდა, რომ მეწარმეს სს „...ის“ ანგარიშით ფიზიკურ პირებზე: ვ.ვ-ზე გადარიცხული აქვს ხელფასის სახით 21,300 ლარი, ხოლო ვი. ვ-ზე კი 21,500 ლარი. შემოწმებით აღნიშნული სახის გაცემები შედარდა დეკლარირებულ მონაცემებს და ფიზიკურ პირებზე ხელფასის სახით განაცემებში გამოვლენილი სხვაობა 48,497 ლარი, სსკ-ს 81.1. მუხლის მიხედვით დამატებით დაექვემდებარა დაბეგვრას 20%-ის ოდენობით. გადამხდელს დაერიცხა ძირითადი გადასახადი 9 699 ლარი და ჯარიმა სსკ-ის 275.2. მუხლით - 4850 ლარი.

სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 29 ოქტომბრის N136-213 საგადასახადო მოთხოვნის, ფიზიკური პირის გადასახადის თაობაზე, თანახმად, ც.შ-ეს საგადასახადო კოდექსის 274-275 მუხლების საფუძველზე, 2016 წლის საგადასახადო ვალდებულების შესრულების მიზნით გადასახდელად დაერიცხა სულ ქონების გადასახადი-0. სსიპ შემოსავლების სამსახურის 9.02.2017წ. N070 ბრძანებით ი/მ ც.შ-ის საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 1.12.2016წ. N136-12 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის მოთხოვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით: 1) ი/მ ,,ც.შ-ის“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2) ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 9.02.2017 წლის N3070 ბრძანება; 3) მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები; 4) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ამ გადაწყვეტილების შესაბამისად შესაძლებლად მოკლე ვადაში სადავო საკითხის დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დარიცხული თანხების კორექტირება; 5)დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64.1, 136.1, 81.1, 100.1, 101.1, 154.1 და 275.2 მუხლებზე და მიაჩნია, რომ ვინაიდან შემოწმების შედეგად გამოვლინდა სხვაობა გადასახადის გადამხდელის დეკლარირებულ მონაცემებსა და ფიზიკურ პირებზე ხელფასის სახით განაცემებში, ადმინისტრაციული ორგანოების ქმედება დეკლარირებულ მონაცემებსა და ფიზიკურ პირებზე ხელფასის სახით განაცემებში არსებული სხვაობის თანხის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის თაობაზე არის კანონშესაბამისი და არ ეწინააღმდეგება, ზემოთ მითითებულ ნორმატიული აქტების მოთხოვნებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ ც.შ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ი/მ ც.შ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ი/მ ც.შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება, 14 299 ლარის ნაწილში; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 1 დეკემბრის N34099 ბრძანება, ასევე, 2016 წლის 01 დეკემბრის 136-12 და 2016 წლის 29 ოქტომბრის N136-213 საგადასახადო მოთხოვნები (14 299 ლარის ნაწილში) და სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის შემდეგ, კანონმდებლობით დადგენილი წესით ახალი აქტის გამოცემა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. და ვი. ვ-ები არიან ც.შ-ეს შვილები და დასაქმებულები არიან ინდივიდუალური მეწარმის საწარმოში. საგადასახადო შემოწმების აქტში დაფიქსირებული გადასახადის გადამხდელის პოზიციის თანახმად, იგი თანხას რიცხავდა მისი შვილების და მის ბარათზე, რათა უფრო მოხერხებულად და კომფორტულად გამოეყენებინა კუთვნილი თანხა. ბარათებით უფრო დაცულად ხარჯავდა, თანაც ბავშვებს ახალისებდა. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ განაცხადა, რომ გადარიცხული თანხა აჩუქა შვილებს და არ წარმოადგენს ხელფასს. საქმეში დაცულია ი/მ ც.შ-ესა და ვ.ვ-ის შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ვ.ვ-ის შრომითი ანაზღაურება თვეში (ხელზე ასაღები) შეადგენს 120 ლარს.

სააპელაციო სასამართლომ მოიხმო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სააპელაციო პალატის მითითებით, მხარეებს შორის სადავო არ არის, რომ ი/მ ც.შ-ის შვილები მუშაობენ მის საწარმოში და იღებენ ხელფასს, რაც გადამხდელმა ასახა კიდეც დეკლარაციაში, თუმცა დამატებით ჩარიცხული თანხა რამდენად წარმოადგენდა შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ანაზღაურებას, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის განმარტება მასზედ, რომ მეწარმე სუბიექტს ოჯახის წევრი შეიძლება დასაქმებული ჰყავდეს თავის საწარმოში და უხდიდეს ხელფასს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ ოჯახის წევრისათვის ჩარიცხული ნებისმიერი თანხა ხელფასად უნდა იქნეს მიჩნეული.

სააპელაციო პალატა გაეცნო რა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მიიჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურმა დამატებით უნდა გამოიკვლიოს ი/მ ც.შ-ის მიერ შვილებისათვის ჩარიცხული 48 497 ლარის მიზნობრიობა და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორის - სსიპ შემოსავლების სამსახურის განმარტებით, გადასახადის გადამხდელის პოზიცია მასზედ, რომ იგი მის შვილებს ახალისებდა, რათა ისინი დახმარებოდნენ საქმის დროულად და ხარისხიან შესრულებაში, იმთავითვე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ი/მ ც.შ-ის მიერ ხელფასის სახით გაცემული თანხები იყო გაწეული მომსახურების შედეგი და ფიზიკური პირების ( ვ. და ვი. ვ-ის) მიერ მიღებული სარგებელი, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე და 101-ე მუხლების თანახმად ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას.

კასატორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე, 81-ე, 154-ე მუხლებზე. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ არგუმენტაციას და დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ვ. და ვი. ვ-ებმა საწარმოდან ხელფასის სახით მიიღეს 48 497 ლარი ვინაიდან, საქმის მასალებით არ დასტურდება ც.შ-ის მხრიდან ზემოაღნიშნული თანხის სხვა მიზნით გაცემის ფაქტი. კასატორი მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს კანონით დადგენილის წესით, დოკუმენტურად იმ ფაქტის დადასტურება, რომ კონკრეტული განაცემი არ წარმოადგენს ხელფასს. ასეთი სახის მტკიცებულება კი მოსარჩელეს არც ადმინისტრაციული ორგანოსთვის და არც სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 17 თებერვლის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები.

მოცემული საქმე, განმხილველი მოსამართლის სამოსამართლო უფლებამოსილების ვადის ამოწურვის გამო, 2025 წლის 1-ელ სექტემბერს განსახილველად, კანონით დადგენილი წესით, განაწილდა მოსამართლე მაია ვაჩაძეზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენების წინაპირობები.

განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს გადასახადის გადამხდელის დეკლარირებულ მონაცემებსა და ფიზიკურ პირებზე ხელფასის სახით განაცემებში სხვაობის გამოვლენის ნაწილში, კერძოდ 14 299 ლარის დარიცხვის ნაწილში, გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მართლზომიერება. ამდენად, შესაფასებელია სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 1 დეკემბრის N34099 ბრძანების, ასევე, 2016 წლის 1 დეკემბრის 136-12 და 2016 წლის 29 ოქტომბრის N136-213 საგადასახადო მოთხოვნებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 16 მარტის გადაწყვეტილების, 14 299 ლარის ნაწილში, კანონშესაბამისობა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის მთავარ არსს შეადგენს ის გარემოება, წარმოადგენს თუ არა სადავო აქტებით დაბეგრილი თანხები ხელფასს. შესაბამისად, უნდა დაბეგრილიყო თუ არა საშემოსავლო გადასახადით შვილებისთვის ჩარიცხული თანხები ი/მ “ც.შ-ის”, როგორც საგადასახადო აგენტის მიერ.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 27 ოქტომბრის N29304 ბრძანებით დაინიშნა ი/მ ,,ც.შ-ის“ საქმიანობის გასვლითი კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2012 წლის პირველი იანვრიდან 2016 წლის პირველ ოქტომბრამდე პერიოდი.

2016 წლის 30 ნოემბერს შედგა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ი/მ ,,ც.შ-ის“ საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის მიხედვით, სხვაობა გამოვლინდა მხოლოდ ,,წლიური საშემოსავლო გადასახადის“, ,,საშემოსავლო გადასახადისა“ და ,,სხვა ჯარიმების ნაწილში“.

შემოწმების აქტის საფუძველზე, 2016 წლის 1 დეკემბერს გამოიცა N34099 ბრძანება და N136-12 საგადასახადო მოთხოვნა.

გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 1 დეკემბრის N34099 ბრძანების თანახმად: 1)ინდივიდუალურ მეწარმე ,,ც.შ-ე-ს“ (ს/ნ...) საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 46513 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 28609 ლარი, ჯარიმა 17904 ლარი; ინდივიდუალურ მეწარმე ,,ც.შ-ე-ს“ (ს/ნ...) დაერიცხა მიმდინარე გადასახდელები 18909 ლარი და შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები 18909 ლარით; დასარიცხი/შესამცირებელი გადასახადები/გადასახდელები ინდივიდუალურ მეწარმე ,,ც.შ-ე-ს“ (ს/ნ...) პირადი აღრიცხვის ბარათზე აისახა ბრძანების დანართში მითითებული გადასახადების/გადასახდელების სახეებისა და გადახდის ვადების მიხედვით.

სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 1 დეკემბრის N136-12 საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, ი/მ ,,ც.შ-ე-ს“ (ს/ნ...), საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე ბრძანება N34099, თარიღი 1.12.2016წ. გადასახდელად დაერიცხა: ძირითადი გადასახადი - 28609; საშემოსავლო გადასახადი - 28609; ჯარიმა - 17904; საურავი - 18841.29. სულ - 65354.29.

სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 29 ოქტომბრის N136-213 საგადასახადო მოთხოვნის თანახმად, ც.შ-ეს, საგადასახადო კოდექსის 274-275 მუხლების საფუძველზე, 2016 წლის საგადასახადო ვალდებულების შესრულების მიზნით გადასახდელად დაერიცხა სულ ქონების გადასახადი - 0.

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 9 თებერვლის N3070 ბრძანებით, ი/მ ,,ც.შ-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით: ი/მ ,,ც.შ-ე-ს“ საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 9.02.2017 წლის N3070 ბრძანება; მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისთვის წარედგინა ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები; აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ამ გადაწყვეტილების შესაბამისად შესაძლებლად მოკლე ვადაში სადავო საკითხის დამატებით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში დარიცხული თანხების კორექტირება; დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო შემოწმების აქტზე, რომელშიც აღნიშნულა, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გადამხდელის საბანკო ანგარიშების ამონაწერების, შრომითი ხელშეკრულებების, ხელფასის გაცემის უწყისების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, მეწარმის მიერ საბანკო ანგარიშის მეშვეობით ფიზიკურ პირებზე: ვ.ვ-ზე ხელფასის სახით 21 300 ლარის, ხოლო ვი.ვ-ზე კი - 21 500 ლარის გადარიცხვის ფაქტები. ზემოაღნიშნული განაცემები შედარდა დეკლარირებულ მონაცემებთან და ფიზიკურ პირებზე ხელფასის სახით განაცემებში გამოვლინდა სხვაობა 48 497 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დამატებით დაექვემდებარა დაბეგვრას 20%-ის ოდენობით და ჯარიმა სსკ-ის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად 4850 ლარი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

სადავო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის მე-12 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დაქირავებით მუშაობად ითვლება ფიზიკური პირის მიერ ვალდებულების შესრულება იმ ურთიერთობათა ფარგლებში, რომლებიც რეგულირდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის შრომის კანონმდებლობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირი საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის იწოდება დაქირავებულად, პირი, რომელიც ანაზღაურებს ასეთი ფიზიკური პირის მიერ შესრულებულ სამუშაოს, – დამქირავებლად, ხოლო ასეთი ანაზღაურება – ხელფასად. მითითებული საკანონმდებლო აქტის 80.1 მუხლის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

ამავე პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლით დადგენილია თუ რა წარმოადგენს ხელფასს, კერძოდ, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საკასაციო სასამართლო ასევე მოიხმობს სადავო პერიოდში მოქმედ შრომის კოდექსს, რომლის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. მითითებული კოდექსის 31.1 მუხლის მიხედვით შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა შრომითი ხელშეკრულებით განისაზღვრება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საგადასახადო ორგანოს მხრიდან მოსარჩელის მიერ ვი. და ვ.ვ-ებზე განხორციელებულ გადარიცხვები მიჩნეულ იქნა დასაბეგრ ოპერაციად, რადგან ჩაითვალა, რომ სახეზე იყო საწარმოში დასაქმებულ პირებზე ხელფასის გაცემა. ზემოაღნიშნულს საგადასახადო ორგანო ასაბუთებს მარტოოდენ შემოწმების აქტში ასახული თავად გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით. მითითებულ დოკუმენტში ი/მ ც.შ-ემ აღნიშნა, რომ საბანკო გადარიცხვებით ახალისებდა შვილებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია გადასახადის გადამხდელის ორგანიზაციულ-სამართლებრივი მოწყობის ფორმა, კერძოდ ის წარმოადგენს ინდივიდუალურ მეწარმეს. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ი/მ ც.შ-ის შვილები არიან ვ. და ვი. ვ-ები. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ საქმეში დაცულია მხოლოდ ვ.ვ-სთან დადებული 6.01.2014წ. შრომითი ხელშეკრულების ასლი, რომლითაც ირკვევა, რომ იგი დადებულია წლის ბოლომდე, ამასთან, დასაქმებულის ხელფასი შეადგენს თვეში 120 ლარს.

მოსარჩელე საშემოსავლო გადასახადის გადახდისგან გათავისუფლების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მას საბანკო ანგარიშების მეშვეობით შვილებისთვის გადარიცხული თანხები ხელფასის სახით არ აქვს გაცემული.

განხორციელებული ოპერაციისთვის კვალიფიკაციის განსაზღვრისას, საგადასახადო ორგანო ვალდებული იყო, სრულყოფილად გამოეკვლია შესაბამისი გარემოებები. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლო დასკვნას მასზედ, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე მთელი რიგი გარემოებები, კერძოდ, საქმის მასალებით ერთმნიშვნელოვნად არ დასტურდება ის ფაქტი, რომ მოსარჩელის შვილები შესამოწმებელ პერიოდში (2012, 2013, 2014 წლებში) უწყვეტად იყვნენ დასაქმებულნი ინდივიდუალურ მეწარმესთან. ამასთან, საგადასახადო ორგანოს არ გამოუკვლევია გადასახადის გადამხდელის მიერ შვილებისთვის გადარიცხული თანხების მიზნობრიობა, კერძოდ იგი დაკავშირებული იყო ზემოაღნიშნული პირების საწარმოში დაქირავებით მუშაობასთან თუ ყოფით ოჯახურ ცხოვრებასთან. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ მეწარმეს კანონმდებლობით არ ეზღუდება საკუთარი შეხედულებისამებრ კუთვნილი სახსრების განკარგვის შესაძლებლობა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის “გ” და “დ” ქვეპუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელის ვალდებულებაა საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები, საგადასახადო შემოწმების ჩატარებისას ან ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში საგადასახადო ორგანოს და მის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს გადასახადების გამოსაანგარიშებლად და გადასახდელად საჭირო დოკუმენტები (ცნობები). ამავე კოდექსის 136.1 მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

დასტურდება და მოპასუხე მხარეც არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ ი/მ ც.შ-ეს 2012, 2013 და 2014 წლებში საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში ფიზიკურ პირებზე განაცემები დაფიქსირებული აქვს სულ 27 749 ლარი. აღნიშნული განაცემებიდან ფიზიკურ პირებზე: ვ.ვ-ზე გაცემულია დარიცხული ხელფასი 3 450 ლარი, ვი.ვ-ზე კი 2 179 ლარი, ხოლო დანარჩენ სხვა პირებზე 22 120 ლარი. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ გაურკვეველია თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია ადმინისტრაციულმა ორგანომ, რომ მოსარჩელის მიერ შვილებისთვის ჩარიცხული დამატებითი თანხა წარმოადგენდა ხელფასს მითუფრო, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ შვილებისთვის გადახდილი ხელფასი დეკლარირებული იყო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინებაზე (საქმე №ბს-246-243(კ-14)), სადაც პალატამ განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს იგი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ.

მოცემული საქმის გარემოებების ანალიზის საფუძველზე, ქვედა ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაადგინოს და შეისწავლოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულყოფილად გამოიკვლიოს ინდივიდუალური მეწარმის მიერ შვილებისთვის თანხის გადარიცხვის საბანკო ოპერაციებით ანაზღაურდა მათი, როგორც დასაქმებულთა დაქირავებით გაწეული სამუშაო და გადარიცხული თანხა წარმოადგენდა თუ არა საგადასახადო კოდექსის 12.2 მუხლით გათვალისწინებულ ხელფასს, რამდენადაც ზემოაღნიშნული გარემოება საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებებით სარწმუნოდ არ დასტურდება. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორთა მოსაზრებას მასზედ, რომ შემოწმების აქტში ასახული გადასახადის გადამხდელის პოზიცია უცილობლად გულისხმობს შვილებისთვის გადარიცხული დამატებითი თანხების ხელფასად მიჩნევის შესაძლებლობას. სწორედ ზემოაღნიშნული გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შემდეგ უნდა განსაზღვროს საგადასახადო ორგანომ ექვემდებარება თუ არა აღნიშნული თანხა, როგორც დაქირავებით მიღებული და საწარმოს თანამშრომლებზე გაცემული ხელფასი დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ ი/მ ც.შ-ის მიერ შვილებისთვის ნებისმიერი ჩარიცხული თანხა უცილობლად განხილულ უნდა იქნეს ხელფასად.

საკასაციო სასამართლო კასატორების ყურადღებას მიაქცევს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის შესაბამისადაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ სსკ-ის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ხოლო სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

სასკ-ის 17.1 მუხლიდან გამომდინარე მოპასუხე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 102.1 და 102.3 მუხლებზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორთა მხრიდან რეალიზებული არ არის ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებით მათთვის მინიჭებული უფლება, კასატორებს საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენიათ შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ ვ.ვ-ისა და ვი.ვ-ისათვის ჩარიცხული 48 497 ლარი წარმოადგენს ხელფასს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოს ვარაუდი, რომელიც არ ემყარება კონკრეტულ მტკიცებულებებს, არ შეიძლება გახდეს დამატებითი დარიცხვის საფუძველი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეილახება პირის კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრებისა და თავისუფალი მეწარმეობის უფლება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შესახებ კასატორების მიერ წარმოდგენილი არგუმენტაცია ეფუძნება სუბიექტურ მოსაზრებებს და არ შეიცავს სათანადო მტკიცებულებებით გამყარებულ ობიექტურ მოსაზრებებს, რომლებიც შესაძლოა გამხდარიყო საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობისა და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმის საფუძველი. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კასატორები მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს.

ამასთან, კასატორების მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ არის წარმოდგენილი.

შესაბამისად, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2016 წლის 1 დეკემბრის N34099 ბრძანების, ასევე, 2016 წლის 1 დეკემბრის 136-12 და 2016 წლის 29 ოქტომბრის N136-213 საგადასახადო მოთხოვნების (14 299 ლარის ნაწილში) მიღებისას არ არის სათანადოდ გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, რაც ადასტურებს მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საჭიროებას. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, სააპელაციო პალატის მიერ ასევე მართებულად იქნა ბათილად ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2017 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება, 14 299 ლარის ნაწილში.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა