დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1227(კ-25) 19 მარტი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე)– საქართველოს პრეზიდენტი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) –ე. მ-ი
მოპასუხე- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება –თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 მაისის განჩინება
დავის საგანი–ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2023 წლის 27 ნოემბერს ე. მ-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - საქართველოს პრეზიდენტის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, იგი დაიბადა და გაიზარდა საქართველოში, ამ ქვეყანასთან გააჩნია მჭიდრო და სარწმუნო კავშირი. საქართველოს მოქალაქეობა მოპოვებული აქვს დაბადებით ... წელს. საქართველოში ჰყავს დედა, რომელთანაც პერიოდულად ჩამოდის. ე. მ-ი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო გაემგზავრა რუსეთში. მიუხედევად იმ გარემოებისა, რომ მოსარჩელემ მიიღო რუსეთის მოქალაქეობა, მას კავშირი არ გაუწყვეტია კავშირი საქართველოსთან, სადაც გააჩნია მამაპაპისეული სახლი. ე. მ-იმა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, რომელმაც მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. საქართველოს პრეზიდენტმა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად მოსარჩელეს შეუწყვიტა საქართველოს მოქალაქეობა. მოგვიანებით მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხეებად მიუთითა საქართველოს პრეზიდენტი და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.
ამდენად, მოსარჩელემ დაზუსტებული სარჩელით მოითხოვა შემდეგი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა: 1. ე. მ-ის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 20 ივნისის №1000790109 უარყოფითი დასკვნა; 2. ე. მ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 5 ოქტომბრის №463 ბრძანებულება. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის ე. მ-ის მიმართ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე ახალი დადებითი დასკვნის გამოცემის დავალება და საქართველოს პრეზიდენტისთვის ე. მ-ის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 20 ივნისის №1000790109 უარყოფითი დასკვნა და მოპასუხეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ე. მ-ის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის თაობაზე ახალი დასკვნის გამოცემა; გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 5 ოქტომბრის №463 ბრძანებულება, ე. მ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ. ე. მ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე, საქართველოს პრეზიდენტისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. მ-ი (დაბადებული ... წელს) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის 2022 წლის 20 აპრილის №7020622008320 საინფორმაციო ბარათის თანახმად, ე. მ-ის დაბადების ადგილია - საქართველო, გარდაბანი. მოქალაქეობა - საქართველო.
2022 წლის 19 აპრილს ე. მ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება მოითხოვა. დადგენილია, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახურს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ე. მ-ის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2022 წლის 15 ივნისის №7421 სხდომის ოქმის თანახმად, მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ განიხილა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მსურველი პირის ე. მ-ის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგენის საკითხი.
კომისიამ შეისწავლა საქმის მასალები და მიღებული ინფორმაციისა და ადმინისტრაციული წარმოების მასალების გათვალისწინებით მიიჩნია, რომ ე. მ-ი არ აკმაყოფილებდა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2022 წლის 20 ივნისს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, მოამზადა რუსეთის ფედერაციის მოქალაქისათვის ე. მ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე №1000790109 უარყოფითი დასკვნა, რომელიც გადაეგზავნა პრეზიდენტს, რომელსაც თავის მხრივ რეაგირება არ მოუხდენია.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 3 ოქტომბრის №1000827649 დასკვნის თანახმად, ე. მ-ის მიმართ არსებობს ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. შესაბამისად, "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის თანახმად, მიზანშეწონილად იქნა მიიჩნეული ე. მ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლით. ზემოაღნიშნული დასკვნა გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა სამსახურის უფროსს. საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 5 ოქტომბრის №463 ბრძანებულებით, ე. მ-ის (დაბადებული - ... წლის ...ს, საქართველოში), სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-10, 211, 22-ე, 24-ე, ასევე მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ‘‘ დებულების მე-17, მე-18, მე-20, 21-ე, მე-40 მუხლებზე.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილების მიღებისას დაადგინა რიგი საკითხები, თუმცა გამოკვლევისა და მსჯელობის მიღმა დატოვა განმცხადებლის ინდივიდუალური მახასიათებლები, მათ შორის, მისი საქართველოში ჩამოსვლის სიხშირე და მიზანი, ასევე, ოჯახური და პიროვნული კავშირები საქართველოსთან (დგინდება, რომ ე. მ-ის საქართველოში ჰყავს დედა, ასევე, მოსარჩელის მეუღლე საქართველოში ფლობს უძრავ ქონებას).
სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის გადაწყვეტისას მართებს, როგორც ფაქტების დადგენა, ისე მათი კომპლექსური ანალიზი, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება. სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 20 ივნისის №1000790109 უარყოფითი დასკვნა, შესაბამისობაში არ იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებთან, რის გამოც მოპასუხე ვალდებული იყო საკითხის თავიდან გამოკვლევის შედეგად მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილება.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 20 ივნისის №1000790109 დასკვნის სასკ-ის 32.4 საფუძველზე ბათილად ცნობის პირობებში, გამოირიცხებოდა პარალელურად საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე მიღებული საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების მოქმედების შესაძლებლობა. შესაბამისად, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 5 ოქტომბრის №463 ბრძანებულება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხთან დაკავშირებით მიღებული ბრძანებულებისა თუ განკარგულების სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობას, სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდებოდა საქართველოს პრეზიდენტისათვის ამავე საკითხზე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების საფუძვლების არსებობის საკითხი. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა - საქართველოს პრეზიდენტისთვის ე. მ-ის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე ახალი აქტის გამოცემის დავალების შესახებ, იყო დაუშვებელი და სასკ-ის 262-ე მუხლის ნაწილის საფუძველზე აღნიშნულ ნაწილში უნდა შემწყდარიყო საქმისწარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს საქართველოს პრეზიდენტმა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 მაისის განჩინებით საქართველოს პრეზიდენტის და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები და სასამართლოს მიერ დადგენილ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტებს. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 მაისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სასამართლოს შეფასება არ ეფუძნება კანონის მართებულ განმარტებას, ვინაიდან ე. მ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უარყოფითი დასკვნის სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობა არ ქმნის საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს. სასამართლოს უნდა ემსჯელა და დამოუკიდებლად დაედგინა არსებობდა თუ არა ე. მ-ის მიმართ მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მიღებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი წინაპირობები, ვინაიდან ერთმანეთისგან განსხვავდება საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე სამართალწარმოება და მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე წარმოება. აღნიშნულ საქმეში უდავოდ დასტურდება ის გარემოება, რომ ე. მ-ი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რაც „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე იწვევს საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 28 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო უპირველეს ყოვლისა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 20 ივნისის №1000790109 უარყოფითი დასკვნა და მოპასუხეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ე. მ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის თაობაზე ახალი დასკვნის გამოცემა; გადაწყვეტილების გამოტანის მომენტიდან ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 5 ოქტომბრის №463 ბრძანებულება, ე. მ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ. შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო, ე. მ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე, საქართველოს პრეზიდენტისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნის ნაწილში. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 მაისის განჩინებით საქართველოს პრეზიდენტის და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პრეზიდენტმა. აღნიშნული მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 20 ივნისის №1000790109 უარყოფითი დასკვნის სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობის და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 404.1 მუხლის გათვალისწინებით იმსჯელებს მხოლოდ ე. მ-ისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 5 ოქტომბრის №463 ბრძანებულების კანონიერებაზე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე. მ-ი დაბადებულია საქართველოში, იგი არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. 2022 წლის 19 აპრილს ე. მ-იმა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება მოითხოვა. დადგენილია, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახურს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ე. მ-ის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2022 წლის 15 ივნისის №7421 სხდომის ოქმის თანახმად, მოქალაქეობის საკითხთა კომისიამ განიხილა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მსურველი პირის ე. მ-ის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგენის საკითხი. კომისია გაესაუბრა ე. მ-ის, რომელმაც განმარტა შემდეგი: იგი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა; დაბადებულია საქართველოში, გარდაბნის რაიონში, სადაც მიიღო საშუალო განათლებაც; 2000 წლიდან ცხოვრობს რუსეთში, სადაც დასაქმებულია ავტოსალონში; დაოჯახდა რუსეთში; მეუღლე ფლობს სილამაზის სალონს რუსეთში; შვილები თურქეთის რესპუბლიკაში იღებენ განათლებას; საქართველოში ჰყავს დედა; პერიოდულად ჩამოდის საქართველოში; კომისიამ მიიჩნია, რომ ე. მ-ი არ აკმაყოფილებდა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2022 წლის 20 ივნისს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე მოამზადა რუსეთის ფედერაციის მოქალაქისათვის ე. მ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე №1000790109 უარყოფითი დასკვნა, რომელიც გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა სამსახურის უფროსს. საქართველოს პრეზიდენტს ზემოაღნიშნულ დასკვნაზე რეაგირება არ მოუხდენია.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 3 ოქტომბრის №1000827649 დასკვნის თანახმად, ე. მ-ის მიმართ არსებობს ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის "გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის თანახმად, მიზანშეწონილად მიიჩნია ე. მ-ისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლით. ზემოაღნიშნული დასკვნა გადაეგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა სამსახურის უფროსს.
საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 5 ოქტომბრის №463 ბრძანებულებით, ე. მ-ის (დაბადებული - ... წლის ...ს, საქართველოში), სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.
სასამართლო მიუთითებს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხები განსაზღვრულია „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით. მითითებული მუხლის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე (პუნქტი 1); სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ იქნება მიჩნეული (პუნქტი 2); სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქე ვერ შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნება არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს (პუნქტი 4).
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე განცხადებას დაინტერესებული პირი პირადად ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის მეშვეობით წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ან საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ამავე ორგანული კანონის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 321-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეს, რომლის მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის შესახებ, უფლება აქვს, 2022 წლის 31 დეკემბრამდე მიმართოს სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხებზე განცხადებას განიხილავს სააგენტო კომისიის დახმარებით. ამავე მუხლის მე-4, მე-6, მე-8 და მე-9 პუნქტების მიხედვით, კომისიის საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის მიერ დამტკიცებული დებულებით. კომისია უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების (გარდა ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებისა) მსურველ პირთა მიერ საქართველოს სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმებას, აგრეთვე საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების და სხვა ქვეყნის მოქალაქისათვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობების არსებობის დადგენას. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაბამის დასკვნას ამზადებს სააგენტო. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში პირისათვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი ამ კანონით დადგენილი წესით. საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე და საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე სააგენტოს დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ დებულება ადგენს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა (საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება, საქართველოს მოქალაქეობის დადგენა) და საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის (საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა), სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, აგრეთვე საპატიო მოქალაქეობის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის, მოქალაქეობის საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების, მათი კონტროლისა და მოქალაქეობის საკითხთა სტატისტიკის წარმოების წესებს, ასევე საქართველოს ერთგულების ფიცის ტექსტსა და შესაბამისი განცხადებების ფორმებს.
ზემოხსენებული დებულების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) თანახმად, განმცხადებლის მიერ განცხადების შეტანიდან 3 დღის ვადაში სააგენტო კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლების გასარკვევად მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურს, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით – საქართველოს ფინანსთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებს, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის საფუძვლების გასარკვევად მიმართავს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და საქართველოს დაზვერვის სამსახურს, ხოლო საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების საკითხის განხილვისას, კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინვესტიციის ფაქტის დადასტურების მიზნით – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან განმცხადებლის მიერ მითითებულ სხვა ნებისმიერ კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც დაადასტურებს მის მიერ საქართველოში ინვესტიციის განხორციელების ფაქტს. ამავე დებულების მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოქალაქეობის საკითხთა განხილვის პროცესში სააგენტო ადგენს დაინტერესებული პირის სამართლებრივ კავშირს საქართველოსთან. მითითებული დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე კომისია უგზავნის შესაბამის მასალებს სააგენტოს, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საქმეზე დადებითი ან უარყოფითი დასკვნის მოსამზადებლად. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თუ მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისას გამოვლინდა კანონის 211 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება, სააგენტო ამზადებს უარყოფით დასკვნას. მე-4 პუნქტის თანახმად კი, საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით, საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით, საქართველოს მოქალაქეობის სპეციალური წესით მინიჭების ან მინიჭებაზე უარის, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების, ასევე, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე სააგენტოს დასკვნები საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს. მითითებული დებულების მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში, თუ იგი აღნიშნული ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებამდე საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე თანხმობა გაიცემა, თუ საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირი საქართველოსთან სარწმუნოდ იქნება მიჩნეული. საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირი საქართველოსთან სარწმუნოდ მიჩნევისას, კომისიამ, სხვებს შორის, შეიძლება მხედველობაში მიიღოს შემდეგი გარემოებები: ა) ბიოგრაფიული ცნობები, რომლებიც იძლევა საქართველოს სახელმწიფოსთან პირის კავშირის შეფასების შესაძლებლობას; ბ) საქართველოში უძრავი ქონების ფლობა; გ) საქართველოში საქმიანობა; დ) ოჯახის წევრების სამართლებრივი კავშირი საქართველოსთან.
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, გარდა ამ კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე კანონის 23-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლის აღმოჩენისას სახელმწიფო ორგანო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინებით მიმართავს სააგენტოს.
მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 4 სექტემბრის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ 38-ე მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ კომპეტენტური ორგანოები სააგენტოს მიმართავენ წარდგინებით. ამავე დებულების 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თუ სააგენტოსათვის კომპეტენტური ორგანოების წარდგინების გარეშე ცნობილი გახდება პირის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლების არსებობა, იგი დადგენილი წესით განიხილავს მოქალაქეობის დაკარგვის საკითხს და დასკვნას წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, შენარჩუნების, მინიჭებაზე უარის თქმის ან შეწყვეტის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტი.
პირის საქართველოსთან სამომავლო კავშირის შეფასებასთან მიმართებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ოჯახის სამომავლო გეგმები, მოსარჩელის ინტერესების სფერო, მისი ოჯახური და პიროვნული კავშირები, დამოკიდებულება და მიჯაჭვულობის ხარისხი საქართველოში მყოფ ოჯახის წევრებთან, საქართველოში სტუმრობის ხასიათი და პერიოდულობა და სხვა გარემოებები, რომელთა გამოკვლევასაც მნიშვნელობა ექნებოდა პირის ქვეყანასთან კავშირის სარწმუნოობისა და ხარისხის შეფასების მიზნებისთვის.
განსახილველ შემთხვევაში საყურადღებო გარემოებაა, რომ ე. მ-ი დაიბადა საქართველოში, სადაც გარკვეული პერიოდი ცხოვრობდა, გააჩნია საქართველოში გაცემული დოკუმენტები (მართვის და პირადობის მოწმობები), საქართველოში მის მეუღლეს აქვს უძრავი ქონება, დედა ცხოვრობს საქართველოში. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სამომავლოდ სურს საქართველოში ცხოვრება და ეკონომიკური სიდუხჭირის გამო იძულებული გახდა დროებით დაეტოვებინა ქვეყანა. საგულისხმოა, რომ მოსარჩელესთან მიმართებაში არ დგინდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურებიდან მოქალაქეობის შენარჩუნებისთვის დამაბრკოლებელი გარემოებები.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ სადავო საკითხი სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს, კომპლექსურად გაანალიზოს და შესაბამისი შეფასება უნდა მისცეს ადმინისტრაციული წარმოების საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. გამოიკვლიოს მოსარჩელის სამომავლო გეგმები, მოსარჩელის ინტერესების სფერო, მისი ოჯახური და პიროვნული კავშირები, დამოკიდებულება და მიჯაჭვულობის ხარისხი საქართველოში მყოფ ოჯახის წევრებთან და სხვა გარემოებები, რომელთა გამოკვლევასაც მნიშვნელობა ექნება პირის ქვეყანასთან კავშირის სარწმუნოობისა და ხარისხის შეფასების მიზნებისთვის.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მოსაზრებას მასზედ, რომ იმ პირობებში, როდესაც სასკ-ის 32.4 საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად არის ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2022 წლის 20 ივნისის №1000790109 უარყოფითი დასკვნა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა კანონით დადგენილ ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ე. მ-ის განცხადებასთან დაკავშირებით, მართებულია საქართველოს პრეზიდენტის 2022 წლის 5 ოქტომბრის №463 ბრძანებულების ბათილად ცნობა, რამეთუ მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია შესაძლებელი მოსარჩელის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების წინაპირობების არსებობა/არარსებობის საკითხზე მსჯელობა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 29 მაისის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა