დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 18.03.2026
საქმის ნომერი
ბს-777(2კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
18.03.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-777(2კ-25) 18 მარტი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - თ. ტ-ე).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ. ტ-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2019 წლის 11 ივნისის №MIA 1 19 01507067 ბრძანება; ბ) ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორის 2019 წლის 31 ივლისის №MIA 4 19 02009107 აქტი; გ) მოსარჩელე - თ. ტ-ე აღდგენილ იქნეს განყოფილების ...ს ან მის ტოლფას თანამდებობაზე და აუნაზღაურდეს განაცდური, გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ტ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2019 წლის 11 ივნისის №MIA 1 19 01507067 ბრძანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა თ. ტ-ეისა და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ. ტ-ეის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თ. ტ-ეის სარჩელი. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2019 წლის 11 ივნისის №MIA 1 19 01507067 ბრძანება. დაევალა საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს აღადგინოს თ. ტ-ე ქვემო ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს ბოლნისის ...ის თანამდებობაზე, თანამდებობრივი სარგო - 1220 ლარი. დაეკისრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს თ. ტ-ეის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2016 წლის 9 მარტიდან სამსახურში აღდგენამდე, სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით 2016 წლის ივლისიდან 2023 წლის ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში თ. ტ-ეის მიმართ დაფიქსირებული შემოსავლების გამოკლებით. არ დაკმაყოფილდა თ. ტ-ეის სარჩელი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორის 2019 წლის 31 ივლისის №MIA 4 19 02009107 აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ.

4.1 კასატორი - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ 2016 წლის 4 მარტს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს უფროსმა პატაკით მიმართა ამავე დეპარტამენტის თავმჯდომარეს, რომლითაც ითხოვა სამმართველოს შეცვლოდა სახელწოდება და განხორციელებულიყო საშტატო ცვლილებები, რაზეც 2016 წლის 9 აპრილს გამოიცა თავმჯდომარის №600050 ბრძანება, „შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ეროვნული საგანძურისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამმართველოს საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“. ამავე წლის 11 მარტს ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს უფროსმა პატაკით მიმართა თავმჯდომარეს და ითხოვა სამმართველოს თანამშრომლების, მათ შორის, თ. ტ-ეის კადრების სამმართველოს განკარგულებაში აყვანა. შესაბამისად, თავმჯდომარის №622972 ბრძანებით თ. ტ-ე აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში და თავმჯდომარის 2016 წლის 11 ივლისის №1709177 ბრძანებით კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის შემდგომ დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან.

სასამართლო დავის პერიოდში ზემოაღნიშნულ სამმართველოში რამდენიმეჯერ განხორციელდა ცვლილება, შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით დეპარტამენტს დაევალა თავიდან ემსჯელა თ. ტ-ეის სხვა თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ. დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 20 იანვრის №153785 ბრძანებით დამტკიცდა დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს საშტატო განრიგი, რის საფუძველზეც ზემოხსენებული განყოფილების ...ს ფუნქცია-მოვალეობები შეითავსა ქვეგანყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორმა. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო დავის პერიოდში დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოში ყველა განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის საშტატო ერთეული დაკომპლექტებული იყო და ამასთანავე, სხვა შესაბამისი თანამდებობა დეპარტამენტში არ არსებობდა, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ შს მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დეპარტამენტმა 2019 წლის 29 მაისის ოქმით თ. ტ-ეს შესთავაზა დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს ...ის თანამდებობაზე დანიშვნა, რომელი პოზიციაც შეესაბამება მის კვალიფიკაციას და პროფესიულ უნარ-ჩვევებს, ხოლო თ. ტ-ემ უარი განაცხადა შეთავაზებულ თანამდებობაზე, რის გამოც დეპარტამენტის მიერ გამოცემულ იქნა შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - 2019 წლის 11 ივნისის №1507067 ბრძანება, რომლის თანახმად, მისი ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 11 მარტის №622972 ბრძანების მეოთხე პუნქტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს ... განყოფილების ...ს, პოლიციის ... თ. თა.-ს ძე ტ-ეის თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ; მისი ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 11 ივლისის №1709177 ბრძანება პოლიციის ... თ. თა.-ს ძე ტ-ეის შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს ... განყოფილების ..., პოლიციის ... თ. თა.-ს ძე ტ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, აყვანილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კადრების განკარგულებაში 2016 წლის 9 მარტიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან 2016 წლის 10 ივლისიდან.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებული მოსაზრებები წინააღმდეგობრივია, ვინაიდან სასამართლო, ერთი მხრივ, უთითებს, რომ დეპარტამენტს თ. ტ-ეისთვის ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის შეთავაზებისას უნდა გაეთვალისწინებინა ის ფუნქცია-მოვალეობები, რომელთა განხორციელება მის კომპეტენციაში შედიოდა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე, რასაც დეპარტამენტი ეთანხმება და მიაჩნია, რომ ასეც მოიქცა, როდესაც თ. ტ-ეს შესთავაზა დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს ...ის თანამდებობაზე დანიშვნა, მაგრამ მეორე მხრივ, სასამართლო აღნიშნავს, რომ „გაუგებარია, თუ რატომ არ მოხდა მოსარჩელისთვის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს ტექნიკური სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის ვაკანტური თანამდებობის შეთავაზება“, რომლის ფუნქცია-მოვალეობების შესასრულებლად თ. ტ-ეს არ გააჩნდა შესაბამისი კვალიფიკაცია და თანამდებობზე დანიშვნის შემთხვევაში ვერ შეასრულებდა დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს. სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა სწორად შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს ... განყოფილების ...ს და დაცვის ორგანიზაციის ტექნიკური სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის ფუნქცია-მოვალეობები. კერძოდ, ის გარემოება, რომ დაცვის ორგანიზაციის ტექნიკური სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის ფუნქცია-მოვალეობებს წარმოადგენს შემდეგი: ა) პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე და თანამშრომლების სამსახურებრივ დისციპლინაზე, ზრუნავს მათი პროფესიონალური დონის ამაღლებაზე; ბ) ორგანიზებას უწევს სამსახურის ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის მუშაობას; გ) პირადად ხელმძღვანელობს დაცვითი-სახანძრო სიგნალიზაციის საშუალებების საპროექტო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოებას, მათ დროულ და ჯეროვან დამონტაჟებას, შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა-გაფორმებას; დ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, არეგულირებს დეპარტამენტის საფინანსო-სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველოსთან, ასევე დეპარტამენტის სხვა დანაყოფთან ურთიერთობებს; ე) აკონტროლებს დაცვის ტექნიკური მეთოდების სრულყოფას, არსებული დაცვის ტექნიკური საშუალებების ტაქტიკურ-ტექნიკური შესაძლებლობების სრულად გამოყენებას და უახლესი ტექნოლოგიის აპარატურის დანერგვას. დანერგილი დაცვის ტექნიკური საშუალებების საექსპლუატაციო დოკუმენტაციის მომზადებას; ვ) აკონტროლებს ობიექტების დაცვითი-სახანძრო სიგნალიზაციის საშუალებებით აღჭურვას, გამოკვლევის აქტების და გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად და სამონტაჟო–საინსტალაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ გაფორმებული დოკუმენტაციის „125’’-ის განყოფილებისთვის დროულ გადაცემას; ზ) აკონტროლებს დაცვიდან გათიშულ ობიექტებზე დეპარტამენტის კუთვნილი დაცვითი-სახანძრო სიგნალიზაციის საშუალებების დროულ დემონტაჟს; თ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის საქმიანობის სწრაფად წარმართვას და მათი პროფესიული დონის ამაღლებას; ი) უფლებამოსილია დაამყაროს ურთიერთობა ობიექტის ხელმძღვანელობასთან; კ) თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე დაცვის ორგანიზაციის ტექნიკური სამსახურის უფროსის დროებით არყოფნის (შვებულება და მივლინება, ავადმყოფობა) შემთხვევაში გმს ინსპექტორი ასრულებს მის მოვალეობას. ამდენად, ტექნიკური სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის ფუნქცია-მოვალეობებში შედის დაცვის ორგანიზაციის ტექნიკური სამსახურის წამყვანი სპეციალისტის კონტროლი და პროფესიონალური დონის ამაღლებაზე ზრუნვა, რომლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებით, კონკურსის გამოცხადების შესახებ №... სამსახურებრივი ბარათის შესაბამისად, უნდა გააჩნდეს უმაღლესი ტექნიკური განათლება; სპეციალობით სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 2 წლისა; კომპიუტერული პროგრამების ფლობა (Microsoft office Excel, Microsoft office Word, Microsoft office Outlook); მართვის მოწმობა (მინიმუმ B კატეგორია). საქმეში არსებული თ. ტ-ეის ავტობიოგრაფიით და სამსახურის გავლის ნუსხით დასტურდება, რომ თ. ტ-ეს არ გააჩნია ის კვალიფიკაცია, რაც ტექნიკური სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის დაქვემდებარებაში მყოფი, ტექნიკური სამსახურის წამყვანი სპეციალისტის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა. შესაბამისად, დეპარტამენტი თ. ტ-ეს ვერ შესთავაზებდა დაცვის ორგანიზაციის ტექნიკური სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის თანამდებობას.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 20 ოქტომბრის საოქმო განჩინებით დავალების საფუძველზე, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 4 ნოემბერის განცხადებით სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს მეორე განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის ტექნიკური სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან დაკავშირებით წარმოდგენილ შემდეგ განმარტებაზე: „საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის მე-12 მუხლის (სამსახურში მიღების წესი) პირველი პუნქტის შესაბამისად, სამინისტროს მოსამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მიიღება/დაინიშნება 18 წლის ასაკიდან საქართველოს მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომელსაც თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების შესაბამისად შეუძლია შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები; წესის 21-ე მუხლის (სპეციალური კონკურსის ორგანიზება) მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სპეციალური კონკურსის ორგანიზებას უზრუნველყოფენ მუდმივმოქმედი სპეციალური საკონკურსო კომისიები, მათ შორის, სსიპ-ების სპეციალური საკონკურსო კომისიები, ხოლო ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, სპეციალური საკონკურსო კომისიის მიზანია ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნათა გათვალისწინებით შესაბამისი კანდიდატის შერჩევა. წესის 23-ე მუხლის (სპეციალური კონკურსის გამოცხადების საფუძველი) მე-2 პუნქტის (სპეციალური საკონკურსო კომისიები სპეციალურ კონკურსს აცხადებენ შესაბამისი საკადრო დანაყოფების მიმართვის საფუძველზე. სპეციალური კონკურსის ჩატარების მიზნით:) „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, სსიპ-ის სპეციალურ საკონკურსო კომისიას მიმართავს სამინისტროს შესაბამისი სსიპ-ის საკადრო დანაყოფი, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, სპეციალურ საკონკურსო კომისიაში იმ საკადრო დანაყოფების მიმართვის საფუძველია სტრუქტურული ქვედანაყოფის, ტერიტორიული ორგანოს ან სსიპ-ის ხელმძღვანელის მიმართვა, რომელშიც შედის ვაკანტური თანამდებობა. ამასთანავე, ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ მიმართვას/დავალებას თან უნდა დაერთოს ამ წესის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა-ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია; წესის 24-ე მუხლის (სპეციალური კონკურსის გამოცხადების წესი) მე-3 მუხლის შესაბამისად, შეტყობინება სპეციალური კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს: ბ) კანდიდატისათვის წაყენებულ მოთხოვნებს (სათანადო ცოდნა, გამოცდილება, ძირითადი უნარ- ჩვევები და სხვ.); გ) თანამდებობისთვის გათვალისწინებულ ძირითად ფუნქცია-მოვალეობათა ჩამონათვალს. ვინაიდან დიპლომატიური წარმომადგენლობისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს მეორე განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის და დაცვის ორგანიზაციის ტექნიკური სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის თანამდებობებზე არ ყოფილა გამოცხადებული კონკურსები და შესაბამისად, შესაბამის დანაყოფს საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ წარუდგენია საკადრო დანაყოფისთვის, დეპარტამენტი მოკლებული იყო შესაძლებლობას სასამართლოსთვის წარედგინა აღნიშნული საკვალიფიკაციო მოთხოვნები. გარდა ამისა, დაცვის ორგანიზაციის ტექნიკური სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიახლოებით განსაზღვრის მიზნით, სასამართლოსთვის წარდგენილ იქნა დაცვის ორგანიზაციის ტექნიკური სამსახურის წამყვანი სპეციალისტის საკვალიფიკაციო მოთხოვნები (№... სამსახურებრივი ბარათი კონკურსის გამოცხადების შესახებ), რომლის პროფესიონალური დონის ამაღლებაზე და მუშაობის ორგანიზებაზე მისი ფუნქცია-მოვალეობების ფარგლებში პასუხისმგებელია დაცვის ორგანიზაციის ტექნიკური სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი.

კასატორი მიიჩნევს, რომ, ერთი მხრივ, სასამართლო ვერ უთითებს სადავო აქტის (2019 წლის 11 ივნისის №1507067 ბრძანების) ბათილობის საფუძვლებს, რომელიც დეპარტამენტმა გამოსცა 2019 წლის 29 მაისს თ. ტ-ეისთვის შეთავაზებული ...ის თანამდებობაზე, მისი მხრიდან უარის თქმის შედეგად, ხოლო მეორე მხრივ, სასამართლო ასახელებს, სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 იანვრის განჩინების საფუძველზე, დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 26 იანვარის მდგომარეობით მიწოდებულ ინფორმაციას ვაკანსიის შესახებ (ქვემო ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს ...ს), როგორც საფუძვლის არსებობაზე იმისთვის, რომ არ მოხდეს თ. ტ-ეის სამსახურიდან გათავისუფლება. სასამართლოს ასეთი განმარტების მიხედვით, 2019 წელს გამოცემული ბრძანების გაუქმების საფუძველი შეიძლება იყოს 2024 წელს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში არსებული ვაკანტური თანამდებობების არსებობა, რომელიც შეესაბამება თ. ტ-ეის კვალიფიკაციას და ტოლფასია 2016 წელს მის მიერ დაკავებული თანამდებობისა, რაც დაუშვებელია. 2024 წელს არსებული ვაკანტური თანამდებობები არ შეიძლება იყოს 2019 წელს არსებული ვაკანსიების პირობების გათვალისწინების შედეგად მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველი.

4.2 კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ თ. ტ-ე მუშაობდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს ... განყოფილების ...ს თანამდებობაზე. აღნიშნული სამმართველოს უფროსმა 2016 წლის 4 მარტს პატაკით მიმართა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, რომლითაც მოითხოვა სამმართველოს შეცვლოდა სახელწოდება და ასევე, განხორციელებულიყო საშტატო ცვლილებები, რაზეც 2016 წლის 9 აპრილს გამოიცა №600050 ბრძანება, „შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ეროვნული საგანძურისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამმართველოს საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“. რეორგანიზაციის შედეგად თანამშრომლები, მათ შორის, თ. ტ-ე გათავისუფლდა თანამდებობიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში №622972 ბრძანებით. კადრების განკარგულებაში ყოფნის 4-თვიანი ვადის გასვლის შემდგომ, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 11 ივლისის №1709177 ბრძანებით, თ. ტ-ე დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა ორგანოებიდან.

დადგენილი გარემოებაა, რომ შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში განხორციელდა რეორგანიზაცია შტატების შემცირებით. რეორგანიზაციის შემდეგ, საბოლოოდ, დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 20 იანვრის №153785 ბრძანებით დამტკიცდა დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს საშტატო განრიგი, რის საფუძველზეც, ზემოხსენებული განყოფილების ...ს ფუნქცია-მოვალეობები შეითავსა ქვეგანყოფილების ინსპექტორმა. იმის გათვალისწინებით, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს ყველა განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის საშტატო ერთეული დაკომპლექტებული იყო და ამასთანავე სხვა შესაბამისი (ტოლფასი) თანამდებობა დეპარტამენტში არ არსებობდა, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ შს მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრიანების 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დეპარტამენტმა, 2019 წლის 29 მაისის ოქმით თ. ტ-ეს შესთავაზა დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს ...ის თანამდებობაზე დანიშვნა, რომელი პოზიციაც შეესაბამებოდა მის კვალიფიკაციას და პროფესიულ უნარ-ჩვევებს. თავის მხრივ, თ. ტ-ემ უარი განაცხადა შეთავაზებულ თანამდებობაზე, რის გამოც, დეპარტამენტის მიერ გამოცემული იქნა შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება).

საქმის ფაქტობრივი გარემოებების ხელმეორედ შესწავლის შედეგად, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2019 წლის 11 ივნისის №MIA 1 19 01507067 ბრძანებით, მისი ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 11 მარტის №622972 ბრძანების მე-4 პუნქტი შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს ...ის ...ს პოლიციის ... - თ. ტ-ეის თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ; მისი ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 11 ივლისის №1709177 ბრძანება პოლიციის ... თ. ტ-ეის შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს ... განყოფილების ..., პოლიციის ... - თ. ტ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, აყვანილ იქნა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კადრების განკარგულებაში 2016 წლის 9 მარტიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან 2016 წლის 10 ივლისიდან.

სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს 2019 წლის 21 ოქტომბრის №MIA 0 19 02796579, 2019 წლის 25 ნოემბრის №MIA 4 19 03154187 და 2020 წლის 13 თებერვლის №MIA 1 20 00385323 წერილებით დგინდება, რომ 2018 წლის მაისიდან 2019 წლის ივნისამდე, განყოფილების ...ს, ქვეგანყოფილების უფროსის და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის და მათი ტოლფასი თანამდებობებიდან სხვადასხვა პერიოდში ერთ-ერთი ვაკანტური თანამდებობა იყო - დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს ტექნიკური სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის თანამდებობა, რომლის თანამდებობრივი სარგო განსაზღვრული იყო - 1 140 ლარით. ამასთან, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 9 იანვრის №MIA 4 19 00053506 ბრძანებით დამტკიცდა შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობების განმსაზღვრელი თანდართული სამსახურებრივი ინსტრუქცია (დანართი №1). აღნიშნული დანართის მე-100 მუხლით განისაზღვრა დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს ტექნიკური სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის ფუნქცია- მოვალეობები.

სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის 2022 წლის 16 ივნისის №MIA 1 22 01625567 წერილში მოცემულია აღნიშნული წერილის მომზადების დროისათვის ვაკანტურ თანამდებობათა ჩამონათვალი: შიდა აუდიტის სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი; კახეთის რეგიონალური დაცვის ინსპექტორი პოლიციის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა (იურისტკონსული); თბილისის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი (მთავარი ბუღალტერი); მცხეთა მთიანეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს დაცვის უფროსი, ქვემო ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველო: რუსთავის დაცვის პოლიციის განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი; მარნეულის დაცვის პოლიციის განყოფილების განსაკუთრებით პოლიციის განყოფილების მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი; ბოლნისის დაცვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი.

შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის სამმართველოს ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს ... განყოფილების ...ს პოლიციის ... თ. ტ-ეის ფუნქცია-მოვალეობები განსაზღვრული იყო შემდეგნაირად: - ასრულებს ხელმძღვანელის მითითებებს, ბრძანებებს, დავალებებს; ხელმძღვანელობს და უზრუნველყოფს განყოფილებაში ახლად მიღებული თანამშრომლების მუშაობის სწორ ორგანიზაციას; პასუხისმგებელია განყოფილებაში არსებული ინვენტარის მოვლა-პატრონობასა და შენახვაზე; ორგანიზებას უკეთებს და ატარებს კულტურულ-მასობრივ ღონისძიებებს, სპორტულ შეჯიბრებებს, ზრუნავს ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის დისციპლინის ასამაღლებლად; პირადად უტარებს განაწესს ინსტრუქტაჟს და ამოწმებს სპორტულ-საგუშაგო სამსახურის შესრულებას; აწარმოებს თანამშრომელთა მიერ დისციპლინის დარღვევათა აღრიცხვასა და დაუყოვნებლივ მოახსენებს ხელმძღვანელობას; ატარებს აღმზრდელობითი ხასიათის საუბარს პირადი შემადგენლობის პერსონალური პასუხისმგებლობის ამაღლებისა და მათ მიერ სამსახურის ხარისხთან შესრულების უზრუნველსაყოფად; განყოფილების უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას, მონაწილეობას იღებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის განხორციელებულ ღონისძიებებში.

ქვედა ინსტანციის სასამართლო აღნიშნავდა, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს თ. ტ-ესათვის უნდა შეეთავაზებინა ტოლფასი ვაკანტური თანამდებობა და შეთავაზებისას გათვალისწინებული უნად ყოფილიყო ის ფუნქცია-მოვალეობები, რომელთა განხორციელება მის კომპეტენციაში შედიოდა გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე. საყურადღებოა ის, რომ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი სწორედ ასე მოიქცა და თ. ტ-ეს შესთავაზა დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ქვეგანყოფილების ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს ...ის თანამდებობაზე დანიშვნა. დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება, რომ გაუგებარია, თუ რატომ არ მოხდა მოსარჩელისთვის საქმეთა დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს ტექნიკური სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინსპექტორის ვაკანტური თანამდებობის შეთავაზება, კერძოდ, თ. ტ-ეს ამ თანამდებობის ფუნქცია-მოვალეობების შესასრულებლად არ გააჩნდა შესაბამისი კვალიფიკაცია და ამ თანამდებობაზე დანიშვნის შეთხვევაში ვერ შეასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს. სასამართლოს მიერ სწორედ არ შეფასდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის სამმართველოს ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს ... განყოფილების ...ს და დაცვის ორგანიზაციის ტექნიკური სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის ფუნქცია-მოვალეობები. საქმეში არსებული თ. ტ-ეის ავტობიოგრაფიით და სამსახურის გავლის ნუსხით დასტურდება, რომ მას არ გააჩნია ის კვალიფიკაცია, რაც ტექნიკური სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის დაქვემდებარებაში მყოფი, ტექნიკური სამსახურის წამყვანი სპეციალისტის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებს.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 ივლისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

საქმეზე დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ა) თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 11 მარტის №622972 ბრძანებით, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს ... განყოფილების ..., პოლიციის ... - თ. თა.-ს ძე ტ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კადრების სამმართველოს განკარგულებაში, 2016 წლის 9 მარტიდან. შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 11 ივლისის №1709177 ბრძანებით, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მთავარი სამმართველოს კადრების სამმართველოს განკარგულებაში მყოფი, შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს ... განყოფილების ..., პოლიციის ... - თ. თა.-ს ძე ტ-ე დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან 2016 წლის 10 ივლისიდან. ზემოაღნიშნული ბრძანებები თ. ტ-ემ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და მოითხოვა მათი ბათილად ცნობა, ასევე, თანამდებობაზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება (ტ.1, ს.ფ 123-145); ბ) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აპრილის №3/6357-16 გადაწყვეტილებით, თ. ტ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 11 მარტის №622972 ბრძანება და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 11 ივლისის №1709177 ბრძანება; მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა კანონით დადგენილ ვადაში; თ. ტ-ეის სარჩელი სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა მხოლოდ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ნოემბრის №3ბ/1425-17 განჩინებით, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ ვინაიდან ადგილი ჰქონდა მხოლოდ იმ სტრუქტურული ერთეულის დასახელების ცვლილებას, რომელშიც მოსარჩელეს ეკავა შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს ... განყოფილების ...ს თანამდებობა, სახეზე იყო მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის საფუძველი, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც აღნიშნულ ცვლილებებს შედეგად არ მოჰყოლია შტატების შემცირება, ეს გამორიცხავდა ამ საფუძვლით კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო თ. ტ-ეის სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 მაისის №ბს-135-135(კ-18) განჩინებით უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ნოემბრის განჩინება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აპრილის კანონიერ ძალაში შესულ №3/6357-16 გადაწყვეტილებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ, 2019 წლის 25 იანვარს გაიცა №3/6357-16 სააღსრულებო ფურცელი (ტ.1, ს.ფ 123-145, 147-162, 118-120, 38); გ) თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა, მოვალე მხარეს - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, 2019 წლის 17 მაისს გაუგზავნა №A19064396-004/002 წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. მოვალე მხარეს მიეცა წინადადება ნებაყოფლობით აღესრულებინა 2019 წლის 25 იანვარს გაცემული №3/6357-16 სააღსრულებო ფურცლის (კრედიტორი - თ. ტ-ე; მოვალე - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი) მოთხოვნა. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 29 მაისის №MIA 5 19 01382637 წერილით, ზემოაღნიშნულის პასუხად აღმასრულებელს ეცნობა, რომ თ. ტ-ე მუშაობდა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს ... განყოფილების ...ს თანამდებობაზე. რეორგანიზაციის შემდეგ, საბოლოოდ, დეპარტამენტის თავმჯდომარის 2017 წლის 20 იანვრის №153785 ბრძანებით დამტკიცდა დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს საშტატო განრიგი, რის საფუძველზეც, ზემოხსენებული განყოფილების ...ს ფუნქცია-მოვალეობები შეითავსა ქვეგანყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორმა. იმის გათვალისწინებით, რომ დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოში ყველა განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის საშტატო ერთეული დაკომპლექტებული იყო და ამასთანავე, სხვა შესაბამისი (ტოლფასი) თანამდებობა დეპარტამენტში არ არსებობდა, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ შს მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის (უკანონოდ გათავისუფლებული მოსამსახურის თანამდებობაზე აღდგენისას, თუ შტატის შემცირების გამო აღარ არსებობს ან უკვე დაკომპლექტებულია უკანონოდ გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობა, პირი, მისი კვალიფიკაციის და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, ინიშნება შესაბამის (ტოლფასი) ან მისი თანხმობით - სხვა თანამდებობაზე. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირი უარს იტყვის შეთავაზებულ თანამდებობაზე, გათავისუფლდება დაკავებული/აღდგენილი თანამდებობიდან) შესაბამისად, დეპარტამენტმა, თ. ტ-ეს შესთავაზა დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს ...ის თანამდებობაზე დანიშვნა, რომელი პოზიციაც შეესაბამებოდა მის კვალიფიკაციას და პროფესიულ უნარ-ჩვევებს. თავის მხრივ, თ. ტ-ემ უარი განაცხადა შეთავაზებულ თანამდებობაზე, რის გამოც დეპარტამენტის მიერ გამოცემული იქნებოდა შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება) (ტ.1, ს.ფ 168-169, 172-173); დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2019 წლის 11 ივნისის №MIA 1 19 01507067 ბრძანებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის, 62-ე მუხლის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის, 34-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 68-ე მუხლის, 72-ე მუხლის მე-13 პუნქტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად - 1. მისი ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 11 მარტის №622972 ბრძანების მე-4 პუნქტი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს ...ის ...ს, პოლიციის ... - თ. ტ-ეის თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ; 2. მისი ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 11 ივლისის №1709177 ბრძანება პოლიციის ... - თ. ტ-ეის შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ; 3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს ... განყოფილების ..., პოლიციის ... - თ. ტ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, აყვანილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კადრების განკარგულებაში 2016 წლის 9 მარტიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან 2016 წლის 10 ივლისიდან. საფუძველი: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 3 მაისის განჩინება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 30 აპრილის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, 2019 წლის 29 მაისის ოქმი (შსს) №1382267 (ტ.1, ს.ფ 175-176); ე) სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 17 ივნისის №MIA 1 19 01563461 წერილით აღმასრულებელს, 2019 წლის 17 მაისის №A19064396-004/002 წერილის პასუხად დამატებით გაეგზავნა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2019 წლის 11 ივნისის №MIA 1 19 01507067 ბრძანება თ. ტ-ეის შესახებ (ტ.1, ს.ფ 24-25, 26-27); ვ) თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 18 ივნისის №A19064396-007/001 წერილით, კრედიტორ - თ. ტ-ეს ეცნობა, რომ სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, 2019 წლის 17 ივნისს, მოვალემ მიმართა სააღსრულებო ბიუროს წერილით, რომელსაც დაურთო სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2019 წლის 11 ივნისის №MIA 1 19 01507067 ბრძანება. აღმასრულებელმა კრედიტორს განუმარტა, რომ აღნიშნული ბრძანება წარმოადგენდა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გამოცემულ ახალ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ აქტს, აქედან გამომდინარე, №3/6357-16 სააღსრულებო ფურცლის მოთხოვნა აღსრულებული იყო. შესაბამისად, სააღსრულებო წარმოება დასრულდა და საქმე გადაეცა არქივს (ტ.1, ს.ფ 30); ზ) 2019 წლის 25 ივლისს, თ. ტ-ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც მიუთითა, რომ 2019 წლის 29 მაისს, იძულებითი აღსრულების საფუძველზე მის მიმართ შედგა ოქმი და იმ საფუძვლით, რომ იმ დროის მოცემულობით დაკომპლექტებული იყო მისი უკანონოდ განთავისუფლებამდე არსებული თანამდებობის შესაბამისი (ტოლფასი - განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი) თანამდებობა, შეთავაზებული იქნა თანამდებობრივად და თანამდებობრივი სარგოთი გაცილებით დაბალი თანამდებობა, რასაც არ დაეთანხმა, ვინაიდან შეეძლო მოპასუხეს შეეთავაზებინა ტოლფასი თანამდებობა. მისი თქმით, მოპასუხემ ყოველგვარი არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე, 2019 წლის 11 ივნისს გამოსცა ახალი აქტი. შესაბამისად, მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2019 წლის 11 ივნისის №MIA 1 19 01507067 ბრძანების ბათილად ცნობა, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის დირექტორის 2019 წლის 31 ივლისის №MIA 4 19 02009107 წერილით, თ. ტ-ეს, ზემოაღნიშნულის პასუხად ეცნობა, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შესწავლის მიზნით შეეძლო მიემართა სასამართლოსთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით (ტ.1, ს.ფ 68-69, 70); თ) სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს 2019 წლის 21 ოქტომბრის №MIA 0 19 02796579, 2019 წლის 25 ნოემბრის №MIA 4 19 03154187 და 2020 წლის 13 თებერვლის №MIA 1 20 00385323 წერილებით დგინდება, რომ 2018 წლის მაისიდან 2019 წლის ივნისამდე, განყოფილების ...ს, ქვეგანყოფილების უფროსის და განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის და მათი ტოლფასი თანამდებობებიდან სხვადასხვა პერიოდში ერთ-ერთი ვაკანტური თანამდებობა იყო - დაცვის ...ის თანამდებობა, რომლის თანამდებობრივი სარგო განსაზღვრული იყო - 1 140 ლარით. ამასთან, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2019 წლის 9 იანვრის №MIA 4 19 00053506 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობების განმსაზღვრელი თანდართული სამსახურებრივი ინსტრუქცია (დანართი №1). აღნიშნული დანართის მე-100 მუხლით განისაზღვრა დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის სამმართველოს ტექნიკური სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის ფუნქცია-მოვალეობები (ტ.1, ს.ფ 193-194, 219-220, 247-248, 195-196, 197); ი) სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის 2022 წლის 16 ივნისის №MIA 1 22 01625567 წერილში მოცემულია აღნიშნული წერილის მომზადების დროისათვის ვაკანტურ თანამდებობათა ჩამონათვალი: შიდა აუდიტის სამსახურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი; კახეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი (იურისტკონსულტი); თბილისის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი (მთავარი ბუღალტერი); მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს დაცვის უფროსი; ქვემო ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველო: რუსთავის დაცვის პოლიციის განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი; მარნეულის დაცვის პოლიციის განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი; ბოლნისის დაცვის პოლიციის განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი (ტ.1, ს.ფ 329-330); კ) შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს ... განყოფილების ...ს, პოლიციის ... - თ. თა.-ს ძე ტ-ეის ფუნქცია-მოვალეობები განსაზღვრული იყო შემდეგნაირად: - ასრულებს ხელმძღვანელის მითითებებს, ბრძანებებს, დავალებებს; - ხელმძღვანელობს და უზრუნველყოფს განყოფილებაში ახლად მიღებული თანამშრომლების მუშაობის სწორ ორგანიზაციას; - პასუხისმგებელია განყოფილებაში არსებული ინვენტარის მოვლა-პატრონობასა და შენახვაზე; - ორგანიზებას უკეთებს და ატარებს კულტურულ-მასობრივ ღონისძიებებს, სპორტულ შეჯიბრებებს, ზრუნავს ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის დისციპლინის ასამაღლებლად; - პირადად უტარებს განწესს ინსტრუქტაჟს და ამოწმებს საპატრულო-საგუშაგო სამსახურის შესრულებას; - აწარმოებს თანამშრომელთა მიერ დისციპლინის დარღვევათა აღრიცხვასა და დაუყოვნებლივ მოახსენებს ხელმძღვანელობას; - ატარებს აღმზრდელობითი ხასიათის საუბრებს პირადი შემადგენლობის პერსონალური პასუხისმგებლობის ამაღლებისა და მათ მიერ სამსახურის ხარისხიანად შესრულების უზრუნველსაყოფად; - განყოფილების უფროსის დროებით არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას; - მონაწილეობას იღებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის განხორციელებულ ღონისძიებებში (ტ.1, ს.ფ 123-145, ტ.2, ს.ფ 211); ლ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის 2023 წლის 10 ნოემბრის №MIA 5 23 03309046 სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, ყოფილი ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს მეორე განყოფილების ...ს თანამდებობისთვის შესაბამისი შესატყვისი უფლება-მოვალეობის შინაარსის მქონე ტოლფას თანამდებობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაცვის პოლიციის დეპარტამენტში 2023 წლის ოქტომბრისთვის წარმოადგენდა შემდეგი თანამდებობები: ქვეგანყოფილების უფროსი (ობიექტების დაცვის დანაყოფებში და არა აპარატში არსებული ქვეგანყოფილების უფროსის თანამდებობა), განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი (ობიექტების დაცვის დანაყოფებში და არა აპარატში არსებული განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის თანამდებობა), დაცვის უფროსი. ზემოაღნიშნული თანამდებობებიდან 2023 წლის ოქტომბრის თვეში ვაკანტური იყო: 1. აჭარის დაცვის პოლიციის სამმართველოს სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ადმინისტრაციული შენობის დაცვის ქვეგანყოფილების უფროსი. თანამდებობრივი სარგო 725 (შვიდას ოცდახუთი) ლარი; 2. ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის დაცვის პოლიციის სამმართველოს სსიპ კოლეჯი „მერმისის“ დაცვის (ქ. თბილისი, გურამიშვილის ჩიხი №9ა) უფროსი. თანამდებობრივი სარგო 725 (შვიდას ოცდახუთი) ლარი. 3. ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მთაწმინდა-კრწანისის დაცვის პოლიციის სამმართველოს სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ობიექტის დაცვის (ქ. თბილისი, გუდიაშვილი ქ. №3) უფროსი. თანამდებობრივი სარგო 725 (შვიდას ოცდახუთი) ლარი; 4. ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე - საბურთალოს დაცვის პოლიციის სამმართველოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ობიექტის დაცვის (ქ. თბილისი, ალექსიძის ქ. №2, მეორე ჩიხი) უფროსი. თანამდებობრივი სარგო 725 (შვიდას ოცდახუთი) ლარი; 5. ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე - საბურთალოს დაცვის პოლიციის სამმართველოს სსიპ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ობიექტის დაცვის (ქ. თბილისი, გზატკეცილი ჭაბუა ამირეჯიბის მიმდებარედ) უფროსი. თანამდებობრივი სარგო 725 (შვიდას ოცდახუთი) ლარი (ტ.2, ს.ფ 212-213); მ) შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის 2024 წლის 15 იანვრის MIA 1 24 00112628 სამსახურებრივ ბარათში მითითებულია, რომ ქვეგანყოფილების უფროსის, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის და დაცვის უფროსის წოდებრივი რანგის მაქსიმუმს წარმოადგენს „პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკის“ სპეციალური წოდება. შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სისტემაში განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის თანამდებობრივი სარგო არის დანაყოფების მიხედვით განსხვავებული და მერყეობს 1220 ლარიდან 2180 ლარის ფარგლებში (ტ.2, ს.ფ 268); ნ) შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსის 2024 წლის 24 იანვრის №MIA 3 24 00216111 სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, ყოფილი ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს მეორე განყოფილების ...ს თანამდებობისთვის შესაბამისი/შესატყვისი უფლება-მოვალეობის შინაარსის მქონე ტოლფას თანამდებობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დაცვის პოლიციის დეპარტამენტში 2024 წლის იანვრისთვის წარმოადგენს შემდეგი ვაკანტური თანამდებობები: 1. ქვემო ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს ბოლნისის დაცვის პოლიციის განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი. თანამდებობრივი სარგო 1220 (ათას ორას ოცი) ლარი. 2. ქვემო ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს რუსთავის დაცვის პოლიციის განყოფილების შსს მიგრაციის დეპარტამენტის ლტოლვილთა საკითხების სამმართველოს თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები განყოფილების ობიექტის დაცვის უფროსი. თანამდებობრივი სარგო 725 (შვიდას ოცდახუთი) ლარი. 3. ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის დაცვის პოლიციის სამმართველოს სსიპ კოლეჯი „მერმისის“ (ქ. თბილისი, გურამიშვილის ჩიხი №9ა) დაცვის უფროსი. თანამდებობრივი სარგო 725 (შვიდას ოცდახუთი) ლარი. 4. ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს დაცვის პოლიციის სამმართველოს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ობიექტის (ქ. თბილისი, ალექსიძის ქ. №2, მეორე ჩიხი) დაცვის უფროსი. თანამდებობრივი სარგო 725 (შვიდას ოცდახუთი) ლარი. 5. ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ობიექტების დაცვის განყოფილების სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ობიექტის (ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. №49ა) დაცვის უფროსი. თანამდებობრივი სარგო 800 (რვაასი) ლარი. 6. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს ზუგდიდის დაცვის პოლიციის განყოფილების ობიექტების დაცვის დანაყოფების შპს „ემ თი ეის“ ობიექტის (მესტიის მუნიციპალიტეტი, მულახის თემი, თეთნულდის მთის ფერდი) დაცვის უფროსი. თანამდებობრივი სარგო 725 (შვიდას ოცდახუთი) ლარი. 7. იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს ქუთაისის დაცვის პოლიციის განყოფილების ობიექტების დაცვის დანაყოფების ა(ა)იპ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის (ქ. ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი, შესახვევი 57) დაცვის უფროსი. თანამდებობრივი სარგო 725 (შვიდას ოცდახუთი) ლარი (აღნიშნულ თანამდებობაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2023 წლის 4 სექტემბრის №2568466 ბრძანებით დაცვის უფროსის მოვალეობის შესრულება დაკისრებული აქვს პოლიციის უფროს ლეიტენანტ ა. რ.-ს ძე ს-ის 2024 წლის 1 სექტემბრამდე) (ტ.2, ს.ფ 276-277).

საკასაციო პალატა პირველ რიგში ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ მოპასუხეთა მიერ. ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში და საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილი წარმოადგენს.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გასაჩივრებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2019 წლის 11 ივნისის №MIA 1 19 01507067 ბრძანება გამოცემულია კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. ამდენად, წინამდებარე დავაზე მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად გამოცემული აქტის კანონიერება, იმის შეფასება, რამდენად სრულყოფილად იქნა გამოკვლეული სასამართლოს მიერ მითითებული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და შესრულდა სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული მითითებები. საგულისხმოა ის გარემოება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 3 მაისის განჩინებით, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 2 ნოემბრის განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, მიჩნეულ იქნა, რომ სამმართველოში რეორგანიზაციამდე და მის შემდეგ ეროვნული საგანძურისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამმართველოს ... განყოფილების შტატები რაოდენობრივად არ შეცვლილა. შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს ... განყოფილების ...ს ფუნქციების განხორციელება შეითავსა განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის (გმს ინსპექტორი) თანამდებობამ, თუმცა, შეცვლილი სახელწოდებით. შესაბამისად, ფუნქციური დატვირთვის თვალსაზრისით თ. ტ-ეის შტატი კვლავ არსებობდა სამმართველოში.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, დეპარტამენტმა, თ. ტ-ეს შესთავაზა დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს ...ის თანამდებობაზე დანიშვნა, რაზეც მოსარჩელემ უარი განაცხადა. შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2019 წლის 11 ივნისის №MIA 1 19 01507067 ბრძანებით, მისი ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 11 მარტის №622972 ბრძანების მე-4 პუნქტი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს ...ის ...ს, პოლიციის ... - თ. ტ-ეის თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ; მისი ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 11 ივლისის №1709177 ბრძანება პოლიციის ... - თ. ტ-ეის შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს ... განყოფილების ..., პოლიციის ... - თ. ტ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, აყვანილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კადრების განკარგულებაში 2016 წლის 9 მარტიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან 2016 წლის 10 ივლისიდან.

საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებულ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულებაზე“, რომლის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიციის დეპარტამენტი არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივლისის №261 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის უფლებამონაცვლეა.

ზემოაღნიშნული დებულების მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

საკასაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესზე“, რომელიც განსაზღვრავს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებსა და მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში (შემდგომში - სსიპ) სამსახურის გავლის წესსა და პირობებს (1.1 მუხლი).

ზემოაღნიშნული წესის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უკანონოდ გათავისუფლებული მოსამსახურის თანამდებობაზე აღდგენისას, თუ შტატის შემცირების გამო აღარ არსებობს ან უკვე დაკომპლექტებულია უკანონოდ გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობა, პირი, მისი კვალიფიკაციის და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, ინიშნება შესაბამის (ტოლფასი) ან მისი თანხმობით – სხვა თანამდებობაზე. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირი უარს იტყვის შეთავაზებულ თანამდებობაზე, გათავისუფლდება დაკავებული/აღდგენილი თანამდებობიდან.

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელეს არ შეეთავაზა მისი კვალიფიკაციის და პროფესიული უნარ-ჩვევების გათვალისწინებით, ტოლფასი თანამდებობა. საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ ქვემო ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს ბოლნისის დაცვის პოლიციის განყოფილების განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორის თანამდებობა წარმოადგენს გათავისუფლებამდე მოსარჩელის მიერ დაკავებული - ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს მეორე განყოფილების ...ს ტოლფას თანამდებობას, რომელიც 2024 წლის იანვრისთვის იყო ვაკანტური. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 29 იანვრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ფარგლებში დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, რომ არ მომხდარიყო ქვემო ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს ბოლნისის ...ის თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნა გარდა მოვალეობის შემსრულებლისა, თ. ტ-ეის სარჩელზე მოპასუხეების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე. ასეთ პირობებში კი, გასაჩივრებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2019 წლის 11 ივნისის №MIA 1 19 01507067 ბრძანება, თ. ტ-ეის თანამდებობიდან გათავისუფლების, კადრების განკარგულებაში აყვანისა და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ, ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს და მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა მისი ბათილად ცნობის, მოსარჩელის ქვემო ქართლის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს ბოლნისის ...ის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

სახეზე არ არის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, ამდენად, საკასაციო პალატა საკასაციო საჩივრებს მიიჩნევს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

გ. უბილავა