დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-818 (კ-25) 31 მარტი, 2026 წელი,თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.დ-ე (მოსარჩელე)
მესამე პირები - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ვ.დ-ი, შ.დ-ი, ვ.მ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.02.2024 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ.დ-ემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი წარადგინა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „სააგენტო“ ან „კასატორი“) მიმართ მიყენებული ზიანის 40 250 აშშ დოლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით 24 500 აშშ დოლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა საქმეში მესამე პირების ჩართვის თაობაზე დაკმაყოფილდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ვ.დ-ი, შ.დ-ი და ვ.მ-ი, ადმინისტრაციულ საქმეში ჩაბმული იქნენ მესამე პირებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე (ტ.1, ს.ფ. 202-204).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.07.2022 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით 40 250 აშშ დოლარის და 24 500 აშშ დოლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.02.2024 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
5.1. მოსარჩელესა და და ვ.მ-ის შორის 13.10.2015 წელს დაიდო უძრავი ქონების იჯარის (ქირავნობის) ხელშეკრულება 82,24 კვ.მ უძრავ ნივთზე (ს/კ ...) (მისამართი: ქ. თბილისი, ქუჩა ...-სა და ...-ს შორის, ...ის ქუჩა ...-ის მიმდებარედ, ...ის ქუჩა ...ის ქუჩა ...). ნოტარიუსის მიერ დამოწმდა ხელშეკრულების ხელმომწერ პირთა ნამდვილობა.
5.2. სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 16.10.2015 წლის №... გადაწყვეტილებით, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ვ.მ-ის საკუთრების უფლება გარიგების საფუძველზე.
5.3. 19.10.2015 წელს ერთი მხრივ, ვ.მ-ის, მეორე მხრივ, ვ.დ-სა და შ.დ-ის შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ვ.მ-ის ვ.დ-მა სესხად გადასცა 20 000 აშშ დოლარი, ხოლო შ.დ-მა სესხად გადასცა 15 000 აშშ დოლარი. გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი. სესხის სარგებელი განისაზღვრა ძირითადი თანხის ყოველთვიური 2,5 პროცენტით. სესხი და ექვსი თვის სარგებელი ერთად შეადგენდა ვ.დ-ისთვის 23 000 აშშ დოლარს, ხოლო შ.დ-ისთვის - 17 250 აშშ დოლარს. შესაბამისად, მთლიანი სესხის თანხა, ექვსთვიანი ხელშეკრულების ვადის გათვალისწინებით, შეადგენდა 40 250 აშშ დოლარს.
5.4. 19.10.2015 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 21.10.2015 წლის №... გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა იპოთეკის უფლება N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავი ნივთზე.
5.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 23.12.2016 წლის გადაწყვეტილებით (საქმე №3/9503-15) წინამდებარე დავის მოსარჩელის მიერ აღძრული სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 16.10.2015 წლის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
5.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 31.08.2017 წლის განაჩენით, ვ.მ-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და განესაზღვრა სასჯელის სახე და ზომა.
განაჩენის თანახმად, 13.10.2015 წელს ვ.მ-იმა მოსარჩელისგან თითქოს 1 წლის ვადით იქირავა ამ უკანასკნელის კუთვნილი, ქ. თბილისში, ...ის ქ. №3-ში, პირველ სადარბაზოში, მეათე სართულზე არსებული ბინა №..., რასთან დაკავშირებითაც თავად შეადგინა 13.10.2015 წლით დათარიღებული ხელშეკრულება. ხელშეკრულების 3 ეგზემპლარის სამივე გვერდზე მოსარჩელისა და ვ.მ-ის მიერ შესრულებული ერთობლიობაში 18 ხელმოწერის ნამდვილობა 13.10.2015 წელს ქ. თბილისში, ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სანოტარო ბიუროში დაამოწმა ნოტარიუსმა ა.მ-ამ, სანოტარო მოქმედებას რეგისტრაციის ნომრად მიენიჭა №... ვ.მ-იმა ხელში ჩაიგდო რა მოსარჩელის პიროვნებისა და ხსენებული ბინის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ასევე მონაცემების ამსახველი დოკუმენტაცია და ბინის გასაღები, შეადგინა 13.10.2015 წლით დათარიღებული ყალბი ხელშეკრულება - ,,გარიგების ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება”, რომლის თანახმადაც, თითქოსდა მოსარჩელემ ვ.მ-ის 80 000 აშშ დოლარად მიჰყიდა მისი კუთვნილი, სინამდვილეში ქირით გადაცემული ბინა. ყალბ ხელშეკრულებას დაურთო მოსარჩელის მონაწილეობით 13.10.2015 წელს შედგენილი ქირავნობის ხელშეკრულების ბოლო გვერდი, სადაც აღნიშნული იყო მოსარჩელისა და ვ.მ-ის რეალური ხელმოწერები, ასევე ნოტარიუს ა.მ-ას მიერ ქირავნობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმების ამსახველი ფორმულარი №... აღნიშნული გაყალბებული ნასყიდობის ხელშეკრულება ვ.მ-მა წარადგინა სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში, რის საფუძველზეც მოსარჩელის ბინაზე დარეგისტრირდა ვ.მ-ის საკუთრების უფლება. ამის შემდეგ ვ.მ-მა თაღლითურად დაუფლებული, მოსარჩელის კუთვნილი ბინა ვ.დ-ისა და შ.დ-ისგან 35 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხის აღების სანაცვლოდ დატვირთა იპოთეკით. ვ.მ-ის აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით მოსარჩელეს მიადგა დაახლოებით 312 000 ლარის (130 000 აშშ დოლარი) დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი. 03.11.2015 წლის №0007368731 დადგენილებით მოსარჩელე დაზარალებულად იქნა ცნობილი.
5.7. რეგისტრაციის შესახებ სააგენტოს 10.09.2018 წლის №... გადაწყვეტილებით, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი დარეგისტრირდა კვლავ მოსარჩელის საკუთრებად.
5.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 27.01.2017 წელს №2/11861-16 საქმეზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმადაც ვ.მ-ის ვ.დ-ის სასარგებლოდ 19.10.2015 წლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დაეკისრა 23 000 აშშ დოლარის გადახდა შესაბამისი ექვივალენტით ლარში, საიდანაც ძირი თანხაა - 20 000 აშშ დოლარი, პროცენტი - 3 000 აშშ დოლარი. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით აღსასრულებლად მიექცა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი (ტ.1, ს.ფ. 79). აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე თბილისის სააღსრულებო ბიუროში დაიწყო იძულებითი აღსრულების საქმის წარმოება, მოვალე ვ.მ-ის მიმართ 23 000 დოლარისა და 2941 ლარის გადახდის მოთხოვნით.
5.9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.02.2019 წლის განჩინებით წინამდებარე დავის მოსარჩელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეჩერდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 27.01.2017 წელსა და 06.02.2017 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე (№2/11861-16) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ დაწყებულ ორ საქმეზე მიმდინარე სააღსრულებო წარმოება (საქმე: №A17015257 და №A170152260, კრედიტორები: შ.დ-ი, ვ.დ-ი, მოვალე: ვ.მ-ი).
5.10. შპს ,,...ის“ 10.03.2022 წლის №12/07-4-550 დასკვნის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილი, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საორიენტაციო იჯარის ღირებულებამ თვიურად შეადგინა 700 აშშ დოლარი, ხოლო 2015 წლის ოქტომბრიდან - 2018 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდში - 25 000 აშშ დოლარი. მოსარჩელეს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი 27.12.2012 წლის ხელშეკრულებით ერთი წლის ვადით გაქირავებული ჰქონდა მ.ფ-იზე, თვეში 900 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ, ხოლო 2014 წელს იგივე საცხოვრებელი ბინა - 1 წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე კ.ვ-იზე თვეში 940 აშშ დოლარად.
5.11. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის (შემდეგში სზაკ) 207-ე-209-ე მუხლები. ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, სზაკ-ის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, სზაკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.
5.12. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 992-ე მუხლზე, ასევე ამავე კოდექსის სსკ-ის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილზე და განმარტა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს, ანუ უნდა არსებობდეს ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებასა (მოქმედება ან უმოქმედობა) და დამდგარ შედეგს (ზიანი) შორის პირდაპირი და უშუალო მიზეზობრივი კავშირი. ამასთანავე, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილებიდან და არსებობდეს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ბრალის სახით, რაც გამოიხატება ადმინისტრაციული ორგანოს მიზანმიმართულ უმოქმედობაში, ან უხეშ გაუფრთხილებლობაში, ანუ ადმინისტრაციული ორგანო შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას ან/და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს ზიანის თავიდან აცილების მიზნით.
5.13. სააპელაციო პალატის განმარტებით, არ არსებობდა სააგენტოს 16.10.2015 წლის №... გადაწყვეტილებით უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლების ვ.მ-იზე რეგისტრაციის საფუძველი, სახეზეა მოპასუხის ბრალეული, მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელმაც გამოიწვია ზიანი. მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, სადავო ქონებაზე დარეგისტრირდა ვ.მ-ის საკუთრების უფლება (რაც დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით), რაც შემდგომში გახდა 19.10.2015 წლის სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული იპოთეკის რეგისტრაციის საფუძველი უძრავ ნივთზე. ამდენად, რომ არა საკუთრების უფლების უკანონო რეგისტრაცია, უძრავი ნივთი ასევე უკანონოდ ვერ დაიტვირთებოდა იპოთეკით. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვ.მ-ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა არ გამორიცხავს სააგენტოს პასუხისმგებლობას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ სააგენტოს მიერ სადავო ქონებაზე ვ.მ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციისას ადმინისტრაციული წარმოება არ ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით. დამდგარი ზიანი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების რეალურ და მოსალოდნელ შედეგს წარმოადგენდა, სახეზეა სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევა სსკ-ის 1005-ე მუხლის შესაბამისად, რომელმაც ზიანი გამოიწვია და რაც მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საფუძველია.
5.14. რაც შეეხება მიყენებული ზიანის ოდენობას, მართალია, სააგენტოს 16.10.2015 წლის №... გადაწყვეტილების გაუქმებით უძრავი ნივთი დაუბრუნდა კანონიერ მესაკუთრეს - მოსარჩელეს, თუმცა ძალაშია იპოთეკის რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე ვ.მ-ის მიერ აღებული სესხის სანაცვლოდ, რომლის ოდენობაც, ხელშეკრულების შესაბამისად, შეადგენს 40 250 აშშ დოლარს. ამასთან, კრედიტორის განცხადების საფუძველზე, დაწყებულია იძულებითი აღსრულების წესით იპოთეკით დატვირთული, მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციის პროცესი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაიზიარა მოსარჩელის განმარტება მატერიალური ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით და სწორად მიიჩნია, რომ სააგენტოს სრულად უნდა დაეკისროს მატერიალური ზიანის სახით, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა - 40 250 აშშ დოლარი.
5.15. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების უფლებას ითვალისწინებს სსკ-ის 411-ე მუხლი, რომლის თანახმად ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლი მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესაძლებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში უშვებს, თუ ზიანი მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილია საცხოვრებელი ფართის იჯარის/ქირავნობის ხელშეკრულებები, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაქირავებით იღებდა ყოველთვიურ შემოსავალს. შპს ,,...ის“ 10.03.2022 წლის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების საორიენტაციო იჯარის ღირებულებამ თვიურად შეადგინა 700 აშშ დოლარი, ხოლო 2015 წლის ოქტომბრიდან - 2018 წლის სექტემბრამდე პერიოდში, მთლიანობაში 25 000 აშშ დოლარი. სასამართლოს განმარტებით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნის ობიექტურ, რეალურ სურათს მოსარჩელის მიერ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით შემოსავლების მიღებასთან და შემოსავლის ოდენობის გონივრულობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააგენტოს მართებულად დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება 24 500 აშშ დოლარის ოდენობით.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
9. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანია, მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების მართლზომიერება.
10. საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
11. საქართველოს კონსტიტუციით დადგენილია სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. აღნიშნული ნორმის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. ზარალის ანაზღაურების უფლება რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირდება: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს შესაბამისი სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის (შდრ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 31.07.2015 წლის №2/3/630 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II-2,3).
12. სზაკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
13. სსკ-ის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.
14. მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისთვის სახეზე უნდა იყოს ზიანი, რომელიც წარმოიშვა თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის და ზიანის მიმყენებლის ბრალი. სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების შედეგად დამდგარ ზიანად მიიჩნევა ისეთი ზიანი, რომელიც დადგა პირის მიერ შრომითი საქმიანობით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელებისას ან სამსახურებრივი უფლებამოსილებების გადამეტებისას. მატერიალური (ქონებრივი) ზიანი შესაძლოა გამოიხატოს ქონების დაზიანებაში, შემოსავლის მიუღებლობაში, ჯანმრთელობის დაზიანებაში, დამატებითი ხარჯების გაწევაში და ა.შ. (შდრ. სუსგ Nბს-427(2კ-22), 24.06.2024წ.).
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ:
15.1. მოსარჩელესა და ვ.მ-ის შორის 13.10.2015 წელს დაიდო უძრავი ქონების იჯარის (ქირავნობის) ხელშეკრულება 82,24 კვ.მ უძრავ ნივთზე (ს/კ...) (მისამართი: ქ. თბილისი, ქუჩა ...-სა და ...-ს შორის, ...ის ქუჩა ...-ის მიმდებარედ, ...ის ქუჩა ...ის ქუჩა ...). ნოტარიუსის მიერ დამოწმდა ხელშეკრულების ხელმომწერ პირთა ნამდვილობა (ტ.1, ს.ფ. 23-27).
15.2. სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 16.10.2015 წლის №... გადაწყვეტილებით, N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ვ.მ-ის საკუთრების უფლება გარიგების საფუძველზე (ტ. 1. ს.ფ. 19-20, 41).
15.3. 19.10.2015 წელს ერთი მხრივ, ვ.მ-ის, მეორე მხრივ, ვ.დ-ისა და შ.დ-ის შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ვ.მ-ის ვ.დ-იმა სესხად გადასცა 20 000 აშშ დოლარი, ხოლო შ.დ-იმა სესხად გადასცა 15 000 აშშ დოლარი. გაცემული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა N... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი. სესხის სარგებელი განისაზღვრა ძირითადი თანხის ყოველთვიური 2,5 პროცენტით. სესხი და ექვსი თვის სარგებელი ერთად შეადგენდა ვ.დ-ისთვის 23 000 აშშ დოლარს, ხოლო შ.დ-ისთვის - 17 250 აშშ დოლარს. შესაბამისად, მთლიანი სესხის თანხა, ექვსთვიანი ხელშეკრულების ვადის გათვალისწინებით, შეადგენდა 40 250 აშშ დოლარს (ტ. 1, ს.ფ. 42-50). იპოთეკის უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში (ტ.1,ს.ფ. 21,22, 51).
15.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 23.12.2016 წლის გადაწყვეტილებით (საქმე №3/9503-15) წინამდებარე დავის მოსარჩელის მიერ აღძრული სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 16.10.2015 წლის №... გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ (ტ.1,ს.ფ. 66-77). გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.03.2020 წლის განჩინება, ს.ფ. 184-186). ამდენად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად არის ცნობილი მარეგისტრირებელი ორგანოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც ვ.მ-ის სახელზე დარეგისტრირდა უძრავი ქონება, რომელიც, რეალურად, მოსარჩელის საკუთრებაში იყო.
15.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 31.08.2017 წლის განაჩენით, ვ.მ-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. განაჩენის თანახმად, 13.10.2015 წელს ვ.მ-იმა მოსარჩელისგან თითქოს 1 წლის ვადით იქირავა ამ უკანასკნელის კუთვნილი ბინა, რასთან დაკავშირებითაც თავად შეადგინა 13.10.2015 წლით დათარიღებული ხელშეკრულება. ხელშეკრულების 3 ეგზემპლარის სამივე გვერდზე მოსარჩელისა და ვ.მ-ის მიერ შესრულებული ერთობლიობაში 18 ხელმოწერის ნამდვილობა 13.10.2015 წელს ქ. თბილისში, ...ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სანოტარო ბიუროში დაამოწმა ნოტარიუსმა ა.მ-ამ, სანოტარო მოქმედებას რეგისტრაციის ნომრად მიენიჭა №.... ვ.მ-იმა ხელში ჩაიგდო რა მოსარჩელის პიროვნებისა და ხსენებული ბინის საიდენტიფიკაციო მონაცემები, ასევე მონაცემების ამსახველი დოკუმენტაცია და ბინის გასაღები, შეადგინა 13.10.2015 წლით დათარიღებული ყალბი ხელშეკრულება - ,,გარიგების ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება”, რომლის თანახმადაც თითქოსდა მოსარჩელემ ვ.მ-ის 80 000 აშშ დოლარად მიჰყიდა მისი კუთვნილი, სინამდვილეში ქირით გადაცემული ბინა. ყალბ ხელშეკრულებას დაურთო მოსარჩელის მონაწილეობით 13.10.2015 წელს შედგენილი ქირავნობის ხელშეკრულების ბოლო გვერდი, სადაც აღნიშნული იყო მოსარჩელისა და ვ.მ-ის რეალური ხელმოწერები, ასევე ნოტარიუს ა.მ-ას მიერ ქირავნობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერების ნამდვილობის დამოწმების ამსახველი ფორმულარი №... (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი). აღნიშნული გაყალბებული ნასყიდობის ხელშეკრულება ვ.მ-იმა წარადგინა სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში, რის საფუძველზეც მოსარჩელის ბინაზე დარეგისტრირდა ვ.მ-ის საკუთრების უფლება. ამის შემდეგ ვ.მ-იმა თაღლითურად დაუფლებული, მოსარჩელის კუთვნილი ბინა ვ.დ-ისა და შ.დ-ისგან 35 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხის აღების სანაცვლოდ დატვირთა იპოთეკით. ვ.მ-ის აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით მოსარჩელეს მიადგა დაახლოებით 312 000 ლარის (130 000 აშშ დოლარი) დიდი ოდენობის ქონებრივი ზიანი (ტ.I. ს.ფ. 32-40).
16. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით, საჯარო რეესტრი არის უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, სამისამართო და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრების ერთობლიობა.
17. ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული არ უარყოფს წინდახედულობის გონივრულ მასშტაბს, ვინაიდან რეგისტრაცია არის არა უბრალოდ უფლების ფიქსაციის ინსტიტუტი, არამედ ამ უფლების წარმოშობის პროცესის ფინალი. ხსენებული ნორმის მიხედვით საჯარო რეესტრი პასუხისმგებელია სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტის ურთიერთშესაბამისობაზე და უსაფრთხოებაზე (შდრ. სუსგ Nბს-791-791(კ-18), 15.07.2020წ.).
18. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტის ხარვეზი იყო ცხადი, კერძოდ, როგორც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 23.12.2016 წლის გადაწყვეტილებაში ასახული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 13.01.2016 წლის ექსპერტიზის დასკვნის შინაარსით დგინდება, დოკუმენტი, რომელიც წარდგენილი იქნა სააგენტოში და საფუძვლად დაედო სააგენტოს 16.10.2015 წლის №... გადაწყვეტილებით ვ.მ-იზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას, აკინძული იყო განმეორებით, გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმების უკანა გვერდზე დაკრულ მცირე ზომის ქაღალდზე შეინიშნებოდა საღებავის დამატებითი შტრიხები და ფურცელთა რაოდენობა - 4, გადაკეთებული იყო ციფრად ,,2’’ (ტ.1, ს.ფ. 69,70). საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტის მიმართ არსებული ხარვეზი ქმნიდა სარეგისტრაციო მოქმედების შეჩერების საფუძველს, რამეთუ „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ არის წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით….მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის ან დოკუმენტაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად (შდრ. სუსგ Nბს-791-791(კ-18), 15.07.2020წ.).
19. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტი იყო ხარვეზიანი და არ ქმნიდა რეგისტრაციის საფუძველს. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ზემოაღნიშნული გარემოებების ყურადღების მიღმა დატოვებით მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა სხვა პირის საკუთრების უფლება, რითაც მოსარჩელეს მიადგა ზიანი, რაც ექვემდებარება ანაზღაურებას (შდრ. სუსგ Nბს-241(კ-23), 06.07.2023წ.; სუსგ Nბს-294(კ-24), 15.04.2025წ).
20. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის შემთხვევაში ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ განხორციელდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე. ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ იარსებებდა ვალდებულების დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, ე.ი. ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში (სუსგ №ას-167-163-2016, 01.07.2016წ., პუნ. 58; №ას-1843-2018, 05.03.2019წ., პუნ. 14.2; №ას-32-2021, 23.04.2021წ., პუნ. 17.). ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრულად. ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს (სსკ-ის 412-ე მუხლი). საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ, მართალია, სააგენტოს 16.10.2015 წლის №... გადაწყვეტილების გაუქმებით უძრავი ნივთი მოსარჩელეს დაუბრუნდა საკუთრებაში, თუმცა ძალაშია იპოთეკის უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, რომლითაც უზრუნველყოფილია ვ.მ-ის მიერ აღებული სესხი, დაწყებულია იძულებითი აღსრულების წესით იპოთეკით დატვირთული და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის რეალიზაციის პროცესი (ტ.1, ს.ფ. 78,79,184-186). შესაბამისად, სასამართლომ მართებულად დააკისრა მოპასუხეს მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის (40 250 აშშ დოლარის) ოდენობით.
21. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მოპასუხისთვის მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების დაკისრების ნაწილშიც. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 411-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, ანაზღაურებას ექვემდებარება როგორც დადებითი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი (ზოიძე ბ., საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მესამე, მუხლი 411, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2001, გვერდი 462). სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ №ას-945-895-2015, 14.03.2016წ; სუსგ №ას-154-2021, 01.04.2022წ.).
22. სასამართლოს მიერ დადგენილია და დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ დადასტურებულია მოსარჩელის მიერ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის გაქირავებით შემოსავლის მიღების ფაქტი (იხ. 2012, 2014 წლების ქირავნობის ხელშეკრულებები, ტ.1, 285-291). საქმეში ასევე წარმოდგენილია შპს ,,...ის“ 10.03.2022 წლის დასკვნა, რომლის თანახმადაც მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების საორიენტაციო იჯარის ღირებულებამ თვიურად შეადგინა 700 აშშ დოლარი, ხოლო 2015 წლის ოქტომბრიდან - 2018 წლის სექტემბრის ჩათვლით პერიოდში, მთლიანობაში 25 000 აშშ დოლარი (ტ.1, ს.ფ. 244-248). საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ქმნის ობიექტურ, რეალურ სურათს მოსარჩელის მიერ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით შემოსავლების მიღებასთან და შემოსავლის ოდენობის გონივრულობასთან დაკავშირებით. საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა აუნაზღაურდეს ქირის სახით მისაღები შემოსავალი იმ პერიოდისათვის, რა დროითაც არამართლზომიერად ჰქონდა დაკარგული უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება. მოპასუხეს მართებულად დაეკისრა მიუღებელი შემოსავლის სახით 24 500 აშშ დოლარის გადახდა.
23. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპი პროცესის მხარეებს, მით უფრო ადმინისტრაციულ ორგანოს, არ ათავისუფლებს მის მიერ მითითებული ფაქტების სათანადო მტკიცებულებებით დადასტურების ვალდებულებისაგან, მტკიცებულებებს სასამართლოს სწორედ მხარეები წარუდგენენ (სსსკ-ის 103-ე მუხლის პირველი ნაწილი) (შდრ. სუსგ Nბს-965 (კ-20), 14.04.2022წ.). განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია სათანადო მტკიცებულებები, რომლებიც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის თუ მიუღებელი შემოსავლის თაობაზე დასკვნებს გააქარწყლებდა ან/და ზიანის სახით მოთხოვნილი თანხის სხვაგვარ გაანგარიშებაზე მსჯელობას შესთავაზებდა სასამართლოს.
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).
25. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ის შეესაბამება მას (შდრ. სუსგ Nბს-294(კ-24), 15.04.2025წ.; სუსგ Nბს-241(კ-23), 06.07.2023წ.). ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
26. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით, რაც საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის წინაპირობაა.
27. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, 8 000 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 5 600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსსკ-ის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.02.2024 წლის განჩინება.
3. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (ს/ნ:...) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, ჯამურად 8 000 ლარის (საგადახდო მოთხოვნა ..., გადახდის თარიღი 03.02.2025წ., გადახდილი თანხა 300 ლარი; საგადახდო მოთხოვნა ..., გადახდის თარიღი 11.08.2025წ., გადახდილი თანხა 7 700 ლარი) 70% – 5 600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ოქროპირიძე