დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 15.04.2026
საქმის ნომერი
ბს-68(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
15.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

№ბს-68(კ-26) 15 აპრილი, 2026 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

გენადი მაკარიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, გიზო უბილავა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ო-ი; მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო).

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ნ.ო-იმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის - საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ.

მოსარჩელემ მოითხოვა: ა) მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება 41 600 აშშ დოლარის, ანუ 127 079,36 ლარის ოდენობით და 5 589,78 ლარის, ასევე ... ბანკისათვის გადახდილი პროცენტის 19 476,22 ლარის ოდენობით; ბ) მოპასუხე საქართველოს გენერალურ პროკურატურას ნ.ო-ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 300 000 (სამასი ათასი) ლარის ოდენობით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 29 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით ნ.ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს გენერალურ პროკურატურას ნ.ო-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით - 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ანაზღაურება. საქართველოს გენერალურ პროკურატურას ნ.ო-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის სახით - 10 000 (ათი ათასი) ლარის ანაზღაურება. ნ.ო-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ და ნ.ო-იმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ნ.ო-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ.

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 208-ე და 207-ე მუხლებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე, მე-18, 992-ე, 1005-ე მუხლებზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 32-ე, 33-ე, 166-ე, 167-ე, მე-3, მე-19, 268-ე, 270-ე მუხლებზე მითითებით კასატორი განმარტავს, რომ პირს ზიანი უნდა მიადგეს ქმედების განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობის ბრალის ფორმით. ამასთან, მიზეზობრივი კავშირი უნდა არსებობდეს განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ზიანს შორის. ასევე, მოხელის უკანონო ქმედება, რომელმაც პირისათვის ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მდგომარეობიდან და იყოს ბრალეული, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი და უნდა არსებობდეს პირდაპირი და არა სავარაუდო მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს პროკურატურის მხრიდან ამგვარ ქმედებებს ადგილი არ ჰქონია. კონკრეტული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ეფუძნებოდა კანონს და კანონის საფუძველზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტებს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არ შეიძლება გაგებულ იქნეს, როგორც ვინმეს მხრიდან განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი ქმედებით ზიანის მიყენებად. პროკურატურას წინასწარ ვერ ეცოდინებოდა, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოსათვის საკმარისი არ აღმოჩნდებოდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ 2019 წლის 01 ოქტომბერს ნ.ო-ი დაკავებულ იქნა 373-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის გამო და 2019 წლის 03 ოქტომბერს შეეფარდა საპატიმრო გირაო, 1 000 ლარი, რაც მის მიერ იმავე ღამესვე იქნა გადახდილი. ნ.ო-იმა 4 ოქტომბრის ღამით დატოვა საპატიმრო დაწესებულება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 9 მარტის განაჩენით ნ.ო-ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ. ამდენად, მოსარჩელე საპატიმრო დაწესებულებაში იმყოფებოდა 3 დღე.

კასატორის განმარტებით, თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას ამ უკანასკნელის მიმართ გამოყენებულ იქნა კანონით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებები და გატარდა კანონშესაბამისი ღონისძიებანი, საბოლოოდ, პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მარეაბილიტირებელი საფუძვლით დამთავრების შემთხვევაშიც კი, არ არსებობს პროკურატურის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი. გასათვალისწინებელია, რომ თავის დროზე მოსარჩელის მიმართ გატარებულ ყველა ღონისძიებას გააჩნდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლები, კერძოდ, ხსენებული კოდექსის თანახმად, პირისათვის ბრალდების წაყენებისა თუ სხვა იძულების ღონისძიების გამოყენების საფუძველია „დასაბუთებული ვარაუდის“ სტანდარტი, სწორედ აღნიშნულზე დაყრდნობით განხორციელდა მოსარჩელის მიმართ სისხლისსამართლებრივი პროცედურები, თუმცა ის ფაქტი, რომ სისხლის სამართლის საქმემ შემდგომში ვერ დააკმაყოფილა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტი, აღნიშნული უკანონოდ ვერ გადააქცევს „დასაბუთებული ვარაუდის“ სტანდარტზე დაყრდნობით შესრულებულ მოქმედებებს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, პროკურატურის მხრიდან სახეზე არ არის მართლსაწინააღმდეგო ქმედებაც კი, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 1005-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, შეიძლებოდა მიზეზობრივ კავშირში ყოფილიყო დამდგარ შედეგთან. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმები და ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ სახეზე არ არის ზიანის ანაზღაურების წინაპირობების ერთობლიობა: ზიანი, მართლწინააღმდეგობა და პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხე საქართველოს გენერალური პროკურატურის მიმართ უსაფუძვლო, დაუსაბუთებელია და არ არსებობდა მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.

კასატორის განმარტებით, პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სახელმწიფოს ერთ-ერთ სპეციფიკურ ფუნქციას წარმოადგენს და მისი შედეგის წინასწარ განჭვრეტა შეუძლებელია, რადგან იგი დამოკიდებულია წინასწარ უცნობ ფაქტობრივ თუ სამართლებრივ გარემოებებზე. შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველზე წარმოშობილი უარყოფითი ემოციების, განცდების თუ სხვა სამართლებრივი შედეგების გარკვეულწილად თმენის ვალდებულება აქვს ყველას, რაც არ გამორიცხავს შემდგომ გამართლებული პირისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, თუმცა გავლენას ახდენს მორალური ზიანის ოდენობაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისთვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. მორალური ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს იმ საფუძვლებს, რომლის ხელყოფის დროსაც პირს უფლება აქვს მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ კომპენსაციის ოდენობა ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ მდგომარეობას, შესაბამისად, ოდენობა უნდა გამომდინარეობდეს გონივრული და სამართლიანი განსჯის შედეგად. მორალური ზიანის ანაზღაურების თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურია, დამოკიდებულია მრავალ სხვადასხვა პირობაზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მორალური ზიანის საკომპენსაციოდ, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა მთლიანად სასამართლოს გონივრული განსჯისათვის არის მინდობილი. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ კომპენსაციის ოდენობა ვერ აღუდგენს დაზარალებულს ხელყოფამდე არსებულ მდგომარეობას, შესაბამისად, ოდენობა უნდა გამომდინარეობდეს გონივრული და სამართლიანი განსჯის შედეგად. აუცილებელია შეფასდეს, როგორც კონკრეტული პიროვნება და მისი სუბიექტური დამოკიდებულება ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე ობიექტური გარემოებები. სწორედ აქედან გამომდინარე, კანონმდებელმა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში არსებული ჩანაწერით - „მორალური ზიანი უნდა ანაზღაურდეს გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით“, ზიანის ოდენობის განსაზღვრა მიანდო სასამართლოს.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მოსარჩელის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოშივე იყო გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი და სასჯელის სახით ადგილი არ ჰქონია მისი უფლებების დაუსაბუთებელ შელახვას. ამასთან, მას მხოლოდ დაკავების ფარგლებში მოუწია 3 დღე საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა, ასევე, მოსარჩელეს არ ჰქონია ისეთი ასაკი, გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა, სხვა პიროვნული მახასიათებელი, რომელიც განსაკუთრებულ მოპყრობასთან იქნებოდა დაკავშირებული და განუზომელ ზიანს მიაყენებდა მას დაკავების იზოლატორში ყოფნის დროს. ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნ.ო-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით სასამართლოს მიერ თავიდანვე იყო გამოყენებული გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სასამართლო პროკურორის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით, გირაოს გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით პატიმრობას უფარდებს ბრალდებულს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დაკავება სისხლის სამართლის საპროცესო სამართლებრივი იძულების ღონისძიების სახით, მის მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე გირაოს სრულად ან ნაწილობრივ შეტანამდე. შესაბამისად, ნ.ო-ი გირაოს თანხის გადახდის შემდეგ გათავისუფლდა ხსენებული აღკვეთის ღონისძიების გამოყენების დღესვე.

მორალური ზიანის საკითხის განხილვისას სასამართლომ, გარდა მოსარჩელის განმარტებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა, მხედველობაში უნდა მიიღოს როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ დადგენილი პრაქტიკა, ასევე საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა ანალოგიურ საქმეებზე. კონკრეტულ შემთხვევაში კი, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი ნორმების, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება/გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული განმარტებების შესაბამისად, ასევე, მსგავს საქმეებზე საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მორალური ზიანის სახით 15 000 ლარის დაკისრება უსაფუძვლოა, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მიზნების არაპროპორციულია, არ ექცევა გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმებში და უნდა გაუქმდეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 105-ე მუხლის პირველი ნაწილზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილზე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 6.3 მუხლის „ც“ ქვეპუნქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 ნაწილზე მითითებით კასატორი განმარტავს, რომ ბრალდებულს აქვს ადვოკატის არჩევისა და ყოლის, ასევე მის მიერ არჩეული ადვოკატის ნებისმიერ დროს შეცვლის უფლება, ხოლო თუ ის უქონელია უფლება დაენიშნოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე. ამავე კოდექსის 45-ე მუხლის მიხედვით, სავალდებულოა ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი, თუ სახეზეა სავალდებულო დაცვის შემთხვევა. კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, დაცვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს, თუ არსებობს სავალდებულო დაცვის შემთხვევა და საქმეში არ მონაწილეობს შეთანხმებით აყვანილი ადვოკატი. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული ინფორმაციით დასტურდება, რომ ნ.ო-ი არ ექვემდებარებოდა სავალდებულო დაცვას, თუმცა მან გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და აიყვანა ადვოკატი (დაცვა შეთანხმებით). შესაბამისად, საკუთარი უფლების რეალიზება არ შეიძლება ჩაითვალოს პროკურატურის მხრიდან მისთვის ზიანის მიყენებად და აღნიშნული დაქირავებული ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების საფუძველს არ წარმოადგენს.

საყურადღებოა, რომ მოსარჩელის განმარტებით, მას სისხლის სამართლის საქმეზე ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 20 000 დოლარის დასაფარად მოუწია მაღალპროცენტიანი სესხების აღება კერძო პირისაგან და კომერციული ბანკებისაგან. აღსანიშნავია, რომ საქმეზე ნ.ო-ის ინტერესებს იცავდა მისი 15 კოლეგა, ამასთან, მას თავადაც შეეძლო საკუთარი უფლებების დაცვა თავისი პროფესიიდან გამომდინარე. შესაბამისად, ამ პირობებში რთული წარმოსადგენია, რომ, მიუხედავად კოლეგების მხრიდან მსგავსი მხარდაჭერისა, ნ.ო-იმა დამატებით კიდევ შეთანხმებით აიყვანა ადვოკატი და აღნიშნულში მას გადაუხადა თანხა, მითუმეტეს, სარჩელს არ ერთვის არანაირი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ხსენებული თანხა მოსარჩელის მხრიდან ნამდვილად იქნა გაღებული და მან იგი გადაუხადა ადვოკატ ნ.ჩ-ის. ადვოკატის ხარჯის ოდენობის შეფასებისას სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ნ.ო-ის ბრალად ედებოდა არც თუ ისე მძიმე დანაშაულის ჩადენა, ამასთან, იგი პირველი ინსტანციის სასამართლოშივე იქნა გამართლებული და დაცვის მხარის მიერ ძირითადი სამუშაოები გაწეულ იქნა სწორედ ამ ეტაპზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში კი, არ მომხდარა მტკიცებულებათა გამოკვლევა, ხოლო უზენაესმა სასამართლომ საერთოდ მხარეთა მონაწილეობის გარეშე გადაწყვიტა პროკურორის საჩივრის დაუშვებლობის საკითხი. ამდენად, სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული ადვოკატის ხარჯი 10 000 ლარის ოდენობით სცილდება როგორც შიდა ეროვნული, ისე ევროპული სასამართლოს პრაქტიკით ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით დადგენილ „გონივრულობისა“ და „ადეკვატურობის“ კრიტერიუმებს.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 30 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

საკასაციო სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საყურადღებოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით ნ.ო-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს გენერალურ პროკურატურას ნ.ო-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის სახით - 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ანაზღაურება. ასევე, საქართველოს გენერალურ პროკურატურას ნ.ო-ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის სახით - 10 000 (ათი ათასი) ლარის ანაზღაურება. ნ.ო-ის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ნ.ო-ისა და საქართველოს გენერალური პროკურატურის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ოქტომბრის განჩინებაზე მხოლოდ საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივრის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა გასაჩივრებულ განჩინებას შეამოწმებს მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოს საკასაციო საჩივრის ფარგლებში - ნ.ო-ის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ გარემოებებზე: ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 19 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა.მ-ის შუამდგომლობა ნ.ო-ის დაკავების შესახებ ნებართვის გაცემის თაობაზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი გამომძიებლის მიერ შედგა ბრალდებულის დაკავების ოქმი, რომლის თანახმად, 2019 წლის 1 ოქტომბერს, 16:18 წუთზე, ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა ნ.ო-ი (დაბ: ... წლის ... ...) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების ფაქტზე (ტ.1, ს.ფ. 25-29, 19-24); ბ) ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის 2019 წლის 2 ოქტომბრის დადგენილებით, ნ.ო-ი ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (ტ.1, 30-33); გ) 2019 წლის 3 ოქტომბერს ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა - ა.მ-იმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, ბრალდებულ - ნ.ო-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 3 000 ლარის შეფარდების თაობაზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წელის 3 ოქტომბრის განჩინებით ძველი თბილისის პროკურორის - ა.მ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ცვლილებებით, კერძოდ, ბრალდებულ ნ.ო-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რომლის შეტანის ვადად განისაზღვრა 30 დღე. დადგინდა რომ გირაოს გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით, გირაოს თანხის სრული მოცულობით შეტანამდე ბრალდებულის მიმართ გამოყენებულ იქნებოდა პატიმრობა. პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო მისი ფაქტობრივი დაკავების დროიდან - 2019 წლის 1 ოქტომბრის 16:18 საათიდან. ნ.ო-ი პატიმრობაში იმყოფებოდა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2019 წლის 4 ოქტომბრამდე (ტ.1, ს.ფ. 64-76, 77-78); დ) თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 მარტის განაჩენით ნ.ო-ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან, გაუქმდა ნ.ო-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო და გირაოს დაბრუნების ვადად განისაზღვრა განაჩენის აღსრულებიდან 1 თვე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელი; ნ.ო-ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; გაუქმდა ნ.ო-ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო და გირაოს დაბრუნების ვადად განისაზღვრა განაჩენის აღსრულებიდან 1 ერთი თვე. გამართლებულ ნ.ო-ის განემარტა მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების თაობაზე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2023 წლის 27 აპრილის განჩინებით ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ.პ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად (ტ.1, ს.ფ. 79-103, 108-122, 129-134); ე) 2019 წლის 2 ოქტომბერს, ნ.ო-ისა და ნ.ჩ-ის შორის დაიდო იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა, ნ.ო-ისათვის იურიდიული მომსახურების გაწევა, ყველა ინსტანციის საგამოძიებო ორგანოში საქმის წარმოება, პროკურატურაში და სამართალდამცავ ორგანოებში მისი ინტერესების დაცვა, კონსულტაციების გაწევა ყველა საკითხზე, რაც წამოიჭრებოდა კონკრეტული საქმის წარმოებიდან გამომდინარე. ხელშეკრულების 4.1 მუხლის თანახმად კი, განისაზღვრა იურიდიული მომსახურების საფასური, კერძოდ, კლიენტი ადვოკატს უხდის იურიდიული მომსახურების საფასურს 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარს. მომსახურების საფასური შესაძლებელია გაიზარდოს შესასრულებელი სამუშაოდან გამომდინარე საქმის გაცნობისა და პოზიციების შეჯერების შემდეგ. ნ.ო-ის ინტერესების დამცველ ადვოკატს სასამართლოში, წარმოადგენდა ნ.ჩ-ი (ტ.1, ს.ფ. 212-217, 108-122);

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-6 ნაწილი ხაზს უსვამს ადამიანის თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ნორმა კონკრეტულად შეეხება უკანონოდ თავისუფლებაშეზღუდული პირის უფლებას, მოითხოვოს სახელმწიფო ორგანოებისა და მოსამსახურეთა უკანონო მოქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. კონსტიტუციის მე-13 მუხლთან კავშირშია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლი, რომლითაც აღიარებულია ადამიანის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს, რომ ყველა მსხვერპლს, ვინც ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დააკავეს ან დააპატიმრეს, აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.

ამდენად, სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის 5.5 მუხლით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, თუ კერძო პირი რაიმე საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო ორგანოს ან მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ დელეგირების ან დავალების საფუძველზე, ამ საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი. ამასთან, კოდექსის 207-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი („ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული..“(სუს 10.04.2014წ. Nბს-648-623(2კ-13) გადაწყვეტილება).

ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას უკავშირდება სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი (სახელმწიფოს (მუნიციპალიტეტის) პასუხისმგებლობა სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა მიერ მიყენებული ზიანისათვის). 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების პრინციპი 992-ე მუხლის ზოგადი დანაწესიდან გამომდინარეობს და მოიაზრებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების შესაძლებლობას მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების არსებობის პირობებში, ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენით. გარდა ამისა, ზიანის გამომწვევი ქმედება კავშირში უნდა იყოს საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან და ყურადღება უნდა გამახვილდეს არა ქმედების ჩამდენ პირზე, არამედ ფუნქციაზე, რომლის შესრულებასაც შეიძლება ემსახურებოდეს სახელმწიფო ან საჯარო მოსამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლი, თავის მხრივ, შეიცავს საგამონაკლისო შემთხვევას, დელიქტის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტის - ბრალის გათვალისწინების გარეშე ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის შესაძლებლობის თაობაზე, კერძოდ, 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის, დისციპლინური პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად. განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს პირები სახელმწიფოსთან ერთად სოლიდარულად აგებენ პასუხს. მნიშვნელოვანია, რომ 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობისათვის, დამდგარი ზიანის, მართლწინააღმდეგობისა და მიზეზობრივი კავშირის არსებობასთან ერთად, სახეზე უნდა იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთი განმარტებიდან გამომდინარე, „..პირის რეაბილიტაციის უმთავრესი იურიდიული საფუძველი გამამართლებელი განაჩენია, რომელიც პირის არაბრალეულობასა და უდანაშაულობას ადასტურებს..“ (სუს 2019 წლის 7 თებერვლის №ბს-432-429 (2კ-17) გადაწყვეტილება და სხვ.). ამასთან, სსკ-ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს, მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში, გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 9 მარტის განაჩენი, რომლითაც ნ.ო-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში, წარმოადგენს მისი რეაბილიტაციის საფუძველს. განაჩენით უტყუარად დასტურდება დანაშაულის ჩადენის ფაქტის არარსებობა, შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მოსარჩელის მიმართ ფორმალურად კანონიერად გამოყენებული ზემოქმედების ღონისძიებები, მარეაბილიტირებელი გარემოების დადგენისთანავე, სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიზნებისთვის, უნდა ჩაითვალოს უკანონოდ. თავის მხრივ, აღნიშნული ადასტურებს, რომ მოსარჩელეს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების შემზღუდავი ზემოქმედების ატანა მოუწია შესაბამისი თმენის ვალდებულების დაკისრების დასაბუთებული სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. შესაბამისად, მითითებული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს მიყენებული არაქონებრივი ზიანი.

სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ზიანი ანაზღაურდება სისხლის სამართლის საქმეების მწარმოებელ ცალკეულ თანამდებობის პირთა ბრალეულობის დადგენის გარეშე. „..ამ მუხლის მიზნებისათვის, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისია პირის მარეაბილიტირებელი გარემოების არსებობა და შესაბამისი ქმედების უკანონობის დადგენა. ამ შემთხვევაში, რელევანტურია, დადგინდეს პირობა, ურომლისოდაც ზიანის გამომწვევი შედეგი არ დადგებოდა. შეფასების საგანს სცილდება ბრალეული მიზეზობრიობის (კონკრეტული პირის ბრალეული ქმედების არსებობის) დადგენა, რამაც გამოიწვია ზიანი. ბრალი არ წარმოადგენს უკანონო ბრალდების/მსჯავრდების ან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების აუცილებელ წინაპირობას..“ (სუს 2021 წლის 27 მაისის №ბს-222(კ-კს-20) გადაწყვეტილება). „..დაუშვებელია დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელი ზოგადი ნორმებით (სკ-ის 992, 1005.1 მუხ.) დადგენილი მოთხოვნების განვრცობა სპეციალური ნორმით (სკ-ის 1005.3 მუხ.) მოწესრიგებულ კონკრეტულ სამართალურთიერთობაზე, რომელსაც ადგილი აქვს უკანონო ბრალდებისა და უკანონო მსჯავრდების შემთხვევაში..“ (სუს 07.02.2019წ. №ბს-432-429(2კ-17) გადაწყვეტილება).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 08.04.2009წ. განჩინებით №ბს-972-936(3კ-08) ადმინისტრაციულ საქმეზე ჩამოყალიბებულ განმარტებას შემდეგზე, რომ „არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებები. არსებითი განსხვავება მდგომარეობს არაქონებრივი უფლების ხელყოფის შედეგად დამდგარი ზიანის შინაარსში. სამოქალაქო სამართლის აღნიშნული ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით მისი ხელყოფის შედეგად დამდგარ ზიანს ქონებრივი ეკვივალენტი არ გააჩნია. ამდენად, არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის საკმარისია არსებობდეს არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მორალური ზიანის მოცულობას (რომელსაც არ გააჩნია მატერიალური გამოხატულება) განსაზღვრავს სასამართლო გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით“. „სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლში მითითება მორალური ზიანის გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების თაობაზე გულისხმობს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის ხარისხის, დაზარალებულის განცდების სიღრმისა და ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებას. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს, მოპასუხეების მიერ მატერიალური ზიანის ანაზღაურების ფაქტს, ასევე დაზარალებულის სუბიექტურ დამოკიდებულებას მორალური ზიანის მიმართ და ობიექტურ გარემოებებს. ამ გარემოებათა შორისაა დაზარალებულის ცხოვრების პირობები (საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.), ბრალის ხარისხი, ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში არ ხდება ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია. შეუძლებელია ფულადი ფორმით ჯანმრთელობის შეფასება, კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს“.

ნ.ო-ის მიმართ წარდგენილი ბრალდების სიმძიმის, განცდილი სტრესის, შიშის, უარყოფითი ემოციებისა და საქმის კონკრეტული გარემოებების შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის ნ.ო-ის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით - 15 000 ლარის დაკისრებას და აღნიშნავს, რომ უკანონო ბრალდების/პატიმრობის ან მსჯავრდების საქმეებთან მიმართებაში სასამართლოს მიერ არამატერიალური (მორალური) ზიანის თანხის ოდენობის განსაზღვრა ხორციელდება თითოეულ საქმეში ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების, მორალური ზიანის მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების, ობიექტური გარემოებების (დაზარალებულის საოჯახო, ყოფითი, მატერიალური, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასაკი და ა.შ.) და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით (Patsuria v. Georgia; Nikolaishvili v. Georgia; Jashi v. Georgia).

რაც შეეხება საქართველოს გენერალური პროკურატურისათვის მატერიალური ზიანის - 10 000 ლარის დაკისრების საკითხს, საკასაციო სასამართლო პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ დასახელებული ზიანი სისხლის სამართლის პროცესის ფარგლებში გაწეული საადვოკატო მომსახურების ხარჯს წარმოადგენს, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნა, ავტოსალომბარდო სამი სესხის საფუძველზე გადახდილი პროცენტისა და საკომისიო თანხის - 5 589,78 ლარისა და ... ბანკისათვის გადახდილი პროცენტის თანხის - 1 9476,22 ლარის ანაზღაურების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა. საკასაციო სასამართლო კვლავ აღნიშნავს, რომ მხოლოდ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარმოდგენილი საჩივრის პირობებში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საკითხს მხოლოდ მოსარჩელისთვის 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის სახით საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანაზღაურების საკითხი წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურდება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს წარმოადგენს. პირი მხოლოდ მაშინ აგებს პასუხს მიყენებული ზიანისთვის, როცა მისი ქმედება ადეკვატურ კავშირშია დამდგარ შედეგთან.

ადვოკატის მომსახურებაზე გაწეულ ხარჯთან მიმართებით საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ სისხლის სამართლის საქმის წარმოების ეტაპზე განხორციელებული მოქმედება - ადვოკატის აყვანა (ბრალდებულის) უფლებაა და ამ უფლებით სარგებლობა არ შეიძლება გაგებულ იქნეს, როგორც დევნის განმახორციელებელი ორგანოს - პროკურატურის მიერ მიყენებულ ზიანად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადვოკატის მონაწილეობა სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობაში ბრალდებულის ინტერესებისა და უფლებების მაქსიმალურ დაცვას უზრუნველყოფს. ბრალდებულს, როგორც სისხლის სამართლის პროცესის ცენტრალურ ფიგურას, უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა ჯეროვნად და ეფექტიანად დაიცვას თავი წარდგენილი ბრალდებისაგან. დაცვა არის სისხლისსამართლებრივი დევნის საწინააღმდეგო ფუნქცია, სწორედ ადვოკატის მონაწილეობა სისხლის სამართლის პროცესში უზრუნველყოფს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულ რეალიზებას და ბრალდებულის ინტერესების არსებით დაცვას. ამასთან, ,,სისხლის სასამართლოწარმოების ფარგლებში, შეთანხმებით დაცვის შემთხვევაში, გამართლებულის მიერ ადვოკატისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება შესაძლოა მოთხოვნილ იქნეს ადმინისტრაციული სასამართლოწარმოების წესით“ (სუსგ №ბს-432-429(2კ-17), 2019 წლის 7 თებერვალი).

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გამო, იძულებული გახდა სისხლის სამართლის საქმეში საკუთარი უფლებებისა და ინტერესების ეფექტურად დაცვისა და რეალიზებისათვის ადვოკატი აეყვანა, რათა სრულყოფილად ესარგებლა სისხლის სამართლის კოდექსით ბრალდებულისათვის მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს პირდაპირი მიზეზობრივი კავშირის არსებობას მოსარჩელისთვის მიყენებულ ფულად ზარალსა და საქართველოს გენერალური პროკურატურის ქმედებას შორის. ადვოკატის მონაწილეობა სისხლის სამართლის საქმის მიმდინარეობაში უზრუნველყოფს ბრალდებულის ინტერესებისა და უფლებების მაქსიმალურ დაცვასა და რეალიზებას. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ №ბს-776-768(2კ-4კს-15) საქმეზე გაკეთებულ განმარტებებზე: „მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოსგარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. ამასთანავე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების არსებობა, მხარის მიერ ადვოკატისათვის თანხის გადახდის ქვითრის არარსებობა იმთავითვე არ გამორიცხავს გაწეული მომსახურების ანაზღაურების შესაძლებლობას (ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „დადაევა რუსეთის წინააღმდეგ“,§145, 146) ..... ხარჯების განსაზღვრა ხდება სასამართლოში მხარის მიერ წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე, ამგვარი მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაშიც, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლოს თავადაც შეუძლია განსაზღვროს იურიდიული დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 11.02.08წ. №ას-792-1114-07 განჩინება), თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „პინკოვი და პინკი ჩეხეთის წინააღმდეგ“).“

ამდენად, დავის საგნის, დავის სირთულისა და სხვა ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მოპასუხისთვის დაკისრებული თანხა გონივრულ შესაბამისობაშია სისხლის სამართლის საქმეზე გაწეულ საადვოკატო მომსახურებასთან. რაიმე გარემოება, რომელიც მოცემული თანხის შეუსაბამობაზე მიუთითებდა, განსახილველ საქმეზე დადგენილი არ არის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართებულად არის გადაწყვეტილი საქართველოს გენერალური პროკურატურისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით ადვოკატის მომსახურების ღირებულების - 10 000 ლარის დაკისრების საკითხი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს გენერალური პროკურატურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 16 ოქტომბრის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. მაკარიძე

ქ. ცინცაძე

გ. უბილავა