დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 14.05.2026
საქმის ნომერი
ბს-417(2კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
14.05.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-417(2კ-26) 14 მაისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა აბუსერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),გენადი მაკარიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები (მოპასუხეები) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო

პროცესუალური მოწინააღმდეგე (მოსარჩელე) - გ.გ-ი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 08 აპრილის განჩინება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - საკუთრების უფლების შეზღუდვისგან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

გ.გ-იმა 2025 წლის 24 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხეთათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 40 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში დაკისრება.

სარჩელის თანახმად, გ.გ-ის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია ქ. თბილისში, სოფელ ...ში, ...ის ქუჩის №...-ში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე (მიწის ნაკვეთის ძველი კოდი - ...). ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20.10.2023წ. №526 განკარგულების შესაბამისად დამტკიცდა განაშენიანების რეგულირების გენერალური გეგმა (გრგ), რომლის თანახმად, ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი დაიტვირთა სერვიტუტით (გზა - 203 კვ.მ). აღნიშნული გზა განაშენიანების რეგულირების გენერალური გეგმის მიხედვით კვეთდა გ.გ-ის მიწის ნაკვეთს და ჭრიდა მას ორ ნაწილად, რის გამოც 400 კვ.მ ხდებოდა სრულად გამოუსადეგარი და მოსარჩელეს ადგებოდა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

განაშენიანების რეგულირების გენერალური გეგმის მიხედვით, კანონის შესაბამისად, უნდა განხორციელებულიყო დასამუშავებელი ტერიტორიების დაგეგმარება და მიწის ნაკვეთების მონაცვლეობა. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვთი უნდა დარეგისტრირებული გ.გ-ის სახელზე. კერძოდ, განაშენიანების რეგულირების გენერალური გეგმის მიხედვით, A... მიწის ნაკვეთი უნდა დარეგისტრირებულიყო მოსარჩელის სახელზე, ხოლო A... უნდა დარეგისტრირებულიყო მუნიციპალიტეტის საკუთრებაში. სწორედ ამ სახით იქნა დამტკიცებული თბილისის საკრებულოს მიერ განაშენიანების რეგულირების გენერალური გეგმა.

მოსარჩელის განმარტებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 25.12.2024წ. №... განკარგულებასა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 25.12.2024წ. №61-01243603301 წერილზე დაყრდნობით, სრულად უგულებელყო აღნიშნული ნორმები და არ უზრუნველყო თბილისის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ნორმატიული ატის შესრულება, რითაც დაირღვა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ მე-12 მუხლი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული A... მიწის ნაკვეთი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობით, განაშენიანების რეგულირების გენერალური გეგმის ცვლილების გარეშე, გადაეცა მესამე პირს, რაც, მოსარჩელის მოსაზრებით, წარმოადგენდა როგორც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს, ისე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ მე-12 მუხლის დარღვევას.

მოსარჩელის წარმომადგენელმა გ.ჭ-ემ 2025 წლის 29 ივლისს განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას, რომლითაც მოითხოვა განცხადების განხილვა კანონით დადგენილ ვადაში და მიყენებული ზიანის (ექსპერტიზით დადგენილი ოდენობით) ანაზღაურება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას დღემდე არ მიუღია გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით აღიარებული და უზრუნველყოფის საკუთრების უფლების შეზღუდვის საფუძველზე, გ.გ-იმა მიმართა სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით გ.გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოლიდარულად დაევალათ მოსარჩელე გ.გ-ის სასარგებლოდ, მისი საკუთრების უფლების შეზღუდვის გამო, მისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება 40 000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 08 აპრილის განჩინებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

პალატის მითითებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 ოქტომბრის №526 განკარგულებით დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გენერალური გეგმით გათვალისწინებული იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა და მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთა ურთიერთმონაცვლეობა, რაც დასტურდებოდა გენგეგმის ესკიზურ ნახაზსა და საპროექტო არეალში არსებული მიწის ნაკვეთების ამსახველი ნახაზით, სადაც A... მიწის ნაკვეთი ს/კ... (წინა ნომერი...) ფიქსირდებოდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად, ხოლო მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი შეესაბამებოდა A...-ს, ... საკადასტრო კოდით (წინა საკადასტრო კოდი-...) რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, შესაბამისად, მათი ადგილმონაცვლეობის შედეგად, A... მიწის ნაკვეთი უნდა დარეგისტრირებულიყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის, ხოლო A... მოსარჩელის საკუთრებად, ადგილმდებარეობის ცვლილებით, რაც მოპასუხეთა მიერ არ შესრულებულა.

პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომლის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ მოწონებული და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გენერალური გეგმა, რომლის მიმართაც მოსარჩელეს ცალსახად გააჩნდა კანონიერი ნდობა, მის მიწის ნაკვეთთან მიმართებით არ იქნა აღსრულებული, მეტიც, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ის მიწის ნაკვეთი, რომელიც უნდა გაცვლილიყო მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლების აღიარებით დარეგისტრირდა მესამე პირზე, რამაც მოსარჩელეს დაუსაბუთებლად შეუზღუდა საკუთრებით სრულფასოვნად სარგებლობის უფლება. პალატის განმარტებით, მოსარჩელის მიერ თავდაპირველ ეტაპზე სწორედ კანონიერი ინტერესის შესაბამისად იქნა განცხადებული თანხმობა განაშენიანების რეგულირების გეგმაზე იმ პირობით, რომ არ შეილახებოდა მისი საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთთა მონაცვლეობის გზით, რაც არ იქნა განხორციელებული, შესაბამისად, მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი, დარჩა რა თავდაპირველი მიწის ნაკვეთი, მასზე საჯარო სერვიტუტითა და სამშენებლოდ განვითარებისათვის შეზღუდული ზონირებით, საერთო ჯამში 400 კვ.მ ფართობის ოდენობით. შესაბამისად, მიიჩნია, რომ არსებობდა მოპასუხეებისთვის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის სოლიდარულად, სრული მოცულობით მოსარჩელისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის - 40 000 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) ანაზღაურების დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 08 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

კასატორის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, შესაბამისად, არსებობს მისი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: სადავო განჩინებით სასამართლო საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 ოქტომბრის №526 განკარგულებით დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ) ცალსახად ითვალისწინებდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის და მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთა ურთიერთმონაცვლეობას, რაც დასტურდება ერთი მხრივ, გენგეგმის ესკიზურ ნახაზსა და საპროექტო არეალში არსებული მიწის ნაკვეთების ამსახველი ნახაზით, სადაც A... მიწის ნაკვეთი ს/კ: №... (წინა ნომერი: №...) ფიქსირდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად, ხოლო მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი შეესაბამება A...-ს საკადასტრო კოდით №... (წინა ნომერი: №...) რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს. კასატორის წარმომადგენელი არ იზიარებს ზემოაღნიშნულ მსჯელობას და აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 23.10.2024წ. №61-01242911458 წერილით დგინდება, რომ სააგენტომ განიხილა 13.09.2024 წლის №06-012425721-01 წერილით გადმოგზავნილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 12.09.2024წ. №... გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ. ამავე წერილში განმარტებულია, რომ სააგენტომ 2024 წლის 11 ოქტომბრის №... წერილით გამოითხოვა პოზიცია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსგან, რომლის შესაბამისადაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განემარტა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20.10.2023წ. №526 განკარგულების თანახმად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი განსაზღვრულია, როგორც საპროექტო A-... მიწის ნაკვეთი (ფართობი: 1001 კვ.მ). შესაბამისად სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში №... განცხადებაზე დარეგისტრირებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი არ შეესაბამება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20.10.2023წ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №526 განკარგულებით დამტკიცებულ განაშენიანების რეგულირების გეგმას.

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც უნდა გაცვლილიყო მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, თუმცა საკუთრების უფლების აღიარებით დარეგისტრირდა მესამე პირზე, რამაც არათუ შეუძლებელი გახადა გეგმით გათვალისწინებული პროექტის შესრულება, არამედ მოსარჩელეს დაუსაბუთებლად შეუზღუდა საკუთრებით სრულფასოვნად სარგებლობის უფლება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებში არსებულ სსიპ საჯარო რეესტრის 31.01.2025წ. №... გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დგინდება, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში №... (31.01.2025წ.) წერილის შემოსვლამდე, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტმა დააკორექტირა №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები №... განცხადებით სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში აზომილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემებთან ზედდების ნაწილში. №... განცხადების საფუძველზე №... საკადასტრო კოდით გ.ჭ-ას საკუთრებაში დარეგისტრირდა 851 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც 2025 წლის 29 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა ხ.გ-ის საკუთრებაში. ამავე გადაწყვეტილებით დგინდება, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის პირველადი რეგისტრაციის დროს საჯარო რეესტრში წარმოდგენილი იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს №61-01243603301 (25.12.2024) წერილი და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის №... (25.12.2024) განკარგულება, რომლითაც მერია სხვა მიწის ნაკვეთებთან ერთად დაეთანხმა სარეგისტრაციო მიწის ნაკვეთზე გ.ჭ-ას საკუთრების უფლების აღიარებით რეგისტრაციას.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ყურადღებას ამახვილებს ქონების მართვის სააგენტოს 2024 წლის 24 დეკემბრის №61-01243603301 წერილზე, რომლითაც დგინდება, რომ შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გაეგზავნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2024 წლის 25 დეკემბრის №... განკარგულება თანდართული ელექტრონული დოკუმენტაციით და განემარტა, ემსჯელა კომპეტენციას ფარგლებში და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება. როგორც დადგენილ გარემოებათა შორის აღინიშნა, №... (წინა საკადასტრო კოდი: №...) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი, შესაბამისად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, კანონის შესაბამისად აბსოლუტური უფლება აქვს მინიჭებული - კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2025 წლის 15 იანვრის ამონაწერით (განცხადების რეგისტრაციის ნომერი: №...; 15.01.2025) დგინდება, რომ №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 96 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი.

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის მოსაზრებით, იმ პირობებში თუ მოწინააღმდეგე მხარე არ ეთანხმებოდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული №... მიწის ნაკვეთის კორექტირებისა და მესამე პირზე რეგისტრაციასთან დაკავშირებით, მას შეეძლო წინამდებარე გადაწყვეტილება გაეხადა სადავოდ, თუმცა არც აღნიშნული უფლებით უსარგებლია. პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია ადმინისტრაციული ორგანოს ზემოაღნიშნული მსჯელობა და განმარტა, რომ გ.ჭ-ას შემთხვევაში ისედაც ძალადაკარგულად იყო გამოცხადებული რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებები, ხოლო ხ.გ-ის შემთხვევაში არსებობდა მისი კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევის წინაპირობები, ვერ შეცვლიდა ფაქტობრივ გარემოებას მოსარჩელის სასარგებლოდ. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მოკლებული იყო შესაძლებლობას მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმების გზით აღედგინა დარღვეული უფლება, არსებობდა მოპასუხეთა მიმართ მატერიალური ზიანის მოთხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას დაუსაბუთებლად მიაჩნია პალატის ზემოაღნიშნული განმარტება და მიუთითებს, რომ ვინაიდან მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებები, არც ხ.გ-ის ნაწილში უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, მას ინტერესიც კი არ დაუფიქსირებია მიწის ნაკვეთის მიმართ. ამრიგად, ვინაიდან ადმინისტრაციული წარმოების კანონიერება შედავებული არაა, ხოლო მოსარჩელეს არ უდავია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე, მისი მოთხოვნა დაუსაბუთებელია. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა არ გამომდინარეობს მოცემული ფაქტობრივი გარემოებიდან. პალატამ გ.გ-ის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა საკუთრებასთან მიმართებით დაუკავშირა რა მონაცვლეობის საკითხს, შეფასების გარეშე დატოვა, რამდენად ჰქონდა მას აღნიშნულის მოთხოვნის შესაძლებლობა. ამდენად, დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა მოწინააღმდეგე მხარისთვის რაიმე სახის მატერიალური ზიანის მიყენებაზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისთვის გაუგებარია, სასამართლოს მსჯელობა რაში გამოიხატება ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან პირდაპირი და უშუალო ზიანი მიყენების ფაქტი, იმ პირობებში, როდესაც მოწინააღმდეგე მხარეს არც ზემოაღნიშნული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი სადავოდ არ გაუხდია.

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც თავად მოწინააღმდეგე მხარეა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამუშავების თანაავტორი, დაუსაბუთებელია სასამართლოს აპელირება მოწინააღმდეგე მხარის რაიმე სახის კანონიერი ნდობის არსებობასთან დაკავშირებით, უკეთუ, განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება ისედაც ითვალისწინებდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთზე, როგორც სერვიტუტის, ისე სარეკრეაციო ზონის არსებობას. თუ მხარისთვის მიუღებელი იყო მსგავსი სახით ტერიტორიის განვითარება, მას შეეძლო სხვაგვარად წარმოედგინა პროექტი. ამასთან, თუ არ ეთანხმებოდა მსგავსი სახით განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცებას, შეეძლო გაესაჩივრებინა ან უფრო მეტი, უკვე დამტკიცებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების შეტანა მოეთხოვა. ნიშანდობლივია, რომ მოსარჩელეს არცერთი დასახელებული უფლებით არ უსარგებლია.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება დაკავშირებულია შემთხვევასთან, როდესაც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნა დაუშვებელია, ანუ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოადგენს მეორადი მოთხოვნის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოებს უნდა ემსჯელათ იმ გარემოებაზე, გამოიყენა თუ არა მოწინააღმდეგე მხარემ მისთვის კანონით მინიჭებული ყველა უფლება და აღნიშნული უფლების ამოწურვის შემდეგ ითხოვს თუ არა ზიანის ანაზღაურებას. სასამართლო ისე აკმაყოფილებს სარჩელს, რომ საერთოდ არ იკვლევს აღნიშნულ გარემოებას.

კასატორის წარმომადგენელი ასევე არ ეთანხმება უძრავი ქონების შეფასების ანგარიშის უაპელაციოდ გაზიარებას და აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ შეფასებაში არ არის გათვალისწინებული შესაფასებელი ობიექტის რეალური მდგომარეობა, კერძოდ, ქონება შეფასდა განაშენიანების რეგულირების გეგმამდე არსებული მდგომარეობით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ შემფასებელმა შეაფასა მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება, როგორც სრულად საცხოვრებელ ზონა 1-ში მდებარე, სარეკრეაციო ზონა 1-ის, სატრანსპორტო ზონა 1-სა და სერვიტუტის გარეშე. იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, განაშენიანების რეგულირების გეგმის შეთანხმება, თავად მოსარჩელის ინტერესში შედიოდა, აბსოლუტურად გაუგებარია ადმინისტრაციული ორგანოსთვის, რის საფუძველზე შეაფასებინა შემფასებელს უძრავი ნივთი - საცხოვრებელი ზონა 1-ის ფუნქციით?!! წინამდებარე შეფასების მე-8 პუნქტის მე-8 ქვეპუნქტის თანახმად, იგულისხმება, რომ დაცულია შესაბამისი ზონირების პირობები და სხვა ყველა სახის შეზღუდვები, გარდა დასკვნაში მითითებული შემთხვევებისა.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების დანართი №1.9 მოიცავს საშიში გეოდინამიკური პროცესების მიხედვით თბილისის დარაიონების რუკას, რომელიც იძლევა ინფორმაციას თბილისში მეწყრული და ღვარცოფული, ასევე სხვადასხვა რელიეფური და გეოლოგიური მონაცემების მქონე ტერიტორიების შესახებ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www...) განთავსებული ინტერაქტიული რუკით დგინდება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი მოქცეულია - ქ. თბილისის გეოლოგიური საფრთხეების არეალში (საფრთხის დონე საშუალო), ხოლო ნაწილი დაბალი გეოდინამიკური საფრთხეების არეალში. იმის მიუხედავად, რომ შემფასებელმა გამორიცხა მიწის ნაკვეთზე რაიმე სახის შეზღუდვის არსებობა, გარდა მის შეფასებაში არსებულისა, ნათელია, რომ მიწის ნაკვეთი გეოდინამიკური საფრთხის არეალშია მოქცეული. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების შეფასებისთვის, ასევე მნიშვნელოვანია, რამდენადაც მნიშვნელოვნად შეიძლება შეამციროს მისი ღირებულება. შესაბამისად, აღნიშნული გარემოებები იძლევა იმის დასკვნის საფუძველს, რომ უძრავი ქონების შეფასების ანგარიში არ ეყრდნობა რეალურ/ობიექტურ ფაქტობრივ გარემოებებს და სასამართლოს მხრიდან არ უნდა იქნეს გაზიარებული.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ქონების შეფასების ის დასკვნა, რომელიც მოწინააღმდეგე მხარეს აქვს წარმოდგენილი, ვერ დაედება საფუძვლად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ოდენობის გაანგარიშებას, რადგან შემფასებლის მიერ ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრისას არ არის გათვალისწინებული ზემოთ მითითებული ფაქტორები. შესაბამისად, დასკვნაში მითითებული ღირებულება არ ეყრდნობა რეალურ მონაცემებს და იგი, როგორც მტკიცებულება, არ უნდა გამოეყენებინა სასამართლოს ქონების საბაზრო ღირებულების დასადგენად. თუმცა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა აქვე მიუთითებს მასზეც, რომ განსახილველ შემთხვევაში საერთოდ საფუძვლებს მოკლებულია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე აპელირება და შესაბამისად, არც წინამდებარე დასკვნა წარმოადგენს რელევანტურს.

კასატორის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 08 აპრილის განჩინება იურიდიულად არასაკმარისადაა დასაბუთებული, მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება, რაც, მისივე მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია. ორივე ინსტანციის სასამართლო უპირობოდ იზიარებს მხარის მითითებას საკუთრების უფლების დარღვევაზე და უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც უტყუარად არ არის დადასტურებული. სასამართლოს მსჯელობა საკუთრების უფლების შეზღუდვის თაობაზე არის დაუსაბუთებელი.

ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა სხვადასხვა დადგენილი გარემოება, კერძოდ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს 2022 წლის 28 ივნისის №01221794056-67 განცხადებით მიმართეს ნ.ფ-იმა და სხვებმა, რომლებმაც მოითხოვეს ქ. თბილისში, სოფელ ...ში, ...ის ქუჩა №..., №..., №..., №..., №.., ...ის ქუჩა №..., №..., №...-ში არსებულ მიწის ნაკვეთებსა და მიმდებარე დაურეგისტრირებელ ტერიტორიაზე ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტის დამტკიცება. წინამდებარე განცხადებაზე, სხვა დოკუმენტაციასთან ერთად თანდართული იყო ერთ-ერთი №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის (მოსარჩელის) ნოტარიულად დამოწმებული (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი №...; რეგისტრაციის თარიღი: 13.09.2022წ.) თანხმობა.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ მიიღო 30.11.2022წ. №22.1825.1968 განკარგულება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 23.12.2022წ. №661 განკარგულება - ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთებზე ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების პროექტის მოწონების თაობაზე.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 18.10.2023წ. №23.1588.1750 განკარგულებით ზემოხსენებული მიწის ნაკვეთებზე ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლების განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი მოწონებულ იქნა, ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20.10.2023წ. №526 განკარგულებით დამტკიცდა ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლების განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი. ასევე დადგენილი გარემოებაა, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების ინტერესი, სხვა განმცხადებლებთან ერთად გააჩნდა მოსარჩელესაც. შესაბამისად, დაუსაბუთებელია საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით აპელირება და შემდგომში, ამ აპელირების გაზიარება ორივე ინსტანციის სასამართლოს მიერ.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელი არ იზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმით გათვალისწინებულ იქნა მიწის ნაკვეთების მონაცვლეობის საკითხი. წინამდებარე განმარტება არ გამომდინარეობდა არცერთი დოკუმენტიდან და წარმოადგენდა მხარის არასწორ ინტერპრეტაციას. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ არ დასტურდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რასაც შედეგად მოჰყვა პირის კანონიერი უფლებების შეზღუდვა და მატერიალური ზიანი. შესაბამისად, არ არსებობს მიზეზობრივი კავშირი მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოსა და მოსარჩელისთვის დამდგარ შედეგს შორის, რაც არ გაითვალისწინეს ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა.

ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, კასატორის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევა, რაც სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების უდავო სამართლებრივი საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 29 აპრილის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრების განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს, შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში შესაფასებელია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობასა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის გ.გ-ის სასარგებლოდ მიყენებული მატერიალური ზიანის 40 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში ანაზღაურების დაკისრების კანონიერება.

სახელმწიფო ორგანოთა და მოსამსახურეთა მიერ უკანონოდ მიყენებული ზიანის სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია, როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტით, ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლით, რომლის პირველი პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მხრიდან განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით თავისი სამსახურებრივ მოვალეობის დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამ ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს. აღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, ცალსახად დგინდება, რომ ზიანის ანაზღაურების დასაკისრებლად უნდა არსებობდეს სათანადო მტკიცებულებით დადასტურებული, სახელმწიფო ან საჯარო მოსამსახურის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და უკანონო ქმედების შედეგადაც სახეზე უნდა იყოს მიყენებული ზიანი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

ამ ნორმების ანალიზიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა უწინარესად მიმართულია შელახული სამართლებრივი სიკეთის ან დარღვეული უფლების აღდგენისა და შენარჩუნების ინტერესისაკენ. გამონაკლისის სახით, ანუ როდესაც რესტიტუციის გზით შელახული სამართლებრივი სიკეთის, ან დარღვეული უფლების აღდგენა და შენარჩუნება შეუძლებელია, ან არათანაზომიერად დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, შესაძლებელია, კრედიტორს მიეცეს ფულადი ანაზღაურება, ანუ ზიანი ანაზღაურდეს მატერიალური ბალანსის აღდგენის გზით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა ზიანის ლეგალურ დეფინიციას არ იცნობს, თუმცა ზიანის ცნებაში მოიაზრება პირის სამართლებრივად დაცულ სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები. ზოგადად, ვალდებულების დარღვევა (უკანონო მმართველობითი ღონისძიება) სამართლებრივი პასუხისმგებლობის დადგომის საფუძველია, რომელიც იურიდიული პასუხისმგებლობის სახეა. მნიშვნელოვანია, რომ პირს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით (2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №2/3/630 „საქართველოს მოქალაქე თინა ბეჟიტაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“), კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის (ამჟამად კონსტიტუციის 18.4 მუხლი) უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.“ აღსანიშნავია, რომ ნორმაში მოცემული პირობები კუმულაციური სახით არის წარმოდგენილი და აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოქალაქეთა მიმართვის საფუძველზე, რომელსაც თან ერთვოდა, მათ შორის, მოსარჩელის თანხმობაც, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ მათი კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებული იქნა რიგი ღონისძიებები, რის შედეგადაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20.10.2023წ. №526 განკარგულებით, სოფელ ...ში გარკვეულ ტერიტორიაზე მოწონებული და დამტკიცებული იქნა ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლების განაშენიანების რეგულირების გენერალური გეგმის (გრგ) პროექტი. აღნიშნული ტერიტორია, კერძო პირთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთა გარდა, ასევე მოიცავდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, რის თაობაზეც სსიპ ქონების მართვის სააგენტოს გამოხატული ჰქონდა საკუთარი პოზიცია და განმარტავდა, რომ არ იყო წინააღმდეგი აღნიშნული მიწის ნაკვეთი და დაურეგისტრირებელი სივრცე მოხვედრილიყო განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების საპროექტო არეალში, ასევე მისი ნაწილის გამოყენება განხორციელებულიყო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით და ნაწილობრივ მინიჭებოდა სატრანსპორტო ზონის სტატუსი. შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20.10.2023წ. №526 განკარგულებით დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გენერალური გეგმით ადგილი უნდა ჰქონოდა მოქალაქეთა საკუთრების უფლების შეზღუდვის გარეშე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ხარჯზე სატრანსპორტო განვითარებას. აღნიშნული მოცემულობიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20.10.2023წ. №526 განკარგულებით დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გენერალური გეგმით გათვალისწინებული იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთა ურთიერთმონაცვლეობა, რაც დასტურდებოდა გენგეგმის ესკიზურ ნახაზსა და საპროექტო არეალში არსებული მიწის ნაკვეთების ამსახველი ნახაზით, სადაც A... მიწის ნაკვეთი ს/კ №... (წინა ნომერი ...) ფიქსირდებოდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებად, ხოლო მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი შეესაბამებოდა A...-ს, №... საკადასტრო კოდით (წინა საკადასტრო კოდი - №...) რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, შესაბამისად, მათი ადგილმონაცვლეობის შედეგად, A... მიწის ნაკვეთი უნდა დარეგისტრირებულიყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის, ხოლო A... მოსარჩელის საკუთრებად, ადგილმდებარეობის ცვლილებით.

ზემოაღნიშნული გარემოება ასევე დადასტურებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 11 დეკემბრის წერილით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ, რომლითაც მუნიციპალიტეტს ეცნობა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20.10.2023წ. №526 განკარგულებით დამტკიცებული ინდივიდუალური ერთბინიანი საცხოვრებელი სახლების განაშენიანების რეგულირების გენერალური გეგმის შესაბამისად, №... (წინა საკადასტრო კოდი:...) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი შეესაბამებოდა განაშენიანების გეგმის მიხედვით განსაზღვრულ A-... ნაკვეთს, ხოლო №... საკადასტრო კოდით (წინა საკადასტრო კოდი: №...) რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი A-... ნაკვეთს. ამდენად, ვინაიდან დგინდებოდა, რომ წინამდებარე განკარგულებით №... და №... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ნივთები იყო გადანაცვლებული, მარეგისტრირებელი ორგანო მუნიციპალიტეტიდან მოითხოვდა ინფორმაციას ურთიერთმონაცვლეობის საფუძველს წარმოადგენდა თუ არა მიწის ნაკვეთთა გაცვლა.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 31.01.2025წ. №... წერილით განიმარტა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №...) და კერძო საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: №...) გადანაცვლების საფუძველს წარმოადგენდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 20.10.2023წ. №526 განკარგულებით დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გენერალური გეგმა, რომლის ფარგლებშიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი განსაზღვრული იყო, როგორც საპროექტო A-... მიწის ნაკვეთი (ფართობი: 1001 კვ.მ, დანიშნულება არასასოფლო-სამეურნეო).

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მოპასუხეთა მიერ მოწონებული და დამტკიცებული განაშენიანების გენერალური გეგმის გათვალისწინებით, №... საკადასტრო კოდით (წინა საკადასტრო კოდი: №...) რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე გ.გ-ის უდავოდ წარმოეშვა კანონიერი მოლოდინი, რომ მის საკუთრებაში დარეგისტრირდებოდა ზემოაღნიშნულ გეგმაზე A-... მონიშვნით მითითებული მიწის ნაკვეთი, რაც არ განხორციელებულა. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა დასკვნას, რომ მოსარჩელეს მოპასუხეთა დაპირების მიმართ ჰქონდა კანონიერი ნდობა, რაც წარმოშობდა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება დაკავშირებულია შემთხვევასთან, როდესაც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნა დაუშვებელია, ანუ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოადგენს მეორადი მოთხოვნის უფლებას, რის გამოც მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს სადავოდ უნდა გაეხადა მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებები, თუ არ ეთანხმებოდა იმ მოცემულობას, რომ განაშენიანების რეგულირების გენერალურ გეგმაზე მონიშნული A... მიწის ნაკვეთი გადაცემული იქნა მესამე პირისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებითაც საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ განაშენიანების რეგულირების გენერალურ გეგმაზე მონიშნულ A... მიწის ნაკვეთზე თავდაპირველად გ.ჭ-ას საკუთრების უფლების, ხოლო შემდგომ მასთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ამავე უძრავ ნივთზე ხ.გ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების გასაჩივრების გარეშეც, უდავოდ იყო სახეზე დამდგარი ზიანი და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობა, ვინაიდან იმ რეგისტრაციების გასაჩივრება, რომელიც გ.ჭ-ას შემთხვევაში ისედაც ძალადაკარგული იყო შემდგომი რეგისტრაციის განხორციელების გამო, ხოლო ხ.გ-ის შემთხვევაში არსებობდა მისი კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევის წინაპირობები, ვერ შეცვლიდა ფაქტობრივ მდგომარეობას მოსარჩელის სასარგებლოდ. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე მოკლებული იყო შესაძლებლობას მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილებების კანონიერების შემოწმების გზით აღედგინა დარღვეული უფლება, არსებობდა მოპასუხეთა მიმართ მატერიალური ზიანის მოთხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუცია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განიხილავს საკუთრების უფლების შეზღუდვის და საკუთრების უფლების ჩამორთმევის საკითხს, ამასთან, აწესებს, რომ შეზღუდვა არ უნდა იყოს ისეთი ხარისხის, რომ გამოიწვიოს საკუთრების უფლების არსის დარღვევა, შეზღუდვა საკუთრების უფლებას არ უნდა უკარგავდეს არსს და ეჭვქვეშ არ უნდა აყენებდეს საკუთრების უფლების შინაარსს. შესაბამისად, თუკი აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება მოითხოვს იმგვარ შეზღუდვას, რაც საკუთრების უფლებას არსს უკარგავს, ასეთ დროს შესაძლებელია საკუთრების უფლების ჩამორთმევა საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული წინაპირობის დაცვით, მხოლოდ სამართლიანი ანაზღაურების სანაცვლოდ - ექსპროპრიაციის გზით. საკუთრების უფლება არ განეკუთვნება აბსოლუტურ უფლებათა კატეგორიას, რომელთა შეზღუდვაც დაუშვებელია. ამ უფლების შეზღუდვა კანონმდებლის მიერ მხოლოდ განსაკუთრებული წინაპირობებით არის შესაძლებელი. სახელმწიფოს ნეგატიურ ვალდებულებას შეადგენს ისეთი მოქმედებებისაგან თავის შეკავება, რომელიც გამოიწვევს საკუთრების უფლებაში ჩარევას, ხოლო სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას შეადგენს ისეთი სამართლებრივი სისტემის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან ბალანსს საზოგადოების წევრებს შორის (სუსგ საქმე №ბს-1112(კ-18), 26.01.2021წ.; საქმე №ბს-427(2კ-22), 24.06.2024წ.).

მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ მოსარჩელეს არსებითად შეეზღუდა თავისი ნაკვეთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა. საკასაციო პალატა თვლის, რომ ნაკვეთით დანიშნულებისამებრ სარგებლობის შეუძლებლობა გულისხმობს საკუთრების არსებით შეზღუდვას, რადგან სარგებლობის შეუძლებლობის შემთხვევაში აზრს კარგავს მიწის ნაკვეთზე არსებული საკუთრება და იძენს მხოლოდ ფორმალურ ხასიათს. მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მსჯელობა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ მოწონებული და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გენერალური გეგმა, რომლის მიმართაც მოსარჩელეს ცალსახად გააჩნდა კანონიერი ნდობა, მის მიწის ნაკვეთთან მიმართებით არ იქნა აღსრულებული, მეტიც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ის მიწის ნაკვეთი, რომელიც უნდა გაცვლილიყო მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლების აღიარებით დარეგისტრირდა მესამე პირზე, რამაც შეუძლებელი გახადა გეგმით გათვალისწინებული პროექტის შესრულება და მოსარჩელეს დაუსაბუთებლად შეუზღუდა საკუთრებით სრულფასოვნად სარგებლობის უფლება. მოსარჩელის მიერ თავდაპირველ ეტაპზე სწორედ კანონიერი ინტერესის შესაბამისად იქნა განცხადებული თანხმობა განაშენიანების რეგულირების გეგმაზე იმ პირობით, რომ არ შეილახებოდა მისი საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთთა მონაცვლეობის გზით, რაც არ იქნა განხორციელებული და მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი, დარჩა რა თავდაპირველი მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული საჯარო სერვიტუტითა და სამშენებლოდ განვითარებისათვის შეზღუდული ზონირებით, საერთო ჯამში 400 კვ.მ ფართობის ოდენობით.

რაც შეეხება კასატორთა მითითებას მიწის ნაკვეთის შეფასებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სწორედ მოცემული მდგომარეობის შექმნამ გამოიწვია, რის შედეგადაც გ.გ-ის საკუთრების უფლებით ჯერ კიდევ 2001 წლიდან რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი ზონა 1 შეიცვალა და არ განხორციელდა მიწის ნაკვეთთა შეთანხმებული მონაცვლეობა, შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორთა მოსაზრება ობიექტის სარეკრეაციო ზონა 1-ის, სატრანსპორტო ზონა 1-ისა და სერვიტუტის გათვალისწინებით შეფასების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორების მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საფუძველს. მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 08 აპრილის განჩინება;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

გ. მაკარიძე

ბ. სტურუა