დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-119(2კ-26) 18 ივნისი, 2026 წელი,თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თამარ ზამბახიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე,თამარ ოქროპირიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრების ავტორები – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საქართველოს პრეზიდენტი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ბ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.07.2025 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრების ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.10.2024 წლის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „სააგენტო“) და საქართველოს პრეზიდენტის (შემდეგში ტექსტში სააგენტოსთან ერთად მოხსენიებული, როგორც „მოპასუხეები“ ან „კასატორები“) მიმართ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 18.08.2023 წლის №389 ბრძანებულება მოსარჩელისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 04.08.2023 წლის №1000888436 დასკვნა მოსარჩელის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის თაობაზე; სააგენტოს დაევალა მოსარჩელისათვის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ დადებითი დასკვნის მომზადების თაობაზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
2. გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრები წარადგინეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.07.2025 წლის განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. 25.05.2023 წელს მოსარჩელემ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ განცხადებით მიმართა სააგენტოს. განცხადებას ერთვოდა მისი დაბადების მოწმობა, რომლის მიხედვით, მოსარჩელე დაბადებულია უკრაინაში. განცხადებას ასევე ერთვის მოსარჩელის სახელზე გაცემული უკრაინის მოქალაქის პასპორტი. განმცხადებელმა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოტივად მიუთითა, რომ ჰყავს საქართველოს მოქალაქე მშობლები.
3.2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 23.06.2023 წლის SSG 1 23 00144109 მიმართვით, სააგენტოს 29.05.2023 წლის №1000888436/1 წერილის პასუხად ეცნობა, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს მოსარჩელის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია. საქართველოს დაზვერვის სამსახურის 01.06.2023 წლის №00002932 წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ მოსარჩელის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.
3.3. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 26.06.2023 წლის №17953 სხდომის ოქმით დგინდება, რომ კომისიამ გადაწყვიტა მოსარჩელის გასაუბრებაზე დაბარება. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 03.08.2023 წლის №20116 სხდომის ოქმით დგინდება, რომ კომისია გაესაუბრა მოსარჩელის წარმომადგენელს თ. შ-ას. გასაუბრებისას გაირკვა, რომ მოსარჩელე არის უკრაინის მოქალაქე, დაიბადა უკრაინაში, იქვე მიიღო საშუალო და უმაღლესი განათლება, დასაქმებული იყო ქ. კიევში სტომატოლოგიურ კლინიკაში, ქორწინებაშია უკრაინის მოქალაქესთან, შვილები არიან უკრაინის მოქალაქეები, ამჟამად ოჯახთან ერთად ცხოვრობს თურქეთში, მეუღლე დასაქმებულია ქ. სტამბულში სტომატოლოგიურ კლინიკაში, მშობლები ესპანეთში ცხოვრობენ, საქართველოში ჰყავს ბებია და პაპა. კომისიამ შეისწავლა საქმის მასალები, შეაფასა მის ხელთ არსებული ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია და მიიჩნია, რომ მოსარჩელე არ აკმაყოფილებდა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. მიღებული ინფორმაციისა და მოსარჩელის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ ადმინისტრაციული წარმოების მასალებზე დაყრდნობით, კომისიამ იმსჯელა აღნიშნული პირის მიმართ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული პირობის არსებობის შესახებ და დაადგინა, რომ საქართველო/უკრაინის მოქალაქის მოსარჩელის მიმართ არ არსებობდა კანონის 211 მუხლით გათვალისწინებული პირობა. კომისიამ განსაზღვრა, რომ სააგენტომ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ოქმის საფუძველზე მოამზადოს უარყოფითი დასკვნა.
3.4. სააგენტომ 04.08.2023 წელს მოამზადა მოსარჩელის მიმართ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე №1000888436 უარყოფითი დასკვნა.
3.5. სააგენტოს 04.08.2023 წლის №1000886297/1 წერილით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაიგზავნა №1000888436 დასკვნა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 08.08.2023 წლის №5733 მიმართვის თანახმად, №1000888436 დასკვნაზე საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი გამოცემული არ არის.
3.6. სააგენტოს 16.08.2023 წლის №1000903553 დასკვნის თანახმად, მოსარჩელის მიმართ არსებობს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. შესაბამისად, სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია დაკმაყოფილებულიყო 16.08.2023 წლის №1000903553 განცხადება/წარდგინება და მოსარჩელეს შეწყვეტოდა საქართველოს მოქალაქეობა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლით.
3.7. საქართველოს პრეზიდენტის 18.08.2023 წლის №389 ბრძანებულებით „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, მოსარჩელეს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.
3.8. საჯარო რეესტრიდან ამონაწერების თანახმად, გ. ბ-ის საკუთრებაშია სამი უძრავი ნივთი. გ. ბ-ი და ხ. კ-ა არიან საქართველოს მოქალაქეები და არიან მოსარჩელის მშობლები. არასრულწლოვნები - გ. ბ-ი, მ. ბ-ი და გა. ბ-ი არიან საქართველოს მოქალაქეები, მათი დაბადების ადგილია უკრაინა, მოქალაქის პირადობის მოწმობები გაცემულია 29.05.2023 წელს.
3.9. თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 07.04.2025 წლის SSG 2 25 00076591 წერილი, რომლის მიხედვით, 29.05.2023 წელს სუს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში სააგენტოდან მიღებულ იქნა უკრაინის მოქალაქე მოსარჩელის საქმე, რომელიც ითხოვდა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებას. აღნიშნულ საქმეზე, ზემოთხსენებულ სააგენტოში 23.06.2023 წელს გაიგზავნა დადებითი რეკომენდაცია.
3.10. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მისი საქართველოსთან კავშირი სარწმუნოდ არ იქნა მიჩნეული. სააგენტომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ არ არსებობს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლით განსაზღვრული მოქალაქეობის შენარჩუნების პირობები, რაც სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა.
3.11. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის ოჯახის წევრები - მშობლები და და-ძმა არიან საქართველოს მოქალაქეები, მისი ნათესავები ცხოვრობენ საქართველოში, თავადაც პერიოდულად იმყოფება საქართველოში. ამასთან, მისი ოჯახის წევრს - მამას საქართველოში აქვს კერძო საკუთრება. შესაბამისად, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ სადავო დასკვნა არ გამომდინარეობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების კანონმდებლობის შესაბამისი ლოგიკური, სრული და თანმიმდევრული ანალიზით. გარემოებები, რომლებიც დადგინდა ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, მოსარჩელის მიერ წარდგენილ მოთხოვნაზე სხვაგვარი - დადებითი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას წარმოადგენდა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს მიღებული აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და დღეის მდგომარეობით არ ცხოვრობს საქართველოში, უპირობოდ არ ქმნის მისი საქართველოსთან კავშირის დადასტურების შეუძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის ოჯახის წევრები არიან საქართველოს მოქალაქეები, მისი ნათესავები ცხოვრობენ საქართველოში და თავადაც პერიოდულად იმყოფება საქართველოში. ამდენად, სადავო დასკვნა დაუსაბუთებელია, რაც სააგენტოს 04.08.2023 წლის №1000888436 დასკვნის ბათილად ცნობისა და მისთვის ახალი დადებითი დასკვნის გამოცემის დავალების წინაპირობაა.
3.12. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის 18.08.2023 წლის №389 ბრძანებულებას, რომლის თანახმად, მოსარჩელეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა, სააპელაციო პალატამ მიუთითა „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომელიც ადგენს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუმცა დასახელებული ნორმა ასევე უშვებს გამონაკლისს, რომ საქართველოს მოქალაქეს შეიძლება შეუნარჩუნდეს საქართველოს მოქალაქეობა, თუ იგი საქართველოს სახელმწიფოდან მიიღებს თანხმობას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე. სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხს კი არეგულირებს დასახელებული კანონის 211 მუხლი. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქართველოს პრეზიდენტის სააპელაციო საჩივარში მითითებული პოზიცია, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხი და სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხის განხილვა ხდება სხვადასხვა ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, თუმცა არ გაიზიარა მისი პოზიცია, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის დადებითად გადაწყვეტა გავლენას ვერ მოახდენს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე პრეზიდენტის მიერ მიღებულ აქტზე. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ, მართალია, კანონი ითვალისწინებს მოქალაქეობის შეწყვეტას სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, თუმცა კანონი ასევე ცალსახად ადგენს, რომ მოქალაქეს არ შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა, თუ მის მიმართ მიღებულ იქნება გადაწყვეტილება მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ, რასაც, განსახილველ შემთხვევაში, აქვს ადგილი. მოცემულ შემთხვევაში, დადგინდა მოსარჩელის სარწმუნო კავშირი საქართველოსთან და სააგენტოს დაევალა დასახელებულ საკითხზე დადებითი დასკვნის მიღება. შესაბამისად, მოსარჩელისთვის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე უარის თქმის თაობაზე სააგენტოს 04.08.2023 წლის №1000888436 დასკვნის ბათილად ცნობისა და სააგენტოსათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების წინაპირობების გათვალისწინებით, არსებობს საქართველოს პრეზიდენტის 18.08.2023 წლის №389 ბრძანებულების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
საკასაციო საჩივრების მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივრები წარადგინეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის (შემდეგში სასკ) 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
7. განსახილველ შემთხვევაში, შესაფასებელია, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების პირობებში, მოსარჩელისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების წინაპირობების არსებობა.
8. საქართველოს მოქალაქეობა არის საქართველოსთან პირის განსაკუთრებული პოლიტიკური, სამართლებრივი და სოციალურ-კულტურული კავშირი. იგი არის ქართულ სახელმწიფოსა და საზოგადოებაში ინდივიდის სრულყოფილი ინტეგრაციის ერთგვარი გამოხატულება (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.03.2025 წლის გადაწყვეტილება, საქმე №3/3/1601, II-17). ცალკეულ სამართლებრივ ურთიერთობებში საქართველოს მოქალაქის უფლებრივი მდგომარეობა განსხვავდება უცხოელის მდგომარეობისაგან, რაც განპირობებულია ამ ურთიერთობისა და თავად მოქალაქეობის ბუნებით. საქართველოს კონსტიტუციის რიგი დებულებები მიუთითებს, რომ ესა თუ ის უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ეკუთვნით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 07.12.2018 წლის გადაწყვეტილება, საქმე №2/9/810,927, II-10).
9. მართალია, მოქალაქეობის უფლება, როგორც ასეთი, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით არ არის გარანტირებული (Usmanov v. Russia, 22.12.2020, №43936/18, §53), თუმცა გარკვეული გარემოებების არსებობისას მოქალაქეობაზე თვითნებურად უარის თქმამ შესაძლოა გამოიწვიოს კონვენციის მე-8 მუხლით დაცულ უფლებაში ჩარევა (შდრ. Genoveze v. Malta, 11.10.2011, №53124/09, §30).
10. „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (შემდეგში „ორგანული კანონი“) პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს. ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქე იმავდროულად შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე მხოლოდ ამ კანონის მე-17 და 211 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
11. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ორგანული კანონის 211 მუხლი ადგენს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებისას საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესაძლებლობას საქართველოს სახელმწიფოსგან თანხმობის მიღების შემთხვევაში. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, თანხმობის გაცემის საფუძველს ქმნის საქართველოს მოქალაქის საქართველოსთან კავშირის სარწმუნოდ მიჩნევა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებთან შეუსაბამობის არარსებობა (ორგანული კანონის 211 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები). საქმის მასალებში არსებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 23.06.2023 წლის SSG 1 23 00144109 მიმართვისა და საქართველოს დაზვერვის სამსახურის 01.06.2023 წლის №00002932 წერილის თანახმად, აღნიშნულ სამსახურებს მოსარჩელის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ (ტ.1, ს.ფ. 241-242). თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 07.04.2025 წლის SSG 2 25 00076591 წერილის მიხედვით, 29.05.2023 წელს სუს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში სააგენტოდან მიღებულ იქნა უკრაინის მოქალაქე მოსარჩელის საქმე, რომელიც ითხოვდა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებას. აღნიშნულ საქმეზე, ზემოთხსენებულ სააგენტოში 23.06.2023 წელს გაიგზავნა დადებითი რეკომენდაცია (ტ.2, ს.ფ. 79-80). მსგავსი შინაარსისაა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 27.02.2026 წლის SSG 5 26 00066314 წერილიც (ტ.2, ს.ფ. 213-214). ამდენად, განსახილველი დავის ფარგლებში შეფასებას საჭიროებს მოსარჩელის საქართველოსთან სარწმუნო კავშირის არსებობა.
12. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოქალაქის საქართველოსთან სამომავლო კავშირის სარწმუნოების შემოწმება კომპლექსური პროცესია და კანონმდებლობაში ჩამოთვლილი კრიტერიუმები არ არის ამომწურავი, თუმცა მათი სრული ან ნაწილობრივი დაკმაყოფილება დადებითი დასკვნის გაცემის წინაპირობას იძლევა (სუსგ №ბს-978(კ-23), 19.12.2023წ.).
13. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 04.09.2018 წლის №2 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების“ მე-40 მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე საქართველოს მოქალაქის სამომავლო კავშირის საქართველოსთან სარწმუნოდ მიჩნევისას, სხვებს შორის, შეიძლება მხედველობაში მიღებული იქნეს შემდეგი გარემოებები: ა) ბიოგრაფიული ცნობები, რომლებიც იძლევა საქართველოს სახელმწიფოსთან პირის კავშირის შეფასების შესაძლებლობას; ბ) საქართველოში უძრავი ქონების ფლობა; გ) საქართველოში საქმიანობა; დ) ოჯახის წევრების სამართლებრივი კავშირი საქართველოსთან.
14. განსახილველ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელის ოჯახის წევრები არიან საქართველოს მოქალაქეები, მისი ნათესავები ცხოვრობენ საქართველოში და თავადაც პერიოდულად იმყოფება საქართველოში. მისი ოჯახის წევრს - მამას საქართველოში აქვს უძრავი ქონება. სააგენტომ ვერ დაადასტურა მოსარჩელის მოქალაქეობის შენარჩუნებისთვის მითითებული გარემოებების არასაკმარისობა.
15. რაც შეეხება მოსარჩელისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 18.08.2023 წლის №389 ბრძანებულებას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სააგენტოს უარყოფითი დასკვნა ბათილად იქნა ცნობილი და სააგენტოს დაევალა მოსარჩელის მიერ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების შესახებ დადებითი დასკვნის მომზადება, მოსარჩელისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა არამართლზომიერია, რაც მართებულად გახდა ამ ბრძანებულების ბათილად ცნობის საფუძველი (შდრ. სუსგ №ბს-581(2კ-25), 20.01.2026წ.).
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03, 24.02.2009წ. (საბოლოო გახდა 24.05.2009წ.), §71; Van de Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19.04.1994წ., §61; García Ruiz v. Spain [GC], №30544/96, 21.01.1999წ., §26; Jahnke and Lenoble v. France (dec.), №40490/98, 29.08.2000წ; Perez v. France [GC], №47287/99, 12.02.2004წ., §81).
17. კასატორებმა ვერ შეძლეს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლიეს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლეს მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (შდრ. სუსგ №ბს-758(2კ-24), 21.01.2025წ; №ბს-1377(2კ-24), 28.03.2025წ; №ბს-759 (კ-25), 26.11.2025წ.). ასეთ საფუძველზე ვერც კასატორები მიუთითებენ.
18. საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია.
19. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს პრეზიდენტის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 22.07.2025 წლის განჩინება.
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/ნ: 202307404) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო მოთხოვნა №25143, გადახდის თარიღი 11.12.2025წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ზამბახიძე
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ოქროპირიძე