გაუქმდა და დაუბრუნდა ხელახლა განსახილველად

ადმინისტრაციული 28.04.2026
საქმის ნომერი
ბს-1199(კ-25)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.04.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-1199(კ-25) 28 აპრილი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე)- ლ. ჭ-ე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 14 თებერვალს ლ. ჭ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მან 2015 წლის 24 აპრილს მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოთხოვნის დაზუსტების შემდეგ ქ. თბილისში, ...ის N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 368 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული ორგანოს 21.04.2016წ. N496 (N52 საოქმო საკითხი) საოქმო გადაწყვეტილებით ლ. ჭ-ეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ დასაბუთებით, რომ მიწის ნაკვეთი მოქცეული იყო მდ. ...აში. ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების დასარეგისტრირებლად ლ. ჭ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. მარეგისტრირებელმა ორგანომ განცხადება გადაუგზავნა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას, რომლის 26.11.2018წ. N1867 განკარგულებით მოსარჩელეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე. ამდენად, მოსარჩელემ ზემოაღნიშნული განკარგულების ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

ლ. ჭ-ემ 2022 წლის 27 იანვარს კვლავ მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელის განმარტებით, მან მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მიმართა 2015 წლის 24 აპრილს და ქ. თბილისში, ...ის N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 368 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 21.04.2016წ. N496 საოქმო გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ კომისიის 21.04.2016წ. N496 ოქმით (დღის წესრიგის 52-ე საკითხზე) მიღებული გადაწყვეტილების (მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე) ბათილად ცნობა და მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ლ. ჭ-ეის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოპასუხისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 29 მარტის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის, ვ. ს-ეის შუამდგომლობა საქმეთა გაერთიანების შესახებ დაკმაყოფილდა; საქმე №3/1067-19 (მოსარჩელე: ლ. ჭ-ე, მოპასუხე: საკუთრების უფლების აღიარების კომისია) და საქმე №3/448-22, (მოსარჩელე: ლ. ჭ-ე, მოპასუხე: საკუთრების უფლების აღიარების კომისია) გაერთიანდა ერთ წარმოებად. საქმეთა გაერთიანების შემდეგ, მოსარჩელემ საბოლოოდ მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 21 აპრილის №496 ოქმისა და ამავე კომისიის 2021 წლის 5 ივლისის №860 განკარგულების ბათილად ცნობა. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა მიწის ნაკვეთზე ლ. ჭ-ეის საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოპასუხისთვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ჭ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 5 ივლისის №860 განკარგულება. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 21 აპრილის №496 ოქმი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ. ჭ-ეის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 21 აპრილის №496 ოქმის ბათილად ცნობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი. დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ჭ-ემ 2015 წლის 24 აპრილს განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ.თბილისში, ...ის (...ს შეს.) მიმდებარედ 611 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარება. მოგვიანებით, განმცხადებელმა შეამცირა მოთხოვნა და საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა 368 კვ.მ მიწის ნაკვეთზე.

თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 21 აპრილის N496 სხდომის ოქმით ლ. ჭ-ეს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე ეთქვა უარი, ვინაიდან მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მოქცეული იყო მდ....ის დატბორვის ზონაში.

ლ. ჭ-ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ქ.თბილისში, ...ის (...ს შესახვ.) N...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საერთო ფართობი - 368.00 კვ.მ. საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვა. ზემოაღნიშნული განცხადება გადაიგზავნა აღიარების კომისიაში, რომლის 26.11.2018წ. N1867 განკარგულებით სზაკ-ის 102-ე მუხლის საფუძველზე, მხარეს განცხადების განხილვაზე უარი ეთქვა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ აღნიშნული საკითხი უკვე განხილული იყოს კომისიის 21.04.2016წ. N496 საოქმო გადაწყვეტილებით, ხოლო ახალი გარემოების დამდგენი დოკუმენტაცია მხარეს არ წარუდგენია.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ლ. ჭ-ემ საქმის სააპელაციო წესით განხილვისას, კერძოდ 20.12.2023წ. დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მის მოთხოვნას წარმოადგენდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 21.04.2016წ. N496 ოქმის ბათილად ცნობა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტზე, 51 მუხლის მე-2, მე-3 და მე-7 პუნქტებზე და მე-3 მუხლის მე-2 პუნქტზე. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე ძირითადად უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მოქცეული იყო მდინარე ...ს დატბორვის ზონაში. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 20 აგვისტოს №07/11167-13 და 2016 წლის 29 მარტის №07/2639-13 წერილებზე, რომელთა თანახმად, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით მოქცეულია, როგორც მდ....ის დატბორვის ზონაში და ასევე სპეციალურ ზონა 1-ში.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებზე (ორთოფოტოები) დაყრდნობით აპელანტი მიიჩნევდა, რომ ლ. ჭ-ეის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი (მისამართი: ქ. თბილისი, ...ის ქ. №...-ის მიმდ. ტერიტორია, საერთო ფართობი - 368.00 კვ.მ.) დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით ნაწილობრივ მოქცეული იყო სატყეო და სპეციალურ ზონა 2-ში (სპეცზ-2), ასევე მიწის ნაკვეთზე ვრცელდებოდა სასაფლაოების შეზღუდვისა და მდინარის შეტბორვის არეალები. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (ორთოფოტოებით) ვერ დგინდებოდა მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის კონკრეტულად რა ნაწილი იყო მოქცეული სატყეო ზონაში და სპეციალურ ზონა 2-ში, ასევე რა ნაწილზე ვრცელდებოდა სასაფლაოების შეზღუდვისა და მდინარის შეტბორვის არეალები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 21 აპრილის №496 ოქმის (დღის წესრიგის 52-ე საკითხის ნაწილში) ბათილად ცნობის საფუძველი და მოპასუხისთვის საქმის გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

თბილისის საააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორი მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ამასთან, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს და არასწორად დაადგინა გასაჩივრებული აქტის უკანონობა. კასატორი მიუთითებს “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის “ნ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული ის მიწა, რომელზეც ვრცელდება სანიტარული და დაცვითი ზონები. სადავო არ არის, რომ მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთი ექცევა მდინარე ...ს შეტბორვის არეალში. შესაბამისად, სახეზეა საკუთრების უფლების აღიარების დამაბრკოლებელი გარემოება. კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტაციას მასზედ, რომ დასადგენია ასაღიარებელი მიწის ნაკვეთის რა ნაწილზე ვრცელდება შეზღუდვის ზონები. კასატორი აღნიშნავს, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ აზომვითი ნახაზზე დატანილი მიწის ნაკვეთზე სრულად ვრცელდება ისეთი შეზღუდვა, რომელიც ცალსახად წარმოადგენს ამ კონფიგურაციით მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძველს. კასატორი საყურადღებოდ მიიჩნევს საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე გამოვლენილ გარემოებებს მასზედ, რომ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე ასევე ვრცელდება სასაფლაოების შეზღუდვისა და სატყეო არეალები. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს დავალებით, საკითხის ხელახლა შესწავლა ადმინისტრაციული ორგანოს რესურსის არაგონივრული და მიზანშეუწონელი გამოყენებაა. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ საქმეში დაცული მტკიცებულებებით დასტურდება იმავე კატეგორიის მიწის ნაკვეთზე სხვა პირისთვის საკუთრების უფლების აღიარების ფაქტი. კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია იმავე ტერიტორიაზე 2009 წელს სხვა პირს თვითნებურად დაკავების საფუძვლით უღიარდა საკუთრების უფლება, თუმცა იმ პერიოდისთვის (2009 წელი) მოქმედი კანონი არ ითვალისწინებდა მდინარე ...ს შეტბორვის არეალს, როგორც შეზღუდვის ზონას საკუთრების უფლების აღიარების მიზნებისთვის. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, თანასწორობის პრინციპი არ დარღვეულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 20 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 12 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებელი, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რადგან არ ეფუძნება საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის "ე" და „ე1“ ქვეპუნქტების თანახმად, სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნების წინაპირობები.

საკასაციო სასამართლო, უპირველესად, მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.06.2022წ. გადაწყვეტილებით ლ. ჭ-ეის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2021 წლის 05 ივლისის №860 განკარგულება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 21 აპრილის №496 ოქმი და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ლ. ჭ-ეის მოთხოვნასთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მხოლოდ მოპასუხის მიერ.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა გასაჩივრებული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი; დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასაამართლოს 30.06.2022წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულმა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 21 აპრილის N496 ოქმის კანონიერება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ლ. ჭ-ემ 2015 წლის 24 აპრილს განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქ. თბილისში, ...ის (...ს შესახვ.) მიმდებარედ 611 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. მოგვიანებით, განმცხადებელმა წარადგინა დააზუსტებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი, რომლითაც მოითხოვა 368 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.

თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 20 აგვისტოს N07/11167-13 წერილის მიხედვით, სამსახურმა ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით განიხილა ...ის ქ. N...-ის მიმდებარედ 611 კვ.მ. მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი. მითითებული მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია სპეციალურ ზონაში (სპეცზ-1) ზონაში. მასზე გათვალისწინებულია სასაფლაოების სპეციალური შეზღუდვა.

თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 29 მარტის N07/2639-13 წერილის თანახმად, სამსახურმა ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით განიხილა ...ის ქ.N...-ის მიმდებარედ 368 კვ.მ. მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი. მითითებული მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია სპეციალურ ზონაში (სპეცზ-1) ზონაში. ამასთან, მიწის ნაკვეთი ნაწილობრივ მოქცეულია მდ....ის დატბორვის ზონაში.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებულ თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 21.04.2016წ. N496 სხდომის ოქმით ლ. ჭ-ეს მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი მოქცეული იყო მდ. ...ს დატბორვის ზონაში.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე, თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლების მქონე სუბიექტებს, პროცედურებსა და პირობებს, განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე, საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. ზემოაღნიშნული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად,თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა" ქვეპუნქტით (მართლზომიერი მფლობელობა) გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ზემოაღნიშნული კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლობა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თვითნებურად დაკავების საფუძვლით დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების აღიარების ორ ალტერნატიულ პირობას იცნობს: პირველ შემთხვევაში განმსაზღვრელია მიწის ნაკვეთის დაუფლების დრო (კანონის ამოქმედებამდე) და მასზე შენობა-ნაგებობის არსებობის საკითხი მაშინ, როდესაც მეორე საფუძვლით მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაკავებულად მიიჩნევა განმცხადებლის მიერ კანონის ამოქმედებამდე მის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის მომიჯნავედ მდებარე კანონიერი საფუძვლის გარეშე დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე). ამასთან მნიშვნელოვანია, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ უნდა იყოს განკარგული. ამასთან, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან (ზემოაღნიშნული კანონის 51 მუხლის მე-2 ნაწილი).

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და მისი შეზღუდვის იმპერატიულ დანაწესს შეიცავს "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწები: სასაფლაო, პანთეონი, სანიტარული და დაცვითი ზონები.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, სადავო ოქმში მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფის საფუძველად მიეთითა მდ. ...ს ხეობის დატბორვის ზონაში მოქცევა, თუმცა საქმის სააპელაციო წესით განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო მის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიუთითებდა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთთან მიმართებაში არსებობდა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკუთრების უფლების აღიარების სხვა გამომრიცხავი გარემოებებიც, კერძოდ, მიწის ნაკვეთი მოქცეული იყო სატყეო და სპეციალურ ზონა 2-ში, ასევე მიწის ნაკვეთზე ვრცელდებოდა სასაფლაოების შეზღუდვისა და მდინარის შეტბორვის არეალები. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული ორგანოს გამოსაკვლევ გარემოებას წარმოადგენდა უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის რა ნაწილზე ვრცელდებოდა კონკრეტული შეზღუდვის არეალები.

ამდენად, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების მიზნებისათვის, საკასაციო სასამართლოს შესაფასებელია 1. რამდენად პერსპექტიულია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2016 წლის 21 აპრილის №496 ოქმის (52-ე საკითხის ნაწილში) ბათილად ცნობა და მოპასუხისთვის საქმის გარემოებების გამოკვლევის შემდეგ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების აღიარების შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალება იმ პირობებში, თუ დაიშვება, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მოქცეულია სატყეო და სპეციალურ ზონა 2-ში, ასევე მასზე ვრცელდება სასაფლაოების შეზღუდვისა და მდინარის შეტბორვის არეალი; 2. სააპელაციო სასამართლო სადავო სამართალურთიერთობის გადაწყვეტის პროცესში ვალდებული იყო თუ არა თავად გამოეკვლია და შეეფასებინა იყო თუ არა სახეზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავი გარემოებანი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის. სააპელაციო სასამართლოში, საკასაციო სასამართლოსაგან განსხვავებით, საქმის განხილვა მიმდინარეობს იმ წესების დაცვით, რომელიც გათვალისწინებულია პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე განიხილოს არსებითად, გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და საქმეს მისცეს სამართლებრივი შეფასება. სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებასა და დასაბუთებულობას ამოწმებს როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, ანუ საქმეს განიხილავს, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, ისე მათი სამართლებრივი შეფასების კუთხით. საამისოდ კი სააპელაციო სასამართლოს გააჩნია ყველა ის საპროცესო მექანიზმი, რაც აუცილებელია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ყოველმხრივი შემოწმებისა და საქმის სრულყოფილი, კომპლექსური განხილვისათვის.

„..სააპელაციო ინსტანციის სასამართლო საქმის გადასინჯვის დროს განიხილავს როგორც ფაქტის, ისე სამართლის საკითხებს. არასრული (შეზღუდული) აპელაციის მოდელი არ გამორიცხავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების ინკვიზიციურ ელემენტებს, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს აქვს შესაძლებლობა თავად გამოიტანოს ახალი გადაწყვეტილება. სააპელაციო ინსტანციაში მართლმსაჯულების განხორციელების არსი მდგომარეობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი ასპექტების შემოწმებაში. სააპელაციო სასამართლო ერთის მხრივ, ამოწმებს პირველი ინსტანციის მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებით დარღვევების არსებობას და პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტების შესახებ მსჯელობას, ხოლო მეორეს მხრივ, თავად იკვლევს და აფასებს მტკიცებულებებს, რომელიც აუცილებელია საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევისათვის..“ (სუს 2021 წლის 2 ივნისის Nბს-568(2კ-კს-20) განჩინება).

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ზემოაღნიშნული წესების დარღვევით ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების შედეგად, ეს გარემოება მისი ბათულად ცნობის საფუძველია.

საკასაციო სასამართლო განმეორებით განმარტავს, რომ ასკ-ის 32.4 მუხლის შესაბამისად, სასამართლომ ადმინისტრაციული აქტი ბათილად უნდა ცნოს თუ ა) ეს აქტი გამოცემულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა-შეფასების გარეშე და ბ) ადმინისტრაციული წარმოების წესის დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლოს თავად არ შეუძლია, გამოიკვლიოს და დაადგინოს საჭირო ფაქტობრივი გარემოებები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობდა. საააპელაციო სასამართლოს განჩინება არ შეიცავს მითითებას თუ რომელი ფაქტობრივი გარემოებები არ გამოიკვლია ჯეროვნად ადმინისტრაციულმა ორგანომ.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა აპელანტის მიერ წარდგენილ ორთოფოტოებზე, თუმცა არ დაადგინა მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის რა ნაწილზე ვრცელდებოდა სატყეო ზონა და სპეციალურ ზონა 2, ასევე სასაფლაოების შეზღუდვის და მდინარის შეტბორვის არეალები. გასაჩივრებულ განჩინებაში ახსნილი არ არის რამ დააბრკოლა სააპელაციო სასამართლო შეეფასებინა აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებანი და დაედგინა ფაქტობრივი გარემოებანი უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის შეზღუდვით ზონებში მოხვედრის კუთხით.

ადმინისტრაციული ორგანოს მითითების მიუხედავად, სააპელაციო სასამართლოს არ გაუთვალისწინებია სადავო მიწის ნაკვეთის სატყეო, სპეციალურ ზონა 2-ში, სასაფლაოების და მდინარის შეტბორვის ზონაში შესაძლო მოქცევის საკითხი და არ შეუფასებია, დაიშვება თუ არა მასზე ფიზიკური პირის საკუთრების უფლების აღიარება.

საკასაციო პალატა მიუთითებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა - რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა ტერიტორია, გარდა საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მქონე ტერიტორიებისა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა ამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მტკიცების ტვირთი უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთზე შეზღუდვის ზონების გავრცელების ფარგლებთან დაკავშირებით სრულად გადაიტანა ადმინისტრაციულ ორგანოზე იმ პირობებში, როდესაც თავად მოსარჩელეს არ წარმოუდგენია ზემოაღნიშნული გარემოებების გამაქარწყლებელი რაიმე მტკიცებულება. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ სადავო აქტის მიღებამდე, ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზევე, საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის სამართლებრივი მდგომარეობის გამოკვლევის მიზნით მიმართა თბილისის არქიტეტურის სამსახურს, რომლის 20.08.15წ. წერილით კომისიას ეცნობა, რომ ...ის ქ. N...-ის მიმდებარე 611 კვ.მ მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით მოქცეული იყო სპეციალურ (სპეცზ-1) ზონაში. ამასთან, მასზე გათვალისწინებული იყო სასაფლაოების სპეციალური შეზღუდვა (ტ.2, ს.ფ 57). განსახილველ შემთხვევაში, მართალია კომისიის მიერ მიღებული გასაჩივრებული 21.04.2016წ. N496 ოქმი განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დასაბუთებულია მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი მოქცეული იყო მდ. ...ის დატბორვის ზონაში, თუმცა საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ უფლებაასაღიარებელ ნაკვეთზე ვრცელდებოდა სასაფლაოების შეზღუდვა. საკასაციო სასამართლოს მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ აღიარების კომისიის გასაჩივრებულ აქტში ასახული არაა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე სასაფლაოების შეზღუდვის გავრცელება, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება სადავო საკითხის გადაწყვეტის მიზნებისთვის არსებითი მნიშვნელობისაა, რაც ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ შეფასების მიღმაა დატოვებული.

საკასაციო სასამართლო, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ განსახილველ შემთხვევაში, სარჩელით მოთხოვნილია არა მხოლოდ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, არამედ, ასევე, მოპასუხისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებით უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე ლ. ჭ-ეის საკუთრების უფლების აღიარება.

საკითხის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, მსგავსი კატეგორიის საქმეებში არც თავად ადმინისტრაციული ორგანოა შეზღუდული, სამართალწარმოების ეტაპზე „გააფართოვოს“ საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის საფუძვლები აღიარების ხელშემშლელი ისეთი გარემოების მითითებით, როგორიცაა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის სატყეო, მდინარის დატბორვის თუ სასაფლაოების ზონისთვის მიკუთვნება.

შესაბამისად, ახალი აქტის გამოცემის დავალების მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისათვის, მიუხედავად იმისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ ასახა თუ არა ხსენებული გარემოება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში, სასამართლოს უწევს განსაზღვროს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების დასაშვებობა და ამ კუთხით, გამორიცხოს საკუთრების უფლების აღიარების შემაფერხებელი გარემოებების არსებობა. სადავო სამართალურთიერთობის გადაწყვეტის პროცესში, სასამართლო არ იზღუდება მხარეთა მითითებით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. შესაბამისად, ადმინისტრაციულ პროცესში განმტკიცებული ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო არა მხოლოდ უფლებამოსილი, არამედ ვალდებულია სრულყოფილად გამოიკვლიოს და შეისწავლოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი ინიციატივით განსაზღვროს გარემოებათა დადგენის საჭიროება და მოიძიოს ამ გარემოებათა დამადასტურებელი ან უარმყოფი მტკიცებულებები.

როგორც ზემოთ აღინიშნა, სააპელაციო სასამართლოს მინიჭებული აქვს არა მხოლოდ საქმეში მხარეთა მიერ წარმოდგენილი, არამედ, ასევე, მის მიერ დამატებით მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და, ყველა ფაქტობრივი გარემოების ერთობლივი სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების კომპეტენცია.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მიერ სათანადოდ არ არის დასაბუთებული, თუ რატომ დგას სადავო საკითხის კვლავ ადმინისტრაციულ ორგანოში განხილვის საჭიროება. გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს შესაბამის არგუმენტაციას, თუ რამ შეუშალა ხელი უშუალოდ სააპელაციო პალატას, თავადვე დაედგინა ფაქტობრივი გარემოებები და საკითხის არსებითი შეფასებით მიეღო საბოლოო გადაწყვეტილება ლ. ჭ-ეის სარჩელთან მიმართებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მიწის ნაკვეთის სასაფლაო ზონისათვის მიკუთვნების საკითხის აუსახველობის მიუხედავად, სასამართლოს უნდა ემსჯელა აღნიშნულ გარემოებაზეც და მხედველობაში მიეღო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას მასზედ, რომ თითქოს ორთოფოტოებით შეუძლებელია განსაზღვრულ იქნეს, უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის კონკრეტულად რა ნაწილია მოქცეული შეზღუდვის ზონებში და აღნიშნულის გამოკვლევის ვალდებულება მხოლოდ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს აკისრია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოში აპელანტის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სააპელაციო პალატის მიერ არ ყოფილა სათანადოდ გამოკვლეული და შეფასებული. ადმინისტრაციული ორგანოს მითითების მიუხედავად, სააპელაციო სასამართლოს არ გაუთვალისწინებია სადავო მიწის ნაკვეთის არაერთ შეზღუდვის ზონაში მოქცევის საკითხი და არ შეუფასებია, დაიშვება თუ არა მასზე ფიზიკური პირის საკუთრების უფლების აღიარება.

სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნის გაზიარება, კერძოდ გასაჩივრებული 21.04.2016წ. N496 ოქმის (დღის წესრიგის 52-ე საკითხი) სზაკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე ბათილად ცნობის შესახებ, ასევე ემყარება მოსარჩელის წარდგენილ მტკიცებულებებს, რომელზე დაყრდნობითაც, სასამართლომ მიიჩნია, რომ იგივე მიწის ნაკვეთზე სხვა პერიოდში აღიარების კომისიამ ფიზიკურ პირს საკუთრების უფლება უღიარა. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს საქმეში დაცულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.09.2018წ. Nბს-682-682(კ-18) განჩინებაზე, რომელში ასახული და მოცემული საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არსებითად განსხვავდება ერთმანეთისაგან. Nბს-682-682(კ-18) საქმეზე, მოსარჩელე მხარეს უარი ეთქვა საკუთრების უფლების აღიარებაზე იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთი მოქცეული იყო სპეციალურ ზონაში (სპეც-1), კერძოდ “მდ. ...ისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის ჩარჩო გეგმის” დამუშავების სპეციალურ შეზღუდვაში. განსახილველ შემთხვევაში კი მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების უარმყოფელი საფუძველი გარდა უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთის მდ. ...ის სტიქიური უბედურების ზონაში მოხვედრისა, შესაძლოა იყოს ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზევე მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე სასაფლაოების შეზღუდვის ზონის გავრცელება, ამასთან, საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას წარდგენილი ორთოფოტოებით ადმინისტრაციული ორგანო ასევე დადასტურებულად მიიჩნევდა მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული მიწის ნაკვეთის სატყეო, მდინარის შეტბორვის და სპეციალურ ზონაში მოხვედრას. ამდენად, განსახილველი დავის ფარგლებში დადგენას საჭიროებს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების გამომრიცხავი გარემოებები. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ლ. ჭ-ეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ვაკის რაიონის გამგეობის 2015 წლის 29 დეკემბრის №1213 ბრძანებით ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით მიღებული აქვს 8700 ლარი, ხოლო გამგეობის 2018 წლის 27 დეკემბრის №ბ30.01183611 ბრძანებით ლ. ჭ-ეს, 2015 წლის 13-14 ივნისს სტიქიით დაზარალებულ კანონიერი საფუძვლის გარეშე მცხოვრებ მეორე კატეგორიის პირებს (ოჯახებს) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებიდან საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებისათვის, ერთჯერადად გამოეყო ფულადი დახმარება – 35 000 ლარი. ნიშანდობლივია, რომ ლ. ჭ-ეის მიერ მითითებულ ადმინისტრაციულ საქმეში (სუსგ Nბს-682-682(კ-18), 20.09.2018) მოსარჩელისთვის სახელმწიფოს მხრიდან საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით ფულადი დახმარების გაწევის ფაქტების შესახებ არ იყო მითითება.

საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოსგან განსხვავებით, საკასაციო სასამართლოს გააჩნია არა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის, არამედ დადგენილ ფაქტებზე შეფასების გაკეთების შესაძლებლობა. საკასაციო სასამართლო არ არის ფაქტების დამდგენი სასამართლო. მტკიცებულებათა გამოკვლევასა და ფაქტობრივი გარემოებების დადგენაზე უფლებამოსილია სააპელაციო სასამართლო, რომელიც მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე და შედეგად, გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, ასევე ამოწმებს ამ მტკიცებულებათა სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასების მართებულობას.

სააპელაციო სასამართლომ არსებითად უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს მოცემული დავა. შესაბამისად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დასადგენია რიგი ფაქტობრივი გარემოებები გარემოებები, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავად შეაფასოს მტკიცებულებები.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა არ ემყარება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების ერთობლივ შესწავლა-შეფასებას. სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხელახლა უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს უფლებაასაღიარებელ მიწის ნაკვეთზე არსებული მდგომარეობა, როგორც სადავო აქტის გამოცემის პერიოდისთვის, ასევე განსაზღვროს, ზოგადად, რამდენად დასაშვებია სადავო მიწის ნაკვეთზე ფიზიკური პირის საკუთრების უფლების აღიარება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, არსებობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ამავე კოდექსის 412-ე მუხლის საფუძველზე, საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნების წინაპირობები, ვინაიდან სადავო საკითხის გამოკვლევა და შეფასება სააპელაციო სასამართლოს თავადვე შეუძლია.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, განსახილველ საქმეზე გაწეული სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახალა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა