გაუქმდა და დაუბრუნდა ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1385-(2კ-უს-25) 28 მაისი, 2026 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) – გ.მ-ე
კასატორი, საჩივრის ავტორი (მოპასუხე) – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი – მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და მორალური ზიანის ანაზღაურება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2022 წლის 27 ივლისს გ.მ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 4 მაისს ... ბრძანების საფუძველზე რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო.
რეორგანიზაციის შედეგად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ...ის განყოფილება გაუქმდა, შემცირდა მოსარჩელე გ.მ-ის შტატი. მოსარჩელეს ეცნობა, რომ მობილობის ეტაპზე ვერ განხორციელდებოდა მისი სხვა თანამდებობაზე გადაყვანა, რის გამოც იგი ჩარიცხეს მოხელეთა რეზერვში. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებული რეორგანიზაციის პროცესში შტატების შემცირების გამო, გათავისუფლებული ყველა მოხელე გარდა გ.მ-ისა დასაქმდა სხვადასხვა უწყებაში. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებობდა გ.მ-ის თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ... სამსახურის ...ის განყოფილების მე-... რანგის მე-... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა, რომლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს გამოცდილებით, განათლებით, უნარ-ჩვევებით და პროფესიული საჯარო მოხელის საუკეთესო შეფასებებით სრულად აკმაყოფილებდა გ.მ-ე. მობილობის პროცესის მიმდინარეობისას, საჯარო სამსახურის მიერ მოძიებული ვაკანტური თანამდებობების ჩამონათვალში არ იყო მითითებული ზემოაღნიშნული თანამდებობაა, შესაბამისად, ვაკანტურ პოზიციაზე საერთოდ არ იქნა განხილული მოსარჩელის კანდიდატურა. ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ მობილობას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა და რეალურად გ.მ-ის დასაქმებას მიზნად არც ისახავდა. გ.მ-ის შტატის გაუქმება და მობილობის პროცედურის ფორმალურად განხორციელება ემსახურებოდა მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნას. რეორგანიზაციის დაწყებისას წინასწარ იყო განსაზღვრული მისი თანამდებობიდან გათავისუფლება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მხრიდან უხეშად დაირღვა მობილობის განხორციელების წესი, უკანონოდ და დისკრიმინაციული საფუძვლით მოხდა გ.მ-ის მოხელეთა რეესტრში ჩარიცხვა, შესაბამისად სამსახურიდან გათავისუფლებაც.
ამდენად, მოსარჩელემ მოითხოვა გ.მ-ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ...ის განყოფილების ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის მოხელეთა რეესტრში ჩარიცხვის შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 01 ივლისის ... ბრძანების ბათილად ცნობა, გ.მ-ის აღდგენა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ...ის განყოფილების ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ტოლფას თანამდებობაზე - კერძოდ ვაკანტურ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ... სამსახურის, ...ის განყოფილების ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისთვის გ.მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან 2022 წლის 01 ივლისიდან - 880 ლარის ოდენობით, 2022 წლის 01 ოქტომბრიდან 2023 წლის 01 იანვრამდე - 1320 ლარის ოდენობით და 2023 წლის 1 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება ყოველთვიურად 1452 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენა. დისკრიმინაციული ქმედების შედეგის აღმოფხვრა და მორალური ზიანის სახით 4141 ლარის დაკისრება.
მოსარჩელემ ამავე დროს შუამდგომლობით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისთვის - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ... სამსახურის, ...ის განყოფილების მე-... რანგის მე-... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე განუსაზღვრელი ვადით საჯარო მოხელის დანიშვნის აკრძალვა, დავის საბოლოოდ დასრულებამდე.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 ივლისის განჩინებით მოსარჩელე გ.მ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2022 წლის 4 აგვისტოს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს საჩივრით მიმართა გ.მ-ემ და მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 ივლისის განჩინების (სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის თქმის შესახებ) გაუქმება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 აგვისტოს განჩინებით გ.მ-ეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად, განჩინების მიღებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში, განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით გ.მ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 28 ივლისის განჩინება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით გ.მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 09 მარტის N... ბრძანებით გ.მ-ე დაინიშნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ...ის განყოფილების ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 04 მაისის ... ბრძანების თანახმად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველსაყოფად დაიწყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაცია.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 31 მაისის წერილით გ.მ-ეს ეცნობა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად შემცირდა მისი შტატი და „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლის თანახმად დაიწყო მობილობის პროცესი.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 30 ივნისის N128-12822181157 წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მობილობის ეტაპზე ვერ იქნა შეთავაზებული შესაბამისი პოზიცია და ვერ განხორციელდა მისი სხვა თანამდებობაზე გადაყვანა.
გ.მ-ემ 2022 წლის 30 ივნისის წერილით N01-12822181163 თანხმობა განაცხადა მოხელეთა რეესტრში ჩარიცხვასთან დაკავშირებით. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 01 ივლისის ... ბრძანების საფუძველზე გ.მ-ე ჩაირიცხა მოხელეთა რეესტრში.
ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ მიუთითა "საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 102-ე, 121-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ გ.მ-ის მოხელეთა რეესტრში ჩარიცხვა იყო კანონიერი, რამეთუ მოსარჩელეს კანონით დადგენილი წესით ეცნობა შტატების შემცირებისა და მობილობის დაწყების შესახებ. გ.მ-ემ 2022 წლის 30 ივნისის წერილით N01-12822181163 თანხმობა განაცხადა მოხელეთა რეესტრში ჩარიცხვასთან დაკავშირებით. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში დაცული იყო მოსარჩელის განათლების დიპლომი, სერთიფიკატები, დახასიათებები და სხვა პირადი მახასიათებლების ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია გ.მ-ის საქართველოს მთავრობის საწინააღმდეგო აქტივობების შესახებ, თუმცა ზემოდასახელებული გარემოებები შტატების შემცირებასა და მობილობასთან, ასევე მოსარჩელის მოხელეთა რეესტრში ჩარიცხვასთან კავშირში არ იყო, გასაჩივრებული ბრძანება იყო კანონშესაბამისი და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი. შესაბამისად, რაიონულმა სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოთხოვნა მოსარჩელის სამსახურში აღდგენისა და მისთვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლზე, რომლის თანახმად, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. კონსტიტუციის მე-14 მუხლში ჩარევა სახეზე იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დიფერენცირება ხდება არსებითად თანასწორ პირებს შორის.
რაიონულმა სასამართლომ ასევე მიუთითა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე, „შრომის კოდექსის” მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633-ე მუხლზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლზე.
რაიონულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გ.მ-ემ თანხმობა განაცხადა მოხელეთა რეესტრში ჩარიცხვასთან დაკავშირებით. სასამართლოს მითითებით, გ.მ-ე თავისი ანტისამთავრობო საქმიანობის აქტივობებიდან, ასევე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობიდან გამომდინარე ვეღარ მოახერხებდა საჯარო სამსახურში საქმიანობის გაგრძელებას. ნათელია, რომ მისთვის მისაღები და სასურველი იყო მოხელეთა რეესტრში ჩარიცხვა. შესაბამისად, გ.მ-ის კრიტიკას მმართველი პარტიის და მერიის ხელმძღვანელობის მიმართ, მერიაში ცალკეულ საშტატო ერთეულის გაუქმებასა და გ.მ-ის მოხელეთა რეესტრში ჩარიცხვასთან დაკავშირებით შემხებლობა არ ჰქონდა. რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ დისკრიმინაციის ფაქტის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებები საქმეში არ იყო წარმოდგენილი, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ უსაფუძვლო იყო.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ.მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის საააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით 1.გ.მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2. გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2025 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; 3. გ.მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 3.1 ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 01 ივლისის №... ბრძანება - გ.მ-ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ...ის განყოფილების ... უფროსი სპეციალისტის მოხელეთა რეესტრში ჩარიცხვის შესახებ; 3.2. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 4 მაისის №... ბრძანებით, ამავე მერიაში დაწყებული რეორგანიზაციასთან დაკავშირებით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა სრულყოფილად შესწავლის და გამოკვლევის საფუძველზე, ასევე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გ.მ-ის მიმართ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა; 3.3. გ.მ-ის სარჩელი - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ...ის განყოფილების ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის, იძულებით განაცდურის ანაზღაურების, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტზე, მე-5 მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებზე, მე-12 მუხლის მე-3 პუნქტზე.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდის არა გარე, არამედ შიდა მობილობის განუხორციელებლობას, რადგან მისი მტკიცებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებობდა მისი თანამდებობის ტოლფასი ვაკანტური, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ... სამსახურის ...ის განყოფილების მე-... რანგის მე-... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის შტატი.
პალატამ მიუთითა, რომ რეორგანიზაციამდე 2022 წლის 04 მაისის მდგომარეობით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული სამსახურის ...ის განყოფილებაში იყო 3 შტატი: 1. მეორადი სტრუქტურული ერთეულის - განყოფილების უფროსი - შ.ლ., 2. III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - ვაკანტურია, 3. III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - გ.მ-ე. პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული სამსახურის ...ის განყოფილებაში არის 3 შტატი, მეორადი სტრუქტურული ერთეულის განყოფილების უფროსი - მ.მ., III რანგის IIკატეგორიის უფროსი სპეციალისტი - მ.ბ. და III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი - გ.გ.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის დასრულების მომენტისთვის, 2022 წლის 01 ივლისის მდგომარეობით, მერიაში არსებობდა შემდეგი ვაკანტური თანამდებობები/პოზიციები: პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული სამსახური ხელმძღვანელი; ამავე სამსახურის მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილებაში - III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი რეფერენტი; პირველადი სტუქტურული ერთეულის - იურიდიული სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; პირველადი სტრუქტურული ერთეულის - საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის შესყიდვების განყოფილებაში III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტი; პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ქონების მართვის, არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი.
2022 წლის 1 ივლისს დასრულებული რეორგანიზაციის შედეგად, გაუქმდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის, მეორადი სტრუქტურული ერთეული - ...ის განყოფილება, სადაც დასაქმებული იყო გ.მ-ე და დაქვემდებარება შეიცვალა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის - ...ის განყოფილებამ, რომელიც ნაცვლად ადმინისტრაციული სამსახურისა, დაექვემდებარა ... სამსახურს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ... სამსახურის ...ის განყოფილებაში კვლავ არის სამი შტატი, თუმცა თუ რეორგანიზაციამდე სამივე შტატზე დასაქმებული იყო შესაბამისი მოხელე, რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ ერთი შტატი უკვე ვაკანტურია. კერძოდ, მეორადი სტრუქტურული ერთეულის - განყოფილების უფროსი კვლავ არის - მ.მ., III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტია - მ.ბ., ხოლო III რანგის II კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიცია ვაკანტურია.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმის განხილვისას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის პოზიციაზე, რომლის თანახმად, გ.მ-ის მიმართ მობილობის დაწყების დროს მერიაში პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ... სამსახურის ...ის განყოფილების მე-... რანგის მე-... კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მერიაში დასაქმებული იყო 2022 წლის 14-15 ივნისამდე, შესაბამისად, მითითებული თანამდებობა მოსარჩელის მიმართ მობილობის განხორციელების პერიოდში ვაკანტური არ ყოფილა. ამასთან, მოსარჩელე ვერ აკმაყოფილებდა ზემოაღნიშნულ პოზიციაზე დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ ერთთვიან პერიოდში, რასაც კანონმდებლობა მობილობის პროცესის განსახორციელებლად ითვალისწინებს, საჯარო დაწესებულებას გააჩნდა იმავე რანგის ვაკანტური თანამდებობა, რომელზეც მოსარჩელის კანდიდატურა არც კი განიხილულა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ თანამდებობის ფუნქცია-მოვალეობებზე, რომელზეც გ.მ-ის მობილობის წესით გადაუყვანლობაცაა სადავო. პალატამ არ გაიზიარა ადმინისტრაციული ორგანოს პოზიცია მასზედ, რომ მოსარჩელის კანდიდატურა განათლებით არ შეესაბამებოდა სამსახურის სისტემაში არსებულ ვაკანტურ პოზიციას ვინაიდან სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნებში მითითებული იყო მხოლოდ უმაღლესი განათლება (სფერო განსაზღვრული არაა), სამუშაო გამოცდილება: ...ის, ...ის, ...ისა ან/და ...ის სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ღია კონკურსის წესით გამოცხადებულ პირველადი სტრუქტურული ერთეულის- ...-... სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის - ... სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის - ...ის განყოფილების მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე, გ.მ-ემ გადალახა კონკურსის პირველადი ეტაპი (განცხადებების გადარჩევა) და დაბარებულ იქნა კონკურსის მეორე ეტაპზე, რომელზეც თავად არ გამოცხადდა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მხრიდან, გ.მ-ის მიმართ მობილობის პროცედურის განხორციელებისას, დაირღვა “პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის 20.04.2017წ. N199 დადგენილების მოთხოვნა მასზედ, რომ პირველ რიგში განეხორციელებინა საჯარო მოხელის მობილობა იმავე საჯარო დაწესებულებაში. ადმინისტრაციულმა ორგანომ საერთოდ არ განიხილა არსებობდა თუ არა მობილობის განხორციელების შესაძლებლობა და რამდენად აკმაყოფილებდა მოხელე შესაბამისი ვაკანტური პოზიციისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. პალატის მოსაზრებით, სადავო აქტთან მიმართებაში, შეუძლებელი იყო ფაქტობრივი გარემოებების სასამართლო წარმოების ფარგლებში დადგენა, რადგან სადავო საკითხის გადაწყვეტა მოპასუხის დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნებოდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მობილობის სწორად წარმართვის საკითხი თავიდან უნდა განეხილა ადმინისტრაციულ ორგანოს და ხელახალი განხილვისას ემსჯელა არსებობდა თუ არა გ.მ-ის მიმართ მიმდინარე მობილობის პროცესში მისი შიდა, მერიის სხვადასხვა სამსახურებში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე მობილობის პოზიციასთან/პოზიციებთან შესაძლებლობა. სასამართლოს მითითებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად დავის გადაწყვეტა გამორიცხავდა სასარჩელო მოთხოვნების (სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება) დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2025 წლის 11 ნოემბერს განცხადებით მიმართა გ.მ-ემ და იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ, კერძოდ, მოითხოვა მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას აკრძალვოდა ...ის განყოფილების მე-... რანგის მე-... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ტოლფას თანამდებობაზე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის განყოფილების მე-... რანგის მე-... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციაზე შრომითი ხელშეკრულებით ან სხვა წესით თანამშრომლის დანიშვნა (როგორც შტატგარეშე, ისე შტატით), გარდა დროებითი მოვალეობის შემსრულებლისა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დავის საბოლოოდ დასრულებამდე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ნოემბრის განჩინებით გ.მ-ის წარმომადგენლის ა.ბ-ის განცხადება დაკმაყოფილდა; ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას აეკრძალა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში 2025 წლის 01 ნოემბრის მდგომარეობით არსებული ვაკანტური თანამდებობის - ...ის განყოფილების მე-... რანგის მე-... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ტოლფას თანამდებობაზე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ... ის განყოფილების მე-... რანგის მე-... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციაზე შრომითი ხელშეკრულების ან სხვა წესით თანამშრომლის დანიშვნა (როგორც შტატგარეშე, ისე შტატით), გარდა დროებითი მოვალეობის შემსრულებლისა, მოცემულ საქმეზე გ.მ-ის სარჩელთან დაკავშირებით მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.მ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2 და 3.3 პუნქტების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არ იმსჯელეს მის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციაზე.კასატორი აღნიშნავს, რომ იგი განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებების გამო განთავისუფლდა სამსახურიდან. სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები კონკრეტული დასკვნის საფუძველს არ ქმნიდა ალოგიკურია. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა ვერ უზრუნველყვეს მტკიცების ტვირთის სათანადოდ გადანაწილება, რამეთუ მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა რეორგანიზაციის შედეგად სხვა პირის გათავისუფლება. დისკრიმინაციული ფაქტის დადგენისას მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ განცხადებას განიხილავდეს და განსხვავებულ მოპყრობას ადგენდეს საქმესთან დაკავშირებული მოვლენებს შორის ურთიერთკავშირის დადგენის გზით. მოსარჩელე სარჩელშიც კონკრეტულ მტკიცებულებებზე მითითებით აპელირებდა, რომ მის მიერ გამოთქმული მოსაზრებები გახდა რეორგანიზაციის დაწყებისა და მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. სასამართლო გადაწყვეტილება კი არ შეიცავს კონკრეტულ მსჯელობას მოსარჩელის მიერ დისკრიმინაციის თაობაზე მითითებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით. დიკსრიმინაციული მოპყრობის სპეციფიკის გათვალისწინებით, კანონი მოსარჩელეს აკისრებს მხოლოდ გონივრული ვარაუდის შექმნის ვალდებულებას, მოპასუხეს კი - ამ ვარაუდის გაქარწყლების ტვირთს. მოპასუხის ვალდებულებაა ა)ამტკიცოს განსხვავებული მოპყრობის არარსებობა; ბ) გაამართლოს განსხვავებული მოპყრობა ობიექტური და გონივრული არგუმენტებით, რომლებიც გადასწონის განსხავავებულ მოპყრობას. მხარის მიერ დასახელდა ყველა ნიშანი და განსხვავებული მოპყრობის სუბიექტები, შესაბამისი მტკიცებულებებზე და გარემოებებზე მითითებით, რაზეც სასამართლოს მსჯელობა არ ჰქონია.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება. სადავოდ გამხდარი ბრძანება შეეხება გ.მ-ის რეზერვში ჩარიცხვას და მის მიმართ განხორციელებული მობილობის წესის დარღვევას, თუმცა სააპელაციო სასამართლომ, საქმის გამოკვლევის სტადიაზე, ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოითხოვა და დაადგინა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები. შესაბამისად, საკითხის ფორმალურად ადმინისტრაციული ორგანოსთვის დაბრუნება მხოლოდ იმ მიზნით, რომ დადგინდეს იგივე ფაქტები სრულიად ალოგიკურია. კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ დაარღვია მობილობის წესი, დაიწყო გარე მობილობის შესაძლებლობის თაობაზე ინფორმაციის მოძიება, მაშინ როდესაც უშუალოდ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებობდა მოსარჩელის თანამდებობის ტოლფასი, ვაკანტური საშტატო ერთეული, რომელზეც გ.მ-ის შიდა მობილობის საკითხი არც განხილულა, მიუხედავად იმისა, რომ იგი სრულიად აკმაყოფილებდა ამ პოზიციისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დადგინდა, რომ მობილობა არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, გაუგებარია ხელახლა რაზე უნდა იმსჯელოს ადმინისტრაციულმა ორგანომ. იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ დაადგინა გ.მ-ის შრომითი უფლების მობილობის განხორციელებლობის პროცესში დარღვევა, იმ დასაბუთებით, რომ იმავე სამსახურში არსებობდა მოსარჩელის გათავისუფლებამდე არსებული თანამდებობის ტოლფასი თანამდებობა, რომელიც ამავდროულად ვაკანტური იყო, გაუგებარია ადმინისტრაციული ორგანოსთვის საქმის დაბრუნების აუცილებლობა. სააპელაციო სასამართლომ ერთი მხრივ, შეაფასა გ.მ-ის მიერ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში წარდგენილი და რეორგანიზაციის პროცესში ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული ავტობიოგრაფიები და მიიჩნია, რომ განმცხადებლის განათლება, კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება შესაბამისობაში მოდიოდა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განსაზღვრულ ფორმალურ მოთხოვნებთან. შესაბამისად, გაუგებარია თუ რა უნდა გამოიკვლიოს ადმინისტრაციულმა ორგანომ. ამასთან, სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ასახული მსჯელობის მიუხედავად მოსარჩელე არც ტოლფას თანამდებობაზე არ აღადგინა. სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 3.2 და 3.3 პუნქტები ბუნდოვანია, რადგან გაუგებარია რა სამართლებრივი რეაგირება უნდა ჰქონდეს ადმინისტრაციულ ორგანოს. გაუგებარია რაზე უნდა იმსჯელოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ - მოსარჩელის სამსახურში აღდგენაზე თუ განაცდურზე. ამდენად, ვინაიდან მოცემულ საქმეზე დადგენილია აუცილებელი ყველა გარემოება და სადავოდ გამხდარი ადმინისტრაციული აქტი ბათილადაა ცნობილი, მოპასუხეს პირდაპირ უნდა დავალებოდა მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
კასატორმა - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ მიუთითა საქართველოს მთავრობის 20.04.2017წ. N199 დადგენილებით დამტკიცებული “პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის” მე-12 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებზე და აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის პროცესში ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადგინა რა შიდა მობილობის შეუძლებლობა, დაიწყო გარე მობილობის პროცედურა. კანონმდებლობით დადგენილია, რომ საჯარო სამსახურის ბიურო ახდენს ვაკანტური თანამდებობების მოძიებას, ხოლო მობილობის განხორციელებისას საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს დამსაქმებელი ადმინისტრაციული ორგანო. განსახილველ შემთხვევაში, რეორგანიზაციის შედეგად შემცირდა საშტატო ერთეულების რაოდენობა, ხოლო მობილობის პროცესში ტოლფასი ან დაბალი თანამდებობების არარსებობის გამო, ადმინისტრაციულ ორგანო ვალდებულება იყო მოეხდინა ბიუროსთან კომუნიკაცია გარე მობილობის წესით ვაკანტური თანამდებობების მოსაძიებლად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ნოემბრის განჩინება საჩივრით გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არის გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისთვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილების საშუალება. სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე მოთხოვნების დაკმაყოფილება უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად, სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველთა შეჯერებით უნდა იმსჯელოს გამოიყენოს თუ არ სარჩელის უზრუნველყოფის ესა თუ ის ღონისძიება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მიზნად ისახავს სასარჩელო მოთხოვნის რეალიზაციის უზრუნველყოფას სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გადაწყვეტილების ფაქტობრივი აღსრულების გაჭიანურებისან დაბრკოლების თავიდან აცილებას ემსახურება. მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ მიუთითებია ისეთი გარემოებები, რომელთა გამოც შესაძლებელია გაძნელდეს, გამოუსწორებელი, პირდაპირი ან სხვა სახის ზიანი გამოიწვიოს და შეუძლებელი გახდეს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება. სასამართლოს არ უმსჯელია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ინტერესებსა და უფლების შეზღუდვის მართლზომიერებასთან დაკავშირებით.
საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხზე, რომ გასაჩივრებული განჩინებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას საჭიროების შემთხვევაში ვაკანტურ თანამდებობაზე საჯარო მოსამსახურის დასაქმების უფლება შეეზღუდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 15.07.2025წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ითვალისწინებს მოსარჩელის არა ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას, არამედ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ, გ.მ-ის მიმართ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, რაც იმთავითვე არ გულისხმობს მოსარჩელის გ.მ-ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასაქმებას. მოცემულ შემთხვევაში, ურთიერთკავშირი მოთხოვნილ სარჩელს უზრუნველყოფის ღონისძიებასა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას შორის არ არსებობს. ერთი მხრივ, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს არ გააჩნდა თანამდებობაზე აღდგენის უფლება, ხოლო მეორე მხრივ, ამავე პოზიციაზე დასაქმების აკრძალვით თავის მიერ გამოტანილ დასკვნას ეწინააღმდეგება. სასამართლომ მოთხოვნა ქმნის ილუზიას თითქოს მოსარჩელე განიხილება პოტენციურ კანდიდატად იმ თანამდებობაზე, რომელზე დანიშვნის მოთხოვნაც უკვე უარყოფილია. ასეთი წინააღმდეგობა არღვევს სამართლებრივი განსაზღვრულობის, სტაბილურობისა და გადაწყვეტილების პროგნოზირებადობის მოთხოვნებს. მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციული ორგანო იძულებულია მუშაობა გააგრძელოს მხოლოდ დროებითი მოვალეობის შემსრულებლის მეშვეობით, რაც იწვევს ადმინისტრაციული პროცესების შეფერხებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 25 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ.მ-ისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას 2026 წლის 23 იანვარს წარმოადგინა განცხადება-შუამდგომლობა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების გამო, მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, რისი ყოველთვიური ოდენობები მოსარჩელის განთავისუფლების დღიდან შეიცვალა-გაიზარდა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 19 დეკემბრის N... დადგენილებით 2026 წლის 1 იანვრიდან ...ის სამსახურის ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე შრომის ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრა 2240 ლარით. ზემოაღნიშნული თანამდებობა სწორედ ის ტოლფასი თანამდებობაა, რომელზეც გ.მ-ე მობილობის ეტაპზე უნდა გადაეყვნათ. კასატორმა განცხადებით იშუამდგომლა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 19 დეკემბრის N... დადგენილების საქმეზე დართვის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 12 მარტის განჩინებით გ.მ-ისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მათი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე; ამავე განჩინებით დადგინდა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, გადაწყდებოდა საკასაციო საჩივრების არსებითი განხილვის სტადიაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გ.მ-ის საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი (სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა) და 394-ე მუხლის „ე1“ პუნქტის მოთხოვნები (გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობანი და გაკეთებული დასკვნები ურთიერთსაწინააღმდეგო და არათანმიმდევრულია.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის შრომითი უფლების დარღვევის ფაქტი, კასატორი მიუთითებს, რომ იგი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა შიდა მობილობის წესის დარღვევით, ვინაიდან არ შეეთავაზა იმავე სამსახურში არსებული შიდა ვაკანტური და ტოლფასი თანამდებობა. კასატორი - გ.მ-ე მიიჩნევს, რომ სადავო აქტის ბათილად ცნობის პირობებში, სასამართლოს ასევე უნდა დაეკმაყოფილებინა მისი სასარჩელო მოთხოვნები - ტოლფას თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე. ამასთან, მოსარჩელე ითხოვს მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენას, დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგების აღმოფხვრას და ზიანის ანაზღაურებას, რადგან მისი მოსაზრებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებულ რეორგანიზაციას ჰქონდა ფორმალური ხასიათი, ემსახურებოდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზანს.
თავის მხრივ, კასატორის - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მითითებით, მოსარჩელის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვა მოხდა კანონის მოთხოვნათა დაცვით, რადგან შიდა სისტემაში არ არსებობდა ვაკანტური თანამდებობა, ხოლო საჯარო სამსახურის ბიუროსთან კოორდინირებული მოქმედებით სხვა საჯარო სამსახურში ვერც ტოლფასი ან დაბალი რანგის თანამდებობა ვერ იქნა მოძიებული.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით თავდაპირველად უნდა შეფასდეს გ.მ-ის მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის მართებულობა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნებს არსებითად აფუძნებს სწორედ დისკრიმინაციის ფაქტს. კერძოდ, მისი მოსაზრებით, დისკრიმინაციულმა მოპყრობამ განაპირობა მისი სამსახურიდან გათავისუფლება, რაც შეინიღბა რეორგანიზაციით, რადგან მასთან ერთად გათავისუფლებული სხვა პირები კვლავ დასაქმდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებში. შესაბამისად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერების შემოწმებამდე, პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის არსებობა, ვინაიდან ამგვარი გარემოების დადასტურება ყოველგვარ კანონიერ საფუძველს აცლის სადავო ბრძანებას.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-14 მუხლი (დისკრიმინაციის აკრძალვა) ადგენს, რომ „ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობა უზრუნველყოფილია ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, განურჩევლად სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადებისა თუ სხვა ნიშნისა“. საერთაშორისო სამართლის აღნიშნული ნორმა, ადამიანის უფლებათა თანასწორად სარგებლობის სტანდარტს ამკვიდრებს.
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია; პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოთხოვნები ვრცელდება საჯარო დაწესებულებების, ორგანიზაციების, ფიზიკური და იურიდიული პირების ქმედებებზე ყველა სფეროში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედებები არ რეგულირდება სხვა სამართლებრივი აქტით, რომელიც შეესაბამება ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებს,დისკრიმინაციასთან მიმართებით მტკიცების ტვირთის განაწილების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3633 მუხლი, რომლის თანახმად, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მისი სამსახურიდან განთავისუფლება განაპირობა განსხვავებულმა პოლიტიკურმა შეხედულებებმა, ხოლო დისკრიმინაციას ადასტურებს ის ფაქტი, რომ რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული სხვა პირები დასაქმდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისადმი დაქვემდებარებულ ორგანოებში.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელის მტკიცება, რომ მისი სამსახურიდან განთავისუფლება მისმა განსხვავებულმა აზრმა გამოიწვია, არ დასტურდება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის განმარტებები არ არის გამყარებული კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით და არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები, რომელიც მის მიმართ დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს შექმნიდა. ამდენად, მოსარჩელის შემთხვევაში პირთა წრე, ვისთან შედარებითაც მოხდა განსხვავებული მოპყრობა, რომელიმე იმ ნიშნის გამო, რაც ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის თანახმად დისკრიმინაციად მიიჩნევა, სახეზე არაა.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობდა დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და ამ საფუძვლით მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივის საფუძველი.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე მოქმედი რედაქციით „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27.10.2015წ. საქართველოს კანონი საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისას, საჯარო სამსახურის სტაბილურობისა და მოხელეთა უფლებრივი მდგომარეობის განსამტკიცებლად ითვალისწინებდა მობილობის ინსტიტუტს. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ ყოფილიყო იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. ხოლო ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხებოდა და მიეცემოდა შესაბამისი კომპენსაცია. ხსენებული კანონის 105.1 მუხლი მოხელის რეზერვში ჩარიცხვას იმ შემთხვევაში ადგენდა, როდესაც მოხელის მობილობა ვერ განხორციელდებოდა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცდა „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი“, რომელმაც განსაზღვრა საჯარო დაწესებულებების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას შესაბამისი პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი და პირობები, მობილობის პროცესში ჩართული სუბიექტების უფლებამოსილების განხორციელების საკითხები. ეს წესი ასევე არეგულირებდა საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისა და მოხელის რეზერვთან დაკავშირებულ საკითხებს. დასახელებულმა მობილობის წესმა მობილობის მიზნები დაუკავშირა საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ პროფესიულ საჯარო მოხელეთა დასაქმების უზრუნველყოფას, საჯარო სამსახურში პროფესიონალი კადრებისა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის შენარჩუნებას. მობილობის წესის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელი მოხელე შესაძლებელი იყო მისი თანხმობით გადაყვანილი ყოფილიყო იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას - დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით, ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებული იყო, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელი მოხელის მობილობა განეხორციელებინა იმავე საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის ან მოხელის თანხმობის არარსებობისას – სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ სხვა საჯარო დაწესებულებაში ვერ განხორციელდებოდა პირის მობილობა ტოლფას თანამდებობაზე, საჯარო დაწესებულება ვალდებული იყო, მოხელის მობილობა განეხორციელებინა იმავე საჯარო დაწესებულებაში დაბალ თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის ან მოხელის თანხმობის არარსებობისას – სხვა საჯარო დაწესებულებაში დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით; ხოლო მე-13 მუხლი ეხებოდა მოხელეთა რეზერვს, რომელიც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52.4 მუხლისა და 105.1 მუხლის მსგავსად, მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვას მობილობის შეუძლებლობას უკავშირდებდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მობილობის მიზნებისა და არსის გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას, თავდაპირველად ხდებოდა მოხელისთვის ტოლფასი თანამდებობის მოძიება და შეთავაზება, ხოლო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლითა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ მე-12 მუხლით დადგენილი წესით მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში ხდებოდა მოხელის რეზერვში ჩარიცხვა.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას ზემოთდასახელებული კანონის 52.1 მუხლსა და საქართველოს მთავრობის 20.04.2017წ. N199 დადგენილებით დამტკიცებულ "პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის" მე-12 მუხლის პირველ, მე-3 და მე-6 პუნქტებში განხორციელებული იყო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც რეორგანიზაციისას მობილობის ვალდებულებას ადმინისტრაციული ორგანოსთვის აღარ ადგენდა. ამდენად, გადაწყვეტილების გამოტანისას, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2021 წლის 9 მარტის №... ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელე გ.მ-ე დაინიშნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ...ის განყოფილების ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 04 მაისის №... ბრძანების თანახმად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, სისტემური, ეფექტიანი მმართველობის უზრუნველსაყოფად, დაიწყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაცია 2022 წლის 04 მაისიდან, რაც გულისხმობდა ისეთი სტრუქტურული ცვლილებების განხორცილებას, რომელიც გამორიცხავდა ფუნქციათა დუბლირებას და პარალელური ფუნქციების არსებობას სხვადასხვა განყოფილებებსა და სამსახურებში.
შეიქმნა კომისია, რომლის სხდომის №1 ოქმის მიხედვით, კომისიის ყველა წევრმა მხარი დაუჭირა ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის და კომისიის წევრის აზრს, რომ ფუნქციური და შინაარსობრივი დატვირთვა დაკარგა ხელვაჩაურის მინიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ...ის განყოფილებამ, ვინაიდან აღნიშნული სტრუქტურული ერთეულის დებულებით გათვალისწინებული მიზანი, ფუნქციები და მოვალეობები გადანაწილდა მერიის სამსახურებზე.
რეორგანიზაციის ფარგლებში სამსახურებრივი დაქვემდებარება შეეცვალა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის-...ის განყოფილებას და ნაცვლად ადმინისტრაციული სამსახურისა, დაექვემდებარა ... სამსახურს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 31 მაისის წერილით გ.მ-ეს ეცნობა მისი შტატის შემცირების გამო მობილობის პროცესის დაწყების თაობაზე. 30.06.2022წ. წერილით გ.მ-ეს ეცნობა, რომ მობილობის ეტაპზე ვერ იქნა შეთავაზებული შესაბამისი პოზიცია და ვერ განხორციელდა მისი სხვა თანამდებობაზე გადაყვანა. გ.მ-ემ თანხმობა განაცხადა მოხელეთა რეზერვში ჩარიცხვის თაობაზე. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 01 ივლისის №... ბრძანებით გ.მ-ე ჩაირიცხა მოხელეთა რეზერვში.
საგულისხმოა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 1.07.2022წ. №... ბრძანების მესამე პუნქტით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი გ.მ-ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში დანიშვნის შესახებ ბრძანება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში აღძრული იყო კომბინირებული, კერძოდ შეცილებითი (ასკ-ის 22-ე) და მავალდებულებელი (ასკ-ის 23-ე მუხლი) სარჩელი. სარჩელით მოსარჩელე ითხოვს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 01 ივლისის №... ბრძანების ბათილად ცნობასა და გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას, კერძოდ, ვაკანტურ, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ... სამსახურის, ...ის განყოფილების ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენას, ასევე მოპასუხისთვის იძულებითი განაცდურის დაკისრებას.
დავის გადაწყვეტა საჭიროებდა უპირველეს ყოვლისა, სადავო აქტის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, ვინაიდან მხოლოდ მისი კანონმდებლობასთან შეუსაბამობა იწვევს ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების წარმოშობას. აქტის კანონიერება მოწმდება ფორმალური და მატერიალური კანონიერების კრიტერიუმებით.
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მატერიალური კანონიერება დაკავშირებულია აქტის შინაარსთან და მოითხოვს, რომ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესებამებოდეს მისი გამოცემისას მოქმედ კანონმდებლობას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ასკ-ის 22-ე მუხლთან დაკავშირებით აღძრული სარჩელის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს ასკ-ის 32-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლით განსაზღვრულ აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისთვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ხოლო ასკ-ის 23-ე მუხლით განსაზღვრულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ასკ-ს 33-ე მუხლის მუხლის 1-ლი ან მე-2 ნაწილის შესაბამისად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არსებობის შემთხვევაშიც, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობა და დასკვნები ურთიერთსაწინააღმდეგოა. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულის- ...ის განყოფილების ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (პოზიცია, რომელიც ეკავა გ.მ-ეს) ფუნქციებსა (მოვალეობები) და პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ... სამსახურის ...ის განყოფილებაში ... რანგის ... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (პოზიცია, რომელზეც მოსარჩელეს სურს აღდგენა) უფლება-მოვალეობებზე, ორივე პოზიციისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებზე და დაადგინა, რომ მოსარჩელის მიმართ განხორციელებული მობილობის პერიოდში საჯარო დაწესებულებაში არსებობდა მოსარჩელის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფასი და ვაკანტური თანამდებობა, რომელზეც მოსარჩელის კანდიდატურა არც კი განხილულა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ გ.მ-ის მიმართ მობილობის პროცედურის განხორციელებისას, დაირღვა საკითხის მარეგულირებელი აქტი - „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის შესახებ” საქართველოს მთავრობის №199 დადგენილების მოთხოვნა, საჯარო დაწესებულების ვალდებულების შესახებ, პირველ რიგში განეხორციელებინა საჯარო მოხელის მობილობა იმავე საჯარო დაწესებულებაში. ადმინისტრაციულმა ორგანომ საერთოდ არ განიხილა არსებობდა თუ არა მობილობის განხორციელების შესაძლებლობა და რამდენად აკმაყოფილებდა მოხელე შესაბამისი ვაკანტური პოზიციისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში არამართებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლზე მითითება, ვინაიდან საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებას სასამართლო იყენებს იმ ვითარებაში, როცა სასამართლო წესით ვერ ხერხდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და შეფასება. შესაბამისად, შეუძლებელი ხდება სადავო ადმინისტრაციული აქტის მატერიალური კანონიერების შეფასება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო სასამართლომ შეაფასა და დაადგინა დავის გადასაწყვეტად საჭირო ყველა არსებითი გარემოება: მოსარჩელის მიერ მითითებული თანამდებობისა და მოსარჩელის მიერ რეორგანიზაციამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფასობა, მობილობის პერიოდში მოთხოვნილი თანამდებობის ვაკანტურობა და მობილობის მარეგულირებელი წესის არსებითი ხასიათის დარღვევა - შიდა მობილობის განუხორციელებლობა (რამდენად კანონშესაბამისად საკამათოა), გაუგებარია რამ განაპირობა მოცემულ შემთხვევაში ასკ-ის 32.4 მუხლის გამოყენება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების სათანადო დასაბუთებას, აგრეთვე არ შეიცავს მითითებას დავის სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტის შეუძლებლობაზე. სადავო გადაწყვეტილებით არ იკვეთება თუ რა გარემოებები უნდა გამოიკვლიოს ადმინისტრაციულმა ორგანომ. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ დგინდება კონკრეტულად რომელი ფაქტობრივი გარემოებაა დაუდგენელი და გამოსარკვევი. დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მითითება მასზედ, რომ ხელახალი წარმოებისას დასადგენია მოთხოვნილი პოზიციისთვის დაწესებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან აპელანტის პიროვნული და პროფესიული მახასიათებლების შესაბამისობა, რამეთუ სააპელაციო პალატამ, როგორც ფაქტობრივი გარემოებების დამდგენმა სასამართლომ ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული ორგანოდან გამოთხოვილი დოკუმენტების საფუძველზე, თავადვე დაადგინა, რომ აპელანტმა ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული ღია კონკურსის ფარგლებში პირველადი ეტაპი (განცხადებების გადარჩევა) გადალახა.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილები ურთიერთსაწინააღმდეგო და გამომრიცხავია, რადგან სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნავს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობს გასაჩივრებულ აქტს, ხოლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არსებითად ბათილად არის ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის 2022 წლის 01 ივლისის №... ბრძანება. ამასთან, სასამართლომ შეფასების მიღმა დატოვა სადავო აქტის თანმდევი შედეგები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა ქმნიდეს მისგან გამომდინარე სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი შედეგის მიღების მკაფიო და ლოგიკურ დასასრულს. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში დადგენილი გარემოებები უნდა ამართლებდეს სარეზოლუციო ნაწილში ჩამოყალიბებულ დასკვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიჩნევა არასაკმარისად დასაბუთებულად და წინააღმდეგობრივად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აქტის კანონიერება შეცილებითი სარჩელის განხილვისას მოწმდება მისი მიღებისას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მაშინ, როცა მავალდებულებელი სარჩელის შემთხვევაში აქტი უნდა მომზადდეს, გამოცემის დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საკასაციო სასამართლო სააპელაციო პალატის ყურადღებას განმეორებით მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მის მიერ გამოყენებული "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი“, სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას აღარ ადგენდა იგივე მოთხოვნებს ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ რეორგანიზაციის დროს. ამდენად, მავალდებულებელი სარჩელის (ასკ-ის 23 მუხლი) საფუძველზე სასამართლომ ადმინისტრაციულ ორგანოს იმ ვალდებულების შესრულება დაავალა, რასაც კანონი აღარ ითვალისწინებდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მოწესრიგება რეორგანიზაციის შედეგად უკანონოდ განთავისუფლებული მოხელის იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს, თუმცა აღუდგენლობისას მოხელეს მაინც წარმოეშობა იძულებითი განაცდურის მიღების შესაძლებლობა. შესაბამისად, კანონშეუსაბამოა ადმინისტრაციული ორგანოსთვის რეორგანიზაციის შედეგად, შტატების შემცირების გამო გათავისუფლებული მოხელის მიმართ მობილობის პროცესის ხელახლა დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში 17.12.2024წ. განხორციელებული ცვლილებების თანახმად, 118-ე მუხლის მე-3 პუნქტი არ ვრცელდება საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაზე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, როდესაც მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია, იგი მოხელეთა რეზერვში ირიცხება და ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის სარგოს შემთხვევაში), ასევე კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით 6 თვის განმავლობაში.
ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლებული პირის საჩივრის/სარჩელის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილება არ იწვევს სამსახურში მის აღდგენას. ამ შემთხვევაში მას ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და კომპენსაცია 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია კანონის ზემოაღნიშნული დანაწესის შესაბამისად, პირის გათავისუფლების შესახებ გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმება ავტომატურად არ წარმოშობს მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის იმპერატიულ ვალდებულებას, თუმცა აღნიშნული ნორმა ვერ განიმარტება იმგვარად, რომ საჯარო დაწესებულება შეზღუდულია უკანონოდ განთავისუფლებული პირის თანამდებობაზე აღდგენით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, დავის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლობის მოთხოვნებით და არა მიზანშეწონილობით. მაშინ, როცა საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 201.3 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანო შეზღუდული არ არის იმოქმედოს საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და მიიღოს გადაწყვეტილება საჯარო მოხელის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.
“საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 57.2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის საფუძველზე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა გადაწყვეტილების გამოტანისას არსებული ნორმატიული მოწესრიგება და არ შეაფასა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-6 პუნქტის დანაწესი, რომელიც სპეციალური ნორმაა და აწესრიგებს რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული პირის უფლებას, განაცდურის და კომპენსაციის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლების შემოწმება შეუძლებელია, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო საჩივრის აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. ზემოაღნიშნული, თავის მხრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნების პირობაა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას საქმე უნდა დაუბრუნდეს ხელახლა განსახილველად.
რაც შეეხება, გ.მ-ის შუამდგომლობას და მის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს საქმის ფაქტობრივი გარემოებების დამდგენ სასამართლოს, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ახალი მტკიცებულებების კვლევა და შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების დადგენა, სცდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციის ფარგლებს. ამიტომ, კასატორის შუამდგომლობა ახალი მტკიცებულების დართვის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მიმართულია იმ უფლებებში აღდგენისკენ, რომელშიც პირი იმყოფებოდა სამსახურიდან გათავისუფლებამდე, შესაბამისად, განაცდური ხელფასის ანაზღაურების ოდენობის გაანგარიშებას საფუძვლად უნდა დაედოს ის ანაზღაურება, რომელსაც მოსარჩელე იღებდა მისი განთავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემამდე (იხ. სუსგ 13.09.2007წ. №ბს-171-160(კ-07); 28.05.2008წ. №ბს-65-65(2კ-08); 05.02.2019წ. №ბს-1512(კს-18)).
რაც შეეხება, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საჩივარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ნოემბრის განჩინებაზე, რომლითაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას აეკრძალა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში 2025 წლის 01 ნოემბრის მდგომარეობით არსებული ვაკანტური თანამდებობის - ...ის განყოფილების მე-... რანგის მე-... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ტოლფას თანამდებობაზე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის განყოფილების მე-... რანგის მე-... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციაზე შრომითი ხელშეკრულების ან სხვა წესით თანამშრომლის დანიშვნა (როგორც შტატგარეშე, ისე შტატით), გარდა დროებითი მოვალეობის შემსრულებლისა, მოცემულ საქმეზე გ.მ-ის სარჩელთან დაკავშირებით მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. განცხადება უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნის უფლება მოსარჩელეს გააჩნია სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც საუბარია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია შრომით უფლებებში აღდგენა, მათ შორის, მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე დანიშვნა. სააპელაციო სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მიღებულ განჩინებაში აღნიშნა, რომ დასაბუთებული იყო განმცხადებლის ინტერესი დავის დასრულებამდე, მის სამსახურში აღდგენამდე მისი უფლებრივი მდგომარეობის შენარჩუნების, რამეთუ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში 2025 წლის 01 ნოემბრის მდგომარეობით არსებული ვაკანტური თანამდებობის, ...ის განყოფილებაში მე-... რანგის მე-... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციაზე შრომითი ხელშეკრულების ან სხვა წესით თანამშრომლის დანიშვნა, რომელიც წარმოადგენს ამავე მერიის ...ის განყოფილების მე-... რანგის მე-... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ტოლფას თანამდებობას, მომავალში გაართულებდა შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულებას. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობას ვინაიდან "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს აღარ ეკისრება რეორგანიზაციის შედეგად, საჯარო სამსახურიდან თუნდაც უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენის იმპერატიული ვალდებულება, შესაბამისად, დაუსაბუთებელია და აზრს მოკლებულია სადავო საკითხის გადაწყვეტამდე კონკრეტულ თანამდებობაზე პირის დანიშვნის აკრძალვა. ამდენად, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად აუცილებელი და რელევანტური არ არის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საჩივარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 19.09.2025წ. განჩინების გაუქმების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 191-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გ.მ-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის საჩივარი დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2025 წლის 19 ნოემბრის განჩინება, რომლითაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას აეკრძალა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიაში 2025 წლის 01 ნოემბრის მდგომარეობით არსებული ვაკანტური თანამდებობის - ...ის განყოფილების მე-... რანგის მე-... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ტოლფას თანამდებობაზე - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის ...ის განყოფილების მე-... რანგის მე-... კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციაზე შრომითი ხელშეკრულების ან სხვა წესით თანამშრომლის დანიშვნა (როგორც შტატგარეშე, ისე შტატით), გარდა დროებითი მოვალეობის შემსრულებლისა;
4. კასატორ - გ.მ-ის შუამდგომლობა საქმეზე ახალი მტკიცებულების დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს და განცხადებაზე (ბ-94-26, 23.01.2026წ) დართული წერილობითი დოკუმენტი მასვე დაუბრუნდეს;
5. სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ვაჩაძე
მოსამართლეები: გ. აბუსერიძე
ბ. სტურუა