დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 09.06.2026
საქმის ნომერი
ბს-81(კ-26)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
09.06.2026

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-81(კ-26) 9 ივნისი, 2026 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),გოჩა აბუსერიძე, ბიძინა სტურუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე)– ი. კ-ა

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო

მესამე პირი - შპს ...ო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის განჩინება

დავის საგანი– ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების უკანონოდ ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2019 წლის 11 ივლისს ი. კ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართ. 26.08.2019წ. მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხეებად მიუთითა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიურო.

მოსარჩელე აღნიშნავს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 6 ივნისის ბრძანებით ი. კ-ას ნაწილში გაუქმდა ამავე ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების სამსახურის 2015 წლის 8 ოქტომბრის ბრძანება მოსარჩელისთვის 26 089,15 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე. 2019 წლის 10 ივნისს ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოსცა ბრძანება მოსარჩელისთვის 18 000 ლარის დაკისრების შესახებ. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მას სს “...ს” თანამშრომლებმა მოტყუებით მოაწერინეს ხელი თავდებობის ხელშეკრულებაზე. მოსარჩელე მიუთითებს, რომ დაწყებულია გამოძიება ზემოაღნიშნული პირების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მოქალაქეების კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო. სააღსრულებო წარმოების მასალებში დაცულია გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების მოსარჩელის დეიდისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსარჩელის მოსაზრებით, ზემოაღნიშნული ჩაბარების დასტური ყალბია, რადგან ხელმოწერა არ შესაბამება ნამდვილს. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მის დეიდას არანაირი გზავნილი არ ჩაუბარებია და არც ხელი მოუწერია.

სასარჩელო მოთხოვნათა დაზუსტების შემდეგ, მოსარჩელემ საბოლოოდ მოითხოვა ი. კ-ასათვის 18 000 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 10 ივნისის №15032716/119318 ბრძანებისა და ი. კ-ას ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 20 სექტემბრის №4757 ბრძანების ბათილად ცნობა. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსადმი, ი. კ-ას უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების მოთხოვნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 14 ივნისის №A15083504 მიმართვის უკანონოდ ცნობა და მოპასუხისთვის აღნიშნული სააღსრულებო საქმის იმ ეტაპზე დაბრუნება, რომ გამარტივებული საქმისწარმოების მენეჯერს დაეწყო კრედიტორის (აპლიკანტის) მიერ 2015 წელს შეტანილი განცხადების შესწავლა და კანონით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელება.

ამავე სარჩელით მოსარჩელემ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტის საფუძველზე იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალში შესვლამდე სააღსრულებო N15083504 საქმის წარმოების შეჩერების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 აგვისტოს განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა სს "...". თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 აგვისტოს განჩინებით ი. კ-ას შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 15 ნოემბრის განჩინებით მოპასუხე მხარის შუამდგომლობა №3/5401-19 ადმინისტრაციულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად მესამე პირად ნ. ს-ის ჩაბმის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2020 წლის 11 ივნისს, მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა შუამდგომლობა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოითხოვა გასაჩივრებული აქტის - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 10 ივნისის N15032716/119318 დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების მოქმედების შეჩერება, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 ივნისის განჩინებით ი. კ-ას შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა; შეჩერდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 10 ივნისის N15032716/119318 დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების მოქმედება მოცემულ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 12 ივნისის განჩინებით ი. კ-ას 2020 წლის 11 ივნისის შუამდგომლობა სააღსრულებო საქმე N15083504-ის წარმოების შეჩერების თაობაზე დარჩა განუხილველი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 10 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე №3/5401-19, მესამე პირის - სს ,,...ს“ (ს/ნ ...) უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა სს ,,კ...ი“ (ს/ნ ...).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიის 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით ი. კ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ი. კ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის განჩინებით მესამე პირი სს კ...ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შპს ...ო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის განჩინებით ი. კ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 18 ივნისს, გ. ხ-ესა და სს „...ს“ შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება. 2014 წლის 18 ივნისის თავდებობის წერილით ი. კ-ამ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა გ. ხ-ის მიერ სს "...საგან“ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე აღებული სესხის (სესხის მთლიანი თანხა შეადგენს 18 000 ლარს) გადახდაზე.

სს “...მ” 2014 წლის 20 ნოემბერს წერილობითი გაფრთხილებებით მიმართა გ. ხ-ესა და ასევე მის თავდებ პირებს, რომელთაც აცნობა, რომ ვინაიდან მსესხებელი თავს არიდებდა ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, მათ დავალიანება 14 დღის ვადაში უნდა დაეფარათ.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 30.03.2015წ. N1503716/88906 შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ გაეგზავნათ რესპოდენტებს, მათ შორის ი. კ-ას, რომელსაც განემარტა, რომ შეტყობინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ჰქონდა უფლება განეხორციელებინა კანონით დადგენილი მოქმედებებიდან ერთ-ერთი. ზემოაღნიშნული შეტყობინება ი. კ-ას გაეგზავნა შემდეგ მისამართზე: ქ.ბათუმი, ... ქ. 70, ბ.37. ზემოაღნიშნული გზავნილი 2015 წლის 3 აპრილს ჩაბარდა მოსარჩელის დეიდას - მ. კ-ეს (ოჯახის წევრი), ამასთან, ი. კ-ას შეტყობინება ასევე პირადად ჩაბარდა 2015 წლის 3 აგვისტოს, იგივე მისამართზე, ქალაქი ბათუმი, ... 70, ბ. 37(ტ.1, ს.ფ 229).

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ აპელანტის ძირითადი არგუმენტს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ადმინისტრაციული საქმის წარმოების მასალებში არსებულ ჩაბარების დასტურებზე მისი და მისი ოჯახის წევრის ხელმოწერები ნამდვილი არ არის, თუმცა გარდა ზეპირსიტყვიერი განმარტებისა მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა ზემოაღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ არ არსებობდა გონივრული ეჭვი, რომელიც ინკვიზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალდებულებდა საკითხი დამატებით გამოეკვლია.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2019 წლის 6 ივნისის N2578 ბრძანებით ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი დავალიანების გადახდევინების შესახებ 2015 წლის 8 ოქტომბრის №15032716/119317 ბრძანების პირველი პუნქტი ი. კ-ას მიმართ თანხის დაკისრების ნაწილში (თავდების მიერ წარდგენილი წერილის თანახმად, თავდებობის თანხის ოდენობა შეადგენდა 18000 ლარს, ხოლო აღნიშნული არ იყო მითითებული დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებაში); ამასთან, შეწყდა 2015 წლის 8 ოქტომბრის №15032716/119317 ბრძანების პირველი პუნქტის მოქმედება ი. კ-ას ნაწილში მისი გამოცემის დღიდან - 2015 წლის 8 ოქტომბრიდან; გაუქმდა აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული A15083504 სააღსრულებო საქმის ფარგლებში მოვალის - ი. კ-ას მიმართ განხორციელებული ყველა სააღსრულებო მოქმედება. სააპელაციო პალატის მითითებით, აღნიშნული ბრძანებით სადავო არ გამხდარა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემამდე პროცედურები, მათ შორის, გამარტივებული საქმისწარმოების ფარგლებში რესპოდენტის - ი. კ-ას ინფორმირების საკითხი. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მოსაზრება, რომ 2015 წლის 8 ოქტომბრის ბრძანების ნაწილობრივ ცნობის შემდეგ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ეკისრებოდა რესპოდენტის ხელახლა ინფორმირების კანონისმიერი ვალდებულება. შესაბამისად, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2019 წლის 6 ივნისის N2578 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამოიცა 2019 წლის 10 ივნისის №15032716/119318 დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება, რომლითაც ი. კ-ას დაეკისრა დავალიანების გადახდა 18000 ლარის ოდენობით (თავდებობის ხელშეკრულების თანახმად) სს „...ს“ მიმართ.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 919 მუხლის მე-4 პუნქტზე, 9110 მუხლზე, 17.1 მუხლზე, 25-ე მუხლის მე-9 პუნქტზე, 631 მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიმართ არ დარღვეულა ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული დავალიანების აღსრულებასთან დაკავშირებული, მარეგისტრირებელ ორგანოში მოვალის რეგისტრირებულ ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურა.

სააპელაციო სასამართლომ მოიხმო “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-183 მუხლის მე-5 პუნქტის “გ” ქვეპუნქტი და აღნიშნა, რომ ი. კ-ას ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე მართებულად ეთქვა უარი, ვინაიდან სასამართლო წარმოებაში არსებობდა იმავე მხარეებს, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არსებული დავა.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ უსაფუძვლო იყო მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისთვის აღნიშნული საქმის იმ ეტაპზე დაბრუნების შესახებ, საიდანაც გამარტივებული წარმოების მენეჯერს თავიდან უნდა დაეწყო კრედიტორის (აპლიკანტის) მიერ 2015 წელს შეტანილი განცხადების შესწავლა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ი. კ-ამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.

კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაიზიარა პირველი ინსტანციის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მასზედ, რომ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება ჯერ ჩაბარდა მის დეიდას - მ. კ-ეს, ხოლო შემდეგ ი. კ-ას. სასამართლომ არ გაითვალისწინა მოსარჩელის პოზიცია, რომ ზემოაღნიშნული ჩაბარების შესახებ შეტყობინებები გაყალბებულია. კასატორი ყურადღებას ამახვილებს სააღსრულებო საქმის წარმოების მასალებზე, რომლიდანაც ჩანს, რომ შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ 3.04.2015წ. ჩაბარდა ი. კ-ას დეიდას - მ. კ-ეს (ხელმომწერ პირად დაფიქსირებული მ. კ-ე). ამასთან, იმავე პიროვნებას შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ ჩაბარდა 8.10.2015წ. (ხელმოწერის გრაფაში მითითებულია მხოლოდ გვარი კ-ე). კასატორი აღნიშნავს, რომ ადამიანი ხელს ყოველთვის ერთნაირად აწერს, ხოლო, მ. კ-ის ჩაბარების დასტურებში განსხვავებული ხელმოწერებია (ხან მხოლოდ გვარი ხან სახელის პირველი ასოც ფიქსირდება), რაც ცალსახად მიუთითებს დოკუმენტების გაყალბებაზე. მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ კურიერმა ი. კ-ასთვის განკუთვნილი შეტყობინება 23.10.2015წ. 12:07 და იმავე დღეს 13:19 საათზე ჩააბარა მის დეიდას - მ. კ-ეს.

კასატორი მიიჩნევს, რომ მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-77-ე მუხლებით დადგენილი წესით არ ჩაბარებია გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება და არც გადახდის შესახებ ბრძანება. სააპელაციო სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ ი. კ-ა რეგისტრირებულია და რეალურად ცხოვრობს ქ. ბათუმში, ... ქ. N55/57. მითითებულ მისამართზე სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რესპოდენტს გზავნილები გაუგზავნა, თუმცა ვერ ჩააბარა. ადმინისტრაციულმა ორგანომ ი. კ-ას გზავნილები ასევე გაუგზავნა შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ... ქ. N70, ბინა 37. ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე ბინა მართალია ი. კ-ას საკუთრებაშია, თუმცა ფაქტობრივად ეკუთვნის მ. კ-ეს, რომელიც რეალურად ცხოვრობს ამ ბინაში. საქართველოს კანონმდებლობით დეიდა ოჯახის წევრად არ განიხილება, შესაბამისად, სსსკ-ის 74-ე მუხლში მოცემული დათქმა ადრესატის ადგილზე არყოფნისას გზავნილის ოჯახის წევრისთვის ჩაბარების შესახებ დაირღვა, რადგან უწყების მიმღები და ჩამბარებელი პირი ერთად არ ცხოვრობდნენ.

კასატორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ი. კ-ას ნაწილში სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს 8.10.2015წ. ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის პირობებში, ადმინისტრაციულ ორგანოს რესპოდენტის ხელახლა ცნობების ვალდებულება არ ეკისრებოდა. კასატორი შეუსაბამოდ მიიჩნევს მისთვის დაკისრებული თანხის ოდენობას, რადგან სს „...ს“ მიერ ი. კ-ასთვის გაგზავნილ შეტყობინებაში შესასრულებელ ვალდებულებად მითითებული იყო მარტოოდენ 1763 ლარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2026 წლის 16 მარტის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. კ-ას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. კ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან,საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებსდა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისთვის 18 000 ლარის დაკისრების შესახებ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 10 ივნისის №15032716/119318 ბრძანების და ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ 2019 წლის 20 სექტემბრის №4757 ბრძანების, ასევე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსადმი, ი. კ-ას უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების მოთხოვნით 2019 წლის 14 ივნისის №A15083504 მიმართვის კანონიერება და სააღსრულებო საქმისწარმოების იმ სტადიაზე დაბრუნება, რომ ქეისმენეჯერმა კრედიტორის 2015 წლის განცხადების საფუძველზე განახორციელოს კანონით დადგენილი ქმედებები.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. ხ-ესა და სს „...ს“ 2014 წლის 18 ივნისს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება 36 თვის ვადით.

2014 წლის 18 ივნისის თავდებობის წერილებით ი. კ-ამ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა გ. ხ-ის მიერ სს "...საგან“ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე აღებული სესხის (სესხის მთლიანი თანხა შეადგენს 18000 ლარს) გადახდაზე. მსესხებელსა და ბანკს შორის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, თავდებმა აიღო ვალდებულება დაეფარა სს "...ს“ სასარგებლოდ, როგორც სესხის მთლიანი თანხა, ასევე სესხზე დარიცხული სარგებელი, შესაძლო საურავი და სხვა ხარჯი, რის საფუძველზე ბანკს უფლება მიეცა თავდებისთვის წაეყენებინა მოთხოვნა, მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე. მსესხებლის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბანკს უფლება მიეცა დაეკმაყოფილებინა მოთხოვნა თავდების საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების რეალიზაციით.

2014 წლის 18 ივნისის თავდებობის წერილებით ნ. ს-ემ ასევე იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა გ. ხ-ის მიერ სს ,,...საგან“ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე აღებული სესხის გადახდაზე მსესხებლისგან იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც.

საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ი. კ-ას საკუთრებაშია უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი ბათუმი, ქუჩა ... N70, ბინა N37, ფართი - 71.29 კვ.მ (ს/კ N...).

2014 წლის 20 ნოემბერს, სს "...მ“ წერილობითი გაფრთხილებით მიმართა გ. ხ-ეს და მიუთითა მათ შორის გაფორმებულ ხელშეკრულების დარღვევაზე, ასევე 19/11/2014 წლის მოცემულობით გადასახდელი სესხის მოცულობაზე (1763.19 ლარი). მსესხებელს მიეცა წინადადება 14 დღის ვადაში სრულად დაეფარა გადახდის მომენტისათვის არსებული დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში სს "...“ იტოვებდა უფლებას შეეწყვიტა ხელშეკრულება და მთლიანი დავალიანების დაფარვის მიზნით, მიეღო კანონით გათვალისწინებული ზომები, მათ შორის მსესხებლისა და თავდები პირების ქონების მიმართ გაეტარებინა იძულებითი აღსრულების ღონისძიებები.

2014 წლის 20 ნოემბერს, სს "...მ“ წერილობითი გაფრთხილებებით, ასევე მიმართა გ. ხ-ის სოლიდარულ თავდებებს - ნ. ს-ესა და ი. კ-ას, აცნობა მსესხებლის მიერ სასესხო ვალდებულების დარღვევის და 19.11.2014წ. მდგომარეობით დასაფარი თანხის ოდენობა, მიეცათ წინადადება 14 დღის ვადაში სრულად დაეფარათ იმ დროისთვის არსებული დავალიანება წინააღმდეგ შემთხვევაში მეწარმე სუბიექტი იტოვებდა უფლებას შეეწყვიტა ხელშეკრულება და მთლიანი დავალიანების დაფარვის მიზნით, მიეღო კანონით გათვალისწინებული ზომები.

2015 წლის 23 მარტს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიწყო გამარტივებული წარმოება, აპლიკანტის - სს "...ს“ განცხადების საფუძველზე, რესპოდენტების - გ. ხ-ის, ნ. ს-ისა და ი. კ-ას მიმართ.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ 30.03.2015წ. №15032716/88906 შეტყობინება გაეგზავნათ რესპოდენტებს, მათ შორის - ი. კ-ას, რომლებსაც განემარტათ, რომ შეტყობინების ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ჰქონდათ უფლება განეხორციელებინათ დადგენილი ქმედებებიდან ერთ-ერთი მოქმედება.

ზემოაღნიშნული შეტყობინება 2015 წლის 3 აპრილს ჩაბარდა ი. კ-ას დეიდას - მ. კ-ეს (ოჯახის წევრი) შემდეგ მისამართზე: ქალაქი ბათუმი, ... 70, ბ. 37. ამასთან, ი. კ-ას შეტყობინება ასევე ჩაბარდა პირადად 2015 წლის 3 აგვისტოს, იგივე მისამართზე, ქალაქი ბათუმი, ... 70, ბ. 37.

2015 წლის 8 ოქტომბერს, სს "...მ“ მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და გ. ხ-ის მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტა, ხოლო საქმის სხვა რესპოდენტების - ნ. ს-ისა და ი. კ-ას მიმართ საქმის გაგრძელება მოითხოვა.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული საქმისწარმოების მრჩეველმა 2015 წლის 30 მარტს №15032716/88857 შეტყობინებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 9110 მუხლის თანახმად მოითხოვა, ყადაღის დარეგისტრირება ი. კ-ას საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაზე მდებარე: ქალაქი ბათუმი, ქუჩა ..., N70, ბინა 37, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N....

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 8 ოქტომბრის №15032716/119317 დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებით რესპოდენტებს - ნ. ს-ეს და ი. კ-ას დაეკისრათ დავალიანების გადახდა 26089,15 ლარის ოდენობით აპლიკანტის სს „...ს“ მიმართ.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2019 წლის 6 ივნისის N2578 ბრძანებით, ბათილად იქნა ცნობილი დავალიანების გადახდევინების შესახებ 2015 წლის 8 ოქტომბრის №15032716/119317 ბრძანების პირველი პუნქტი ი. კ-ას მიმართ თანხის დაკისრების ნაწილში; შეწყდა 2015 წლის 8 ოქტომბრის №15032716/119317 ბრძანების პირველი პუნქტის მოქმედება ი. კ-ას ნაწილში მისი გამოცემის დღიდან - 2015 წლის 8 ოქტომბრიდან; გაუქმდა აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული A15083504 სააღსრულებო საქმის ფარგლებში მოვალის - ი. კ-ას მიმართ განხორციელებული ყველა სააღსრულებო მოქმედება. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ დავალიანების გადახდევინების შესახებ 8.10.2015წ. ბრძანების გამოცემისას დაირღვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა, რომლის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2019 წლის 6 ივნისის N2578 ბრძანების გამოცემის საფუძველი გახდა აღსრულების ეროვნული ბიუროს 22.05.2019წ. მოხსენებითი ბარათი მასზედ, რომ მხარის მიერ წარდგენილი თავდებობის წერილის თანახმად, თავდებობის თანხის ოდენობა შეადგენდა 18 000 ლარს, ხოლო აღნიშნული არ იყო აღწერილი დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებაში.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 10.06.2019წ. №15032716/119318 დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებით ი. კ-ას დაეკისრა დავალიანების გადახდა 18000 ლარის ოდენობით (თავდებობის ხელშეკრულების თანახმად) სს „...ს“ მიმართ.

ი. კ-ამ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 10 ივნისს გამოცემული ,,დავალიანების გადახდევინების შესახებ“ N15032716/119318 ბრძანების და მისი აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მიმართვის ბათილად ცნობის მოთხოვნით ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2019 წლის 20 სექტემბრის N4757 ბრძანებით ი. კ-ას საჩივრის განხილვაზე ეთქვა უარი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-183 მუხლის მე-5 ნაწილის "გ“ ქვეპუნქტზე მითითებით. ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადგინა, რომ სასამართლოში იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლით და იმავე დავის საგანზე მიმდინარეობდა დავა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 917 მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს მითითებას იმის შესახებ, რომ რესპონდენტი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს დავალიანება, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს, ან განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილ მოქმედებათაგან ერთ-ერთი: დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას; წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს; წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს; წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას თუ რესპონდენტი არ განახორციელებს ზემოაღნიშნული ქმედებებიდან ერთ-ერთს. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, გამარტივებული წარმოებისას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება რესპონდენტს ჩაჰბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 917 მუხლის მე-2 პუნქტის "გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედებების განუხორციელების გამო, გადახდევინების ბრძანების გამოცემის საკითხი დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უტყუარად დასტურდება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინების ადრესატისათვის სათანადო წესით ჩაბარება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად კი, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად. მითითებული კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყონებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისთვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისთვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ დადგენილ გარემოებაზე, რომ გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება 2015 წლის 3 აპრილს ჩაბარდა ი. კ-ას დეიდას - მ. კ-ეს (ოჯახის წევრი), შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ... 70, ბ. 37. საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული შეტყობინება ი. კ-ას ასევე ჩაბარდა პირადად 2015 წლის 3 აგვისტოს, იგივე მისამართზე: ქალაქი ბათუმი, ... 70, ბ. 37 (ტ.1, ს.ფ 229).

განსახილველ შემთხვევაში, სადავო ბრძანების უკანონობის საფუძვლად მოსარჩელე იმ გარემოებაზე აპელირებს, რომ მას გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია. კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ იგი დეიდასთან ერთად არ ცხოვრობს, შესაბამისად, ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს მის ოჯახის წევრს. კასატორი აღნიშნავს, რომ თავად არ ცხოვრობს იმ მისამართზე, სადაც დეიდამ გზავნილი ჩაიბარა. ამასთან, კასატორი ასევე სადავოდ ხდის უშუალოდ სააღსრულებო ბიუროს მიერ გაგზავნილი შეტყობინების მისთვის ჩაბარების მართლზომიერებას, იმ საფუძვლით, რომ ჩაბარების დასტურზე არსებული ხელმოწერა მისი ჩვეულებრივი ხელმოწერის იდენტური არ არის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. სასკ-ის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. ამდენად, ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ იხელმძღვანელა მასთან არსებული წარმოების მასალებით და რესპოდენტს შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ 30.03.2015წ. შეტყობინება გაუგზავნა თავდებობის ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე, კერძოდ, ქ. ბათუმში, ... 70, ბ. 37-ში. ამასთან, საგულისხმოა, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე უძრავი ნივთი ი. კ-ას და არა მისი დეიდის საკუთრებაშია. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც უძრავ ნივთებთან დაკავშირებით, პირის საკუთრების უფლება ვლინდება საჯარო რეესტრიდან ამონაწერის საფუძველზე, კასატორის მოტივაცია, რომ ბინა მისი დეიდის საკუთრებაა გაზიარებული ვერ იქნება. საგულისხმოა, რომ სააღსრულებო ბიუროს შეტყობინება თავად მოსარჩელესაც ზუსტად იგივე მისამართზე აქვს ჩაბარებული, რომელზეც დეიდამისს. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს არასარწმუნოდ მიაჩნია კასატორის მტკიცება, რომ დეიდა არ წარმოადგენდა მასთან მცხოვრებ პირს და გზავნილის ჩაბარების მიზნებისათვის იგი არაუფლებამოსილ პირად უნდა იქნეს მიჩნეული. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო საამართლოს მოსაზრებას, რომ მოსარჩელემ გარდა ახსნა-განმარტებისა ვერ წარმოადგინა განკუთვნადი და რელევენტური მტკიცებულება გზავნილების ჩაბარების დასტურებზე დატანილი მისი და მისი დეიდის ხელმოწერების სიყალბის თაობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია საქმეში დაცულ უკუგზავნილებზე ერთ შემთხვევაში მოსარჩელის დეიდა მხოლოდ გვარის აღნიშვნით აწერს ხელს, ხოლო მეორეგან ფიქსირდება მისი სახელის ინიციალიც, თუმცა აღნიშნული ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არ მიუთითებს, რომ რომელიმე ხელმოწერა გაყალბებულია. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დოკუმენტის გაყალბების ფაქტი უნდა დადასტურდეს კანონით დადგენილი წესით, რაც მოცემულ შემთხვევაში კასატორმა ვერ განახორციელა. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოთა პოზიციას მასზედ, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ გამარტივებული საქმისწარმოების დაწყების შესახებ მოსარჩელის ინფორმირება განახორციელა კანონით დადგენილი წესით.

დადგენილია, რომ ი. კ-ას, შეტყობინების ჩაბარებიდან კანონით დადგენილ 10 დღიან ვადაში არ განუხორციელებია „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული არც ერთი ღონისძიება. შესაბამისად, მოსარჩელის მიმართ 2019 წლის 10 ივნისს გამოიცა დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. 896-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ. ამავე კოდექსის 898.1 მუხლის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეში დაცული წერილებით ი. კ-ა ეროვნული ბანკს და სს “...ს“ სთხოვდა მის მიმართ დაწყებული იძულებითი აღსრულების ღონისძიებების შეჩერებას და სადავოდ ხდიდა მისი პასუხისმგებლობის ფარგლებს. საქმის მასალებით არ იკვეთება მეორე თავდების - ნ. ს-ის სამართლებრივი მოქმედებანი, აღნიშნული არც მოცემული დავის საგანია, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია მსჯელობის შესაძლებლობას იმ საკასაციო პრეტენზიებზე, რომლებიც შეეხება მეორე თავდებ პირს და მისი პასუხისმგებლობის ფარგლებს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2019 წლის 6 ივნისის N2578 ბრძანებით ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი დავალიანების გადახდევინების შესახებ 2015 წლის 8 ოქტომბრის №15032716/119317 ბრძანების პირველი პუნქტი ი. კ-ას მიმართ თანხის დაკისრების ნაწილში (თავდების მიერ წარდგენილი წერილის თანახმად, თავდებობის თანხის ოდენობა შეადგენდა 18000 ლარს, ხოლო აღნიშნული არ იყო მითითებული დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებაში); შეწყდა 2015 წლის 8 ოქტომბრის №15032716/119317 ბრძანების პირველი პუნქტის მოქმედება ი. კ-ას ნაწილში მისი გამოცემის დღიდან - 2015 წლის 8 ოქტომბრიდან; გაუქმდა აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმოებაში არსებული A15083504 სააღსრულებო საქმის ფარგლებში მოვალის - ი. კ-ას მიმართ განხორციელებული ყველა სააღსრულებო მოქმედება.

სზაკ-ის 62.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილის ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სხვა ნაწილების ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადებას.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას მასზედ, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2019 წლის 6 ივნისის N2578 ბრძანებით 2015 წლის 8 ოქტომბრის №15032716/119317 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის პირობებში, მოსარჩელის მიმართ შეტყობინების გაგზავნის ეტაპიდან უნდა გაგრძელებულიყო გამარტივებული საქმისწარმოება. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 6.06.2019წ. N2578 ბრძანებით ი. კ-ას არათუ დაუმძიმდა და განესაზღვრა არსებითად ახალი პასუხისმგებლობა, არამედ შეუმცირდა დაკისრებული თანხის ოდენობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ი. კ-ას სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი (სესხის ხელშეკრულება) არ შეცვლილა, არამედ მასთან გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებით დადგენილ ზღვრულ ფარგლებში განისაზღვრა აღსასრულებელი მოთხოვნის მოცულობა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უდავოა, რომ მხარემ არ გამოიყენა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 917 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით იმპერატიულად დადგენილ 10 დღიან ვადაში წერილობითი პროტესტის გაცხადების უფლებამოსილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონით დადგენილი ვადის გასვლით რესპოდენტისთვის გაქარწყლდა შედავების უფლება, შესაბამისად, სააღსრულებო ბიურო არ იყო ვალდებული რესპოდენტისთვის გამარტივებული წარმოების დაწყების თაობაზე ხელახლა ეცნობებინა.

კასატორი ასევე შეუსაბამოდ მიიჩნევს მისთვის დაკისრებული თანხის (18 000 ლარი) ოდენობას იმ საფუძვლით, რომ სს „...“ მხარეებისთვის გაგზავნილ წერილობით გაფრთხილებებში გადასახდელი დავალიანების ოდენობად 1763 ლარს უთითებდა.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 915 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, აღსრულების ეროვნული ბიურო აპლიკანტის მოთხოვნის უფლების შემოწმებისას ეყრდნობა მხოლოდ დავალიანების გადახდევინების შესახებ განცხადებასა და თანდართულ წერილობით მტკიცებულებებში არსებულ მონაცემებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სს „..." მიერ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წადგენილი იყო 18.06.2014წ. სესხის ხელშეკრულება (ძირი თანხა 18 000 ლარი)-36 თვეზე, საპროცენტო განაკვეთი-30%. უდავოა, რომ კრედიტორმა რესპოდენტების მიმართ მოთხოვნა 26 089 ლარზე წარადგინა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სს „...“ წერილობითი შეტყობინებებით მხარეებს მოეთხოვათ მხოლოდ იმ დროისათვის - 29.11.2014წ. არსებული დავალიანების - 1763 ლარის გადახდა. აღნიშნული შეტყობინება ასევე შეიცავდა მითითებას, რომ კრედიტორი იტოვებდა უფლებას შეეწყვიტა ხელშეკრულება და მთლიანი დავალიანების დაფარვის მიზნით, მიეღო კანონით გათვალისწინებული ზომები. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, თავდებების და მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში, სააღსრულებო წარმოების დაწყებისას სს "..." უფლებამოსილი იყო მოეთხოვა სესხის მთლიანი თანხის დაფარვა. აღსანიშნავია, რომ თავდებობის წერილის თანახმად, მოსარჩელეს ბანკის წინაშე ნაკისრი ჰქონდა სოლიდარული ვალდებულება (პასუხისმგებლობა) ზემოაღნიშნული სესხის მთლიანი თანხის, ასევე სესხზე დარიცხული სარგებლის, საურავის და სხვა ხარჯების გადახდაზე. თავდებობის ხელშეკრულებით მოსარჩელის პასუხიმგებლობის ფარგლები განისაზღვრა 18 000 ლარით. ამდენად, საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის მოსაზრება, რომ სადავო ბრძანებით მას დაეკისრა იმაზე უფრო მეტის გადახდა, ვიდრე აპლიკანტის მიერ იყო მოთხოვნილი.

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 9110 მუხლით გათვალისწინებულია, რომ აპლიკანტის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით აღსრულების ეროვნული ბიურო მარეგისტრირებელ ორგანოში რესპონდენტის დარეგისტრირებულ ქონებას დაადებს ყადაღას კანონით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში. ამავე კანონის 631 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს ქონების აღწერას და მესაკუთრისათვის მისი განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, იპოთეკით, უზუფრუქტით, სერვიტუტით ან აღნაგობით დატვირთვის, მასზე თხოვების, ქირავნობის ან/და იჯარის ხელშეკრულების დადების – აკრძალვას. რეგისტრაციას დაქვემდებარებულ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვის, ხოლო უძრავ ქონებაში განთავსებულ მოძრავ ნივთებზე ყადაღის დადება – ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტის საფუძველზე. უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ხდება მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებისათვის დადგენილი წესით. ყადაღის დადების ან გაუქმების აქტი/მიმართვა დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს.

სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის 2019 წლის 14 ივნისის №A15083504 მიმართვით მარეგისტრირებელ ორგანოს მოეთხოვა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დადებული ყადაღის რეგისტრაცია ი. კ-ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, მისამართი: ქ. ბათუმი, ... ქუჩა 70, ბინა 37.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, რომ მის მიმართ დაირღვა "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებით, აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებლის მიერ კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, მარეგისტრირებელ ორგანოში მოვალის რეგისტრირებულ ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურა.

"სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-183 მუხლის მე-5 პუნქტის "გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე არ განიხილავს საჩივარს, თუ სასამართლოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ დადგენილ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქმეზე სადავოდ გამხდარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები, მოსარჩელემ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივრითაც გაასაჩივრა, რაც ცალსახად ქმნიდა ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან საკასაციო საჩივარზე ი. კ-ას 4.03.2026წ. N3686 საგადასახადო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ი. კ-ას (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. კ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის განჩინება;

3. ი. კ-ას (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 04.03.2026წ. N3686 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი

TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150;

4 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა დაარ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ვაჩაძე

მოსამართლეები: გ. აბუსერიძე

ბ. სტურუა