გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
ას-428-819-06 20 ნოემბერი, 2006
ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: კანონიერ ძალაში შესული ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 ივლისის გადაწყვეტილების ბაილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 ივლისის გადაწყვეტილებით ჰ. გ-იანის განცხადება დაკმაყოფილდა, დადასტურებულად ჩაითვალა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი იმის შესახებ, რომ ჰ.გ-იანი 1982 წლიდან სარგებლობს და ფლობს ქ.თბილისში ... ¹ 12-ში მდებარე სახლს, საერთო ფართით 161,19 კვ.მ და საცხოვრებელ ფართს _ 42,36 კვ.მ-ს, ასევე, მიწის ნაკვეთს, ფართით _ 1060 კვ.მ.
მეცნიერებათა აკადემიამ 2003წ. აგვისტოში განცხადებით მიმართა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 ივლისის ¹2/1644 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრში ... ¹12-ში მდებარე უძრავი ქონების გადაწყვეტილების რეგისტრაციის გაუქმება, ჰ. გ-იანის განცხადების განუხილველად დატოვება.
მეცნიერებათა აკადემიამ სასარჩელო განცხადება დაასაბუთა იმით, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 ივლისის გადაწყვეტილებით ჰ. გ-იანმა დაიკანონა და თავის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხა საჯარო რეესტრში ... ¹12-ში მდებარე სახლი. განცხადებისა ავტორის განმარტებით ქ.თბილისში ... ¹12-ში მდებარე მიწის ნაკვეთი, ხისდამამუშავებელი საამქრო და არასაცხოვრებელი სახლი საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 3 თებერვლის ¹30 ბრძანებულებით უვადო უზუფრუქტით აქვს გადაცემული საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას. ხოლო «საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შესახებ» კანონის თანახმად, აკადემიისათვის უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემული მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები პრივატიზაციას არ ექვემდებარება.
ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 23 აპრილის განჩინებით ბათილად იქნა ცნობილი ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 6 ივლისის ¹2/1644 გადაწყვეტილება და ამის საფუძველზე გაუქმდა ქ.თბილისში ... ¹12-ში მდებარე უძრავი ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ჰ.გ-იანის სახელზე; ჰ.გ-იანის განცხადება დარჩა განუხილველი; მხარეებს განემარტათ, რომ უფლება აქვთ, აღნიშნულზე იდავონ საერთო სასამართლო წესით.
ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 23 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ჰ.Gგ-იანმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 ივლისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ჰ.გ-იანის კერძო საჩივარი; გაუქმდა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 23 აპრილის განჩინება და მეცნიერებათა აკადემიის აკადემიის განცხადება ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია უდავო წარმოების წესით, სადაც არ არიან მოდავე მხარეები. ამდენად, ჰ.გ-იანის სავარაუდო სარჩელი ვერ იქნება მიმართული საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიმართ, რადგან მან ვერ წარმოადგინა სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი; მეცნიერებათა აკადემიამ სათანადოდ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ არის იგი დაინტერესებული პირი, ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში დაფიქსირებული საერთოდ არ არის.
ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 2 მარტის განჩინებით მეცნიერებათა აკადემიის განცხადება არ დაკმაყოფილდა; ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 ივლისის გადაწყვეტილება ¹2/1644 საქმეზე დარჩა უცვლელად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენელმა თ.გ-ძემ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ 2005წ. 5 ოქტომბერს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მეცნიერებათა აკადემიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2005წ. 22 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად იმ საფუძვლით, რომ აპელანტის წარმომადგენელი სხდომაზე არ გამოცხადდა, თუმცა მას უწყება კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენელმა თ.გ-ძემ საჩივარი შეიტანა დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 4 აპრილის განჩინებით ჰ.Gგ-იანის შუამდგომლობა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლის, თ. გ-ძის, საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ, დაკმაყოფილდა; მეცნიერებათა აკადემიის საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 ოქტომბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი, დაუშვებლობის გამო; ჰ.Gგ-იანის შუამდგომლობა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 ოქტომბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებლო ფურცლის ამოწერის შესახებ, არ დაკმაყოფილდა, უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ სააპელაციო პალატის სხდომაზე ჰ.გ-იანმა სასამართლოს წარუდგინა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლის საქართველოს მეცნიერებათა აკადემიისათვის 2005წ. 26 ოქტომბერს გადაცემის დამამტკიცებელი დოკუმენტი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ამ დოკუმენტის თანახმად დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის შეტანის ვადა დამთავრდა 2005წ. 5 ნოემბერს. განმცხადებელმა კი სასამართლოს საჩივრით მიმართა 2005წ. 8 ნოემბერს, რითაც დაარღვია სსკ-ის 237-ე მუხლით განსაზღვრული ვადა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 4 აპრილის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლმა თ. გ-ძემ.
კერძო საჩივრის ავტორმა თავისი საჩივარი დაასაბუთა იმით, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს წერილობითი გზავნილი თარიღდება 2005წ. 28 ოქტომბრით, შესაბამისად 3 ნოემბერს შემოსულ მასალებზე 8 ნოემბერს შემოტანილ იქნა მათი საჩივარი, რაც კანონით დადგენილ გასაჩივრების ვადის ფარგლებშია. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით სააპელაციო პალატამ ყურადღება არ მიაქცია და არ შეაფასა საქმეში არსებული განცხადება, რომლითაც დასტურდება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მომენტში მოსარჩელეები იმყოფებოდნენ სასამართლოს შენობაში და იქ მიმდინარე მოვლენების გამო მოხდა გაუგებრობა.Mმოსარჩელეებისათვის უცნობია თუ რა დოკუმენტი წარმოადგინა ჰ.გ-იანმა სასამართლო სხდომაზე, მაგრამ ამ ფაქტთან დაკავშირებით მეცნიერებათა აკადემიის კანცელარიაში და მეცნიერებათა აკადემიის იურიდიული სამსახურის ხელშეკრულებით მომსახურე ბაზა - იურიდიული კომპანია «...» დაიწყო სამსახურეობრივი მოკვლევა. წინასწარი მონაცემებით უშუალოდ 2005წ. 5 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება აკადემიას 3 ნოემბრამდე არ ჩაბარებია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სააპელაციო პალატის 2006წ. 10 ივლისის განჩინებით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კერძო საჩივარი, საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა შემდეგი გარემოებები, კერძოდ სასამართლო სხდომაზე წარმოადგენილი დოკუმენტის მიხედვით მეცნიერებათა აკადემიას თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი გადაეცა 2005წ. 26 ოქტომბერს. აღნიშნული გადაწყვეტილებით მას ასევე განემარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა. სსკ-ის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა უნდა დამთავრებულიყო 2005წ. 5 ნოემბერს, ხოლო ვინაიდან 2005წ. 5 ნოემბერი იყო შაბათი, ანუ უქმე სსკ-ის მე-61 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ვადა უნდა დამთავრებულიყო 2005წ. 7 ნოემბერს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომსაქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენელს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი უნდა წარედგინა 2005წ. 7 ნოემბრამდე, მან კი საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 2005წ. 8 ნოემბერს, ე.ი. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრის შეტანისათვის გათვალისწინებული ვადის დარღვევით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მეცნიერებათა აკადემიის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 4 აპრილის განჩინება და მეცნიერებათა აკადემიის საჩივრის განსახილველად საქმე დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2005წ. 26 ნოემბერს შეამოწმა მეცნიერებათა აკადემიის საჩვრის დასაშვებობა იმავე სასამართლოს 2005წ. 5 ოქტომბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე; სასამართლომ ჩათვალა, ვინაიდან საჩივარი აკმაყოფილებს სსკ-ის 236-ე, 237-ე და 238-ე მუხლების მოთხოვნებს, იგი განსახილველად იქნა მიღებული. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული საჩივრის დასაშვებობა შეამოწმა საქმეში წარმოდგენილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 28 ოქტომბერს გაგზავნილი გზავნილის და წარმოდგენილი ამ გზავნილის მეცნიერებათა აკადემიისათვის 2005წ. 3 ნოემბერს ჩაბარების საფუძველზე. მოცემული საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას სააპელაციო პალატის 2006წ. 4 აპრილის სხდომაზე ჰ.გ-იანმა სასამართლოს წარუდგინა სააპელაციო პალატის 2005წ. 5 ოქტომბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილების ასლის მეცნიერებათა აკადემიისათვის 2005წ. 26 ოქტომბერს ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი და მიუთითა, რომ უშუალოდ მან ჩააბარა აღნიშნული მეცნიერებათა აკადემიას. სააპელაციო პალატამ ისე მიიჩნია ჰ.გ-იანის მიერ 2005წ. 26 ოქტომბერს მეცნიერებათა აკადემიისათვის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება ამ გადაწყვეტილებაზე საჩივრის შეტანის ვადის ათვლის მომენტად, რომ არ გაითვალისწინა სსკ-ის 73-ე მუხლის მეექვსე ნაწილის მოთხოვნა. ამ ნორმის თანახმად, მოსამართლეს შეუძლია მხარის თანხმობით ხელზე მისცეს მას სასამართლო უწყება შესატყობინებელი ან გამოსაძახებელი პირისათვის ჩასაბარებლად. პირი, რომელსაც მოსამართლემ დაავალა უწყების მიტანა, ვალდებულია სასამართლოს დაუბრუნოს მისი მეორე ეგზემპლარი ადრესატის ხელმოწერით. საკასაციო პალატა თვლის, რომ ვინაიდან, ჰ.გ-იანმა სააპელაციო პალატის სხდომაზე არ მიუთითა კონკრეტულად ვისი დავალებით ჩააბარა მეცნიერებათა აკადემიას სააპელაციო პალატის 2005წ. 5 ოქტომბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილების ასლი; ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მან დაარღვია ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ვალდებულება და ასეთის ჩაბარების თაობაზე დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოს წაურუდგინა მხოლოდ 2006წ. 4 აპრილს. ე.ი. ხუთი თვის შემდეგ, სააპელაციო პალატის მოსაზრება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის 2005წ. 28 ოქტომბრიდან ათვლის შესახებ უსაფუძვლოა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია, რის გამოც სააპელაციო პალატის 2005წ. 4 აპრილის განჩინება უნდა გაუქმდეს და მოცემულ საქმეზე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საჩივრის განსახილველად საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 419-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2006წ. 4 აპრილის განჩინება და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საჩივრის განსახილველად საქმე დაუბრუნდეს იმავე პალატას;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.