განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
1769-აპ 18 იანვარი, 2008 წელი
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლევან მურუსიძე (თავმჯდომარე)
მაია სულხანიშვილი, იური ტყეშელაშვილი
სხდომის მდივან – გ. შალამბერიძის
პროკურორ – გ. შ-ის
ადვოკატ _ მ. გ-ას
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ბ. დ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის _ მ. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აგვისტოს განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საბრალდებო დასკვნით ბ. დ-ს, _ დაბადებულს .. წელს, საქართველოს მოქალაქეს, არასრული საშუალო განათლებით, ადრე ნასამართლევს, _ ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“ და „ო“ პუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, განსაკუთრებული სისასტიკით და არაერთგზის. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 22 დეკემბერის განაჩენით ბ. დ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 238-ე მუხლის I, II, IV ნაწილებით, 96-ე მუხლის II ნაწილის I პუნქტით, 140-ე მუხლის I, IV, VI, VII პუნქტებით, 17-104-ე მუხლის IV, VI, VII პუნქტებით, 112-ე მუხლის II ნაწილით, მე-100 მუხლით (ძველი რედაქცია) და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა არასრულწლოვანთა საერთო რეჟიმის შრომა-აღმზრდელობით კოლონიაში მოხდით. სასჯელის მოხდის პერიოდში მან კვლავ ჩაიდინა დანაშაული, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რის გამოც თბილისის საოლქო სასამართლოს 2002 წლის 8 თებერვლის განაჩენით სასჯელის მოუხდელ ნაწილზე _ 6 წელზე დაემატა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
მიუხედავად აღნიშნულისა, იგი არ დაადგა გამოსწორების გზას და კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული, კერძოდ: ბ. დ-ა, იხდიდა რა სასჯელს რუსთავის ¹2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, 2004 წლის 12 სექტემბერს, დაახლოებით 18 საათზე, მივიდა მსჯავრდებულ ნ.. ი-ს საცხოვრებელ ბარაკში და მოუწოდა, წასულიყო მსჯავრდებულთა შემოწმებაზე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. აღნიშნულით განაწყენებულმა ბ. დ-მ აიღო იქვე დაგდებული რკინის ნაჭერი და დაემუქრა ნ. ი-ს, რომელმაც თავის მხრივ, მოძალადე ბ. დ-ს თავდასხმის მოგერიების მიზნით, აიღო იქვე არსებული დანა და დაიწყო ქნევა, რა დროსაც ბ. დ-ს მუცლის მარცხენა ზედაპირზე მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ბ. დ-ა განიმსჭვალა რა შურისძიების მოტივით, განიზრახა ნ. ი-ის განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლა. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მან ხელთ არსებული რკინის ნაჭრით ნ. ი-ს თავის არეში მიაყენა მრავლობითი დაზიანებები. ბ. დ-ა მოქმედებდა რა განსაკუთრებული სისასტიკით ნ. ი-ის მიმართ, აიღო დანა და მიაყენა მას მრავლობითი დაზიანებები სხეულის სხვადასხვა არეში. ელენთის ნაკვეთი ჭრილობის შედეგად განვითარებული მწვავე სისხლნაკლებობით ნ. ი-ი გარდაიცვალა. როდესაც ბ. დ-ა დარწმუნდა, რომ სისრულეში მოიყვანა თავისი დანაშაულებრივი განზრახვა, მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
მხარეთა კამათისას სახელმწიფო ბრალმდებელმა ბ. დ-ს მოუხსნა სსკ-ის 109-ე მუხლის „ვ“ პუნქტით წარდგენილი ბრალდება და იშუამდგომლა მისი ქმედების სსკ-ის 109-ე მუხლის „ო“ პუნქტით დაკვალიფიცირების შესახებ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 25 ოქტომბრის განაჩენით ბ. დ-ს დანაშაულებრივი ქმედება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ო“ პუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 113-ე მუხლზე და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან _ 3 წელი და საბოლოო სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აღნიშნული განაჩენი სახელმწიფო ბრალმდებელმა გაასაჩივრა საკასაციო წესით. მან ითხოვა განაჩენის გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად რუსთავის საქალაქო სასამართლოში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის 2006 წლის 1 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა სახელმწიფო ბრალმდებლის საჩივარი, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენი ბ. დ-ს მიმართ და საქმე ხელახალი განხილვისათვის შესაბამისი მითითებებით დაუბრუნდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 დეკემბრის განაჩენით ბ. დ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 17 (ჩვიდმეტი) წლის ვადით, რასაც ამავე კოდექსის მე-60 მუხლის (ძველი რედაქცია) თანახმად, დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილი _ 2 (ორი) წელი და საბოლოოდ ბ. დ-ს განესაზღვრა 19 (ცხრამეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. გ-მ. აპელანტები ითხოვდნენ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას და ბ. დ-ს ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მოცემას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აგვისტოს განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 დეკემბრის განაჩენში საქართველოს სსსკ-ის 124-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, შევიდა ცვლილება ნივთიერ მტკიცებულებათა ბედის გადაწყვეტის საკითხში.
ბ. დ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელად განესაზღვრა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც საქართველოს სსკ-ის მე-60 მუხლის თანახმად (2007 წლის 18 იანვრამდე მოქმედი რედაქცია), დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილი _ 2 წელი და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 19 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯეკს იხდის 2007 წლის 12 სექტემბრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აგვისტოს განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ბ. დ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. გ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. მან ითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 დეკემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აგვისტოს განაჩენებში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ ბ. დ-ს ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლით (აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილება).
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ბ. დ-ს ადვოკატმა მ. გ-მ აღნიშნა, რომ განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი, გამოტანილია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევით, რამაც იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა არასწორი კვალიფიკაცია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 1 ივნისის განჩინებით გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2005 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი ბ. დ-ს მიმართ და საქმე დაუბრუნდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ხელახლა განსახილველად სავალდებულო მითითებების შესასრულებლად.
საქართველოს სსკ-ის 570-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, ხელახალი სასამართლო განხილვისათვის საქმის დაბრუნებისას საკასაციო ინსტანციის სასამართლოს უფლება აქვს, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებს მისცეს სავალდებულო მითითებები, რომელთა მიზანია წინასწარი გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს დაშვებული ხარვეზების შევსება და სამართლებრივი შეცდომის გამოსწორება, რაც არ შეასრულეს რუსთავის საქალაქო და თბილისის სააპელაციო სასამართლოებმა და იმავე მტკიცებულებებზე დაყრდნობით მსჯავრდებულის ქმედება არასწორად დააკვალიფიცირეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტით.
სააპელაციო სასამართლომ, დაარღვია რა საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის IV ნაწილისა და ამავე კოდექსის 132-ე მუხლის V ნაწილის მოთხოვნები, ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონის დადგენილი წესით, არ გადაწყვიტა მსჯავრდებულის სასარგებლოდ და ბ. დ-ა დამნაშავედ ცნო ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის გარეშე.
ადვოკატმა მ. გ-მ საკასაციო საჩივრით ითხოვა ცვლილების შეტანა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 17 დეკემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აგვისტოს განაჩენებში და ბ. დ-ს ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლით _ აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით ჩადენილი მკვლელობით.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა გ. შ-მ მხარი არ დაუჭირა ადვოკატ მ. გ-ს მოთხოვნას, განაჩენი ბ. დ-ს მიმართ მიიჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეასრულა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 1 ივნისის განჩინებით მიცემული სავალდებულო მითითებები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ მსჯავრდებულ ბ. დ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის _ მ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აგვისტოს განაჩენი ბ. დ-ს მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ 2006 წლის 1 ივლისის განჩინებით გააუქმა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს. პალატამ განჩინებაში მიუთითა, რომ მსჯავრდებულ ბ. დ-ს ჩვენებებში არსებული არსებითი წინააღმდეგობების აღმოფხვრის მიზნით საჭირო იყო მისი დაკითხვა ჩვენებებში მითითებული ყველა გარემოებების მიმართებით. ასევე, მოწმის სახით უნდა დაკითხულიყო შემთხვევის ადგილისა და გვამის დათვალიერებაში მონაწილე პირები. უნდა გარკვეულიყო შესასვლელ ოთახში, სადაც იდგა პატარა მაგიდა, რომელზედაც დამაგრებული იყო ელეკტრო დაზგა, რა მანძილითა და როგორი მდებარეობით იქნა აღმოჩენილი ი-ის გვამი. რუსთავის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვის დროს, მართალია დაკითხული იქნა დამსწრე, მაგრამ ზემოაღნიშნული საკითხები, მისი დაკითხვის დროს, არ იქნა გამოკვლეული. დასმული საკითხის გარკვევის მიზნით სააპელაციო სასამართლოში დაკითხულნი იქნენ _ ლ-ძე, ნ-ი, თ-ძე და გ-ი, მაგრამ მოწმე გ. თ-ს საერთოდ არ აქვს დასმული კითხვა იმ გარემოებების გარკვევის მიზნით, რომელთა დადგნასაც ითხოვდა უზენაესი სამართლოს სისხლის სამართლის საქმეთ პალატა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ არ იქნა შესრულებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 1 ივლისის განჩინებით გათვალისწინებული მითითებები, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აგვისტოს განაჩენი და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამარლოს სხვა შემადგენლობას.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაცი სასამართლომ საქმის ხელმეორედ განხილვის დროს, საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, უნდა შეასრულოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2006 წლის 1 ივლისის განჩინებით გათვალისწინებული მითითებები და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიიღოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ბ. დ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის _ მ. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 აგვისტოს განაჩენი და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გადაეგზავნოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.