განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
520აპ ქ. თბილისი
19 სექტემბერი, 2008 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ი. ტყეშელაშვილი (თავმჯდომარე),ზ. მეიშვილი, ლ. მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. გ-ისა და თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის მოვალეობის შემსრულებელ რ. ლ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 23 იანვრის განაჩენზე მ. გ-ის, ბ. ტ-ისა და თ. ბ-ის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 18 აგვისტოს განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად:
1. მ. გ-ი, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა» და „დ» ქვეპუნქტებით იმაში, რომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩაიდინა ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ;
2. ბ. ტ-ი, მოქალაქე, ნასამართლევი, _ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა», „დ» ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ», „გ» ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ» ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა», „ბ» და „დ» ქვეპუნქტებით იმაში, რომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩაიდინა ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის; ასევე _ ყაჩაღობა ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, არაერთგზის; ასევე _ თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ასევე _ ქურდობა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ;
3. თ. ბ-ი, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, _ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ა» და „დ» ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.
მ. გ-ის, ბ. ტ-ისა და თ. ბ-ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2006 წლის 10 დეკემბერს ბ. ტ-მა გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად განიზრახა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაუფლებოდა სხვის ნივთს _ სატრანსპორტო საშუალებას. განზრახვის რეალიზების მიზნით მათ იმავე დღეს, დაახლოებით 23 საათზე, თბილისში, დიღომში, აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, გააჩერეს „ფორდ-ესკორტის» მარკის ტაქსი და მძღოლ ზ. ჭ-ს სთხოვეს „ტოიოტას» ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაყვანა. „ტოიოტას» ცენტრის მოშორებით, ბნელ ადგილზე, მათ მძღოლს გააჩერებინეს ავტომანქანა და მოსთხოვეს მობილური ტელეფონი. ზ. ჭ-მა განუცხადა, რომ მობილური არ ჰქონდა. ავტომანქანის უკანა სავარძელზე მჯდომმა პირმა მას ყელზე მოუჭირა ხელები, მიაკრა სავარძლის საზურგეს და მოსთხოვა ფული. მძღოლის გვერდით მჯდომმა ბ. ტ-მა ზ. ჭ-ს დაუწყო თავში ხელების ჩარტყმა. მძღოლმა მოახერხა თავის დაღწევა და გაიქცა, ხოლო ბ. ტ-ი და მისი თანამზრახველი დაეუფლნენ ავტომანქანას და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან, რითიც დაზარალებულ ზ. ჭ-ს მიაყენეს 4000 აშშ დოლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2007 წლის 25 იანვარს, დაახლოებით 00.25 საათზე, ბ. ტ-მა და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა დიღმის მასივში, მაღაზია „წითელქუდასთან» გააჩერეს „ოპელ-ვექტრას» მარკის ტაქსი და მძღოლ ი. გ-ს მოსთხოვეს სოფელ დიღომში წაყვანა. ბ. ტ-ი დაჯდა მძღოლის გვერდით, ხოლო მასთან მყოფი პირი მოთავსდა უკანა სავარძელზე. სოფელ დიღმის ტერიტორიაზე ბ. ტ-მა მოსთხოვა მძღოლს მანქანის გაჩერება, გადავიდა მანქანიდან და ცეცხლსასროლი იარაღით მოკვლის მუქარით ი. გ-ი ჩასვა მანქანის საბარგულში, რითიც მას უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება, ყაჩაღური თავდასხმის შედეგად ავტომანქანის გატაცების გაადვილების მიზნით. მანქანის საჭესთან დაჯდა ბ. ტ-ი და გაემართნენ სოფელ დ-ის მიმართულებით. დაახლოებით 1 კილომეტრის გავლის შემდეგ გამტაცებლებმა შენიშნეს პოლიციელები, რაც საეჭვოდ მიიჩნიეს, გატაცებული ავტომანქანა მიატოვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
ბ. ტ-ი გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში დანაშაულებრივად დაუკავშირდა მეგობრებს _ მ. გ-სა და თ. ბ-ს. 2007 წლის 30 იანვარს, დაახლოებით 4 საათზე, აღნიშნული პირები მივიდნენ თბილისში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის» მიმდებარე ტერიტორიაზე, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, სადაც ნახეს დ. მ-ის მფლობელობაში არსებული „ვაზ-2106» მარკის ავტომანქანა, შეუცვალეს სანომრე ნიშნები, ჩასხდნენ მანქანაში, მ. გ-მა ჩამოყარა ელექტროსადენები, მანქანა დააგორეს, აამუშავეს ძრავა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ მას.
2007 წლის 30 იანვარს, დაახლოებით 06.20 საათზე, მცხეთის რაიონის სოფელ წ-თან, საავტომობილო გზაზე, ბ. ტ-ი თანამზრახველებთან ერთად დააკავეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა.
აღნიშნული ქმედებისათვის მ. გ-სა და თ. ბ-ს განესაზღვრათ 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ბ. ტ-ს კი საბოლოოდ მიესაჯა 27 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2007 წლის 30 იანვრიდან.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა თ. ბ-მა და მსჯავრდებულ მ. გ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. კ-მა.
მსჯავრდებულმა თ. ბ-მა სააპელაციო საჩივრით ითხოვა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ხოლო ადვოკატმა დ. კ-მა _ განაჩენის გაუქმება და მსჯავრდებულ მ. გ-ის გამართლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 23 იანვრის განაჩენით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 18 აგვისტოს განაჩენი შეიცვალა: ბ. ტ-ს ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» და მე-3 ნაწილის „ა», „დ» ქვეპუნქტები, როგორც ზედმეტად წარდგენილი და მას საბოლოოდ განესაზღვრა 21 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
კასატორი _ მსჯავრდებული მ. გ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა და უნდა გაუქმდეს, ვინაიდან ქმედების საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის სავალდებულოა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს, ხოლო სსკ-ის 177-ე მუხლიდან ქურდობის შემადგენლობისათვის სავალდებულო ნიშანი _ მისაკუთრების მიზანი _ ამოღებული არ არის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული მ. გ-ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 23 იანვრის განაჩენის შეცვლას მის სასიკეთოდ და კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას.
კასატორი _ ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი რ. ლ. საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ წინასწარი და სასამართლო გამოძიების დროს მოპოვებული მტკიცებულებების შეჯერებისა და იურიდიული შეფასების შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეჭვი არ შეუტანია ბ. ტ-ის მიერ მასზე ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში და იგი დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა», „დ» ქვეპუნქტებით, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა» ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა» ქვეპუნქტით; სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს განაჩენში სარევიზიო წესით ბ. ტ-ის მიმართ შეიტანა ცვლილებები როგორც კვალიფიკაციის, ისე _ სასჯელის ნაწილში და განაჩენში მიუთითა, რომ არაერთგზის ჩადენილი ყაჩაღობა მოიცავს ძარცვასაც; ამ მსჯელობის საფუძველზე ბ. ტ-სათვის წარდგენილი ბრალდებიდან სრულად ამოურიცხა სსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება ამ მუხლით დანიშნულ სასჯელთან ერთად.
პროკურორ რ. ლ-ს აზრით, სააპელაციო სასამართლოს ასეთი მსჯელობა უკანონოა; სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი და მსჯავრდებულ ბ. ტ-ს საბოლოოდ განუსაზღვრა სასჯელის ისეთი ზომა, რომელიც არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესა და პიროვნებას; სააპელაციო სასამართლომ, მიუხედავად იმისა, რომ დადგენილად მიიჩნია ბ. ტ-ის მხრიდან ქურდობის, ყაჩაღობისა და ძარცვის ჩადენა, ნორმის არასწორი გამოყენებით სრულად ამოურიცხა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება და ამ ნაწილში დანიშნული სასჯელი, ისე, რომ წინააღმდეგობაში მოვიდა როგორც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნებთან, ასევე მის მიერ განაჩენში განვითარებულ დასკვნებთან, როცა იმავე ლოგიკით ბრალდებიდან არ ამორიცხა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლიც და ბ. ტ-ის ქმედება არასწორად დააკვალიფიცირა ყაჩაღობითა და ქურდობით, რითაც სამართლებრივი შეფასებისა და სათანადო სასჯელის გარეშე დატოვა ბ. ტ-ის მიერ ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაული. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ ამ ქმედებით მსჯავრდებულ ბ. ტ-ს განუსაზღვრა სასჯელი, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესა და იმ მსჯავრდებულის პიროვნებას, რომელმაც მოკლე დროში შეძლო ოთხი დამოუკიდებელი, საზოგადოებისათვის საშიში დანაშაულის ჩადენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორი რ. ლ. ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 23 იანვრის განაჩენის გაუქმებას ბ. ტ-ის ბრალდების ნაწილში და ამ ნაწილში საქმის დაბრუნებას ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორ რ. ლ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ რადგან ბ. ტ-ს წარდგენილი ჰქონდა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდება (არაერთგზის ყაჩაღობა), აღნიშნული მოიცავს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,დ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებასაც. ამის გამო ბ. ტურაშვილს ამოერიცხა სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა" და ,,დ" ქვეპუქნტები, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
პალატა განმარტავს, რომ ადრე მოქმედი რედაქციის სსკ-ის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს ერთი (და არა სხვადასხვა) მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაულის ჩადენას, ხოლო სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზისად, თუ ამის შესახებ მითითებულია შესაბამის მუხლში.
სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 177-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზისად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა. ეს მხოლოდ იმას გულისხმობს, რომ სსკ-ის 177-186-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა უნდა დაკვალიფიცირდეს არაერთგზისობითაც, თუ მას წინ უსწრებდა ზემოაღნიშნული, სხვა რომელიმე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. ამდენად, ხარისხობრივად განსხვავებული და სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ქმედებები _ ძარცვა და ყაჩაღობა, არ შეიძლება ერთმანეთს მოიცავდეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა სისხლის სამართლის კანონის არასწორი გამოყენება, რაც ამ შემთხვევაში განაჩენის გაუქმების საფუძველია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების განაჩენებით ბ. ტ-ი ცნობილია დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა", ,,ბ" და ,,დ" ქვეპუნქტებით, თუმცა მას სასჯელი დაენიშნა ამ მუხლის მხოლოდ მე-2 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით.
იმის გამო, რომ საქმე უნდა გაიგზავნოს ახალი სასამართლო განხილვისათვის, საკასაციო პალატა არ მსჯელობს მსჯავრდებულ მ. გ-ის საჩივრის მოტივებზე და თ. ბ-ის მიმართ სააპელაციო პალატის განაჩენის კანონიერებაზე, დასაბუთებულობასა და სამართლიანობაზე.
საქმის ხელახლა განხილვისას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხვა შემადგენლობამ უნდა გაითვალისწინოს განჩინებაში აღნიშნული მითითებები, სრულად და ობიექტურად შეისწავლოს და შეაფასოს საქმეში არსებული მასალები, რის შემდეგ მიიღოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «ბ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
პროკურორ რ. ლ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 23 იანვრის განაჩენი ბ. ტ-ის, მ. გ-ის და თ. ბ-ის მიმართ და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.