განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 23.07.2009
საქმის ნომერი
2კ-81აპ.-09
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
23.07.2009

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

81აპ-09 ქ. თბილისი

23 ივლისი, 2009 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),დავით სულაქველიძე, იური ტყეშელაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ა-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. პ-ის, მსჯავრდებულ ო. ხ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. Kკ-ის, მსჯავრდებულ ი. Uუ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 12 დეკემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 დეკემბრის განაჩენით:

გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 27 წლით თავისუფლების აღკვეთა. გ. ა-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 18 აპრილიდან.

ი. უ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით _ 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით _ ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით _ ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, 363-ე მუხლის პირველი ნაწილით _ ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 4000 ლარის ოდენობით. ი. უ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 18 აპრილიდან.

გ. ხ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით _ 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით _ ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით _ ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 4000 ლარის ოდენობით. გ. ხ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 18 აპრილიდან.

ო. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით _ ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით _ ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 4000 ლარის ოდენობით. გ. ხ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 18 აპრილიდან.

ნივთმტკიცება _ სალაროს გასავლის ორდერი ¹..., ფულადი თანხა 2005 ლარის ოდენობით, ა. ლ-ის სახელზე შევსებული ¹... შპს „-...“ ქვითრის მონახევი, ალუმინის სახელურიანი ოთხკუთხედი ფორმის ბეჭედი წარწერით (გლდანი 1/23), 15 ცალი შპს „..“ გადასახადის ქვითარი, 2 ცალი ბანდეროლი, 20 ცალი სალაროს გასავლის ორდერი ნომრებით: ...; ...; ...; ...; ...; ..; ...; ...; ....; ....; ....; ....; ...; ...; ...; ...; ...; ...; .... 2 ცალი „...» ქვითარი ¹....; ..., ....; 9 ცალი სახალხო ბანკის სალაროს გასავლის ორდერი, ...; ...; ...; .... ;...; ...; ....; ...; ....; სალაროს ფულადი გზავნილების ორდერები ¹... და ¹... გაცემული 2007 წლის 18 აპრილს; მობილური ტელეფონი „სონი ერიქსონი“, იმეი კოდით ... და ელემენტის გარეშე მობილური ტელეფონი „ერიქსონი“; ნ. გ-ის სახელზე გაცემული პასპორტი ნომრით ....; ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, წინასწარი გამოძიებისას დაუბრუნდა კანონიერ მფლობელს.

ნივთმტკიცება _ ,,ნოკიას» მოდელის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით ¹...., 20 თეთრი და მუქი ცხვირსახოცი; ღია ყავისფერი ტყავის ზურგჩანთა, ორი ნაქსოვი, შავი ხელთათმანი, ერთი ხელთათმანი, გაწყობილი ყავისფერი, თეთრი და კრემისფერი ზოლებით; ნაჭრის ქურთუკი წარწერით „კილტეკ-სპლოტ“, ,,სონის» ფირმის კომპიუტერის ფლოპი, მამაკაცის ცხვირსახოცი, ოქროსფერი ლითონის სამაჯური; ნასყიდობის ხელშეკრულება, გ. ა-გან ამოღებული ღია ყავისფერი, 39 ზომის სპორტული ფეხსაცმელი; გ. ხ-გან ამოღებული შავი ფერის ტყავის ფეხსაცმელი, ი. უU-გან ამოღებული სპორტული სტილის ფეხსაცმელი თეთრი ზოლებით, ო. ხ-გან ამოღებული შავი ფერის სპორტული ფეხსაცმელი შესაკრავი ზონრებით, რომლებიც ინახება ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველოს მე-8 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

ნივთმტკიცება _ 2 ცალი 5სმ სიგრძის ლითონის სახაზავის ნაჭერი მოკაუჭებული ცხვირით ე.წ. „ამეჩკა“ და ლითონის მოღუნული წვრილი ჩხირი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

ნივთმტკიცება _ ,,კალაშნიკოვის» კონსტრუქციის აკ-... მოდელის ნომერგადაშლილი ავტომატი, ორლულიანი იჟ-მოდელის 16 კალიბრიანი 1969 წელს გამოშვებული გადაჭრილი სანადირო თოფით ნომრით დ ..., ე.წ. „აბრეზი“, 1974 წლის 5,45მმ კალიბრიანი ,,კალაშნიკოვის» კონსტრუქციის ავტომატის 25 ცალი სამხედრო ვაზნა და 2 ცალი 16 კალიბრიანი ვაზნა გლუვლულიანი თოფებისთვის, 33 ცალი ,,აკმ» სისტემის ვაზნა; მობილური ტელეფონები; „ნაგანის“ მოდელის ვერცხლისფერი ცეცხლსასროლი იარაღი ორი ცალი ვაზნით, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, უნდა ჩამოერთვას და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს ბალანსზე ასაყვანად.

ნივთმტკიცება _ ერთი ცალი „DVD“ დისკი, გადაღებული საგამოძიებო მოქმედება _ პირის ამოცნობა, უნდა დაერთოს საქმეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 7 მარტის დადგენილებით აღმოიფხვრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 25 დეკემბრის განაჩენში გ. ა-ის, ი. უ-ის, გ. ხ-ის და ო. ხ-ის მიმართ არსებული უზუსტობა.

განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის ბოლოდან მესამე აბზაცი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად:

ნივთმტკიცება _ „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის აკ-... მოდელის ნომერგადაშლილი ავტომატი,K ორლულიანი „იჟ-მოდელის“ 16 კალიბრიანი 1969 წელს გამოშვებული გადაჭრილი სანადირო თოფი, ნომრით დ..., ე.წ. „აბრეზი“ 1974 წლის 5,45მმ კალიბრიანი ,,კალაშნიკოვის» კონსტრუქციის ავტომატი 24 ცალი სამხედრო ვაზნა და 2 ცალი 16 კალიბრიანი ვაზნა გლუვლულიანი თოფებისთვის, 33 ცალი „აკმ“ სისტემის ვაზნა; „ნაგანის“ მოდელის ვერცხლისფერი ცეცხლსასროლი იარაღი, ორი ვაზნით საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად უნდა ჩამოერთვას და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს ბალანსზე ასაყვანად.

განაჩენით მსჯავრდებულების _ გ. ა-ს, ი. Uუ-ის, გ. ხ-სა და ო. ხ-ის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

გ. ა-მა განიზრახა ჩაედინა ყაჩაღური თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მან გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა. იგი დანაშაულის ჩასადენად დაუკავშირდა გამოძიებით დაუდგენელ პირს.

2007 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 18.00 საათზე, ქ. თბილისში, გლდანის ... მ/რაიონის, მე-... კორპუსის მე-... სადარბაზოში გ. ა-ი და გამოძიებით დაუდგენელი პირი ჩაუსაფრდნენ ამავე სადარბაზოში მცხოვრებ მოქ. ქ. ა-ს, რომელიც მუშაობდა მეტროს სადგურ „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელად და, როგორც წესი, ყოველთვის ერთსა და იმავე დროს ბრუნდებოდა თავის საცხოვრებელ ბინაში. მას შემდეგ, რაც ჩვეულებისამებრ ქ. ა-ი დაბრუნდა სამსახურიდან და შევიდა თავისი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, მას სრულიად მოულოდნელად ზემოაღნიშნული პირები დაესხნენ თავს. თავდაპირველად იგი სახის არეში ძლიერი დარტყმით წააქციეს და დაუწყეს ჩხრეკა ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, თან იმიტომ, რომ ამ უკანასკნელს წინააღმდეგობა არ გაეწია, ფეხებით კვლავ აყენებდნენ ჯანმრთელობის დაზიანებას სახის არეში, რის შემდეგაც ქ. ა-მა გონება დაკარგა, ხოლო გ. ა-ი და გამოძიებით დაუდგენელი პირი მის ჩხრეკას განაგრძობდნენ. ყაჩაღური თავდასხმის დროს ამ დანაშაულებრივ ქმედებას შეესწრო იქვე, სარდაფიდან ამომავალი დ. ლ-ი და ქ. Aა-ის მეუღლე ა. Aა-ი. დ. ლ-ი შეეცადა თავდამსხმელების შეჩერებას, რა დროსაც აღნიშნულმა პირებმა თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღის ტარით თავის არეში მიაყენეს ჯანმრთელობის დაზიანება დ. ლ-ს და ამიტომ მან ვერ შეძლო მათი შეჩერება. რაც შეეხება ა. ა-ს, მან თავდამსხმელებს გაუწია წინააღმდეგობა, კერძოდ: მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ მისი მეუღლე ქ. ა-ი გაუნძრევლად იწვა სადარბაზოში, იფიქრა, რომ იგი გარდაცვლილი იყო. ამასთან, თავდამსხმელები მას კვლავ აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას და ჩხრეკდნენ. აღნიშნულის შემსწრე ა. Aა-მა ერთ-ერთ თავდამსხმელს _ გ. ა-ს, რადგან მას ხელში იარაღი ეკავა, მკერდის არეში ფეხით მიაყენა დარტყმა, რის შემდეგაც მას თანნაქონი ცეცხლსასროლი იარაღი ხელიდან გაუვარდა, თუმცა იმ წამსვე კვლავ აიღო და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, როდესაც მასა და ა. ა-ს შორის მანძილი დაახლოებით ერთი მეტრი იქნებოდა, ცეცხლსასროლი იარაღი მისკენ მიმართა და გაისროლა. ტყვია ა. ა-ს მარცხენა ფეხის არეში მოხვდა, თუმცა არ დაცემულა, პირიქით, მან კვლავ გაუწია წინააღმდეგობა თავდამსხმელს, კერძოდ, მეორედ ჩაარტყა ფეხი გ. ა-ს, მაგრამ გრძნობდა, რომ ფეხში დაჭრილი იყო, საკმაო სისხლი ჰქონდა დაკარგული და დგომა არ შეეძლო. სწორედ ამ დროს გ. ა-მა განიზრახა ა. ა-ის განზრახ მკვლელობა, რათა მას არ მისცემოდა საშუალება, ხელი შეეშალა მისთვის და მისი თანამზრახველისთვის დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში. იგი ამ დროს უგონო მდგომარეობაში მყოფ ქ. ა-ს კვლავ ჩხრეკდა, რათა ფული მოეძებნა და მიეთვისებინა. Gგ. Aა-მა მასთან დაახლოებით ორ მეტრში მყოფ ა. ა-ს პირდაპირ მისკენ მიმართა, დაუმიზნა და ორჯერ ზედიზედ ესროლა. ტყვიები ა. ა-მა აიცილა იმით, რომ იგი მიხვდა გ. ა-ის ჩანაფიქრს და გადარჩენის მიზნით სადარბაზოში არსებული სარდაფის ჩასასვლელისკენ გადავარდა. სწორედ ამ დროს დაჭრილმა ა. ა-მა გონება დაკარგა, ხოლო სროლის ხმაზე ხალხი შეიკრიბა. გ. ა-მა სროლის შემდეგ თანამზრახველთან ერთად სასწრაფოდ დატოვა შემთხვევის ადგილი და გაიქცა. მათ ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ქ. ა-გან გაიტაცეს ფულადი თანხა _ 5000 ლარის ოდენობით.

მიუხედავად ამისა, გ. ა-ი არ დაადგა გამოსწორების გზას და კვლავ განიზრახა, ჩაედინა თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. აღნიშნული დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად გ. ა-მა, ი. უ-მა, ო. ხ-მა და გ. ხ-მ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები, კერძოდ: „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატი, გადაჭრილი სანადირო თოფი, ე.წ. „აბრეზი“, „ნაგანის“ სისტემის პისტოლეტი, რომელსაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდნენ. Gგ. ა-ი, ი. უ-ი, ო. უ-ი, გ. ხ-ე და გამოძიებით დაუდგენელი პირი დაუკავშირდნენ ერთმანეთს და 2007 წლის 18 აპრილს, 14.00 საათზე, ,,კალაშნიკოვის” სისტემის ავტომატით, გადაჭრილი სანადირო თოფით, ე.წ. „აბრეზით“ და „ნაგანის“ სისტემის პისტოლეტით შეიარაღებულნი, წინასწარი შეთანხმებისამებრ, ჯგუფურად, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ყაჩაღურად თავს დაესხნენ ქ. თბილისში, გლდანის მე-... მ/რაიონში, ....-ე კორპუსში განთავსებულ მოსახლეობის საკრედიტო ფინანსური მომსახურების საპენსიო სერვის–ცენტრს, მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწიეს მომსახურე პერსონალის სამუშაო ადგილას, სადაც, როგორც წესი, მოქალაქეებს ეკრძალებათ ყოფნა, ვინაიდან იქ განთავსებულია სალარო აპარატები და კომპიუტერები. აღნიშნულმა პირებმა ცეცხლსასროლი იარაღების მუქარით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ასევე ძალადობის გამოყენების მუქარით სერვის-ცენტრის თანამშრომლებს _ ე. ხ-სა და ა. გ-ს ყაჩაღურად გასტაცეს სერვის-ცენტრის შტამპი, მოქალაქეთა გადახდის დამადასტურებელი სხვადასხვა დასახელების ქვითრები, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად იმავე დღეს დააკავეს აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე პირები, მათ შორის: გ. ა-ი, რომელსაც პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა სერვის-ცენტრის საანგარიშსწორებო წიგნაკები, ფულადი თანხა _ 2005 ლარის ოდენობით და მოქალაქე ნ. ს-ის სახელზე გაცემული პლასტიკური ბარათი; ი. უ-ი, რომელსაც პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა ქვითრები; ო. ხ-ი, რომელსაც პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა მოქალაქეების მიერ გადახდის დამადასტურებელი ქვითრები. დაკავებამდე, ო. ხ-მა, რომელიც იმყოფებოდა გ. ხ-ის დროებით საცხოვრებელ ბინაში, მდებარე ქ. თბილისში, გლდანის მე-...მ/რაიონი, კორპუსი ..., ბინა ¹...-ში, ნივთმტკიცების თავიდან მოშორების მიზნით, თანნაქონი ზურგჩანთა, მასში მოთავსებული „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატითა და გადაჭრილი სანადირო თოფით ე.წ. ,,აბრეზით» ფანჯრიდან გადააგდო, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა ეს შეამჩნიეს, რის გამოც ზურგჩანთა საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კანონიერად იქნა ამოღებული და სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცების სახით დართული; ასევე დააკავეს გ. ხ-ე, რომელსაც პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა მოქალაქეების გადახდის დამადასტურებელი ქვითრები და ,,ნაგანის» სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი ორი საბრძოლო ვაზნით. ასევე გ. ხ-ის დროებითი საცხოვრებელი ბინიდან, მდებარე ქ. თბილისში, გლდანის მე-... მ/რაიონი, კორპუსი ¹... ამოიღეს ავტომატ ,,კალაშნიკოვის» ვაზნა, რომელიც ასევე დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა და მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 12 დეკემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

გ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ» ქვეპუნქტით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით _ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 27 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ი. უ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით _ 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით _ ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით _ ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, 363-ე მუხლის პირველი ნაწილით _ ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, რაც ,,ამნისტიის შესახებ» 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით; ,,ამნისტიის შესახებ» 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მეორე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა და განესაზღვრა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით. ამასთანავე, მხედველობაში იქნა მიღებული, რომ აღნიშნული ამნისტიები არ ვრცელდება გადახდილ ჯარიმებზე, რომლებიც შეფარდებულია, როგორც ძირითადი სასჯელი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 3250 ლარის ოდენობით.

გ. ხ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით _ 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით _ ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით _ ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 4000 ლარის ოდენობით.

ო. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა», ,,ბ» ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით _ ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 42-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით _ ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 11 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 4000 ლარის ოდენობით.

მსჯავრდებულ გ. ა-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. პ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გ. ა-ს გამართლებას. კასატორის განმარტებით, განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო შემდეგ გარემოებათა გამო:

გ. ა-ს ბრალდების იმ ეპიზოდთან, რომელიც ეხება 2007 წლის 18 აპრილს ქ. თბილისში, გლდანის მე-.... მ/რაიონის ...-ე კორპუსში არსებული მომსახურების სერვის-ცენტრის დაყაჩაღების ფაქტს, არანაირი კავშირი არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს; გამოძიებით დადგენილია და ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ ყაჩაღობა განხორციელდა 2007 წლის 18 აპრილს 14.25 საათიდან 14.40 საათს შორის. ამ პერიოდში გ. ა-ი შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდა, ის სახლიდან იყო გასული მეტროს სადგურ ,,ახმეტელთან», პურის საყიდლად, მობილური ტელეფონის ასარჩევად და თავის ნაცნობ კ. გ-თან შესახვედრად. აღნიშნულ ფაქტს თავის ჩვენებებში ადასტურებს მოწმე კ. გ-ეც. მართალია, საქმეზე დაკითხული მოწმეები, საქართველოს შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები _ ი. ლ-ი, გ. გ-ე, ლ. ქ-ი, ჯ. გ-ე და კ. მ-ე წინასწარი გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებებში უთითებდნენ, რომ თითქოს, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მომსახურების სერვის ცენტრთან მიახლოების დროს დაინახეს ცენტრიდან გამოქცეული 5 პირი, მათ შორის _ ი. ი-ი და გ. ა-ი, მაგრამ სასამართლო პროცესზე დააზუსტეს, რომ გ. ა-ს საერთოდ არ იცნობდნენ და, შესაბამისად, გამოქცეულთა შორის ვერ ამოიცნობდნენ, მათ გ. ა-ის ვინაობა შეიტყვეს მათთან ერთად მყოფი გლდანი–ნაძალადევის პოლიციის თანამშრომლებისაგან, რაც მთლიანად ეწინააღმდეგება მოწმეთა სახით დაკითხული გლდანი-ნაძალადევის შს სამმართველოს თანამშრომლების ჩვენებებს, რომლებიც განმარტავენ, რომ სერვის-ცენტრთან მიახლოებისას დაინახეს, რომ იქიდან გამორბოდა ხუთი მამაკაცი, თუმცა, მათ შორის ვინ იყო, ვერ ამოიცნეს.

საინტერესოა ასევე შემდეგი ფაქტი: პირვანდელ ჩვენებებში პოლიციელები არ უთითებდნენ იმ გარემოებაზე, რომ პირადი ჩხრეკის დროს ა-ს აღმოაჩნდა სერვის-ცენტრის ქვითრები. თავად ამ ქვითრების, ბეჭდებისა და შტამპების ეჭვმიტანილების ჯიბეებში აღმოჩენა არის ალოგიკური. ისმის კითხვა: მაშინ, როდესაც თანხას აგროვებდნენ ცელოფნის პარკში, რომელი თავდამსხმელი ჩაიდებდა ჯიბეში ისეთ მამხილებელ მტკიცებულებას, როგორიცაა სერვის-ცენტრის ქვითრები და ბეჭდები? ან რაში სჭირდებოდა ეს? ამასთან, თუკი ერთი თავდამსხმელი ცელოფნის პარკში აგროვებდა თანხას, ხოლო მეორე ეხმარებოდა ამაში, ანუ მხოლოდ ორ თავდამსხმელს ჰქონდა სერვის-ცენტრის დოკუმენტაციასთან შეხება, მაშინ როგორ აღმოჩნდა ყველა თავდამსხმელის ჯიბეებში სერვის-ცენტრის ქვითრები, ბეჭდები და შტამბები? ეს კიდევ ერთი სიყალბეა დამატებითი, ე.წ. „მტკიცებულებების“ მოპოვების მიზნით. სამწუხაროდ, სასამართლომ არ გამოიძახა და დამატებით არ დაკითხა პოლიციელები ზემოხსენებული საკითხების გარკვევის მიზნით; სასამართლო ასევე არც კი დაინტერესებულა იმ საკითხით, თუ როგორ აღმოჩნდა პოლიციის მუშაკი გ. კ-ი ერთი და იმავე დროს შედგენილ ორ საგამოძიებო ოქმში შეყვანილი, მაშინ, როდესაც საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა სხვადასხვა ადგილებში.

სასამართლომ ასევე არ გაარკვია შემდეგი გარემოება: თუკი პოლიციელები თავიდანვე დაედევნენ დამნაშავე პირებს და, მათივე ჩვენებებით, ეს პირები ცენტრიდან გამოსვლისთანავე გაიქცნენ სხვადასხვა მიმართულებით, მაშინ როგორ აღმოჩნდა ყველა იარაღი ო. ხ-ის ხელში? ასევე გაუგებარია, თუ პოლიციის მუშაკებმა წინასწარ იცოდნენ ყაჩაღობის შესახებ და შემთხვევის ადგილზე მივიდნენ იმ დროს, როდესაც ყაჩაღობა ხდებოდა, მაშინ რატომ ვერ მოახერხეს თავდამსხმელების ადგილზევე დაკავება? ამ ფაქტებს მხოლოდ ერთი ახსნა აქვს - პოლიციის მუშაკები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ გვიან, მას შემდეგ, რაც თავდამსხმელებმა მოახერხეს მიმალვა.

ამ საკითხების არგარკვევით გამოძიებამ და სასამართლომ უხეშად დაარღვიეს საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნა საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შესახებ.

კასატორის მოსაზრებით, გამოძიებამ ყოველგვარი შემოწმების გარეშე, მხოლოდ სერვის-ცენტრის თანამშრომელთა ჩვენებებზე დაყრდნობით, დადასტურებულად ჩათვალა, რომ სერვის-ცენტრიდან გატაცებულ იქნა 2300 ლარი, რაც გაუგებარია, ვინაიდან სერვის-ცენტრი სახელმწიფო დაწესებულებაა, იქ წარმოებს შესაბამისი აღრიცხვა ყველა შემოსული თანხისა და ამ შემთხვევაში გამოძიება ვალდებული იყო, სერვის-ცენტრში დაენიშნა რევიზია და საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტიზა, რითაც დადგინდებოდა ზუსტი დანაკლისი. ეს არ შესრულებულა და, შესაბამისად, 2300 ლარის ოდენობით ზიანის განსაზღვრა (მაშინ, როდესაც ამ ციფრზე მიუთითებენ დაინტერესებული პირები – სერვის-ცენტრის თანამშრომლები, თანაც თავიდან ჯერ 500 ლარი, შემდეგ _ 2500 ლარი და ბოლოს 2300 ლარი მიუთითეს) ყოვლად დაუშვებელია და ძალზე საეჭვოა, ხოლო საქართველოს სსკ-ის მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, ყველა ეჭვი უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულთა სასარგებლოდ. ამასთან, გაუგებარია, როგორ დაუბრუნეს სერვის-ცენტრს დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში 2100 ლარი, მაშინ, როდესაც გ. ა-ს ჩხრეკის დროს ამოუღეს 2005 ლარი.

სავსებით გაუგებარი სიტუაციაა მოწმე ა. გ-ის მიერ გ. ა-ის ამოცნობის ჩატარებასთან დაკავშირებით. გაკვირვებას იწვევს თვით ამოცნობის ჩატარების საფუძველი, რადგან მოწმე ა. გ-ი თავის ჩვენებაში უთითებს, რომ არავის ამოცნობა არ შეუძლია, ვინაიდან თავდამსხმელთა სახეები არ დაუნახავს, რადგან მათ ნიღბები ეკეთათ და ასეთ ვითარებაში, აბსოლუტურად ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, საქმეში ჩნდება ამოსაცნობად წარდგენის ოქმი, რომელშიც მოწმე ა. გ-ი ამსგავსებს გ. ა-ს ერთ-ერთ თავდამსხმელს, თუმცა, აღნიშნავს, რომ არ არის დარწმუნებული, ნამდვილად გ. ა-ი მონაწილეობდა თავდასხმაში, თუ _ არა. ანალოგიური პოზიცია მან დააფიქსირია სასამართლო პროცესზეც _ ასე, რომ მისი ჩვენება მტკიცებულებად არ გამოდგება.

შემთხვევის ადგილიდან არ ამოუღიათ რაიმე კვალი ან ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ შემთხვევის ადგილზე გ. ა-ი იმყოფებოდა. ასევე არ არსებობს არც ერთი მოწმე, რომელიც პირდაპირ უთითებს გ. ა-ზე, როგორც დანაშაულის ჩამდენზე, ანუ საქმეში არ მოიპოვება გ. ა-ის ბრალის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები.

ადვოკატი საკასაციო საჩივრით აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გ. ა-ს მიმართ ბრალდების მეორე ეპიზოდზე, რომელიც ეხება 2007 წლის 18 თებერვალს ქ. და ა. ა-ბზე ყაჩაღურ თავდასხმასა და ა. ა-ის განზრახ მკვლელობის მცდელობას, დაადგინა უკანონო, გამამტყუნებელი განაჩენი შემდეგ გარემოებათა გამო:

ბრალდების ამ ეპიზოდში გამოძიება ასევე ზერელედ, ტენდენციურად და არაკვალიფიციურად არის ჩატარებული, კერძოდ: არასრულყოფილად არის დათვალიერებული შემთხვევის ადგილი, დათვალიერების ოქმში არ არის მითითებული სადარბაზოს ფართობი, მანძილები, კონკრეტულად ის ადგილები, საიდანაც ამოღებულია ნივთმტკიცებები.

იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე გამოძიება ჩატარებულია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის უხეში და მნიშვნელოვანი დარღვევებით, რასაც სააპელაციო სასამართლომ არ მისცა ადეკვატური სამართლებრივი შეფასება და, შესაბამისად, მოიქცა ტენდენციურად, მსჯავრდებულ გ. ა-ის ინტერესების უხეში დარღვევით. მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა ურთიერთსაწინააღმდეგო, კანონის უხეში დარღვევით მოპოვებულ საეჭვო მტკიცებულებებზე დაყრდნობით; სასამართლომ უხეშად დაარღვია გ. ა-ის უდანაშაულობის პრეზუმფცია.

ამასთან, გ. ა-ი არის ახალგაზრდა; წარსულში არ არის ნასამართლევი; კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და დედა; არის სპორტსმენი და ბევრი რამ გააკეთა საქართველოს სახელის საერთაშორისო ასპარეზზე გასატანად – ის არის მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების არაერთგზის გამარჯვებული კიგბოქსინგში, ასევე ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული. ასეთი წარსულის მქონე ადამიანი არ შეიძლება იყოს კრიმინალი.

მსჯავრდებულ ო. ხ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ი. კ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ განაჩენი ო. ხ-ის მიმართ არის მკაცრი; მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული; იგი დაავადებულია ჰეპატიტით, პირველადაა სამართალში, ხასიათდება დადებითად.

მსჯავრდებული ი. უ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ საფუძვლით, რომ განაჩენი არის უკანონო; საქმეში არ დევს არანაირი მტკიცებულება, რაც მის ბრალეულობას დაადასტურებდა; პირადი და ბინის ჩხრეკისას ამოღებული ქვითრები მას არ ეკუთვნის, ისინი ჩაუდეს ოპერმუშაკებმა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 567-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმე სრული მოცულობით მსჯავრდებულების _ გ. ა-ის, ო. ხ-ს, ი. უ-სა და გ. ხ-ს მიმართ, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში გ. ა-ის, ო. ხ-ის, ი. უ-სა და გ. ხ-ს ბრალდების საქმის განხილვისას და ამ საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას არ შესრულდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-18 მუხლით დადგენილი მოთხოვნები საქმის ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის თაობაზე, გულდასმით არ შემოწმებულა მსჯავრდებულებისა და მათი დამცველების ყველა განცხადება და საჩივარი უდანაშაულობისა და ნაკლები ბრალის, დანაშაულის გამოძიებისა და სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონიერების სხვა დარღვევებთან დააკავშირებით, რამაც არსებითი გავლენა მოახდინა საქმის შედეგზე, კანონიერი და დასაბუთებული განაჩენის დადგენის თვალსაზრისით. გარდა ამისა, დარღვეულია საქართველოს სსსკ-ის მე-19 მუხლით დადგენილი მოთხოვნები. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

გ. ხ-ს მსჯავრდებას საფუძვლად დაედო შემდეგი მტკიცებულებები: 1. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის თითის კვალი დატოვებულია მისი მარჯვენა ხელის შუა თითით. 2. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, გლდანის მასივის მე-... კორპუსის ბ.¹...ში ჩატარებული გ. ხ-ის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნაგანი და მასში მოთავსებული 2 ვაზნა ვარგისია სროლისათვის. 3. ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, გლდანის მასივის მე-... კორპუსის ბ.¹----ში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული 33 ვაზნა ვარგისია სროლისათვის.

პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო ინსტანციაში საბოლოო დასკვნის გამოტანა გ. ხ-ის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის თაობაზე შეუძლებელია აღნიშნული მტკიცებულებების ხელმეორედ სრული გამოკვლევისა და შეფასების გარეშე შემდეგ გარემოებათა გამო:

1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ მინიდან ამოღებული 1 თითის კვალი (რომელიც ექსპერტის დასკვნით დატოვებულია გ. ხ-ის მიერ) არ არის დალუქული. ოქმს დამსწრეების სახით ხელს აწერენ ნ. კ-ი და ნ. დ-ი.

წინასწარ გამოძიებაში ნ. კ-ი და ნ. დ-ი დაიკითხნენ მოწმეების სახით. მათი ჩვენებებიდან ჩანს, რომ ისინი იმყოფებოდნენ სერვის-ცენტრში ყაჩაღობის დროს და არიან მომხდარი ფაქტის თვითმხილველები. რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ ისინი მონაწილეობდნენ როგორც დამსწრეები, რა ნახეს და რა გააკეთეს, _ ამაზე ჩვენებაში არაფერს ამბობენ. სასამართლო პროცესზე დაიკითხა ერთ-ერთი დამსწრე _ ნ. კ-ი, რომელმაც დაადასტურა ის ფაქტი, რომ ესწრებოდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებას და მოაწერა ხელი: «ხელმოწერით დავაფიქსირე, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს ქვითრები, რასაც ეტყობოდა ბოტასის ტერფი. მათ მინებზე აიღეს ანაბეჭდები. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს სპეციალისტი იყო თუ არა, მე არ ვიცი, ვერ გეტყვით, რაიმეზე ხელი არ მომიწერია. შეიფუთა თუ არა რაიმე, არ ვიცი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ალბათ, მოვაწერე ხელი». მეორე დამსწრის დაკითხვა ვერ მოხერხდა, რადგან არ იყო საქართველოში.

დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით გაიხსნა დალუქული კონვერტი ¹... ბეჭდის ანაბეჭდით. ერთ მხარეს იკითხება ხელნაწერი, კრიმინალისტი ლ. ქ-ე, გამომძიებელი რ. Pპ-ი, ხოლო კონვერტის მეორე მხარის ბეჭდის ანაბეჭდზე აღნიშნულია სამი გაურკვეველი ხელმოწერა.

გლდანის მასივის მე-...კორპუსის ბ.¹...ში, რომელიც ეკუთვნის გ. ხ-ს ნაცნობს, პირადი ჩხრეკის შედეგად გ. ხ-ს, ლურჯი ფერის ჯინსის შარვლის ქამრის უკანა მარჯვენა გვერდიდან ამოღებულ იქნა ,,ნაგანის» სისტემის ვერცხლისფერი ცეცხლსასროლი იარაღი 2 ვაზნით, შარვლის მარცხენა, წინა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ქვითრის მონახევი, წარწერით შპს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისი», აბონენტი ლ-ი, აბონენტის ¹....; ფურცლის მონახევი, რომელზეც ნუმერაციით წერია ბანკების დასახელებები, თეთრი ფერის ფურცლის ნაწილი, რომელსაც თავი და ბოლო დაწებებული აქვს და მართკუთხედი ფორმისაა.

ამოღებული ნივთები დაილუქა 2 პაკეტად ¹... ლუქით: 1. ცეცხლსასროლი იარაღი. 2. ამოღებული ფურცლები და ქვითარი.

გლდანის მასივის მე... კორპუსის ბ.¹...-ის ჩხრეკის ოქმით, საძინებელი ოთახის ტუმბოს ზედა, მარცხენა უჯრიდან ამოღებულ იქნა ავტომატ ,,ა-...» 33 ვაზნა (ს.ფ...) და დაილუქა ¹... საკანცელარიო ლუქით.

ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით, წარმოდგენილი ნივთმტკიცება 1 ფუთად დალუქულია ¹... ლუქით და აღინიშნება გაურკვეველი ხელმოწერები.

საქმეში არის 2007 წლის 19 აპრილის ოქმი ნივთმტკიცების _ ფუთებისა და პაკეტების გახსნის შესახებ; გახსნილ იქნა 4 პაკეტი და 2 ცალი კონვერტის პაკეტი, დალუქული ¹.. და ¹.../დ ლუქით, რომლებიც პირადი და ბინის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ეჭვმიტანილების _ გ. ა-ის, ი. უ-ის, გ. ხ-სა და ო. ხ-ას.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულებების შემოწმების მიზნით უნდა დაიკითხონ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული კრიმინალისტი ლ. ქ-ე, ხოლო დამსწრე ნ. დ-ი _ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული კვალის დალუქვასთან დაკავშირებით. იმის გამო, რომ მეორე დამსწრე ნ. კ-ი უარს აცხადებს ლუქზე ხელის მოწერაზე, ექსპერტმა უნდა ნახოს ლუქზე ხელმოწერები იმ საკითხის გასარკვევად, თუ რამდენად შესაძლებელია, ამ ხელმოწერებით დადგინდეს, ვის ეკუთვნის ისინი.

ამასთან, გ. ხ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთმტკიცებები დათვალიერებული უნდა იქნეს იმის დასადგენად, თუ რა ნომერი აქვს ლუქს, ხომ არა არის დაშვებული მექანიკური შეცდომა _ დანომრილია ¹...-ით და ოქმში მითითებულია შეცდომით ¹.., რადგან ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნაში დალუქული იარაღის პაკეტის ლუქის ნომრად მითითებულია ¹.. ასევე დალუქული ქვითრებისა და ფურცლების პაკეტის ნომრად მითითებულია ¹... როდესაც გამომძიებელმა გახსნა ნივთმტკიცება და ნახა.

ასევე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების _ გ. ა-სა და ი. უ-ს საკასაციო საჩივრებში გასაჩივრებული განაჩენის მიმართ გამოთქმული კონკრეტული შენიშვნების, არგუმენტების საფუძვლიანობა და მათ მიერ ბრალდების გასაბათილებლად გამოთქმული მოსაზრებები უნდა შემოწმდეს საქმის ხელახალი განხილვის პროცესში.

ზემოაღნიშნული გარემოებების გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია, გაკეთდეს საბოლოო დასკვნა მსჯავრდებულების _ გ. ა-ის, ი. უ-ისა და გ. ხ-ს ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის თაობაზე, რის გამოც საკასაციო საჩივრების მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილდება.

საქართველოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, სრული და ობიექტური, რაც ასევე გულისხმობს, რომ ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს პირის პასუხისმგებლობის როგორც დამამძიმებელი, ისე შემამსუბუქებელი გარემოებები. ეს კი მოცემულ შემთხვევაში როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოებს არ შეუსრულებიათ.

საქართველოს სსსკ-ის 475-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო გამოძიება შედგება განსასჯელის დამნაშავეობისა თუ უდანაშაულობის დამადასტურებელ მტკიცებულებათა წარდგენისა და გამოკვლევისაგან, აგრეთვე _ იმ მტკიცებულებათა წარდგენისა და გამოკვლევისაგან, რომლებიც ახასიათებს განსასჯელის პიროვნებას და გავლენას ახდენს სასჯელის სახესა და ზომაზე.

საქმის მასალების მიხედვით, საქმეში წარმოდგენილია მსჯავრდებულების _ გ. ხ-ის, გ. Aა-ს დახასიათებები, გ. Aა-ის დიპლომების ასლები (ტ.2.ს.ფ...). პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარემ წარმოადგინა ცნობა იმის თაობაზე, რომ ო. ხ-ი დაავადებულია ,,ჩ» ჰეპატიტით, რითაც მიუთითებდა მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების შესახებ. ამის მიუხედავად, საქართველოს სსსკ-ის 484-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს საერთოდ არა აქვს გამოკვლეული მხარეთა მიერ წარმოდგენილი აღნიშნული დოკუმენტები, ხოლო განაჩენში მითითებულია, რომ მსჯავრდებულებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ. სააპელაციო სასამართლომ განაჩენში ასევე საერთოდ არ იმსჯელა აღნიშნულ დარღვევაზე.

მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების სათანადოდ შეუფასებლობამ გავლენა მოახდინა სამართლიანი განაჩენის დადგენაზე, რაც, სსსკ-ის 563-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევაა.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ახალი სასამართლო განხილვისას უნდა გამოიკვლიოს საქმეში არსებული მათი მახასიათებელი მტკიცებულებები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მსჯავრდებულების _ გ. ა-ს, ი. უU-ს, გ. ხ-სა და ო. ხ-ის მიმართ სამართლიანი სასჯელის დანიშვნის თაობაზე გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის შემთხვევაში.

საბოლოოდ საკასაციო პალატა, განხილული გარემოებებიდან გამომდინარე, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 12 დეკემბრის განაჩენი გ. ა-ის, ი. უ-ის, გ. ხ-სა და ო. ხ-ის მსჯავრდების თაობაზე უნდა გაუქმდეს, ხოლო სისხლის სამართლის საქმე მათ მიმართ ახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. სააპელაციო სასამართლოში საქმის არსებითი, ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის მეშვეობით უნდა გაირკვეს ყველა ზემოაღნიშნული საკითხი, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გ. ა-ის, ი. უ-ის, გ. ხ-სა და ო. ხ-ის ბრალეულობის დასადგენად. ამისთვის მაქსიმალურად უნდა იქნეს გამოყენებული საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაძლებლობა, რათა ამ პროცესში მოპოვებულ უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე სწორად დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რაც აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს კანონიერი სასამართლო გადაწყვეტილების მისაღებად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 12 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულების _ გ. ა-ის, ი. უ-ის, გ. ხ-ასა და ო. ხ-ის მიმართ და საქმე ახალი სასამართლო განხილვისათვის გაეგზავნოს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.