განაჩენი გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა დამატებით გამოძიებას
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
18 ოქტომბერი, 2010 წელი
687აპ-10 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
გიორგი შავლიაშვილი, იური ტყეშელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორ ზ. ქ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 თებერვლის განაჩენით გ. კ-ი ცნობილ იქნა ბრალეულად საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც მას სასჯელად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ. კ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, ხოლო 15 წლით _ საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
იგი სასჯელს იხდის 2009 წლის 3 ოქტომბრიდან.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: გ. კ-ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა, სულ – 30 აშშ დოლარი და 10900 ლარი, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე, როგორც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხა, უნდა გადაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში;
გ. კ-გან ამოღებული, მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა „სეატ ტოლედო“, რომლის სახელმწიფო ნომერია „........“, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
იმავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორ ზ. ქ-სა და განსასჯელ ლ. რ-ს შორის.
ლ. რ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, იმავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით _ 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 273-ე მუხლით ჯარიმა _ 2000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე ლ. რ-ს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 8 000 ლარი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის I ნაწილით, შეკრების წესით, ლ. რ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა _ 2000 ლარი, ხოლო დამატებით სასჯელად ჯარიმა _ 8000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ლ. რ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
იგი სასჯელს იხდის 2009 წლის 3 ოქტომბრიდან.
განაჩენით გ. კ-ს მსჯავრი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვასა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღებაში.
გ. კ-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში დაუდგენელი პირისაგან, შემდგომში გასაღების მიზნით, უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით _ 0,2811 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი პრეპარატ „სუბოტექსის“ 34 აბი და აბის 3 ნატეხი, საიდანაც ნაწილი _ 0,0571 გრამი დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება _ „ბუპრენორფინის“ შემცველი პრეპარატ „სუბოტექსის“ 6 აბი და აბის 3 ნატეხი 2009 წლის 1 ოქტომბერს, საღამოს საათებში, თბილისში, შემდგომში 4500 ლარის გადახდის პირობით, უკანონოდ გაასაღა ლ. რ-ზე, რაც ამოღებულ იქნა ამ უკანასკნელის დაკავებისას.
2009 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად თბილისში, აღმაშენებლის ხეივნისა და რობაქიძის გამზირის გადაკვეთის ადგილზე, დააკავეს გ. კ-ი, რომელსაც გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, კანონით დადგენილი წესით, ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოღებულა. აღნიშნულის შემდეგ, მისივე მითითებით, თბილისში, გლდანის ... მ/რაიონის ...-ე კორპუსის მე-... სადარბაზოს სხვენიდან ამოიღეს გ. კ-ის მიერ შენახული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით _ 0,224 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი პრეპარატ „სუბოტექსის“ 28 აბი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. კ-მა.
სააპელაციო საჩივრის არსებით განხილვამდე, 2010 წლის 20 მაისს, საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს საგამოძიებო, კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტებში და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ზ. ქ-მ, აღნიშნული დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანხმობით, შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და მსჯავრდებულ გ. კ-ის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, კერძოდ: პროკურორმა იშუამდგომლა გ. კ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის ზომად _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა. ასევე ითხოვა, რომ გ. კ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ» 2007 წლის 3 ივლისის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის, ხოლო 15 წლით _ საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
მანვე ითხოვა ნივთმტკიცების _ ნარკოტიკული საშუალების, რომელიც ინახება შსს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის სპეციალურ საცავში, განადგურება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო დანარჩენ ნაწილში _ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
მსჯავრდებული და მისი დამცველი სასამართლო სხდომაზე დაეთანხმნენ შუამდგომლობას საპროცესო შეთანხმების შესახებ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 თებერვლის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორ ზ. ქ-სა და მსჯავრდებულ გ. კ-ს შორის.
გ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განაჩენის თაობაზე საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორმა ზ. ქ-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
პროკურორმა საჩივრით აღნიშნა, რომ რადგან გ. კ-მა არ შეასრულა საპროცესო შეთანხმების პირობები, რომლის თანახმადაც იგი იღებდა ვალდებულებას, ეთანამშრომლა გამოძიებასთან და ერთი თვის ვადაში მიეწოდებინა მონაცემები ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ ათ პირზე, ითხოვა გ. კ-სთან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განაჩენის გაუქმება და სისხლის სამართლის საქმის დაბრუნება წინასწარ გამოძიებაში. საქართველოს სსკ-ის 162-ე მუხლის IV ნაწილის საფუძველზე პროკურორმა ასევე ითხოვა საქმის დამატებითი გამოძიებისათვის დაბრუნებისას გ. კ-სათვის პატიმრობის ვადის 30 დღემდე გაგრძელება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის მაისის განაჩენი გ. კ-ის მიმართ გაუქმდეს და საქმე დაბრუნდეს წინასწარ გამოძიებაში შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, საპროცესო შეთანხმება დადებულია საქართველოს სსსკ-ის 6791-6795-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, კერძოდ: მხარეთა შორის შეთანხმება დადებულია ნებაყოფლობით, ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. იგი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს და ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი და რომელსაც იგი აღიარებს. გ. კ-სთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალზე შეთანხმების შესახებ სასჯელის პირობით. აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მან მიაწოდა სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მსჯავრდებული გ. კ-ი ეთანხმება ბრალზე შეთანხმების თაობაზე სასჯელის პირობით საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს. შეთანხმების პირობები ასახულია საპროცესო შეთანხმებაში წერილობით, ასევე შეთანხმების პირობები გამოკვლეული და დაზუსტებულია სასამართლო სხდომაზე.
2010 წლის 20 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმების თანახმად, გ. კ-მა აიღო ვალდებულება, რომ ითანამშრომლებდა გამოძიებასთან და ერთი თვის ვადაში მიაწოდებდა მონაცემებს ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ ათ პირზე.
გ. კ-ს განემარტა, რომ იგი ვალდებული იყო, სრულად შეესრულებინა საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები და რომ ამ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში პროკურორი უფლებამოსილი იქნებოდა, მიემართა სასამართლოსათვის განაჩენის გაუქმების თაობაზე, რასაც მსჯავრდებული დაეთანხმა.
პროკურორ ზ. ქ-ის საკასაციო საჩივრიდან ჩანს, რომ მსჯავრდებულმა გ. კ-მა არ შეასრულა საპროცესო შეთანხმების პირობები (რომლის შესრულების ვადა ამოიწურა 2010 წლის 20 ივნისს), არ ითანამშრომლა გამოძიებასთან და ერთი თვის ვადაში არ მიაწოდა მონაცემები ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელ ათ პირზე.
პალატა ეთანხმება პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და მიაჩნია, რომ საქართველოს სსსკ-ს 6796-ე მუხლის II, III ნაწილების თანახმად, აღნიშნული დარღვევა წარმოადგენს საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმებისა და საქმის წინასწარ გამოძიებაში დაბრუნების საფუძველს.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე დაბრუნდეს წინასწარ გამოძიებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის წინასწარ გამოძიებაში დაბრუნებისა და ხელმეორედ განხილვის დროს დაცული უნდა იყოს სსსკ-ის მე-18 მუხლის მოთხოვნები საქმის სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევის შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 6796-ე მუხლის II, III ნაწილებითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორ ზ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განაჩენი გ. კ-ის მიმართ და საქმე დაბრუნდეს წინასწარ გამოძიებაში.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.