დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№47აგ–12
№116აგ–12 21 იანვარი, 2013 წელი
ზ-ი დ.-116აგ–12 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ზ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 13 ნოემბრის განჩინებაზე, რომლითაც დაუშვებლად იქნა ცნობილი მსჯავრდებულ დ. ზ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 ოქტომბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურორ გ. მ-სა და ბრალდებულებს: დ. ზ-ს, გ. ს-ეს, გ. ჯ-ს, ა. ფ-ესა და ზ. დ-ს შორის.
დ. ზ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 18, 214–ე მუხლის მე–5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით დ. ზ-ს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 40.000 ლარი.
დ. ზ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2011 წლის 1 აპრილიდან იმავე წლის 31 მაისის ჩათვლით.
იმავე განაჩენით: გ. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 18, 214–ე მუხლის მე–5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 1 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.
იგი სასჯელს იხდის 2011 წლის 31 მარტიდან.
გ. ჯ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 18, 214–ე მუხლის მე–5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით გ. ჯ-ს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 5.000 ლარი.
გ. ჯ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2011 წლის 31 მარტიდან იმავე წლის 31 მაისის ჩათვლით.
საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე მას სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ უნდა ჩამოერთვას დანაშაულის საგანი – ფ-ის აბრა ,,...“.
ა. ფ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 18, 214–ე მუხლის მე–5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 22 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წელი და ა. ფ-ეს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.
ა. ფ-ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის 1 დღე – 2011 წლის 31 მარტი.
ზ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 18, 214–ე მუხლის მე–5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 1 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წელი იმავე კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის გამოყენებით ზ. დ-ს დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 5.000 ლარი.
იგი სასჯელს იხდის 2011 წლის 1 აპრილიდან.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ფულადი თანხა – 5.000 აშშ დოლარი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, ხოლო 2.000 აშშ დოლარი – კანონიერ მფლობელ გ. ს-ს.
2012 წლის 2 ნოემბერს მსჯავრდებულმა დ. ზ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მის მიმათ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
მსჯავრდებულმა შუამდგომლობაში აღნიშნა, რომ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი უკანონოა გამოტანილია საქართველოს სსსკ–ის, სსკ–ისა და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმების მოთხოვანთა საწინააღმდეგოდ. განაჩენს საფუძვლად დაედო იურიდიული ძალის არმქონე, გამოუკვლეველი და დაუშვებელი მტკიცებულება, კერძოდ, სასამართლომ განაჩენს საფუძვლად დაუდო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ნ. ფ-ის ავტორობის შემსწავლელი კომისიის 2011 წლის 1 აპრილის სხდომის №... ოქმი, რომლის თანახმად: „კომისიის წევრების ერთობლივი აზრია, რომ აბრა „...“ წარმოადგენს ფ-ის შემოქმედებითი მემკვიდრეობის ერთ– ერთ ნიმუშს. ამასთან, საჭიროა ნამუშევრის სრულყოფილი შესწავლა და ლაბორატორიული ექსპერტიზის ჩატარება“.
მისი განმარტბით, 2011 წლის 1 აპრილის სხდომის №... ოქმი, რომელიც წარმოადგენს დ. ზ-ის ბრალის განმსაზღვრელ დოკუმენტურ მტკიცებულებას, არც მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტია და არც – კულტურული მემკვიდრეობის, ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობის ან ნაკეთობის ჯართის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი და არ შეიცავს სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოების დასადგენად საჭირო ცნობას. ამიტომ მას საქმისათვის არანაირი მტკიცებულებითი ძალა არ გააჩნია. მსჯავრდებულის აზრით, იმავე მიზეზების გამო არ გამოდგება მტკიცებულებად ბრალდებულების: გ. ს-ის, გ. ჯ-ის, ა. ფ-ის, ზ. დ-ისა და სხვა მოწმეთა ჩვენებები იმის შესახებ, რომ აღნიშნული ნივთი ვითომდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. მსჯავრდებული ასევე უთითებს, რომ იმ დროს, როცა იგი ჩაერთო საქმეში, როგორც ადვოკატი, მისთვის რაიმე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სურათი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენდა, ცნობილი არ იყო და მისი ქმედება იდეის დონეზეც კი არ შეიცავდა დანაშაულებრივი ქმედების არავითარ ნიშნებს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებულმა დ. ზ-მა, იმის გამო, რომ მის მიმართ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო დაუშვებელი მტკიცებულება, ითხოვა საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ბ“ პუნქტის, 312–ე, 313–ე და 314–ე მუხლების თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 18 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 13 ნოემბრის განჩინებით დ. ზ-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 ოქტომბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 13 ნოემბრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა დ. ზ-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
კასატორმა საკასაციო საჩივრით ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 13 ნოემბრის უკანონო განჩინების გაუქმება და საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოსადმი მითითება შუამდგომლობის ხელახლა განსახილველად დაშვების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის ,,ბ“ პუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ: ,,არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართოლს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს“.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულ დ. ზ-ის მიერ წარმოდგენილ შუამდგომლობაში ფაქტობრივად ჩამოყალიბებულია მისი შეფასება მის მიმართ წარმოებულ საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან მიმართებით. 2011 წლის 1 აპრილის სხდომის №... ოქმიც და ყველა მტკიცებულება, რომლებიც მისი აზრით, არის დაუშვებელი მტკიცებულება, განაჩენის გამოტანის დროს შესაბამისი სასამართლოსათვის ცნობილი იყო და განაჩენის გამომტანმა სასამართლომ ისინი სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად შეაფასა. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ არც პირველ ინსტანციაში საპროცესო შეთანხმების დადებისას და არც სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის მოთხოვნები არ დარღვეულა, მსჯავრდებულ დ. ზ-სა და მის დამცველს ბრალდების მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ და რომელიმე მათგანის დაუშვებლად ცნობა არ მოუთხოვიათ.
ამდენად, დ. ზ-ის შუამდგომლობაში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310–ე მუხლით „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ ახლად გამოვლენილ გარემოებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია საფუძვლიანია, ხოლო გადაწყვეტილება შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე – კანონიერი, დასაბუთებული და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც იგი უნდა დარჩეს ძალაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 310–ე მუხლის „ბ“ პუნქტით, 313–ე მუხლის მე–3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 13 ნოემბრის განჩინება დარჩეს ძალაში.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი