ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№381აპ–12 25 მარტი, 2013 წელი
ზ-ე დ, 381აპ–12 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ზ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 11 ივნისის განაჩენით დ. ზ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 388–ე მუხლის მე–4 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით. საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დ. ზ-ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა – 8 წლის ვადით. მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის ოთხი დღე– 2008 წლის 18 მარტიდან 21 მარტის ჩათვლით, ხოლო მოსახდელი სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან – 2012 წლის 23 მაისიდან.
დ. ზ-ემ უკანონოდ მიიჩნია ზემოხსენებული განაჩენი და მისი გაუქმების მოთხოვნით სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ 2012 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით არ დააკმაყოფილა დ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი და, შესაბამისად, გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 11 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
დ. ზ-ემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი მიიჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად და მისი გაუქმების მოტივით საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.
საკასაციო საჩივრის შესაგებელში ბრალდების მხარე – საქართველოს მთავარი პროკურატურის თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსი პროკურორი ზ. ლ-ა მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 9 ოქტომბრის განაჩენი დადგენილია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით; საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია; საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; სააპელაციო სასამართლოს საქმის განხილვის დროს არ დაუშვია სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევები და საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 ივლისის განაჩენით დ. ზ-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი.სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და რაც გამოიხატა შემდეგში:
დ. ზ-ე 2006 წლის 13 მარტს, დაახლოებით 23.00 საათზე, კუთვნილი მოტოროლით და მასზე განთავსებული მილსაჭრელი აპარატით მივიდა გორის რაიონის სოფელ - სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალი გაზსადენის 50–ე კილომეტრზე და გადაჭრა 15 მეტრი 700 მმ–იანი გაზსადენის მილი, რაც მეორე დღეს გადაზიდა გორის რაიონის სოფელ - და 124 ლარად ჩააბარა ჯართის მიმღებ პუნქტში, რითაც 8000 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას, რისთვისაც იგი ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა – 10 000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების თანახმად, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი მას ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით.
დ. ზ-ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელიდან მოხდილად ჩაეთვალა ამავე საქმეზე პატიმრობაში ყოფნის ოთხი დღე – 2006 წლის 18 მარტიდან 21 მარტის ჩათვლით.
გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 11 ივნისის განაჩენით დ. ზ-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა კონტრაქტით სამხედრო სამსახურში მყოფის მიერ სამსახურში საპატიო მიზეზის გარეშე დროულად გამოუცხადებლობა ერთ თვეზე მეტი ხანგრძლივობით, რაც გამოიხატა შემდეგში: კაპრალი დ. ზ-ე 2008 წლის 18 აპრილიდან საკონტრაქტო ხელშეკრულებით მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების რიგებში, კერძოდ, სახმელეთო ჯარების მე–5 ქვეითი ბრიგადის ცალკეული სატანკო ასეულის, მე–4 ოცეულის ტ–55–ის მძღოლ–მექანიკოსად. დ. ზ-ე 2012 წლის 24 მარტს, 25 მარტის 14 საათამდე გაშვებული იყო დათხოვნაში, საიდანაც, საპატიო მიზეზის გარეშე, დროულად არ გამოცხადდა სამსახურში და თვითდათხოვნაში იმყოფებოდა ერთ თვეზე მეტი ხანგრძლივობით, რისთვისაც იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 388–ე მუხლის მე–4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახით და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.
ამავე განაჩენით, საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 ივლისის განაჩენით დ. ზ-ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით – საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, სრულად დაემატა მოცემული განაჩენით დანიშნულ სასჯელს, საბოლოოდ კი დ. ზ-ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით.
ამავე განაჩენით დ. ზ-ეს მოხდილად ჩაეთვალა 2006 წლის 18 მარტიდან 21 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ოთხი დღე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია რომ დ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საფუძველს მოკლებულია კასატორის არგუმენტირება იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო პალატამ არსებითად დაარღვია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები, რომ პალატამ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებებს, რომ სამსახურში გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო მისი ავადმყოფობით.
გამოძიების მასალებით, კერძოდ: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების მე–5 ქვეითი ბრიგადის უფლებამოსილი სამსახურის მიერ მოკვლეული მასალებით დადგენილია, რომ კაპრალი დ. ზ-ე 2012 წლის 25 მარტიდან იმყოფებოდა თვითდათხოვნაში. არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის სამედიცინო ცნობა ან დასკვნა დ. ზ-ის ავადმყოფობის შესახებ. სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობამ თვითდათხოვნის პირველივე დღეებიდან საქმის კურსში ჩააყენა მისი ოჯახის წევრები – დ. ზ-ის მეუღლეს ჩაჰბარდა შეტყობინება საკონტრაქტო პირობების შესრულების მიზნით მისი სამხედრო ნაწილში გამოცხადების სავალდებულობის შესახებ, მაგრამ დ. ზ-ეს არც კი უცდია გამოცხადებულიყო სამხედრო ნაწილში, რათა გაერკვიათ თვითდათხოვნაში ყოფნის მიზეზები, პირიქით – დაკავებამდე, 2012 წლის 23 მაისამდე, იგი იძებნებოდა, რითაც უხეშად დაარღვია საკონტრაქტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
საქმეზე შეკრებილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება საკასაციო საჩივრის უსაფუძვლობა. აღნიშნულთან ერთად, დ. ზ-ე გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 ივლისის განაჩენით იმყოფებოდა რა პირობითი მსჯავრის პირობებში, მასზე კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებდა თავდაცვის სამინისტროს მე–5 ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელობა, მაგრამ მან არ შეასრულა დაკისრებული მოვალეობები და გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა ახალი დანაშაული.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო. კასატორის მიერ მოყვანილი არგუმენტები კანონშეუსაბამოა და საფუძვლად ვერ დაედება განაჩენის გაუქმებას.
ამასთან, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–3 მუხლის თანახმად, დ. ზ-ე უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელისაგან. ამავე კანონის მე–18 მუხლის თანახმად, ამნისტია არ ვრცელდება დამატებითი სასჯელის სახით დანიშნულ ჯარიმაზე.
აღნიშნული ნასამართლობის გათვალისწინებით, ამავე კანონის მე–16 მუხლის თანახმად, დ. ზ-ეს ¼–ით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ–ის 388–ე მუხლის მე–4 ნაწილით დანიშნული სასჯელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 307–ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, 301–ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–3, მე–16, მე–18 მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 9 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–3 მუხლის თანახმად, მსჯავრდებული დ. ზ-ე გათავისუფლდეს გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელის – 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის მოხდისგან. ამავე განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი – ჯარიმა 10 000 ლარი – „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–18 მუხლის თანახმად, დარჩეს უცვლელად.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ დ. ზ-ეს ¼–ით შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 9 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 388–ე მუხლის მე–4 ნაწილით ჩადენილი დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 2 წლითა და 3 თვის ვადით.
დ. ზ-ეს დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან – 2012 წლის 23 მაისიდან.
სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი