ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 12.03.2013
საქმის ნომერი
2კ-34აპ.-13
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №34აპ-13 ქ. თბილისი

გ-ი ა, 34აპ-13 12 მარტი, 2013 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 26 დეკემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 18 სექტემბრის განაჩენით:

თბილისის პროკურატურის განყოფილების პროკურორ გ. ბ-ს შუამდგომლობები დაკმაყოფილდა.

დამტკიცდა პროკურორ გ. ბ-ა და ბრალდებულებს - ს. კ-ა და ლ. ხ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

ს. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 31 იანვრიდან.

ლ. ხ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 31 იანვრიდან.

ა. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით - 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 500 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ა. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 27 იანვრიდან.

ნივთიერი მტკიცებულებები: ი. ფ-ს მობილური ტელეფონი, ტანსაცმელი და სხვა პირადი ნივთები უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულს; „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატი მჭიდით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურს; სისხლის, დენთის, თმის, ფრჩხილის ნიმუშები, ხელის ანაწმენდები, 2 მასრა, ჩანთა, ა. გ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

განაჩენის მიხედვით, ა. გ-ა ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება; განზრახ მკვლელობა; ასევე 21 წელს მიუღწეველი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება; ხოლო ს. კ-ა და ლ. ხ-ა ჩაიდინეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

2011 წლის ოქტომბერში ა. გ-ა ქ-ს რაიონში, დაუდგენელი პირისაგან მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი (№) და საბრძოლო მასალა მჭდიდით, რომელიც შეინახა თავისი საცხოვრებელი სახლის მახლობლად, თ-ი, ო. ჭ-ს ქუჩის № კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ თუნუქის მილში.

2012 წლის 26 იანვარს, საღამოს, ა. გ-ა და მისმა მეგობრებმა ი. ფ-ა, ს. კ-ა და ლ. ხ-ა გადაწყვიტეს საღამო ერთად გაეტარებინათ. დაახლოებით 20 საათზე მივიდნენ თ-ი, ვ-ს გამზირზე მდებარე ლუდის ბარ „ჰ-ი“. ა. გ-ა და მისმა მეგობრებმა ბარში დაჰყვეს დაახლოებით 3 საათი,სადაც დალიეს ლუდი და არაყი. ს. კ-ა კი მხოლოდ ლუდი დალია. მათთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ მეგობრები - გ. ს-ი და რ. თ-ი, თუმცა ისინი ბარიდან გამოსვლისას დაშორდნენ ზემოაღნიშნულ პირებს. დაახლოებით 23.00 საათზე ნასვამებმა დატოვეს აღნიშნული ბარი და ფეხით გაემართნენ ო. ჭ-ს ქუჩის მიმართულებით, ა. გ-ს საცხოვრებელ უბანში. გზაში ა. გ-ა თავის მეგობრებს გაუმხილა, რომ გადამალული ჰქონდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და შესთავაზა გაესროლათ. უთხრა მათ, რომ ისინი დალოდებოდნენ ო. ჭ-ს ქუჩის № და № კორპუსებს შორის არსებულ სკვერში, სადაც იგი მივიდოდა ცეცხლსასროლი იარაღით. აღნიშნულ წინადადებას დაეთანხმნენ ი.ფ-ი, ს. კ-ი და ლ. ხ-ი. ი. ფ-ი და ს. კ-ი სკვერში არსებულ ხის მაგიდასთან დაელოდნენ ა. გ-ს, ხოლო ლ. ხ-ი გაჰყვა მას. სკვერში დაბრუნდნენ დაახლოებით 10–15 წუთში. ა. გ-ა „ა-ს“ ფირმის სპორტული ჩანთიდან ამოიღო მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც უკანონოდ ინახავდა და ატარებდა, იარაღი მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში და დაახლოებით 1,5 –2 მეტრის მანძილიდან მიუშვირა ავტომატი ი. ფ-ს და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ი. ფ-ს თავის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ცეცხლნასროლი დაზიანება, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ადგილზე გარდაიცვალა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ი. ფ-ს სიკვდილის მიზეზია სახისა და კისრის მიდამოს გამჭოლი ცეცხლნასროლი ჭრილობა ზურგის ტვინის დაზიანებით. შესავალი ხვრელით - მარცხნივ, ნიკაპის მიდამოში, გამოსავალი ხვრელით - მარჯვნივ, კისრის უკანა ზედაპირზე. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ა. გ-ი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და „კალაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი გადამალა. თუმცა დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. პირადი ჩხრეკისას მას აღმოაჩნდა დანა, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დამზადებულია ქარხნული წესით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.

ს. კ-ა და ლ. ხ-ა, რომლებიც იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და გახდნენ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის - ი. ფ-ს განზრახ მკვლელობის თვითმხილველნი - მომხდარი ფაქტის შესახებ არ შეატყობინეს სამართალდამცავ ორგანოებს.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 26 დეკემბრის განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:

ა. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, 236-ე მუხლის მეორე ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 500 ლარი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა სრულად და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ა. გ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 27იანვრიდან.

ნივთიერი მტკიცებულებები: ი. ფ-ს მობილური ტელეფონი, ტანსაცმელი და სხვა პირადი ნივთები უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულს; „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატი მჭიდით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურს; სისხლის, დენთის, თმის, ფრჩხილის ნიმუშები, ხელის ანაწმენდები, 2 მასრა, ჩანთა, ა. გ-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

განაჩენით მსჯავრდებულ ა. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

2012 წლის 26 იანვარს, საღამოს, ა. გ-ი და მისი მეგობრები - ი. ფ-ი, ს. კ-ი და ლ. ხ-ი დაახლოებით 20 საათზე მივიდნენ თ-ი, ვ-ას გამზირზე მდებარე ლუდის ბარ „ჰ-ი“. ა. გ-ა და მისმა მეგობრებმა ბარში დაჰყვეს დაახლოებით სამი საათი, სადაც დალიეს ლუდი და არაყი. მათთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ მეგობრები - გ. ს-ი და რ. თ-ი, თუმცა ისინი ბარიდან გამოსვლისთანავე დაშორდნენ მათ. დაახლოებით 23.00 საათზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფებმა დატოვეს ლუდის ბარი და ფეხით გაემართნენ ო. ჭ-ს ქუჩის მიმართულებით. გზაში ა. გ-ა მეგობრებს გაუმხილა, რომ გადამალული ჰქონდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და შესთავაზა გაესროლათ. უთხრა მათ, რომ ისინი დალოდებოდნენ ო. ჭ-ს ქუჩის № და № კორპუსებს შორის არსებულ სკვერში, სადაც იგი მივიდოდა ცეცხლსასროლი იარაღით. აღნიშნულ წინადადებას დაეთანხმნენ ი. ფ-ი, ს. კ-ი და ლ. ხ-ი. ლ. ხ-ი გაჰყვა ა. გ-ს, ხოლო ი. ფ-ი და ს. კ-ი სკვერში არსებულ ხის მაგიდასთან დაელოდნენ მათ. ლ. ხ-ა იქ, სადაც გ.ი ინახავდა იარაღს, მოახდინა ჰაერში გასროლა მას შემდეგ, რაც ა. გ-ა გადატენილი მიაწოდა იარაღი. ამის შემდეგ ა. გ-ა იარაღი ჩადო ჩანთაში და წავიდნენ სკვერისაკენ. სკვერში მიბრუნდნენ დაახლოებით 10–15 წუთში. ა. გ-ა „ა-ს“ ფირმის სპორტული ჩანთიდან ამოიღო მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი „კლაშნიკოვის“ კონსტრუქციის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც უკანონოდ ინახავდა და ატარებდა და იმ მომენტში, როდესაც იგი ცდილობდა იარაღის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანას, განახორციელა გასროლა ი. ფ-ს მიმართულებით, რომელიც მისგან იმყოფებოდა დაახლოებით 1,5-2 მეტრის მანძილზე, რითაც ი. ფ-ს თავის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ცეცხლსასროლი დაზიანება, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი ადგილზე გარდაიცვალა.

თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი გ. ბ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, ა. გ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის განსაზღვრას ამ მუხლის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

გამოძიების მასალებითა და საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულები - ა. გ-ი, ს. კ-ი, ლ. ხ-ი და აწ გარდაცვლილი ი. ფ-ი მეგობრები იყვნენ. შემთხვევის დღეს - 2012 წლის 26 იანვარს და არც მანამდე რაიმე კონფლიქტური სიტუაცია ზემოხსენებულ მეგობრებს შორის არ არსებობდა და ასეთი, უშუალოდ დანაშაულის ჩადენამდე მაპროვოცირებელი გარემოება გამოძიებით და საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი არ არის. ამ პირებს შორის კარგ, მეგობრულ ურთიერთდამოკიდებულებას თავიანთ ჩვენებებში ადასტურებენ მსჯავრდებულები - ა. გ-ი, ს. კ-ი, ლ. ხ-ი, მოწმედ დაკითხული მათი ოჯახის წევრები, დაზარალებულის უფლებამონაცვლე - მ. ფ-ი. აღნიშნული უარყოფილი არ არის არც კასატორის საკასაციო საჩივრით.

გამოძიებით, საქმის პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებში განხილვით ასევე დადგენილია, რომ ა. გ-ა შემთხვევის ღამეს იარაღი სამალავიდან გამოიტანა მეგობრებთან მოლაპარაკების შემდეგ და ამ ქმედების ერთადერთი მიზანი იყო ის, რომ მეგობრებს რიგრიგობით მოეხდინათ იარაღიდან გასროლა და ამით დაეკმაყოფილებინათ ცნობისმოყვარეობა. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოება, რომ ავტომატური იარაღის სამალავიდან გამოტანის შემდეგ ა. გ-ა იგი მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში, ჰაერში გასროლის მიზნით გადასცა ლ. ხ-ს, რომელმაც გაისროლა კიდევაც ავტომატიდან, რის შემდეგაც დაუბრუნა იგი ა. გ-ს და ორივენი დაბრუნდნენ სკვერში, მაგიდასთან, სადაც მათ ელოდებოდნენ ს. კ-ი და ი. ფ-ი. სკვერში ისინი ასევე აპირებდნენ იარაღიდან ჰაერში გასროლას.

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ გამორიცხა რა ა. გ-ს ქმედებაში პირდაპირი თუ არაპირდაპირი განზრახვით მკვლელობის მოტივის არსებობა, სამართლებრივად სწორად დააკვალიფიცირა ქმედება სიცოცხლის მოსპობად - გაუფრთხილებლობით.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტებს იმის შესახებ, რომ ქმედების თავდაპირველი კვალიფიკაცია სწორი იყო და არ არსებობდა მისი შეცვლის სამართლებრივი საფუძვლები. კასატორის ეს მოსაზრებები აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით დადასტურებული არ არის და არგუმენტირებულია მხოლოდ ლ. ხ-ა და ს. კ-ს მიერ მიცემული ჩვენებებით, რომ ა. გ-ა ავტომატური იარაღიდან ი. ფ-ს მიმართულებით გასროლა განახორციელა დამიზნებით; რომ ა. გ-ი კარგად ფლობდა ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს და რაიმე შემთხვევითობას ადგილი არ ჰქონია, ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმადაც, ი. ფ-ს ცეცხლსასროლი დაზიანება აღენიშნებოდა ნიკაპის მიდამოში, ხოლო ჭრილობა მიემართებოდა ჰორიზონტალურად; რომ ა. გ-ა სწრაფად დატოვა შემთხვევის ადგილი და გადამალა ავტომატური იარაღი.

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ერთობლივ მტკიცებულებათა ანალიზი საკასაციო პალატას აძლევს საშუალებას დაასკვნას, რომ ა. გ-ს არ ჰქონდა პროფესიული ცოდნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების თაობაზე და არ ფლობდა ამომწურავ ინფორმაციას ამ ტიპის იარაღის (იარაღების) ტექნიკური მონაცემების შესახებ. ცნობილია, რომ ქართული კანონმდებლობით აკრძალულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ლეგალურად შეძენა, ასეთი ტიპის იარაღებიდან გამომდინარე მომეტებული საზოგადოებრივი საფრთხის გამო.

შემთხვევის ღამეს, ლუდის ბარიდან გამოსვლის შემდეგ, გადაწყვიტა რა იარაღის სამალავიდან გამოტანა და მეგობრების ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება, ა. გ-ა დანაშაულებრივად დაარღვია წინდახედულობის მოვალეობა, რაც ნებისმიერი პირის მოქალაქეობრივი ვალდებულებაა, არ მიიღო გამაფრთხილებელი ზომები, რომლებიც დაუწერელ საყოფაცხოვრებო ურთიერთობებშია დაშვებული. მას უნდა გაეთვალისწინებინა, რომ ავტომატური იარაღის არასრულყოფილად ფლობის პირობებში მის გამოყენებას შესაძლებელია მოჰყოლოდა საშიში შედეგი; ა. გ-ს მოქმედების მიზანი იყო, მეგობრებისათვის ეჩვენებინა ავტომატური იარაღი და ამ იარაღიდან ესროლათ, რაც შეგნებულ ხასიათს ატარებდა, მაგრამ შესაძლო დამდგარი შედეგის მიმართ მისი მოქმედება ატარებდა შეუცნობელ ხასიათს, თუმცა ვალდებული იყო, გაეთვალისწინებინა საზოგადოებრივად საშიში შედეგის წარმოშობის შესაძლებლობა და თავიდან აეცილებინა იგი. აღნიშნულის საპირისპიროდ, მან გამოიჩინა უხეში უპასუხისმგებლობა, უყურადღებობა და წინდაუხედაობა, რასაც შედეგად მოჰყვა მეგობრის სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.

ს. კ-ა და ლ. ხ-ს ჩვენებებთან მიმართებით, რაზედაც აპელირებს კასატორი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ა. გ-ს პირდაპირ დამიზნებით ავტომატიდან გასროლა არ განუხორციელებია. ზემოხსენებული პირების ჩვენებების თანამიმდევრულად გაანალიზებით იკვეთება ასეთი სურათი: მაგიდასთან, რომლის გარშემოც იდგნენ მეგობრები, ა. გ-ა სპორტული ხელჩანთიდან ამოიღო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა იგი, კონდახი მიიდო რა მხარზე, წინა – ლულის მხარე მომენტალურად აღმართა ქვემოდან (მაგიდიდან) ზემოთ, ამ მოძრაობაში იარაღის სრულ ვერტიკალურ მდგომარეობაში მიყვანამდე მოახდინა ავტომატიდან გასროლა, რაც იარაღის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ჭერის მომენტშია განხორციელებული, რა დროსაც ჭურვი მოხვდა საპირისპიროდ მდგარ ი. ფ-ს, რასაც ადასტურებს საქმეზე ჩატარებული სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც. ბუნებრივია, იქვე მყოფ ს. კ-ა და ლ. ხ-ს მოვლენათა ასეთი სწრაფი განვითარება აღქმული აქვთ ა. გ-ს მხრიდან როგორც პირდაპირი დამიზნებით გასროლა.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ა. გ-ს მიერ შემთხვევის ადგილის დატოვება, იარაღის გადამალვა და კვლავ შემთხვევის ადგილზე დაბრუნება არ წარმოადგენს მკვლელობის განზრახ ჩადენის დამადასტურებელ მტკიცებულებას. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მსჯავრდებული და დაზარალებული, ისევე როგორც შემთხვევის ადგილზე მყოფი ყველა პირი, მეგობრები იყვნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაგები ხდება ა. გ-ს, ს. კ-ა და ლ. ხ-ს სულიერი მდგომარეობა, დაბნეულობა, განცდები და ა.შ. დამდგარი მძიმე შედეგის შემდეგ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ა. გ-ს ბრალდების საქმეზე სააპელაციო პალატამ ქმედების კვალიფიკაციაზე სამართლებრივი შეფასებები გააკეთა სწორად და არ არსებობს მისი შეცვლის საფუძვლები.

ამასთან, სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 299-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, არ იმსჯელა ამ საქმეში მსჯავრდებულების - ს. კ-ა და ლ. ხ-ს მიმართ. იმავე განაჩენით ამ მსჯავრდებულების მიმართ უნდა დადგენილიყო გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან სახეზეა მათ მიმართ სარევიზიო საწყისის არსებობა, რაც შესაბამის რეაგირებას და გამოსწორებას მოითხოვს.

გამოძიებით ა. გ-ს ბრალდება წარედგინა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით განზრახ მკვლელობისათვის, რაც საქართველოს სსკ-ის მე-12 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას განეკუთვნება. საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა გათვალისწინებით, ს. კ-ა და ლ. ხ-ს ქმედებები, შესაბამისად, სამართლებრივად სწორად შეფასდა და მათ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული - დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის ბრალდებები კანონიერ საფუძველზე ჰქონდათ წარდგენილი, ხოლო იმ მომენტიდან, როდესაც სააპელაციო პალატამ დასაბუთებულად შეცვალა ა. გ-ს დანაშაულებრივი ქმედების კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით, როგორც - გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა, რომელიც ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, ს. კ-ა და ლ. ხ-ს ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა უკვე აღარ არსებობდა და, შესაბამისად, სამართლებრივ რეაგირებას საჭიროებდა აღნიშნულ მსჯავრდებულ პირთა მიმართ.

ასევე „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, ა. გ-ი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან; მასვე, ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ¼-ით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი, ხოლო ამავე კანონის მე-18 მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი დანაშაულისათვის დანიშნული ძირითადი სასჯელი - ჯარიმა უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 299-ე მუხლით, 309-ე მუხლით, 276-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტით, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3, მე-16, მე-18 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნა:

თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ გ. ბ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 26 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულთა სასიკეთოდ, კერძოდ:

მსჯავრდებული ა. გ-ი „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული სასჯელის - 6 თვით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან.

მსჯავრდებული ა. გ-ი, ამავე კანონის მე-3 მუხლის თანახმად, გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და დანიშნული სასჯელის - 3 წლით თავისუფლების აღკვეთის - მოხდისაგან.

მსჯავრდებულ ა. გ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვროს 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-18 მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ძირითადი სასჯელი - ჯარიმა 500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დარჩეს უცვლელად.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს და დანაშაულთა ერთობლიობით მსჯავრდებულ ა. გ-ს საბოლოოდ განესაზღვროს 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 500 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მას საპატიმრო სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2012 წლის 27 იანვრიდან.

სხვა ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 26 დეკემბრის განაჩენი ა. გ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

მსჯავრდებული ს. კ-ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებულ მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებაში და გამართლდეს.

მსჯავრდებული ლ. ხ-ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებულ მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო ბრალეულ ქმედებაში და გამართლდეს.

მსჯავრდებულებს - ს. კ-ა და ლ. ხ-ს საქართველოს სსსკ-ის 276-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მიეცეთ უფლება აუნაზღაურდეთ მიყენებული ზიანი.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი