დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 20.03.2013
საქმის ნომერი
2კ-622-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
20.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

6221-13 20 მარტი, 2013 წელი

გ-ი რ, 6221-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ზ. ლ-ს

მსჯავრდებულ _ რ. გ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ რ. გ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება რ. გ-სა და პროკურორს შორის, რომლის მიხედვით რ. გ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 24-ე,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი და 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო - 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით; მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 11 აგვისტოდან.

ამავე სასამართლოს 2011 წლის 14 ნოემბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება რ. გ-სა და პროკურორს შორის, რომლის მიხედვით რ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 388-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3 წელი, 2 თვე, 27 დღე და პირობითი მსჯავრი 1 წლისა და 6 თვის ვადით, რის გამოც საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით, 2 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი, 8 თვე და 27 დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო - 1 წელი და 6 თვე - ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 6 თვის გამოსცდელი ვადით; რ. გ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2011 წლის 14 ნოემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე რ. გ-ი გათავისუფლდა სსკ-ის 388-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა წინა განაჩენით განსაზღვრული სასჯელი, რაც დაემატა მომდევნო განაჩენით დანიშნულ სასჯელს და განესაზღვრა 2 წლით, 5 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო - 1 წელი, 1 თვე და 15 დღე - ჩაეთვალა პირობით, 1 წლის, 10 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადით; რ. გ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2011 წლის 14 ნოემბრიდან.

მსჯავრდებული საჩივარში აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი მის მიმართ თითოეული დანაშაულისთვის უნდა გავრცელებულიყო ცალ-ცალკე, რის გამოც ითხოვს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან გათავისუფლებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაათავისუფლა მსჯავრდებული სსკ-ის 388-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან. ამასთან, რ. გ-ს ერთი მეოთხედით უნდა შემცირებოდა წინა განაჩენით დანიშნული 5 წელი, რის გამოც უნდა განსაზღვროდა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. ამ სასჯელიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელი ზომა შეადგენს 2 წელს, 7 თვესა და 15 დღეს, ხოლო პირობითი მსჯავრი - 1 წელს, 1 თვესა და 15 დღეს. ვინაიდან გასაჩივრებული განჩინებით მსჯავრდებულს რეალურ სასჯელად განესაზღვრა 2 წელზე, 7 თვესა და 15 დღეზე ნაკლები - 2 წელი, 5 თვე და 27 დღე - გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ აღნიშნული კანონით პირი უნდა გათავისუფლდეს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დანიშნული სასჯელისაგან ან ეს სასჯელი უნდა შეუმცირდეს. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულს სასჯელი დაენიშნა სსკ-ის 177-ე მუხლის უფრო მძიმე - მე-3 ნაწილით და არა - ამავე მუხლის მე-2 ნაწილით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ რ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება რ. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ

6221-13 2 ივლისი, 2013 წელი

გ-ი რ.- 6221-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 20 მარტს რ. გ-ის მიმართ გამოტანილ განჩინებაში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2013 წლის 20 მარტს მსჯავრდებულ რ. გ-ის მიმართ გამოიტანა განჩინება, რომელშიც დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ:

პალატამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1-ელ აბზაცში მიუთითა: ,,ვინაიდან გასაჩივრებული განჩინებით მსჯავრდებულს რეალურ სასჯელად განესაზღვრა 2 წელზე, 7 თვესა და 15 დღეზე ნაკლები - 2 წელი, 5 თვე და 27 დღე - გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად“.

განჩინების სარეზოლუციო ნაწილში, კერძოდ, მის მე-2 აბზაცში აღნიშნულია, რომ ,,თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება რ. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად“.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინებით რ. გ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო ბოლო განაჩენის მიღების დღიდან - 2011 წლის 14 ნოემბრიდან, რაც არასწორია, ვინაიდან მსჯავრდებული გათავისუფლდა ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელისაგან და აღარ არსებობს წინა განაჩენით განსაზღვრული და ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ბოლო განაჩენის მიღების დღიდან ათვლის საფუძველი. შესაბამისად, მსჯავრდებულს საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს წინა განაჩენში მითითებული დაკავების დღიდან - 2011 წლის 11 აგვისტოდან.

აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას, რაც უნდა აღმოიფხვრას.

პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 287-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 20 მარტს მსჯავრდებულ რ. გ-ის მიმართ გამოტანილ განჩინებაში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:

განჩინების სამოტივაციო ნაწილის მე-4 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,გასაჩივრებული განჩინებით რ. გ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო ბოლო განაჩენის მიღების დღიდან - 2011 წლის 14 ნოემბრიდან, რაც არასწორია, ვინაიდან მსჯავრდებული გათავისუფლდა ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელისაგან და აღარ არსებობს წინა განაჩენით განსაზღვრული და ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის ბოლო განაჩენის მიღების დღიდან ათვლის საფუძველი. შესაბამისად, მსჯავრდებულს საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელის მოხდა უნდა დაეწყოს წინა განაჩენში მითითებული დაკავების დღიდან - 2011 წლის 11 აგვისტოდან“.

სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 აბზაცები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული რეალური სასჯელის - 2 წლის, 5 თვისა და 27 დღის - ათვლა რ. გ-ს დაეწყოს 2011 წლის 11 აგვისტოდან“;

,,გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად“.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ლ. მურუსიძე