დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№7951-13 25 მარტი, 2013 წელი
ზ-ი გ, 7951-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის
პროკურორ - გ. ქ-ს
ადვოკატ - ნ. მ-ს
თარჯიმან - ქ. ა-ს
მსჯავრდებულ - გ. ზ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ზ-ს საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 ივლისის განაჩენით გ. ზ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 24,236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 311-ე მუხლით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით - უვადო თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. გ. ზ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2005 წლის 17 ივლისიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
2013 წლის 21 თებერვალს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. ზ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ზ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებული გ. ზ-ი გათავისუფლდა გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელებისაგან.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. ზ-ს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 24,236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. ზ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 311-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. ზ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი - უვადო თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ მას განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. გ. ზ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2005 წლის 17 ივლისიდან.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ზ-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტით, რომლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით და, ამასთან, ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით; ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
გორის რაიონულმა სასამართლომ ასევე კანონიერად იხელმძღვანელა ამავე კანონის მე-12 მუხლით, რომლის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელი ¼-ით უნდა შეუმცირდეს პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი - მე-15 მუხლების მოქმედება. ვინაიდან მსჯავრდებული გ. ზ-ი ნასამართლევია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენისათვის, მის მიმართ უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლების მოთხოვნები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. ზ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
თ. თოდრია