დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №16აგ-13 1 მარტი, 2013 წელი
ნ-ი ზ 16აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ნ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999 წლის 14 დეკემბრის განაჩენით:
ზ. ნ-ი საქართველოს სსკ–ის 104–ე მუხლის მე–2 და მე–4 პუნქტებით (მ-ს ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
ზ. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 17,104–ე მუხლის მე–2 და მე–4 პუნქტებით, 228–ე მუხლის მე–2 ნაწილით, 238–ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე–2 ნაწილით, 104–ე მუხლის მე–2, მე–6, მე–9 პუნქტებით, 17,104–ე მუხლის მე–2, მე–4 და მე–9 პუნქტებით, 228–ე მუხლის მე–2 ნაწილით, 238–ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე–2 ნაწილით, 252–ე მუხლის მე–3 ნაწილით, 135–ე მუხლით, 136–ე მუხლით, 213–ე მუხლის მე–2 ნაწილით, 214–ე მუხლით (ძველი კოდექსით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ–ის 17,104–ე მუხლის მე–2 და მე–4 პუნქტებით – 17 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 228–ე მუხლის მე–2 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 238–ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 238–ე მუხლის მე–2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 104–ე მუხლის მე–2, მე–6 და მე–9 პუნქტებით – უვადო თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 17,104–ე მუხლის მე–2, მე–4 და მე–9 პუნქტებით – 20 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 228–ე მუხლის მე–2 ნაწილით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 238–ე მუხლის პირველი ნაწილით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 238–ე მუხლის მე–2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 252–ე მუხლის მე–3 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 135–ე მუხლით –1 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 136–ე მუხლით – გამასწორებელი სამუშაოები ერთი წლით; სსკ–ის 213–ე მუხლის მე–2 ნაწილით –2 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ–ის 214–ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის მე-40 მუხლის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა მსუბუქი სასჯელი და საბოლოოდ ზ. ნ-ს მოსახდელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით.
ზ. ნ-ს საქართველოს სსკ–ის 48–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა წინასწარ პატიმრობაში ყოფნა 1999 წლის 8 აპრილიდან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 1 მარტის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ნ-ს ადვოკატების – ზ. რ-ს, გ. ზ-ს, მ. ჭ-ა და გ. წ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 14 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2001 წლის 17 იანვრის დადგენილებით მსჯავრდებულ ზ. ნ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. ბ-ს საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 14 დეკემბრის განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2000 წლის 1 მარტის განჩინება შეიცვალა მსჯავრდებულის სასიკეთოდ.
საქართველოს სსკ–ის 17,104–ე მუხლის მე–2 და მე–4 პუნქტებით დაკვალიფიცირებული მსჯავრდებულის ქმედება შესაბამისობაში მოვიდა იმჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 19,109–ე მუხლის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებთან, ასევე საქართველოს სსკ–ის 56–ე მუხლის მე–3, მე–4 ნაწილებთან და ზ. ნ-ს დანიშნული სასჯელი – 17 წლით თავისუფლების აღკვეთა – შეუმცირდა 15 წლით თავისუფლების აღკვეთამდე.
საქართველოს სსკ–ის 17,104–ე მუხლის მე–2, მე–4 და მე–9 პუნქტებით დაკვალიფიცირებული მსჯავრდებულის ქმედება შესაბამისობაში მოვიდა იმჟამად მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 19,109–ე მუხლის „ა“, „კ“, „ო“ ქვეპუნქტებთან, ასევე საქართველოს სსკ–ის 56–ე მუხლის მე–3, მე–4 ნაწილებთან და ზ. ნ-ს დანიშნული სასჯელი – 20 წლით თავისუფლების აღკვეთა – შეუმცირდა 15 წლით თავისუფლების აღკვეთამდე.
ზ. ნ-ს მიმართ საბოლოოდ საქართველოს სსკ–ის 104–ე მუხლის მე–2, მე–6 და მე–9 პუნქტებით დანიშნული სასჯელი – უვადო თავისუფლების აღკვეთა – დარჩა უცვლელად.
2013 წლის 11 იანვარს მსჯავრდებულმა ზ. ნ-ა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 14 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვა იმ მოტივით, რომ განაჩენი უკანონოა, ვინაიდან უზენაესმა სასამართლომ საქმე განიხილა ორ არაპროფესიონალ მსაჯულთან ერთად.
შუამდგომლობის ავტორი აღნიშნავდა, რომ განაჩენი მის მიმართ დაადგინა სასამართლოს უკანონო შემადგენლობამ, კერძოდ, საქმის განხილვაში მოსამართლესთან ერთად მონაწილეობდა ორი ნაფიცი მსაჯული. იმ დროისათვის კი კანონი ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შესახებ არ არსებობდა, რაზეც არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „გორგილაძე საქართველოს წინააღმდეგ“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 იანვრის განჩინებით ზ. ნ-ს შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 14 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე არ იქნა დაშვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული ზ. ნ-ი გათავისუფლდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1999 წლის 14 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 17,104-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტებით და 17,104-ე მუხლის მე-2, მე-4 და მე-9 ნაწილებით დანიშნული სასჯელებისგან.
ზ. ნ-ს საქართველოს სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 135-ე მუხლით, 136-ე მუხლით, 213-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 214-ე მუხლით დანიშნული სასჯელები შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა: სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 238-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 252-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 135-ე მუხლით – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 136-ე მუხლით – გამასწორებელი სამუშაოები – 9 თვით; სსკ-ის 213-ე მუხლის მე-2 ნაწილით – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 214-ე მუხლით – 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა.
ზ. ნ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 104-ე მუხლის მე-2, მე-6 და მე-9 ნაწილებით დანიშნული საბოლოო სასჯელი – უვადო თავისუფლების აღკვეთა დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული ზ. ნ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 იანვრის განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსთვის იმის მითითებას, რომ მან განსახილველად დაუშვას ზემოაღნიშნული შუამდგომლობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს.
საკასაციო პალატამ სრული მოცულობით შეამოწმა მოცემული საქმე და მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ თავის საჩივარში მითითებული გარემოება არ წარმოადგენს საპროცესო კანონით გათვალისწინებულ ისეთ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი.
გარდა ამისა, კასატორის მითითება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (გ-ე საქართველოს წინააღმდეგ) უსაფუძვლოა, ვინაიდან, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენი გადაისინჯება, თუ არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევის ფაქტი ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება. მოცემულ შემთხვევაში კი კასატორის მიერ მითითებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება არ ეხება მსჯავრდებულ ზ. ნ-ს საქმეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ზ. ნ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ. ნ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 24 იანვრის განჩინება დარჩეს ძალაში.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი
პ. სილაგაძე