ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№31აპ-13 19 აპრილი, 2013 წელი
გ-ე გ.- 31აპ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 17 დეკემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. გ-ე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 22 მარტის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 104–ე მუხლის პირველი პუნქტით (1960 წლის რედაქცია), სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2005 წლის ცვლილებებით), სსკ–ის 105–ე მუხლით (1960 წლის რედაქცია), სსკ–ის 104–ე მუხლის პირველი პუნქტით (1960 წლის რედაქცია) სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2005 წლის ცვლილებებით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ–ის 104–ე მუხლის პირველი პუნქტით – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ–ის 105–ე მუხლით – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ–ის 104–ე მუხლის პირველი პუნქტით – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით – 11 წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–4 ნაწილისა და 59–ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე გ. გ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 30 წლის ვადით;
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე დანიშნულ სასჯელს დაემატა გ. გ-ის მიმართ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 7 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – უვადო თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით გ. გ-ეს საბოლოოდ შეეფარდა უვადო თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენით გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ იმაში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვოდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად;
მანვე ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ანგარებით (ო. კ-ის ეპიზოდი);
მანვე ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებების გარეშე (ჯ. გ-ის მკვლელობის ეპიზოდი);
მანვე ჩაიდინა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ანგარებით და ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვოდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა, წინასწარი შეთანმხებით, ჯგუფურად, სხეულის მძიმე დაზიანებით, ბინაში უკანონო შეღწევით (ა. თ-ის ეპიზოდი).
მსჯავრდებულის დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
გ. გ-ეს სათანადო ნებართვის გარეშე შეძენილი ჰქონდა „მაკაროვის“ სისტემის №... ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა და ატარებდა.
1996 წლის 5 ნოემბერს, 9.00 საათზე, გ. გ-ე გამოძიებით დაუდგენელ პირთა ჯგუფთან ერთად წინასწარი შეთანხმებით, თბილისში, მ-ის დასახლების მე–... მიკრორაიონის წინ მდებარე თავის ავტოფარეხთან, პირადი ქონების დაუფლებისა და ანგარებით მოკვლის მიზნით, ყაჩაღურად თავს დაესხა მოქალაქე შ. კ-ს, რომელსაც სამი ტყვია ესროლა მუცლისა და თავის არეში, გასტაცა დაახლოებით 5000 აშშ დოლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მუცლის ღრუში მიყენებული დაზიანების შედეგად ო. კ-ი 1996 წლის 15 ნოემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
1996 წლის 29 ნოემბერს, დაახლოებით 4 საათზე, გ. გ-ემ თბილისში, ქ-ის ქუჩის №... კორპუსის მე–... სადარბაზოში, მე–5 და მე–6 სართულებს შორის არსებულ ბაქანზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან, რომელიც გამოძიებით დაუდგენელ დროს უკანონოდ ჰქონდა შეძენილი და ასევე უკანონოდ ატარებდა, განზრახ მოკვლის მიზნით, ესროლა მოქალაქე ჯ. გ-ეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჯ. გ-ე თავის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.
გ. გ-ემ, სხვისი პირადი ქონების დაუფლებისა და ანგარებით მოკვლის მიზნით, განიზრახა ყაჩაღურად თავს დასხმოდა თბილისში, ცენტრალური რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში მომუშავე ა. თ-სა და ლ. ი-ს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იგი წინასწარი შეთანხმებით, გამოძიებით დაუდგენელ პირთა ჯგუფთან ერთად, 1996 წლის 7 დეკემბერს, დაახლოებით 17.45 საათზე, ა. თ-ს დახვდა თბილისში, რა დროსაც ეს უკანასკნელი ლ. ი-თან ერთად შედიოდა სახლში. გ. გ-ე გამოძიებით დაუდგენელ დროს სათანადო ნებართვის გარეშე შეძენილი „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღით, რომელსაც იგი უკანონოდ ინახავდა და ატარებდა, ყაჩაღურად დაესხა თავს ა. თ-ს, ძალადობის გამოყენებით წაართვა ფულადი თანხა, რის შემდეგაც ორჯერ ესროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან და გამოძიებით დაუდგენელ პირთა ჯგუფთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ა. თ-ი ორივე ფილტვისა და მარცხენა თირკმლის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გ. გ-ეს როგორც ო. კ-ს, ისე ჯ. გ-ისა და ა. თ-ის მკვლელობის ეპიზოდებში ბრალი წარედგინა ერთი და იმავე – № ... „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვისა და ტარებისათვის, რომლის უკანონო შეძენა–შენახვის, ტარებისა და გადაზიდვისათვის მას მსჯავრი დაედო ბაქოს საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 7 ივლისის განაჩენით. მის მიმართ დანაშაულის სამივე ეპიზოდში, საქართველოს სსკ–ის 238–ე მუხლის 1–ლი და მე–2 ნაწილებით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებულ ბრალდებაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 მარტის დადგენილებით შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, საქართველოს სსკ–ის 28-ე მუხლის 1–ლი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 მარტის განაჩენი მსჯავრდებულმა გ. გ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. აპელანტი ითხოვდა ა. თ-ის მკვლელობის ეპიზოდში გამართლებას, ხოლო ო. კ-ისა და ჯ. გ-ის მკვლელობების ეპიზოდებში – დანაშაულებრივ ქმედებათა კვალიფიკაციის შეცვლას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და 2012 წლის 17 დეკემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 22 მარტის განაჩენში შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმადაც:
გ. გ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ–ის 104–ე მუხლის 1-ლი პუნქტითა (1960 წლის რედაქცია) და საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (2005 წლის ცვლილებით) წარდგენილ ბრალდებაში (ა. თ-ის ეპიზოდი).
გ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 104–ე მუხლის 1–ლი პუნქტით (1960 წლის რედაქცია), სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2005 წლის ცვლილებით, ო. კ-ის ეპიზოდი), სსკ–ის 105–ე მუხლით (1960 წლის რედაქცია, ჯ. გ-ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ–ის 104–ე მუხლის 1–ლი პუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით;
სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით;
სსკ–ის 105–ე მუხლით – თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით;
გ. გ-ეს საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–4 ნაწილისა და 59–ე მუხლის 1–ლი ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 30 წლის ვადით.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე მოცემული განაჩენით დადგენილ სასჯელს დაემატა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს საქალაქო სასამართლოს 1998 წლის 7 ივლისის განაჩენით გ. გ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – უვადო თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ შეეფარდა – უვადო თავისუფლების აღკვეთა.
გ. გ-ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 1997 წლის 17 თებერვლიდან 2012 წლის 22 მარტამდე და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2012 წლის 22 მარტიდან.
მსჯავრდებულმა გ. გ-ემ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ნ-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 17 დეკემბრის ზემოხსენებული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში. საჩივრის თანახმად, კასატორებს მიაჩნიათ, რომ მოქალაქეების – ო. კ-ის და ჯ. გ-ის მკვლელობის ეპიზოდებში მსჯავრდებულს ბრალდებები არასწორი კვალიფიკაციით აქვს წარდგენილი, ვინაიდან საქმის მასალებით და გ. გ-ის ჩვენებებით არ დასტურდება, რომ ამ უკანასკნელს ჰქონდა ზემოხსენებული პირების განზრახ მკვლელობის განზრახვა და ქმედებები უნდა დაკვალიფიცირებულიყო: პირველ შემთხვევაში – როგორც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, დღეს მოქმედი საქართველოს სსკ–ის 117–ე მუხლის მე–2 ნაწილით, ხოლო მეორე შემთხვევაში – როგორც მკვლელობა, ჩადენილი აუცილებელი მოგერიების გადაცილების დროს, იმ დროს მოქმედი საქართველოს სსკ–ის 107–ე მუხლით. მათი ეს არგუმენტები სააპელაციო სასამართლომ შეგნებულად არ გაიზიარა; გარდა ამისა, სასამართლომ დაუშვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევები, როდესაც არ გაითვალისწინა დანაშაულის და პირის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადები, რაც, კასატორთა მოსაზრებით, საქართველოში ჩადენილი ამ დანაშაულთა ჩადენისათვის გ. გ-ის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მომენტისათვის გასული იყო.
კასატორებს ასევე მიაჩნიათ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასამართლომ გ. გ-ეს კანონდარღვევით დაუდგინა სასჯელად უვადო თავისუფლების აღკვეთა; ეს კანონდარღვევები აღნიშნულ საქმეზე საქართველოს სასამართლოებმა არ გაიზიარეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასამართლო განაჩენის საქართველოს სსკ–ის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის დროს; ამასთან, საჩივარში მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით, კასატორები ითხოვენ, რომ საჩივარი განსახილველად გადაეცეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას, ვინაიდან მიაჩნიათ, რომ საჩივრის მოთხოვნას და გადაწყვეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნის უსაფუძვლობის გამო, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილება უნდა შევიდეს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, კერძოდ:
საკასაციო პალატა იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 17 დეკემბრის განაჩენის დასაბუთებაში მოყვანილ არგუმენტებს იმის შესახებ, რომ გ. გ-ის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მომენტისათვის დანაშაულისა და პირის პასუხისგებაში მიცემის ხანდაზმულობის ვადები გაშვებული არ ყოფილა და რაიმე კანონდარღვევას ადგილი არა აქვს.
საქმის მასალებით და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ გ. გ-ემ მოქალაქე ჯ. გ-ის განზრახ მკვლელობა ჩაიდინა თბილისში 1996 წლის 29 ნოემბერს, დაახლოებით 4 საათზე, რისთვისაც დაუსწრებლად ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 1996 წლის 3 დეკემბერს.
მოქალაქე ო. კ-ის განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში მან ჩაიდინა თბილისში 1996 წლის 5 ნოემბერს, რისთვისაც ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში დაუსწრებლად მიეცა 1996 წლის 30 დეკემბერს.
აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრება შეეფარდა 1996 წლის 16 დეკემბერს და ამავე თარიღიდან მის მიმართ გამოცხადებული იყო ძებნა. მას შემდეგ, რაც საქართველოს სამართალდამცავი ორგანოებისათვის ცნობილი გახდა, რომ გ. გ-ე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის დაპატიმრებული იყო აზერბაიჯანის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, 1997 წლის 27 მაისს საქმის წარმოება შეჩერდა გ. გ-ის საქართველოში ეტაპირებამდე.
აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან გ. გ-ე საქართველოში ეტაპირებულია 2011 წლის 14 ივნისს, მისივე ინიციატივით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსთან წინასწარი თანხმობით „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 45–ე მუხლის მე–9 პუნქტისა და საქართველოს სსსკ–ის 289–ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასამართლოს განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილის საქართველოში შემდგომი მოხდის მიზნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 დეკემბრისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივლისის განჩინებებით დადასტურებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის სასამართლოს განაჩენის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან შესაბამისობა.
საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენში მოყვანილ არგუმენტებს გ. გ-ის მიმართ ო. კ-ისა და ჯ. გ-ის განზრახ მკვლელობის ეპიზოდებში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეულ მტკიცებულებათა რელევანტურობისა და დამაჯერებლობის შესახებ. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნულ ეპიზოდებში გ. გ-ის დანაშაულებრივი ქმედებები სამართლებრივად დაკვალიფიცირებულია სწორად, ხოლო სასამართლოს მიერ დადგენილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია; შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი და კასატორს უარი უნდა ეთქვას მის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს უცხო სახელმწიფოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის პროცედურებს და აწესრიგებს მხოლოდ განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილის საქართველოში მოხდასთან დაკავშირებულ საკითხებს. სტრასბურგის „მსჯავრდებულ პირთა გადაცემის 1983 წლის 21 მარტის კონვენციის“ მე–13 მუხლის თანახმად, მხოლოდ სასჯელის აღმასრულებელ სახელმწიფოს (ანუ განაჩენის გამომტან ქვეყანას, მოცემულ შემთხვევაში – აზერბაიჯანის რესპუბლიკას) აქვს უფლება, მიიღოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნის უარყოფის ან დაკმაყოფილების შესახებ. ამ თვალსაზრისითაც, საკასაციო საჩივრის მოთხოვნა, მათ შორის – საჩივრის დიდი პალატისათვის განსახილველად გადაცემის შესახებ, უსაფუძვლოა და საკასაციო პალატა ამ არგუმენტებზე ვერ იმსჯელებს.
ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად, გ. გ-ეს ¼–ით უნდა შეუმცირდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 17 დეკემბრის განაჩენით თითოეული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელები. შესაბამისად, საკასაციო პალატა, საქართველოს სსსკ–ის 289–ე მუხლის მე–9 ნაწილის და „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 50–ე მუხლის მე–13 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, იმსჯელებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 1998 წლის 7 ივლისის განაჩენით გ. გ-ის მიმართ დანიშნულ სასჯელებზე ამნისტიის აქტის გავრცელების შესახებ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 307–ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 301–ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლით, სსსკ–ის 289–ე მუხლის მე–9 ნაწილით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 50–ე მუხლის მე–13 პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. გ-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 17 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
გ. გ-ეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 17 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 104–ე მუხლის პირველი პუნქტით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით – „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად, შეუმცირდეს ¼–ით და განესაზღვროს 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2005 წლის ცვლილებებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით – „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად, შეუმცირდეს ¼–ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლითა და 3 თვით;
საქართველოს სსკ–ის 105–ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი –თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით – „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად, შეუმცირდეს ¼–ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით;
საქართველოს სსკ–ის 50–ე მუხლის მე–4 ნაწილისა და 59–ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დანიშნული სასჯელები შეიკრიბოს სრულად და გ. გ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 28 წლითა და 6 თვით.
მსჯავრდებულ გ. გ-ის მიმართ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 7 ივლისის განაჩენში, საქართველოს სსსკ–ის 289–ე მუხლის მე–9 ნაწილის, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 50–ე მუხლის მე–13 პუნქტისა და „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის თანახმად, შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასარგებლოდ, კერძოდ:
გ. გ-ეს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სსკ–ის 71–ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებით 2006 წლის 1 აგვისტოს გადაკვალიფიცირებულია ამავე ქვეყნის სსკ–ის 260–ე მუხლის მე–2 ნაწილზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინებით შესაბამისობაშია მოყვანილი საქართველოს სსკ–ის 214–ე მუხლის მე–4 ნაწილთან, დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით – შეუმცირდეს ¼–ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 წლით და 1 თვით.
გ. გ-ეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სსკ–ის 220–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებით 2006 წლის 1 აგვისტოს გადაკვალიფიცირდა ამავე ქვეყნის სსკ–ის 228–ე მუხლის პირველ ნაწილზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინებით შესაბამისობაშია მოყვანილი საქართველოს სსკ–ის 236–ე მუხლის პირველ, მე–2 და მე–3 ნაწილებთან, დანიშნული სასჯელი –თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით – შეუმცირდეს ¼–ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლით და 9 თვით.
გ. გ-ეს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სსკ–ის 94–ე მუხლის პირველი, მე–7 და მე–8 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით 2006 წლის 1 აგვისტოს გადაკვალიფიცირდა ამავე ქვეყნის სსკ–ის 120.2.4., 120.2.6, 120.2.7., 120.2.10 მუხლზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინებით შესაბამისობაშია მოყვანილი საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებთან, დანიშნული სასჯელი – უვადო თავისუფლების აღკვეთა – შეუმცირდეს ¼–ით და განესაზღვროს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
გ. გ-ეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სსკ–ის 15,94–ე მუხლის მე–4, მე–6, მე–7 და მე–8 პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით 2006 წლის 1 აგვისტოს გადაკვალიფიცირდა ამავე ქვეყნის სსკ–ის 29, 120.2.4., 120.2.6., 120.2.7 მუხლზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინებით შესაბამისობაშია მოყვანილი საქართველოს სსკ–ის 19,109–ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“, ამავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ ქვეპუნქტებთან, დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით – შეუმცირდეს ¼–ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 11 წლითა და 3 თვით.
გ. გ-ეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სსკ–ის 93–5 მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით 2006 წლის 1 აგვისტოს გადაკვალიფიცირდა ამავე ქვეყნის სსკ–ის 181.2.1., 181.2.2 და 181.2.5 მუხლზე და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 23 დეკემბრის განჩინებით შესაბამისობაშია მოყვანილი საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებთან, დანიშნული სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით – შეუმცირდეს ¼–ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით.
საბოლოოდ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 7 ივლისის განაჩენის შესაბამისად, გ. გ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 17 დეკემბრის განაჩენით და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბაქოს საქალაქო სასამართლოს პირველი ინსტანციის სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1998 წლის 7 ივლისის განაჩენით გ. გ-ის მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი შეიკრიბოს სრულად და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ გ. გ-ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს – უვადო თავისუფლების აღკვეთა.
გ. გ-ეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო – 1997 წლის 17 თებერვლიდან 2012 წლის 22 მარტამდე და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2012 წლის 22 მარტიდან.
სხვა ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 17 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი