დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 01.04.2013
საქმის ნომერი
2კ-999-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
01.04.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№9991-13 1 აპრილი, 2013 წელი

ვ-ი გ., 9991-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის

პროკურორ - მ. ბ-ს

ადვოკატ - მ. ტ-ს

მსჯავრდებულ - გ. ვ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ვ-ს საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 ივლისის განაჩენით გ. ვ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილებით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 24,236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 311-ე მუხლით - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით - უვადო თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. გ. ვ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2005 წლის 17 ივლისიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 1 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 2 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 ნოემბრის დადგენილებით მსჯავრდებულ გ. ვ-ს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ დაენიშნა უვადო თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2005 წლის 17 ივლისიდან.

2013 წლის 15 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. ვ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. ვ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებული გ. ვ-ი ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე გათავისუფლდა გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 260-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით შეფარდებული სასჯელისაგან.

მასვე ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 24,236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი - 7 წელი და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით.

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, გ. ვ-ს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 311-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლისა და 6 თვის ვადით.

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე გ. ვ-ს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 323-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილით შეფარდებული სასჯელი და განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მას განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. გ. ვ-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2005 წლის 17 ივლისიდან.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. ვ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლით, რომლის თანახმადაც, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული (სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილები).

ასევე კანონიერია მსჯავრდებულ გ. ვ-ს საქმეზე ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის გამოყენება, რომლის თანახმადაც, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით და, ამასთან, ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით.

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლით, რომლის თანახმადაც, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენ პირს.

რაიონულმა სასამართლომ ასევე კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, რომლის თანახმადაც, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება. რადგან გ. ვ-ი ნასამართლევია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენისათვის, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლების მოთხოვნები.

ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საბოლოო სასჯელის ზომად განსაზღვრული - უვადო თავისუფლების აღკვეთა - უნდა დარჩეს უცვლელად. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით არ არის გათვალისწინებული კანონისმიერი პროცედურა იმ პირების მიმართ, ვისაც სასჯელად დანიშნული აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა. „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლი განსაზღვრავს ზოგად წესს იმ პირების მიმართ, ვისზეც არ ვრცელდება ამავე კანონის პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება და მათ მხოლოდ ერთი მეოთხედით უმცირდებათ დანიშნული სასჯელი. ცხადია, უვადო თავისუფლების აღკვეთის ერთი მეოთხედით შემცირება შეუძლებელია. რაც შეეხება საჩივრის მოთხოვნას, რომ უვადო თავისუფლების აღკვეთა შეიცვალოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო არ არის მოცემულ შემთხვევაში უფლებამოსილი, იმსჯელოს ამ საკითხზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. ვ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

თ. თოდრია