დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№19211-13 10 სექტემბერი, 2013 წელი
გ-ი გ.- 19211-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ვ. ნ-ის
ადვოკატ – ზ. ა-ის
მსჯავრდებულ – გ. გ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ზ. ა-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 13 დეკემბრის განაჩენით გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 388–ე მუხლის მე–4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად გაუნახევრდა და სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ–ის 63–64–ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 ნოემბრის განაჩენით გ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე საქართველოს სსკ–ის 42–ე მუხლის გამოყენებით დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი.
საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და სსკ–ის 59–ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით, გ. გ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა – 5000 ლარი.
გ. გ-ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამოერთვა აღნიშნული კანონით გათვალისწინებული უფლებები.
გ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2008 წლის 11 ივნისიდან იმავე წლის 13 ივნისამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 23 მაისის განაჩენით გ. გ-ი, – ძებნილი, – დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 218–ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის თანახმად, გ. გ-ს გაუნახევრდა საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით დანიშნული სასჯელი, რომლის მოუხდელი ნაწილი – 1 წელი, 5 თვე და 27 დღე დაემატა ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს და სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე გ. გ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 5 წლით, 5 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა.
გ. გ-ს 3 წლით ჩამოერთვა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული უფლებები.
2013 წლის 24 იანვარს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ვ. ო-ემ წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. გ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 მარტის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებული გ. გ-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 13 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნული სასჯელის – 1 წლით პირობითი მსჯავრისაგან.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებული გ. გ-ი გათავისუფლდა გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 7 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით დანიშნული სასჯელის – 1 წლით პირობითი მსჯავრისაგან.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. გ-ს ¼-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 23 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 218–ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 4 წელი და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ. გ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 23 მაისის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 მაისის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულ გ. გ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ. ა-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულის ადვოკატი საჩივარში აღნიშნავს, რომ, რადგან ,,საქართველოს სსკ-ში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2011 წლის 27 დეკემბრის საქართველოს კანონით სსკ-ის 218-ე მუხლის 1-ლ ნაწილში შესული ცვლილებით მსჯავრდებულის მიერ 27.875 ლარის გადახდისათვის თავის არიდება აღარ წარმოადგენს დიდ ოდენობას, ითხოვს მის გამართლებას და სასჯელისგან გათავისუფლებას, რასაც ეთანხმება თავად მსჯავრდებულიც.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–3 მუხლით, როდესაც მსჯავრდებული გაათავისუფლა დანაშაულთა ნაკლებად მძიმე კატეგორიას განკუთვნილ – სსკ-ის 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით დანიშნული სასჯელისგან. მან ასევე კანონიერად იხელმძღვანელა იმავე კანონის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილით და მსჯავრდებული ასევე გაათავისუფლა 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისგან, მაგრამ მხედველობაში არ მიიღო რა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის მოქმედება, მსჯავრდებულს არ აღუდგინა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
რაც შეეხება ,,საქართველოს სსკ-ში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2011 წლის 27 დეკემბრის საქართველოს კანონით სსკ-ის 218-ე მუხლის 1-ლ ნაწილში (შენიშვნის 1-ლ ნაწილში) შესული ცვლილების თანახმად მსჯავრდებულის გამართლებასა და სასჯელისგან გათავისუფლებას, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით ზემოაღნიშნული საკითხის განხილვა მოწესრიგებული არ არის და შესაბამისად, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, ამ წესით იმსჯელოს ახლად გამოვლენილი გარემოების შესახებ. ამასთან, რამდენადაც გ. გ-ს ახალი დანაშაული ჩადენილი აქვს ნასამართლობის გაქარწყლებამდე, იგი ვერ ჩაითვლება ნასამართლობის არმქონედ და პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლით, რომლის საფუძველზეც ¼-ით შეუმცირა მას სსკ-ის 218-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი.
საქალაქო სასამართლომ ასევე კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–20 მუხლით და დამატებით სასჯელად დაკისრებული ჯარიმა დატოვა უცვლელად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1 მარტის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. გ-ს უნდა აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ზ. ა-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ
№19211-13 11 სექტემბერი, 2013 წელი
გ-ი გ.- 19211-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 10 სექტემბერს მსჯავრდებულ გ. გ-ის მიმართ გამოტანილ განჩინებაში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.
საკასაციო პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2013 წლის 10 სექტემბერს მსჯავრდებულ გ. გ-ის მიმართ გამოიტანა განჩინება, რომელშიც დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ:
პალატამ განჩინების სამოტივაციო ნაწილის მე-2 აბზაცის ბოლო ნაწილში მიუთითა: ,,მან ასევე კანონიერად იხელმძღვანელა იმავე კანონის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილით და მსჯავრდებული ასევე გაათავისუფლა 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისგან, მაგრამ მხედველობაში არ მიიღო რა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-19 მუხლის მოქმედება, მსჯავრდებულს არ აღუდგინა ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები“, რაც არ აისახა სარეზოლუციო ნაწილში.
ამდენად, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. გ-ს უნდა აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები“.
განჩინების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული დასკვნა არ აისახა სარეზოლუციო ნაწილში, რაც წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას და იგი უნდა აღმოიფხვრას.
პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 287-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2013 წლის 10 სექტემბერს მსჯავრდებულ გ. გ-ის მიმართ გამოტანილ განჩინებაში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:
განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მსჯავრდებულ გ. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის – ზ. ა-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1 მარტის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-19 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ გ. გ-ს აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 1 მარტის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება“.
აღნიშნული განჩინება წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 10 სექტემბრის განჩინების განუყოფელ ნაწილს.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი