შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 23.09.2013
საქმის ნომერი
97აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
23.09.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№97აგ-13 23 სექტემბერი, 2013 წელი

ს-ი ე.- 97აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

გიორგი შავლიაშვილი, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ე. ს-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივნისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 4 თებერვლის განაჩენით ე. ს-ი, ნასამართლევი (სსკ-ის 180-ე მუხლით), ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ პუნქტებით (ბრალდების 2 ეპიზოდი), 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5-5 წლით, სულ - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წელი, 6 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა 19 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2008 წლის 20 სექტემბრიდან.

იმავე განაჩენით დ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ბრალდების ორი ეპიზოდი) და მიესაჯა 4-4 წლითა და 6-6 თვით, საბოლოოდ - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 20 სექტემბრიდან.

აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 11 მარტის განაჩენით, ხოლო უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 4 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები სააპელაციო პალატის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახილველად.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის განჩინებით ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ე. ს-ი გათავისუფლდა წინა განაჩენით სსკ-ის 180-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ბოლო განაჩენით სსკ-ის 177-ე მუხლით (ბრალდების 3 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 20 სექტემბრიდან.

ამავე სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით დ. გ-ს ამნისტიის საფუძველზე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 177-ე მუხლით (ბრალდების ორი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივნისის განაჩენით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა საფუძველზე, დ. გ-ს საბოლოო სასჯელი დაენიშნა შთანთქმის პრინციპით და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა მოხდილად და გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან; ე. ს-ის მიმართ სსკ-ის 177-ე მუხლით დანიშნულ სასჯელს - 3 წელსა და 9 თვეს - დაემატა სსკ-ის 177-ე მუხლით (ბრალდების ორი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელების ნაწილი - 1 წელი, 3 თვე და 1 წელი, რის გამოც განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დაკისრებული ჯარიმა - 5 000 ლარი და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 5 000 ლარი; ე. ს-ს სასჯელის ათვლა დაეწყო 2008 წლის 20 სექტემბრიდან.

კასატორები საკასაციო საჩივრებში აღნიშნავენ, რომ გასაჩივრებული განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან ობიექტურად არ დადგენილა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; ე. ს-ის ქმედება არ არის რეციდივი, რადგან წარსული ნასამართლობა წარმოადგენს ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას; სსკ-ის 54-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ მუხლი ან მუხლის ნაწილი შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება; ე. ს-ი ამნისტიის საფუძველზე სრულად გათავისუფლდა სასჯელისაგან და მას გადახდილი აქვს დამატებით სასჯელად დაკისრებული ჯარიმაც, რის გამოც სსკ-ის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, იგი ითვლება ნასამართლობის არმქონედ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები ითხოვენ სასჯელის შემსუბუქებას, შთანთქმის წესის გამოყენებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ისინი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. სსკ-ის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომელზეც მიუთითებენ კასატორები, გამომდინარეობს და აზუსტებს მე-3 ნაწილს, რომელშიც საუბარია მხოლოდ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებზე. სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინების შესაძლებლობას ან შეუძლებლობას განსაზღვრავს 53-ე მუხლის მე-4 ნაწილი სასჯელის სახისა და ზომის შერჩევისას და იგი არ გულისხმობს სასჯელის დანიშვნის პრინციპს. ამავე კოდექსის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ადგენს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის წესს (სანქციით გათვალისწინებულ მინიმუმზე ერთი წლით მეტს) დანაშაულის რეციდივის დროს და სწორედ ამ შემთხვევაში გამონაკლისს წარმოადგენს ნასამართლობა, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელი (და არა - შემადგენლობის) ნიშანი.

სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით დადგენილი სასჯელთა ნაწილობრივი ან სრული შეკრების საფუძველია დანაშაულის რეციდივი მიუხედავად იმისა, ერთგვაროვანი დანაშაულებისთვისაა პირი ნასამართლევი თუ არა. ამაზე მეტყველებს აღნიშნული მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით განაჩენთა ერთობლიობისას (ცხადია, ამ დროს სახეზეა რეციდივიც) შესაძლებელია სასჯელთა ნაწილობრივი ან სრული შეკრება (ერთგვაროვანი დანაშაულების ჩადენის მიუხედავად), თუმცა მუხლის ამ ნაწილში ,,რეციდივი“ არ არის ნახსენები.

რაც შეეხება მსჯავრდებულის ნასამართლობას, ე. ს-მა ბოლო დანაშაული ჩაიდინა წინა განაჩენით დადგენილ გამოსაცდელ ვადაში, რის გამოც უსაფუძვლოა ნასამართლობის არარსებობაზე მითითება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენით ე. ს-ის მიმართ დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, რის გამოც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი, ხოლო მსჯავრდებულის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება.

ამასთან, ე. ს-ის მიმართ ბოლო განაჩენით დადგენილ სასჯელს არ დამატებია წინა განაჩენით დაკისრებული ჯარიმა, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს მითითება დამატებით სასჯელად ჯარიმის განსაზღვრის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ კასატორების მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობის შესაბამისად, მსჯავრდებული არ საჭიროებს სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ე. ს-ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ი. გ-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 4 ივნისის განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება ე. ს-ის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისა და დამატებით სასჯელად ჯარიმის - 5 000 ლარის დაკისრების შესახებ;

მსჯავრდებულ ე. ს-ს საბოლოოდ განესაზღვროს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.

გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი

ბ. ალავიძე