დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №608აგ-13 17 დეკემბერი, 2013 წელი
კ-ე მ., 608აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 აპრილის განაჩენით მ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 5 წლით, ხოლო 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 11-ლი ნაწილის საფუძველზე სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ სასჯელს დაემატა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის ნახევარი და მ. კ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 1 სექტემბრიდან.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 18 აგვისტოს განაჩენით შეიცვალა იმ მიმართებით, რომ მ. კ-ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; განაჩენი მის მიმართ დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 18 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მ. კ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 9 აპრილის განჩინებით მ. კ-ისათვის სასჯელის საბოლოო ზომის განსაზღვრის ნაწილში დარჩა უცვლელად.
2013 წლის 20 მაისს მსჯავრდებულმა მ. კ-ემ შუამდგომლობით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (1-ლი ეპიზოდი) დანიშნულ და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულ სასჯელს – 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთას – დაემატა სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით (მე-2 ეპიზოდი) დანიშნული და ასევე ამნისტიის საფუძველზე შემცირებული სასჯელიდან ნაწილი – 6 თვე და მ. კ-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 1 სექტემბრიდან; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 18 აგვისტოს განაჩენი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 9 აპრილის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული მ. კ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 ივლისის განაჩენის გაუქმებას და პატიმრობიდან განთავისუფლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად.
მოცემულ შემთხვევაში, მ. კ-ის მიმართ დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ, რის შედეგადაც მსჯავრდებულს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასჯელის ზომა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ. კ-ის პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი არ არის მეტისმეტად მკაცრი და არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენება.
რაც შეეხება მსჯავრდებულის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მისის შუამდგომლობის განხილვაში მონაწილეობა არ უნდა მიეღო იმავე მოსამართლეს, ვინც მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქმის არსებით განხილვაში მონაწილეობა მოსამართლეს არ უზღუდავს უფლებას, მონაწილეობა მიიღოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის განხილვაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივლისის განაჩენი მ. კ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე