დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 20.02.2014
საქმის ნომერი
1307აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
20.02.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1307აგ-13 20 თებერვალი, 2014 წელი

ც-ა თ, 1307აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი, (თავმჯდომარე),გიორგი შავლიაშვილი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. ც-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

აფხაზეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს 1992 წლის 5 აგვისტოს განაჩენით თ. ც-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 152–ე მუხლის მე–2 ნაწილის პირველი პუნქტით - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, 150–ე მუხლის პირველი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 238–ე მუხლის მე–5 ნაწილით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, 203–ე მუხლის მე–2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 212–ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. ჩადენილი დანაშაულების ერთობლიობით, ნაკლებად მკაცრი სასჯელის უფრო მკაცრი სასჯელის მიერ შთანთქმის გზით, საქართველოს რესპუბლიკის სსკ–ის მე–40 მუხლის შესაბამისად, თ. ც-ს განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭოს „ამნისტიის შესახებ“ 1992 წლის 27 თებერვლის დადგენილების პირველი პუნქტის საფუძველზე თ. ც-ა გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისაგან.

თ. ც-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს რესპუბლიკის სსკ–ის 78–ე მუხლით - სიკვდილით დასჯა, დახვრეტა ქონების კონფისკაციით, 104–ე მუხლის პირველი, მე–6, მე–7 პუნქტებით - სიკვდილით დასჯა, დახვრეტა, რუსეთის ფედერაციის სსკ–ის 77–ე მუხლით - სიკვდილით დასჯა, დახვრეტა, ქონების კონფისკაციით. ჩადენილი დანაშაულების ერთობლიობით, ნაკლებად მკაცრი სასჯელის უფრო მკაცრი სასჯელით შთანთქმის გზით, საქართველოს სსკ–ის მე–40 მუხლის შესაბამისად, თ. ც-ს განესაზღვრა სიკვდილით დასჯა - დახვრეტა, ქონების კონფისკაციით.

აღნიშნული განაჩენი საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს 2003 წლის 29 აპრილის განჩინებით დარჩა უცვლელად.

თ. ც-ა სასჯელს იხდიდა ქალაქ დრანდის №9 იზოლატორში, აფხაზეთის კონფლიქტის დაწყების მეორე დღეს მან მიატოვა სასჯელის მოხდის ადგილი და მიიმალა. მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. იგი დააკავეს 2013 წლის 23 მაისს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა.

2013 წლის 3 ივნისს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა თ. ც-მ, რომელმაც „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59–ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს განაჩენით აფხაზეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს 1992 წლის 5 აგვისტოს განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:

თ. ც-ს მიმართ აფხაზეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს 1992 წლის 5 აგვისტოს განაჩენით შერაცხული ქმედება, რუსეთის ფედერაციის სსკ–ის 77–ე მუხლიდან (შეიარაღებული ბანდის ორგანიზება სახელმწიფო ან სხვა საწარმოებზე, დაწესებულებებზე, ორგანიზაციებზე ანდა ცალკეულ პირებზე თავდასხმის მიზნით, აგრეთვე ასეთ ბანდაში და მის მიერ მოწყობილ თავდასხმებში მონაწილეობა) გადაკვალიფიცირდა 1992 წლის 21 ოქტომბრამდე მოქმედი საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 78–ე მუხლზე და სასჯელის სახით განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს რესპუბლიკის სსკ–ის 78–ე მუხლით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს რესპუბლიკის სსკ–ის 104–ე მუხლის 1-ლი, მე–6, მე–7 პუნქტებით სასჯელის ზომად განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–3 ნაწილის საფუძველზე თ. ც-ს მიმართ საქართველოს რესპუბლიკის სსკ–ის 104–ე მუხლის 1-ლი, მე–6, მე–7 პუნქტებით დანიშნულმა და ამნისტიის საფუძველზე შემცირებულმა სასჯელმა - 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა საქართველოს რესპუბლიკის სსკ-ის 78–ე მუხლითა და საქართველოს რესპუბლიკის სსკ–ის 78–ე მუხლით დანიშნული და ამნისტიის საფუძველზე შემცირებული თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ მას მოსახდელად განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

თ. ც-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 23 მაისიდან. მასვე სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 1991 წლის 17 ივლისიდან 1992 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით. აფხაზეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს 1992 წლის 5 აგვისტოს განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული თ. ც-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებას, ვინაიდან გასულია გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების ხანდაზმულობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ თ. ც-ს მიმართ სასჯელის დანიშვნისას სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რომლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

ამასთან, საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია საჩივრის მოთხოვნა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სასჯელისაგან გათავისუფლების თაობაზე, კერძოდ:

მსჯავრდებული თ. ც-ა სასჯელს იხდიდა ქალაქ დრანდის №9 იზოლატორში. აფხაზეთის კონფლიქტის დაწყების მეორე დღეს მან მიატოვა სასჯელის მოხდის ადგილი და მიიმალა. მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. იგი დააკავეს 2013 წლის 23 მაისს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა.

საქართველოს სსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა თხუთმეტ წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის დროს; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას. ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის დინება განახლდება მსჯავრდებულის დაკავების ან ბრალის აღიარებით გამოცხადების მომენტიდან.

იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთის რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ მსჯავრდებულ თ. ც-ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა 1992 წლის 5 აგვისტოს, იგი მიმალვის გამო იყო ძებნილი და დააკავეს 2013 წლის 23 მაისს, საკასაციო პალატა თვლის, რომ შესაბამისად, არ არის გასული ხანდაზმულობის ვადა. ამდენად, გასაჩივრებული განაჩენი კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ თ. ც-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 2 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი