დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 05.03.2014
საქმის ნომერი
1076აგ.-2013
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
05.03.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1076აგ-13 5 მარტი, 2014 წელი

კ-ი ვ., 1076აგ-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ივლისის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ვ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2006 წლის 10 ნოემბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით – 2 დღე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 იანვრის განაჩენით ვ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 388-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 3 აპრილის განაჩენით ვ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიესაჯა 4 წლით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 5-5 წლითა და 3-3 თვით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით მას განესაზღვრა 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ მიესაჯა 16 წლითა და 4 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 3 აპრილიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 11 დეკემბრის განაჩენით შეიცვალა: ვ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიესაჯა 3 წლით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით – 2-2 წლითა და 3-3 თვით თავისუფლების აღკვეთა; დანაშაულთა ერთობლიობით მას განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წელი, 6 თვე და საბოლოოდ მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 3 აპრილიდან.

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 7 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე ვ. კ-ი გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 დეკემბრისა და 2008 წლის 4 იანვრის განაჩენებით დანიშნული სასჯელების მოუხდელი ნაწილის – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2009 წლის 3 აპრილიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 მარტის განჩინებით შეიცვალა: ვ. კ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2008 წლის 7 ოქტომბრიდან. განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

2013 წლის 20 მაისს მსჯავრდებულმა ვ. კ-მა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლში 2013 წლის 17 აპრილს შესული ცვლილების გათვალისწინებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის განაჩენით მსჯავრდებულ ვ. კ-ის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 3 აპრილის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 11 დეკემბრის განაჩენები და უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებული ვ. კ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის განაჩენის გაუქმებას და სასჯელის განსაზღვრას შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ან სასჯელები იკრიბება ნაწილობრივ ან მთლიანად. ამდენად, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, უცვლელად დაეტოვებინა გადასასინჯი გადაწყვეტილება.

მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების სიმძიმის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არის მიზანშეწონილი სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების ან შთანთქმის წესის გამოყენება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 314-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ვ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის განაჩენი ვ. კ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე