დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№1081აგ-13 4 მარტი, 2014 წელი
ბ-ა ბ.- 1081აგ-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ბ. ბ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ი-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 ივლისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის განაჩენით ბ. ბ-ა, ნასამართლევი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) დანიშნული პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით, 10 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით მას სასჯელად განესაზღვრა 2 წლით, 10 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 თებერვლის განაჩენით ბ. ბ-ა, - ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით, 10 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით მას სასჯელად განესაზღვრა 8 წლით, 10 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 17 დეკემბრიდან.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 19 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 20 მარტის განჩინებით ბ. ბ-ას ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონის თანახმად, სსკ-ის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა და მოსახდელად ამ ნაწილში დარჩა 11 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2010 წლის 17 დეკემბრიდან 2011 წლის 20 მარტის ჩათვლით - 1 წელი, 3 თვე და 3 დღე, სულ - 2 წელი, 2 თვე და 17 დღე და მოსახდელად დარჩა 6 წლით, 8 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2012 წლის 20 მარტიდან.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 თებერვლის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 18 აპრილის განჩინებით დაზუსტდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 20 მარტის განჩინება, კერძოდ:
ბ. ბ-ას ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონის თანახმად, სსკ-ის 273-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა და მოსახდელად ამ ნაწილში დარჩა 11 თვითა და 13 დღით თავისუფლების აღკვეთა. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2010 წლის 17 დეკემბრიდან 2012 წლის 20 მარტის ჩათვლით - 1 წელი, 3 თვე და 3 დღე, სულ - 2 წელი, 2 თვე და 17 დღე და მოსახდელად დარჩა 6 წლით, 8 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 25 ივნისის განაჩენით ბ. ბ-ა, - ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 3 წლის ვადით;
სსკ-ის 128-ე მუხლით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;
ბ. ბ-ას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 3 წლის ვადით.
ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და ამნისტიით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 წლით, 5 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა და ბ. ბ-ას განაჩენთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 8 წლით, 11 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 3 წლის ვადით.
ბ. ბ-ას სასჯელის ვადა აეთვალა 2012 წლის 25 ივნისიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ ბ. ბ-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით, სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 128-ე მუხლით დანიშნული სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 1 წლით, 10 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა;
ბ. ბ-ა გათავისუფლდა 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისაგან;
მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელები და საბოლოო სასჯელად განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა 5 წლით, 11 თვითა და 24 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2012 წლის 25 ივნისიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 ივლისის განაჩენით არ დაკმაყოფილდა ბ. ბ-ას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 25 ივნისის განაჩენი და ამავე სასამართლოს 2013 წლის 11 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 ივლისის განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულ ბ. ბ-ას ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ი-მა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და ითხოვა სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებების შესაბამისად, სასჯელის დანიშვნა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში, საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.
მოცემულ შემთხვევაში ბ. ბ-ას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 25 ივნისის განაჩენით სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 128-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები ჩადენილი აქვს 2010 წლის 29 ოქტომბერს, ანუ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულზე 2011 წლის 22 თებერვლის განაჩენის გამოტანამდე, შესაბამისად, მასზე ვრცელდება სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოქმედება.
საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად: ,,დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას“.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბ. ბ-ა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გაასამართლა 2009 წლის 26 თებერვალს, ხოლო ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ - 2010 წლის 28 ივნისს განზრახი დანაშაულების ჩადენისათვის, შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 25 ივნისის განაჩენით სსკ-ის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სსკ-ის 128-ე მუხლით, ასევე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 22 თებერვლის განაჩენით სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი.
ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 ივლისის განაჩენი ამ ნაწილში საბოლოო სასჯელის სრულად შეკრების წესით ძალაში დატოვების შესახებ შეესაბამება 2013 წლის 17 აპრილს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლში შესულ ცვლილებებს, კერძოდ, სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებს.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
საკასაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულ ცხოვრებას, ჩადენილი ქმედებების სიმძიმესა და საზოგადოებრივ საშიშროებას, ასევე იმ გარემოებას, რომ ახალი დანაშაულები ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ ბ. ბ-ასათვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნა ნაწილობრივი შეკრების, მით უფრო - შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, აშკარად ლმობიერი იქნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 314-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ბ. ბ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ი-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 ივლისის განაჩენი ბ. ბ-ას მიმართ დარჩეს უცვლელად.
განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ზ. მეიშვილი
გ. შავლიაშვილი