დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№100აპ-14 14 აპრილი, 2014 წელი
კ-ე დ, 100აპ-14 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორების - ე. გ-ს, შ. კ-ს
ადვოკატ - პ. მ-ს
ბრალდებულ - დ. კ-ს
მონაწილეობით განიხილა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ პროკურორ ე. გ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 18 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე №.
აღნიშნულ საქმეზე 2014 წლის 19 თებერვლის დადგენილებით დ. კ-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით.
2014 წლის 21 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე წარმოდგენილ იქნა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ პ. ს-ს შუამდგომლობა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ დ. კ-ს მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ.
წარმოდგენილი შუამდგომლობითა და საქმის მასალებით დგინდება, რომ დ. კ-ს ბრალი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე, უკანონოდ მოხმარება, ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით და მიესაჯა პირობითი მსჯავრი - 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა. ამავე განაჩენით 3 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები.
2009 წლის 28 ოქტომბრის განაჩენის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმის - 2000 ლარის სრულად გადაუხდელობის გამო დ. კ-ს არ ჰქონდა რა გაქარწყლებული სსკ–ის 273–ე მუხლით ნასამართლობა, კვლავ ჩაიდინა ამავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ: 2013 წლის 13 მაისს თ-ი, ი. ჭ-ს გამზირის №–თან, საპატრულო პოლიციის მუშაკებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს დ. კ-ე, რომელსაც შსს მთავარი სამმართველოს ნარკოლოგიური გამოკვლევის № დასკვნით დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.
ასევე 2013 წლის 30 სექტემბერს T-ი, ზ. ფ-ს ქუჩის №–თან, საპატრულო პოლიციის მუშაკებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს დ. კ-ე, რომელსაც ნარკოლოგიური გამოკვლევის დასკვნით დაუდგინდა ნარკოლოგიური საშუალება „ბუპრენორფინის“ მოხმარების ფაქტი. დ. კ-ს ქმედება დაკვალიფიცირდა სსკ–ის 273–ე მუხლით.
2014 წლის 21 თებერვალს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით ბრალდებულ დ. კ-ს, მისი ინტერესების დამცველ ადვოკატსა და თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ პ. ს-ს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან ბრალზე გარიგების შესახებ, რომლის მიხედვითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრალდებული ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ–ის 273–ე მუხლით (2013 წლის 13 მაისის ეპიზოდისათვის) და ძირითადი სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც სსკ–ის 63–ე მუხლის საფუძველზე 1 წელი ჩაეთვალოს პირობითად.
ბრალდებული ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ–ის 273–ე მუხლით (2013 წლის 30 სექტემბრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც 63–ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად.
სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის საფუძველზე ერთმა სასჯელმა შთანთქას მეორე და დ. კ-ს საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით. სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის საფუძველზე დანიშნულ სასჯელს დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დადგენილი სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა 1300 ლარი და დ. კ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა - 1300 ლარი.
მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საექიმო, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
2014 წლის 21 თებერვალს ბრალდებულის პირველი წარდგენის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა იშუამდგომლა, რომ დამტკიცებულიყო შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე დ. კ-ს მიმართ განაჩენის გამოტანის თაობაზე ზემოხსენებული პირობებით.
ბრალდებული დ. კ-ე და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი პ. მ-ი დაეთანხმნენ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 თებერვლის განჩინებით თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო განყოფილების პროკურორ პ. ს-ს შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა და № სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ დ. კ-ს მიმართ დაუბრუნდა თბილისის პროკურატურას.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 273–ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მასვე ,,ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის მე–2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა, შეუმცირდა 3 თვით და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე დ. კ-ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 აპრილის განაჩენით დ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 273–ე მუხლით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 50–ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელიდან 3 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 9 თვე სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით.
სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი პირობითი მსჯავრი 3 თვით და სსკ–ის 59–ე მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით დ. კ-ს სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 9 თვე თავისუფლების აღკვეთა სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 22 თებერვლიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 თებერვლის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა ე. გ-მ. მან სააპელაციო საჩივრით ითხოვა განჩინების გაუქმება და 2014 წლის 21 თებერვალს მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 18 მარტის განჩინებით თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ პროკურორ ე. გ-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 თებერვლის განჩინება საქმის არსებითი განხილვის გარეშე დ. კ-ს მიმართ განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
№ სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ დ. კ-ს მიმართ დაუბრუნდა თბილისის პროკურატურას.
თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ პროკურორი ე. გ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 18 მარტის განჩინების გაუქმებასა და 2014 წლის 21 თებერვალს მხარეთა შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორებმა - ე. გ-მ და შ. კ-მ ვრცლად მიმოიხილეს საქმის მასალები, მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილება,საკასაციო პალატის სხდომაზე ბრალდებულ დ. კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა პ. მ-ა იშუამდგომლა პროკურორ ე. გ-ს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების მოტივაციას იმასთან დაკავშირებით, რომ წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე მოცემული პირობებით არ უნდა დამტკიცდეს და სისხლის სამართლის საქმე უნდა დაუბრუნდეს თბილისის პროკურატურას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დ. კ-ს სასჯელად დაენიშნა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა – 2000 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 აპრილის განაჩენით დ. კ-ს საქართველოს სსკ–ის 273–ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სასჯელად დაენიშნა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 50–ე მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელიდან 3 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 9 თვე სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლომ გააუქმა წინა განაჩენი პირობითი მსჯავრის ნაწილში და მოუხდელი ნაწილი - 3 თვე დაუმატა ახლად დანიშნულ სასჯელს და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის საბოლოო ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 9 თვე თავისუფლების აღკვეთა სსკ–ის 63–64–ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 9 თვის გამოსაცდელი ვადით.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის (2006 წლის 29 დეკემბრის რედაქცია) თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლო 2010 წლის 29 აპრილის განაჩენის გამოტანისას ვალდებული იყო განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ემსჯელა არა მხოლოდ წინა განაჩენით დანიშნულ ძირითად სასჯელზე, არამედ ასევე დამატებით სასჯელზე - ჯარიმაზე და მისი მოუხდელი ნაწილი მთლიანად დაემატებინა ახლად დანიშნული სასჯელისათვის ამავე მუხლის მესამე ნაწილით დადგენილი წესით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა; სასამართლომ გააუქმა წინა განაჩენი მხოლოდ პირობითი მსჯავრის ნაწილში და საერთოდ არ შეეხო დამატებით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს; შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი დამატებით დანიშნული სასჯელის ნაწილში დღეის მდგომარეობით ფაქტობრივად აღუსრულებელია. იმ შემთხვევაში, თუ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 აპრილის განაჩენით დ. კ-ს განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრული ექნებოდა წინა განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილიც (რაც დღეის მდომარეობით იქნებოდა აღუსრულებელი), სასამართლო უფლებამოსილი იქნებოდა დაეკმაყოფილებინა პროკურორის შუამდგომლობა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ დ. კ-ს მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით ვერ იმსჯელებს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნის თაობაზე, კერძოდ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის შემთხვევაში დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმის დამატებაზე ახლად დანიშნულ სასჯელზე.
ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ახალი ბრალდების საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, თუ ბრალდებულს საპატიმრო სასჯელი განესაზღვრება, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის შუამდგომლობით სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლო იმსჯელებს მსჯავრდებულისათვის სასჯელის ყველა აღუსრულებელი განაჩენის მიხედვით განსაზღვრის შესახებ სსსკ-ის 286-ე მუხლის მიხედვით, ხოლო არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნის დროს როგორც ამ სასჯელის, ასევე წინა აღუსრულებელი განაჩენით დანიშნული არასაპატიმრო სასჯელის აღსრულებას უზრუნველყოფს სააღსრულებო ან არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ და ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონების მიხედვით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 18 მარტის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 215-ე, 286-ე, 301-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების სტაჟიორ პროკურორ ე. გ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 18 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი