დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 25.04.2014
საქმის ნომერი
8აგ.-2014
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
25.04.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №8აგ-14 25 აპრილი, 2014 წელი

მ-ე კ., 8აგ-14 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ კ. მ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 20 აპრილის განაჩენით კ. მ-ე, – ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2003 წლის 19 ნოემბრიდან.

აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 5 ივლისის განჩინებით კ. მ-ის ქმედების კვალიფიკაციისა და დანიშნული სასჯელის ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 ოქტომბრის განაჩენით კ. მ-ეს საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 1 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 3 წლით, ხოლო 109-ე მუხლის „თ“, „ი“, „ლ“ პუნქტებით – 17 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 25 წლით, რომლის მოხდა დაეწყო 2003 წლის 19 ნოემბრიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 15 თებერვლის განაჩენით შეიცვალა: კ. მ-ის ქმედება საქართველოს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის სსკ-ის 109-ე მუხლის „თ“, „ლ“ პუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა 109-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ და მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებზე; განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 18 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ კ. მ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“, „ე“ ქვეპუნქტებით – 10 წლითა და 6 თვით, 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 9 თვით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 2 წლითა და 3 თვით, ხოლო 109-ე მუხლის „ი“ პუნქტით, ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ და მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტებით – 12 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, კ. მ-ეს საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 29 მარტის განჩინებით დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 15 ივლისის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 15 თებერვლის განაჩენი და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინება დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით კ. მ-ეს საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2013 წლის 23 ოქტომბრიდან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 2 დეკემბრის განაჩენით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 15 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

2013 წლის 13 დეკემბერს მსჯავრდებულმა კ. მ-ემ შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე იმ მოტივით, რომ ბრალდების მხარემ დამალა ნივთმტკიცებად ცნობილი მისი ტანსაცმელი, რომელიც სინამდვილეში არ იყო დაკარგული; თბილისის საქალაქო სასამართლომ მას ისე დასდო მსჯავრი, რომ საქმეზე რაიმე ახალი მტკიცებულება არ ყოფილა მოპოვებული; მსჯავრდებული ასევე ითხოვს მისი ტანსაცმლის ამოღებას და მასზე ექსპერტიზის ჩატარებას, რომლითაც დადგინდება გასროლილი ტყვიის ტრაექტორია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ კ. მ-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

მსჯავრდებული კ. მ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 25 დეკემბრის განჩინების გაუქმებას და შუამდგომლობის განხილვას. საკასაციო საჩივარში იგი ასევე აღნიშნავს, რომ მისი შუამდგომლობა არ უნდა განეხილათ იმავე მოსამართლეებს, რომლებიც მონაწილეობდნენ მისი სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ:

განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საჩივრის მოტივებიდან გამომდინარე, მსჯავრდებული კ. მ-ე მოითხოვს გადასასინჯი სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმებას, რისი სამართლებრივი საფუძველიც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს, ვინაიდან კასატორის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ კანონისმიერ საფუძველს არ აკმაყოფილებს.

რაც შეეხება მსჯავრდებულის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მისი შუამდგომლობა არ უნდა განეხილათ იმავე მოსამართლეებს, რომლებმაც მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინეს, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქმის არსებით განხილვაში მონაწილეობა მოსამართლეს არ უზღუდავს უფლებას, მონაწილეობა მიიღოს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის განხილვაში.

ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ კ. მ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ კ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 25 დეკემბრის განჩინება მსჯავრდებულ კ. მ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე