შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 19.09.2014
საქმის ნომერი
2კ-279აპ.-14
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
19.09.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №279აპ-14 ქ. თბილისი

გ-ა გ, 279აპ-14 19 სექტემბერი, 2014 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე),პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - ს. კ-ს

ადვოკატების - რ. უ-ა და ჯ. თ-ს

მსჯავრდებულ - გ. გ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - რ. უ-ა და ჯ. თ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 იანვრის განაჩენით გ. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ–ის 67–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა გ. გ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 თებერვლის განაჩენით დანიშნული და ამავე სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული პირობითი მსჯავრი - 1 წელი და 6 თვე.

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს - 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 თებერვლის განაჩენით დანიშნული და ამავე სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 6 თვე და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით გ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2013 წლის 23 სექტემბრიდან.

განაჩენის მიხედვით, მსჯავრდებულ გ. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა გ. გ-მ 2013 წლის 18 სექტემბერს, ღამის საათებში, ფანჯრიდან უკანონოდ შეაღწია თ-ი, ა-ს გამზირის № მდებარე სალონში და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ა. მ-ს კუთვნილ, 1400 ლარად ღირებულ „acer“-ის ფირმის ნოუთბუქს.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატები - რ. უ-ა და ჯ. თ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვენ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და გ. გ-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - რ. უ-მ და ჯ. თ-მ ვრცლად მიმოიხილეს საქმის მასალები, მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლეს მისი დაკმაყოფილება, რასაც დაეთანხმა მსჯავრდებული გ. გ-ა.

საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა ს. კ-მ ვრცლად მიმოიხილეს საქმის მასალები და იშუამდგომლა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განაჩენის მიხედვით, გ. გ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.

საკასაციო პალატა ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოტივაციას იმ ნაწილში, რომ საქმეში არსებული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გ. გ-ს მსჯავრი დაედოს ქურდობაში, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის. მართალია, დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, მაგრამ თვითონ მტკიცებულებებში მითითებული გარემოებები ადასტურებენ მხოლოდ 2013 წლის 18 სექტემბერს, ღამის საათებში, თ-ი, ა-ს გამზირის № მდებარე სალონში ქურდობის ფაქტს, რის შედეგადაც ფარულად წაღებულ იქნა 1400 ლარად ღირებული, „acer“-ის ფირმის ნოუთბუქი და 70 ლარი.

საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენში არსებულ მსჯელობას იმ ნაწილში, რომ საქმეში არსებული, მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზისა და მათი ერთმანეთთან შეჯერების შედეგად 1-ლი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში ჩამოყალიბებული დასკვნა, რომ გ. გ-მ ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაული, შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, კერძოდ: მოწმეების - ა. მ-ს, თ. ყ-ს, ა. ა-ს, ი. ხ-ს, ე. ნ-ა და ი. შ-ს ჩვენებებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ნოუთბუქისა და ხელშეკრულების დათვალიერების ოქმს ასევე გ. გ-ს დაკავების ოქმს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ზემოაღნიშნული არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება გ. გ-ს მიერ საცავში უკანონო შეღწევით ქურდობის ჩადენის ფაქტი.

სალონის თანამშრომლების: მოწმე ა. მ-ს (რომელიც დაზარალებულად არის მიჩნეული), თ. ყ-ს, ა. ა-ს ჩვენებებით ირკვევა, რომ მათ სამსახურში მისვლისას, დილით, შეამჩნიეს, რომ ადგილზე არ იყო ნოუთბუქი და 70 ლარამდე თანხა. განმარტეს, რომ ეჭვი არავისზე არა აქვთ და ვერ დაასახელებენ ვინეს. უდავოა, რომ ამ მოწმეთა ჩვენებები ვერ გამოდგებოდა გ. გ-ს ბრალის არა მარტო დასადასტურებლად, არამედ გასამყარებლადაც კი, რამდენადაც ისინი საუბრობენ მხოლოდ იმ გარემოებაზე, რომ მათ დილით ნივთები არ დახვდათ ადგილზე და აქედან გამომდინარე, არიან დაზარალებულნი, რომელთაც არ უნახავთ ქურდი და არც არაფერი იციან გ-ს პიროვნების შესახებ.

ი. შ-ს (ლომბარდის მფლობელი) ჩვენებით ირკვევა მხოლოდ ის ფაქტი, რომ გ. გ-ს 2013 წლის 18 სექტემბერს ჩაუბარებია ნოუთბუქი ლომბარდში და სესხად მიუღია 300 ლარი. მან ნივთის ჩაბარებისას ლომბარდში წარადგინა პირადობის მოწმობა, თავისი სახელის, გვარისა და მისამართის მითითებით და დააფიქსირა თავისი მობილური ტელეფონის ნომერი. შესაბამისად, ი. შ-ს ჩვენებების შინაარსიდან გამომდინარე, აშკარად შეუძლებელია გ. გ-ს მიერ კომპიუტერის ქურდობის ფაქტის დადასტურება.

მოწმე ი. ხ-ს პატაკიდან ირკვევა, რომ მან მიიღო ინფორმაცია გ. გ-ს მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტზე, რაც შემდეგ მოწმის სახით დაკითხვისას დააკონკრეტა და აღნიშნა, რომ გ-მ მოიპარა ნოუთბუქი და ფულადი თანხა 70 ლარის ოდენობით. ი. ხ-ს ჩვენების სანდოობა აშკარად საეჭვოა, რადგან ამ ჩვენებების შინაარსის ავთენტიკურობა არ არის დადგენილი, რის გამოც იგი არის არარელევანტური.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენში საერთოდ არ უნდა ემსჯელა და შეეფასებინა გ. გ-ს მიერ გამოძიებაში მიცემული აღიარებითი ჩვენება და წინასასამართლო სხდომაზე მისი განმარტება, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს სრულად ცნობდა დამნაშავედ, რადგან 1-ლი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გ. გ-ა დაიკითხა მოწმის სახით და მან თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. მოცემულ შემთხვევაში კი, საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ბრალდებული წინააღმდეგია საქმის არსებით განხილვამდე მიცემული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვის, მისი მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია. ამასთან, სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 74-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბრალდებულის აღიარება, თუ ის არ დასტურდება მისი ბრალეულობის დამადასტურებელი სხვა მტკიცებულებით, საკმარისი არ არის მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. გ-ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის დასადასტურებლად საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს გ. გ-ს ბრალეულობას საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

ამასთან, საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გ. გ-ს მიმართ უნდა დადგეს გამამართლებელი განაჩენი, რადგან მის ქმედებაში არ არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული არც ერთი დანაშაულის შემადგენლობა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის მასალების მიხედვით დასტურდება გ. გ-ს ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები - წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა და გასაღება არაერთგზის, შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ გ. გ-ს მიერ 1-ლი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებისა და საკასაციო პალატის სხდომაზე მიცემული განმარტების თანახმად, მან 2013 წლის 18 სექტემბერს, ღამით, მ-ს ქუჩაზე მოძრაობისას, უცნობი პირისაგან 150 ლარად შეიძინა „acer“-ის ფირმის ნოუთბუქი, რაც იმავე დღეს ვარკეთილში მდებარე ლომბარდში ჩააბარა 300 ლარად; ხოლო საკასაციო პალატის სხდომაზე დამატებით აღნიშნა, რომ ის იმ პირს, რომლისგანაც შეიძინა ნოუთბუქი, იცნობდა გარეგნობით ტოტალიზატორიდან, თუმცა მისი სახელი და გვარი არ იცის. მას ეჭვი შეეპარა ამ პირის მიერ ნივთის კანონიერად ფლობაში, ,,იფიქრა, რომ ნივთს რაიმე პრობლემა ხომ არ ჰქონდა“, რის შესახებაც ჰკითხა უცნობს, რომელმაც უთხრა რომ ნივთი მას ეკუთვნოდა. მან მოისმინა ის, რაც სურდა, რადგან ნოუთბუქი იყო თითქმის ახალი, ოჯახური მდგომარეობა კი ჰქონდა მძიმე და სჭირდებოდა ფული, ამიტომ მეტი კითხვა აღარ დაუსვია და არ მოუთხოვია ნოუთბუქის დოკუმენტები და არც მისი ვინაობით დაინტერესებულა. გ. გ-მ გააჩერა ტაქსი და სთხოვა მძღოლს სადმე, ლომბარდთან მიეყვანა. მძღოლმა მიიყვანა ა-ს გამზირზე არსებულ ლომბარდთან, რომელიც დაკეტილი იყო, შემდეგ მივიდნენ მეორე ლომბარდში, სადაც უარი განუცხადეს ნოუთბუქის ჩაბარებაზე იმ მიზეზით, რომ იქ მხოლოდ ოქროს იბარებდნენ. ამის შემდეგ ტაქსის მძღოლმა გ. გ-ა მიიყვანა ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთ ლომბარდში, სადაც მან ნოუთბუქი ჩააბარა 300 ლარად.

გარდა გ. გ-ს მიერ მიცემული ზემოაღნიშნული განმარტებისა, რომლითაც ნაწილობრივ დასტურება ის გარემოება, რომ იგი უშვებდა იმ აზრს, რომ იძენდა დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ნივთს და რომ შეიძლებოდა პრობლემა შექმნოდა, ამასთან ის, რომ იგი ბოლომდე გულწრფელი არ არის და მთლიანად ჰქონდა შეცნობილი ამ ნივთის უკანონო წარმომავლობა, დასტურდება შემდეგი გარემოებებით:

გ. გ-ს განმარტება, რომ მან სთხოვა ტაქსის მძღოლს მიეყვანა ნებისმიერ ლომბარდთან და ტაქსის მძღოლმა ვარკეთილამდე იგი მიიყვანა სხვა ლომბარდებთან, ერთ-ერთი კი მდებარეობდა ა-ს გამზირზე, ეწინააღმდეგება მოწმის სახით დაკითხული ტაქსის მძღოლის - ე. ნ-ს ჩვენებას, რაც დაცვის მხარეს არ გაუხდია სადავოდ. ამ ჩვენების მიხედვით, იგი არის ტაქსის მძღოლი. 2013 წლის 18 სექტემბერს, ღამის საათებში, ა-ს გამზირზე, ვ-ს მოედნამდე, გააჩერა მისთვის უცნობმა ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელსაც მხარზე გადაკიდებული ჰქონდა საშუალო ზომის ხელჩანთა და სთხოვა გაეყვანა ვარკეთილში, რაშიც გადაუხდიდა 7 ლარს. ისინი მივიდნენ ვარკეთილში მდებარე ერთ-ერთ ლომბარდში, მამაკაცმა ხელჩანთა დატოვა მანქანაში და შევიდა ლომბარდში ვერცხლისფერი ნოუთბუქით. გამოსვლის დროს მას ნოუთბუქი აღარ ჰქონდა, გადაუხადა თანხა და დატოვა აღნიშნულ ადგილას.

ზემოაღნიშნული გარემოება იმაზე მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ გ. გ-ს სურდა, მის მიერ ნოუთბუქის შეძენის ადგილიდან რაც შეიძლება შორს მდებარე ლომბარდში ჩაებარებინა ნივთი.

ამასთან, გ. გ-ს მიერ იმ ფაქტის შეგნებაზე, რომ მის მიერ შეძენილი ქონება იყო დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, მოწმობს ის გარემოებები, რომ შეძენილი ნოუთბუქი იყო თითქმის ახალი, საქმის მასალებით დადგინდა, რომ იგი შეძენილია 1400 ლარად, არ ახლდა მისი დამადასტურებელი დოკუმენტები, შეიძინა ძალიან იაფად - 150 ლარად; პირი, რომელმაც ნოუთბუქი გაყიდა, თვითონვე ჩააბარებდა ლომბარდში და აიღებდა უფრო მეტ თანხას, ვიდრე გ. გ-მ მისცა, თუ ამ ნოუთბუქს ექნებოდა ყველა საჭირო დოკუმენტი და ის პირი მიუთითებდა თავის ვინაობას; ნივთის შეძენა მოხდა ღამის საათებში და მსჯავრდებულის განმარტებით, ეს პირი ახსოვდა ტოტალიზატორიდან; მიუხედავად ამისა, გ. გ-მ არ დააზუსტა მისი ვინაობა, არ მოსთხოვა ნოუთბუქის დოკუმენტები, შეიძინა იაფად და ჩააბარა შეძენის ადგილიდან შორს, ვარკეთილში მდებარე ლომბარდში.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ გ. გ-ს ნივთის შეძენის დროს ჰქონდა წინასწარი შეცნობა ნოუთბუქის დანაშაულებრივი გზით მოპოვების შესახებ, რის გამოც მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რადგან ის ადრე ნასამართლევია ყაჩაღობისათვის და დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის პერიოდში.

გ. გ-ს მიმართ სასჯელის დანიშვნის დროს საკასაციო პალატა ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, მის ოჯახურ მდგომარეობას: ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, უმუშევარი მეუღლე, პენსიონერი დედა, არის დევნილი და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - რ. უ-ა და ჯ. თ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:

მსჯავრდებულ გ. გ-ს მიერ ჩადენილი ქმედება საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე და სასჯელად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს გ. გ-ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 19 თებერვლის განაჩენით დანიშნული და ამავე სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე შემცირებული პირობითი მსჯავრი - 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთამ - მთლიანად შთანთქას წინა განაჩენით საბოლოოდ დანიშნული სასჯელი - 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე.

საბოლოოდ მსჯავრდებულ გ. გ-ს სასჯელად განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყოს 2013 წლის 23 სექტემბრიდან.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი