დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 07.07.2014
საქმის ნომერი
3აგ.-2014
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
07.07.2014

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3აგ-14 7 ივლისი, 2014 წელი

შ-ი ლ.- 3აგ-14 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ზაზა მეიშვილი, გიორგი შავლიაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. შ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ს საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 27 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 ნოემბრის განაჩენით ლ. შ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) - 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

ლ. შ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 მაისის განჩინებით ლ. შ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელი, ხოლო ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელი და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 8 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 ნოემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

მსჯავრდებულ ლ. შ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. დ-ამ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა სსკ-ის 59-ე მუხლში შესული ცვლილებების შესაბამისად, სასჯელის განსაზღვრა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის განჩინებით ლ. შ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ას შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი იმ საფუძვლით, რომ ლ. შ-ის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებული არ არის.

მსჯავრდებულ ლ. შ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი გ. დ-ა საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის დაშვებას არსებითად განსახილველად იმ საფუძვლით, რომ ვინაიდან ლ. შ-ი არის ძებნილი და არ უსარგებლია განაჩენის გასაჩივრების უფლებით, მხოლოდ ეს გარემოება არ არის საკმარისი საფუძველი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობისათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა. ამავე კოდექსის 3321-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 310-ე მუხლში ჩამოთვლილ საფუძვლებთან ერთად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება იმ შემთხვევაშიც, თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილი იწვევს მსჯავრდებულის მდგომარეობის გაუმჯობესებას.

სსკ-ის 414-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2013 წლის 17 აპრილის საქართველოს კანონით დადგენილ ამ კოდექსის 59-ე მუხლის რედაქციას აქვს უკუძალა იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დანაშაულთა/განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელი დაენიშნა აღნიშნული ცვლილების ამოქმედებამდე არსებული რედაქციის შესაბამისად.

მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ლ. შ-ს სასჯელი დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული აქვს ახალი კანონის ამოქმედებამდე, მაგრამ ვინაიდან საქმის მასალების მიხედვით იგი არის ძებნილი და არ გაუსაჩივრებია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 11 ნოემბრის განაჩენი, რომლის გასაჩივრების უფლება მას აქვს დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან ერთი თვის ვადაში, ამ გარემოების გათვალისწინებით, გამოირიცხება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობის განსახილველად დაშვების შესაძლებლობა, რადგან სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებული არ არის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ლ. შ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ას შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ლ. შ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. დ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 27 დეკემბრის განჩინება მსჯავრდებულ ლ. შ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ზ. მეიშვილი

გ. შავლიაშვილი