საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№526აპ-14 29 ივნისი, 2015 წელი
ლ-ა გ.- 526აპ-14 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
მაია ოშხარელი, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ გ. ლ-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ს-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ოქტომბრის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები:
1.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის განაჩენით გ. ლ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისათვის; სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისათვის და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებისათვის. სასამართლოს მიერ დადგენილი ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
Ø გ. ლ-ამ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ,,ნაგანის“ სისტემის ცეცხლსასროლ იარაღს და 7 საბრძოლო ვაზნას, რაც ამოღებულ იქნა 2013 წლის 20 სექტემბერს, მისი პირადი ჩხრეკისას ქ. ფ-ში, ჭ-ის ქუჩაზე.
Ø მანვე დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებას - 0,000011 გრამ ,,დეზომორფინს“, რაც ამოღებულ იქნა 2013 წლის 20 სექტემბერს, მისი პირადი ჩხრეკისას ქ. ფ-ში, ჭ-ის ქუჩაზე.
1.2. გ. ლ-ას ზემოაღნიშნული დანაშაულებისათვის მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა - 2000 ლარი; სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებით სასჯელად ჯარიმა - 3500 ლარი. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გ. ლ-ას მიმართ დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და მას საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო სსკ-ის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 5500 ლარის ოდენობით. გ. ლ-ას სასჯელის ათვლა დაეწყო 2013 წლის 20 სექტემბრიდან. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გ. ლ-ას, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის; საადვოკატო საქმიანობის; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის; პასიური საარჩევნო; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
1.3. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. ლ-ამ და მისმა ინტერესების დამცველებმა, ადვოკატებმა - ზ. კ-ამ და ვ. ს-ემ, რომლებმაც ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
1.4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
2. საკასაციო საჩივრის არსი:
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. ლ-ამ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. ს-ემ. კასატორები ითხოვენ მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებით: ბრალდების მხარის მტკიცებულებები - მოწმეთა ჩვენებები შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას, რასაც სასამართლოებმა არ მისცეს ადეკვატური შეფასება; ბრალდებულის დაკავებისას და მისი პირადი ჩხრეკისას არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნები; დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში შეტანილ იქნა ცრუ ინფორმაცია - თითქოსდა დაკავებულისაგან ამოიღეს იარაღი და ნარკოტიკი; დაკავებისას პოლიციის თანამშრომლებმა გ. ლ-ას საინიექციო შპრიცით გაუკეთეს ნარკოტიკული საშუალება, რაც სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა; უკანონოა ასევე სააპელაციო სასამართლოს შეფასება დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების - ვიდეომასალებისა და თანდართულ ტექსტებთან დაკავშირებით, რომლებიც დასაშვებად იქნა ცნობილი და სასამართლომ გამოიკვლია არსებითი განხილვის სხდომაზე. აღნიშნული მტკიცებულებები დაცვის მხარემ მოიპოვა ოფიციალური საინფორმაციო წყაროებიდან, რომელთა ლოგო და ელმისამართი მითითებულია ამ მტკიცებულებებზე; დაცვის მხარემ სასამართლოს წარუდგინა შვიდი თვითმხილველი მოწმის გამოკითხვის ოქმი, რომლებიც ადასტურებენ, რომ დაკავების ადგილზე არ ჩატარებულა პირადი ჩხრეკა, არ შემდგარა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, არ განუმარტავთ დაკავებულისთვის უფლებები; ბრალდების მხარემ ხელი შეუშალა დაცვის მხარის მიერ დანიშნული ექსპერტიზის ჩატარებას, კერძოდ, არ გადააგზავნა საექსპერტო დაწესებულებაში მათ ხელთ არსებული გამოსაკვლევი ნივთები; პირველი ინსტანციის სასამართლომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევით უარი უთხრა დაცვის მხარეს წინასასამართლო სხდომაზე დასაშვებად ცნობილი მტკიცებულებების გამოკვლევაზე - მოწმეთა დაკითხვაზე, იმ უკანონო საფუძვლით, რომ მხოლოდ მოწმეთა გამოკითხვის ოქმების ბრალდების მხარისათვის გადაცემა და სასამართლოში წარდგენა არ ნიშნავს, რომ მხარე მათ მოწმის სახით დაკითხვას ითხოვს. ამისათვის სავალდებულოა დასაკითხ პირთა ნუსხის შედგენა. სასამართლოების აღნიშნული განმარტება და გადაწყვეტილება უკანონოა, არ გამომდინარეობს საპროცესო კოდექსის არც ერთი ნორმიდან, ვინაიდან მოწმეთა გამოკითხვის ოქმების მოწინააღმდეგე მხარისათვის გადაცემა და სასამართლოსათვის წარდგენა, სხვა არაფერია თუ არა შუამდგომლობა მათ დაკითხვაზე. მოწმის გამოკითხვის ოქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის ერთადერთი კანონიერი გზა და ასევე მათი მხარეთათვის გადაცემისა და სასამართლოში წარდგენის ერთადერთი მიზანი არის მათი მოწმედ დაკითხვა, ამდენად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის კანონიერების საკითხი; გამოძიება ჩატარდა არაობიექტურად და არასრულყოფილად, რაც არ შეაფასა სააპელაციო სასამართლომ; დაირღვა ბრალდებულის ფუნდამენტური უფლებები - პასუხი აგოს მხოლოდ იმ ქმედებისათვის, რომელსაც იგი ჩაიდენს, მოიპოვოს მტკიცებულებები, რომლებიც თანაბარ პირობებში იქნება გამოკვლეული და ასევე, ბრალდებულმა ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების დასაბუთება:
1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ გ. ლ-ას მიმართ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის არსებითი მხარის - მტკიცებულებათა ერთობლიობის, დანაშაულის კვალიფიკაციის მართებულობისა და მისი დამნაშავეობა/უდანაშაულობის შეფასებამდე ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ საპროცესო სამართლებრივ საკითხებზე, რომლებსაც დაცვის მხარე სადავოდ ხდიდა პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში და ამ ეტაპზეც წარმოადგენს საკასაციო საჩივრის ერთ-ერთ ძირითად საფუძველს.
3. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კასატორის მითითებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ უკანონოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებითი დარღვევით უარი უთხრა დაცვის მხარეს წინასასამართლო სხდომაზე დასაშვებად ცნობილი მტკიცებულებების გამოკვლევაზე - მოწმეთა დაკითხვაზე, რაც სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა. ამ მიმართებით პალატას მიაჩნია, რომ საკითხის გადაწყვეტისას ზედმიწევნით უნდა შეფასდეს იმ საპროცესო მოქმედებისა და გადაწყვეტილებების კანონიერება, რომელიც უკავშირდება ამ საკითხს და დამოუკიდებლად ან სხვა გარემოებებთან მიმართებით გავლენას ახდენს მის სამართლებრივ შეფასებაზე, კერძოდ:
§ ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 სექტემბრის განჩინებით გ. ლ-ას სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დაინიშნა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში 2013 წლის 13 ნოემბერს;
§ ინფორმაციის გაცვლის თაობაზე ოქმების, სასამართლოში წარსადგენი მტკიცებულებების შესახებ განცხადებისა და წინასასამართლო სხდომის ოქმის თანახმად, დადგენილია, რომ დაცვის მხარემ წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არაუგვიანეს 5 დღისა ბრალდების მხარეს გადასცა მოქალაქეების - ბ. ბ-ას, დ. ბ-ის, რ. წ-ას, ლ. ჯ-ას, ლ. კ-ას, ლ. კ-ასა და ნ. გ-ას გამოკითხვის ოქმები, ასევე ვიდეომასალები თანდართული ტექსტებით. აღნიშნული მტკიცებულებები 2013 წლის 8 ნოემბერს ბრალდებულ გ. ლ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ. კ-ას განცხადებით, წარედგინა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს;
§ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2013 წლის 13 ნოემბრის წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარის ზემოაღნიშნული ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო.
§ სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვისას, მიუხედავად იმისა, რომ წინასასამართლო სხდომაზე მოქალაქეთა გამოკითხვის ოქმები დასაშვებად იქნა ცნობილი, არსებითად განმხილველმა მოსამართლემ უარი თქვა მათ დაკითხვაზე იმ მოტივით, რომ დაცვის მხარემ ბრალდების მხარეს წინასასამართლო სხდომამდე არაუგვიანეს 5 დღისა არ გადასცა სრული ინფორმაცია მტკიცებულებების თაობაზე, რომელთა წარდგენასაც სასამართლოში აპირებდა, კერძოდ, სასამართლოში დასაკითხ პირთა ნუსხა. ამასთან, განმარტა, რომ დაცვის მხარის მიერ მხოლოდ გამოკითხვის ოქმების გადაცემა მოწინააღმდეგე მხარისათვის თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ მხარე მათ დაკითხვას ითხოვს საქმის არსებითად განხილვისას;
§ სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაცვის მხარის მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ.
4. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ბრალდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს თავისი მოწმეების ისეთსავე პირობებში გამოძახება და დაკითხვა, როგორიც აქვს ბრალდების მოწმეებს. აღნიშნული პრინციპი განმტკიცებულია ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 (d) პუნქტით, კერძოდ: ყველას, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები: დაკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხინოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სტანდარტი ასახულია ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის მე-14 ნაწილში, რომლის თანახმადაც, ,,ბრალდებულს უფლება აქვს: ... დაცვის მხარის მტკიცებულება გამოიკვლიოს იმავე პირობებში, როგორშიც ბრალდების მხარის მტკიცებულების გამოკვლევა ხდება“.
5. პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული უფლება წარმოადგენს მხარეთა თანასწორუფლებიანობისა და შეჯიბრებითი პროცესის მნიშვნელოვან გარანტიას. მიუხედავად დაცვის მხარისათვის ამ უფლების მნიშვნელობისა, უნდა აღინიშნოს, რომ იგი არ არის აბსოლუტური ხასიათის და სასამართლო ყველა შემთხვევაში, უპირობოდ არ არის ვალდებული, დააკმაყოფილოს დაცვის მხარის ეს მოთხოვნა. ეს დამოკიდებულია იმ სისხლის სამართლის საპროცესო ნორმებზე, რომლებიც ზემოაღნიშნული პრინციპების გათვალისწინებით, სახელმწიფოში აწესრიგებს მტკიცებულებათა დასაშვებობისა და გამოკვლევის პროცედურებს.
6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლით განმტკიცებულია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი, კერძოდ: ამ მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. აღნიშნული პრინციპები ასევე რეგლამენტირებულია სსსკ-ის 25-ე მუხლის 1-ლი ნაწილში - სასამართლო ვალდებულია, მხარეებს თავიანთი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად შეუქმნას თანაბარი შესაძლებლობები ისე, რომ არც ერთ მათგანს არ მიანიჭოს უპირატესობა. პალატა აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმები არის ზოგადი ხასიათის, რომლებიც განამტკიცებს შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპებს, ხოლო კონკრეტული სამართლებრივი საკითხი უნდა გადაწყდეს იმ სპეციალური ნორმების შესაბამისად, რომლებიც არეგულირებს სადავო სამართლებრივ ურთიერთობას, კერძოდ:
7. საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლი არეგულირებს მხარეთა მიერ მტკიცებულებათა ერთმანეთისათვის გადაცემისა და სასამართლოსათვის წარდგენის წესს. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულ მუხლთან მიმართებით უნდა შეფასდეს დაცვის მხარის მიერ მტკიცებულებათა ბრალდების მხარისათვის გადაცემისა და სასამართლოსათვის წარდგენის კანონიერების საკითხი.
8. აღნიშნული მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, წინასასამართლო სხდომის გამართვამდე არა უგვიანეს 5 დღისა მხარეებმა ერთმანეთს და სასამართლოს უნდა მიაწოდონ იმ მომენტისათვის მათ ხელთ არსებული სრული ინფორმაცია, რომლის მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენასაც აპირებენ. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,...მხარეების მიერ ინფორმაციის გაცვლის თობაზე დგება ოქმი, რომლის ასლიც ეგზავნება სასამართლოს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად“. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დაცვის მხარემ მის ხელთ არსებული გამოკითხვის ოქმები გადასცა მოწინააღმდეგე - ბრალდების მხარეს, რის თაობაზეც შეადგინა შესაბამისი ოქმები და წარუდგინა სასამართლოს, ასევე სასამართლოს წარუდგინა ოქმები ინფორმაციის გაცვლის შესახებ.
9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად განმარტეს სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-6 ნაწილი და მასში მოხსენიებული ტერმინი - ,,სრული ინფორმაცია“, რომლის ერთმანეთისთვის მიწოდების ვალდებულება აქვთ მხარეებს. პალატა აღნიშნავს, რომ ,,სრულ ინფორმაციაში“ მოიაზრება ყველა ის ინფორმაცია (მტკიცებულება), რომლებიც მხარეებს ხელთ აქვთ და მის სასამართლოში წარდგენას აპირებენ. დამატებით მხარეებისათვის იმ მოვალეობის დაკისრება, რომ გამოკითხვის ოქმების მეორე მხარისათვის გადაცემასა და სასამართლოსთვის წარდგენასთან ერთად დაეკისროთ ასევე ერთმანეთისა და სასამართლოსათვის დასაკითხ პირთა სიის (ნუსხის) წარდგენა, არ გამომდინარეობს საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის ან სხვა ნორმების მოთხოვნებიდან, რის გამოც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა გადაწყვეტილება ამ საკითხზე არამართებულია.
10. სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამავე მუხლის მე-20 ნაწილის თანახმად, ,,...პირი მოწმის სტატუსსა და უფლება-მოვალეობებს იძენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თაობაზე გაფრთხილებისა და ფიცის დადების შემდეგ. ამდენად, პალატა განმარტავს, რომ მოწმის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. ამ მოცემულობაში მხარის მიერ მოწმის გამოკითხვის ოქმის მოწინააღმდეგე მხარისათვის გადაცემა, ამ დოკუმენტის გაცვლის თაობაზე ოქმის შედგენა და სასამართლოსათვის წარდგენა ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს, რომ მხარეს სურს აღნიშნული პირის (პირების) მოწმის სახით დაკითხვა, ვინაიდან გამოკითხვის ოქმს, დამოუკიდებლად აღებულს, სამართლებრივი ძალა არ გააჩნია და დაცვის მხარის მიერ განხორციელებული ზემოაღნიშნული ყველა საპროცესო მოქმედება ამ შემთხვევაში ყოველგვარ აზრს დაკარგავს.
11. ასევე, აღსანიშნავია, რომ მტკიცებულებათა გამჟღავნება - მხარეების მიერ ერთმანეთისათვის მტკიცებულებების გადაცემა - შეჯიბრებითობის უფლების შემადგენელი ნაწილია და მიზნად ისახავს იმას, რომ მხარეებს ჰქონდეთ ინფორმაცია ერთმანეთის მტკიცებულებებზე და აღნიშნულზე სასამართლოს წარუდგინონ თავიანთი პოზიცია. არგუმენტი იმის თაობაზე, რომ მოწმის გამოკითხვის ოქმების ერთმანეთისთვის გადაცემით ისინი არ იქნებიან ინფორმირებულნი, თუ მოწინააღმდეგე მხარე კონკრეტულად, რომელი მტკიცებულების წარდგენას აპირებს და რომელი მოწმის დაკითხვას ითხოვს სასამართლოში, არ არის მყარი, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოწმის გამოკითხვის ოქმს, თუ ეს მოწმე არ იქნება დაკითხული არსებითი განხილვის სხდომაზე, არ ენიჭება მტკიცებულების სტატუსი, ხოლო გამოკითხვის ოქმის გადაცემა მხარისათვის და წარდგენა სასამართლოსთვის სხვა არაფერია, თუ არა გამოკითხული პირის დაკითხვაზე მოთხოვნა. ამდენად, ეს საპროცესო მოქმედებები გონივრულია, ჩაითვალოს მოწინააღმდეგე მხარის სრულ ინფორმირებად მტკიცებულების გამოკვლევის - მოწმის შემდგომი დაკითხვის თაობაზე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მხარეს, რომელმაც წარადგინა გამოკითხვის ოქმი, სამართალწარმოების შემდგომ ეტაპებზე (წინასასამართლო სხდომა, არსებითი განხილვა) აღარ სურს ამ მოწმის დაკითხვა, აღნიშნული მისი უფლებამოსილებაა და ამით მოწინააღმდეგე მხარის უფლებების რაიმე ფორმით შეზღუდვის ან დარღვევის საფრთხე არ არსებობს.
12. ამასთან, პალატა დამატებით აღნიშნავს: ამ სამართლებრივი საკითხის იმგვარად გადაწყვეტა, რომ მხოლოდ გამოკითხვის ოქმის მეორე მხარისათვის გადაცემა და სასამართლოსათვის წარდგენა არ არის საკმარისი და საჭიროა მხარემ შეადგინოს დასაკითხ პირთა სია (ნუსხა), თუ რომელი მოწმის დაკითხვას აპირებს სასამართლოში, წინააღმდეგობაში მოდის ასევე ამ შემთხვევაში - ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების პოზიციასთან, კერძოდ: იმ პირობებში, თუ სასამართლო მხარეს ერთ შემთხვევაში სთხოვს, რომ ცალკე შეადგინოს დასაკითხ პირთა ნუსხა, ბუნდოვანია, რატომ წყვეტს ამ საკითხს სხვაგვარად წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების შემთხვევაში? ქვემდგომი სასამართლოების მიდგომას თუ გავიზიარებთ და მათ ლოგიკას მივყვებით, მაშინ მხარეებმა სასამართლოს დასაკითხ პირთა ნუსხასთან ერთად ასევე უნდა წარუდგინონ ცალკე ნუსხა ან არსებულ ნუსხაში შეიტანონ დამოუკიდებელი პუნქტი, თუ რომელი წერილობითი ან ნივთიერი მტკიცებულების გამოკვლევას - დემონსტრირებას აპირებენ არსებითი განხილვის დროს, რაც ასევე ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს იქნებოდა მოკლებული.
13. პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს მტკიცებულებათა დაუშვებლად ცნობის საფუძველს, კერძოდ: ინფორმაციის გაცვლის მოთხოვნის შემდეგ იმ მომენტისათვის არსებული მასალის მხარისათვის სრული მოცულობით გადაუცემლობა იწვევს ამ მასალის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას. ამასთან, აღნიშნული მუხლით პირდაპირ გათვალისწინებული არ არის მტკიცებულებათა გაცვლისას და სასამართლოსთვის წარდგენისას მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის სხვა საფუძვლები. მოწმის ჩვენების დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევის საფუძველი გათვალისწინებულია სსსკ-ის 75-ე მუხლის მე-3 ნაწილით, კერძოდ, მოწმის ჩვენება დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამ მოწმის გამოკითხვის ოქმი არ გადაეცა მეორე მხარეს ამ კოდექსის 83-ე მუხლით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ნორმების დარღვევა სახეზე არ არის, ხოლო მხარის მიერ დამატებით მოწინააღმდეგე მხარისათვის და სასამართლოსათვის დასაკითხ პირთა სიის (ნუსხის) გადაცემა, რომელიც, თავის მხრივ, არ გამომდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოქმედი ნორმებიდან, არ შეიძლება შეფასდეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის არსებით დარღვევად და გახდეს მოწმეთა გამოკითხვის ოქმების, მათი ჩვენებების დაუშვებლად ცნობის ან არსებითი განხილვის დროს ჩვენების მიცემაზე უარის თქმის საფუძველი.
14. და ბოლოს, საკასაციო პალატა ყურადღებას უშუალოდ ამახვილებს სადავო საკითხის ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტზე - მოწმეთა გამოკითხვის ოქმების დასაშვებად ცნობის მიუხედავად, არსებითი განხილვის დროს ამ მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ. სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითად განხილვისათვის მოსამზადებლად: ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას...“. მოცემულ შემთხვევაში, როდესაც წინასასამართლო სხდომის მოსამართლემ გ. ლ-ას სისხლის სამართლის საქმეზე დაამტკიცა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების ნუსხა, მათ შორის - მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, მხარეს წარმოეშვა მათი არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლევის - დაკითხვის უფლება, რაც მოცემულ შემთხვევაში, მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, არ იქნა რეალიზებული, ხოლო აღნიშნული დასაშვები მტკიცებულების გამოკვლევა ამ მოცემულობაში სასამართლო სხდომაზე მათი უშუალო დაკითხვის გარეშე სხვაგვარად (დემონსტრირებით) შეუძლებელი იყო. ამდენად, ყველა ზემოაღნიშნული გარემოების მხედველობაში მიღებით, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობა და გადაწყვეტილება მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის თაობაზე, რითაც არალეგიტიმურად შეიზღუდა დაცვის მხარის უფლება, მისი მოწმეების ისეთსავე პირობებში დაკითხვის თაობაზე, როგორიც აქვს მოწინააღმდეგე - ბრალდების მხარეს.
15. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში საქმის განხილვისას განვითარებულ მოსაზრებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში დაცვის მხარის მოწმეთა დაკითხვით ბრალდების მხარე აღმოჩნდებოდა დაცვის მხარესთან არათანაბარ მდგომარეობაში. პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ მოწმეთ დასაკითხ პირთა ნუსხის შედგენა და სასამართლოსათვის წარდგენა იმ პირობებში, როდესაც საპროცესო კოდექსის არც ერთი ნორმა ასეთ ვალდებულებას მხარეთათვის არ ითვალისწინებს, არ შეიძლება შეფასდეს შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპების დარღვევად, თუ ასეთივე, მოწმედ დასაკითხ პირთა ნუსხა არ შეადგინა დაცვის მხარემ და არ გადასცა სასამართლოს. პალატა მიუთითებს, რომ შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპების არალეგიტიმური შეზღუდვა სახეზე იქნებოდა იმ შემთხვევაში, როდესაც კონკრეტული საპროცესო კოდექსის ნორმის მოთხოვნის საფუძველზე მოსამართლე ანალოგიურ მოცემულობაში ბრალდებისა და დაცვის მხარეების სასარგებლოდ მიიღებდა განსხვავებულ გადაწყვეტილებებს და მათ არ მისცემდა კონკრეტული ნორმით გარანტირებული უფლებებით სარგებლობის თანაბარ შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.
16. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით.
17. მოცემულ შემთხვევაში, გ. ლ-ას ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მისი დანაშაულებრივი ქმედება იმაში გამოიხატა, რომ იგი 2013 წლის 20 სექტემბერს ქ. ფ-ში, ჭ-ის ქუჩაზე, 21:30 წუთზე გადაადგილდებოდა და ატარებდა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ ,,ნაგანის“ სისტემის ცეცხლსასროლ იარაღსა და 7 საბრძოლო მასალას. პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა გ. ლ-ას მსჯავრი დასდეს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვისა და ტარებისათვის, რითაც სასამართლოებმა მას ფაქტობრივად ბრალდება დაუმძიმეს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვით, რომელიც ბრალდების მხარეს მისთვის არ წარუდგენია (დადგენილებიდან არ გამომდინარეობს). შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს ამ მიმართებით.
18. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნული გარემოების გამო, არ მსჯელობს კასატორის მითითებაზე - ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შორის არსებულ ურთიერთწინააღმდეგობებზე, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში შესაძლო ცრუ ინფორმაციის შეტანაზე, მტკიცებულებათა უტყუარობასა და საკმარისობაზე, ვინაიდან ეს და სხვა სადავო საკითხები საბოლოოდ ერთობლიობაში უნდა შეფასდეს დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის - მოწმეთა დაკითხვის შემდეგ, ასევე მათი ბრალდების მხარის მტკიცებულებებთან ურთიერთშეჯერების შედეგად.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარისათვის მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმით არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები, რის გამოც უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ გ. ლ-ას მიმართ. ამასთან, ვინაიდან საკასაციო პალატას არ გააჩნია აღნიშნული დარღვევის გამოსწორებისა და დაცვის მხარის უფლებების აღდგენის - მოწმეთა დაკითხვის სამართლებრივი მექანიზმი, ეს უნდა გამოასწოროს სააპელაციო სასამართლომ, კერძოდ: საქმე უნდა განიხილოს და დაკითხოს დაცვის მხარის მოწმეები, რის შემდეგაც უნდა შეაფასოს გ. ლ-ას დამნაშავეობა/უდანაშაულობა და მიიღოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. ლ-ასა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ. ს-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ გ. ლ-ას მიმართ.
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
გ. შავლიაშვილი