შეიცვალა კვალიფიკაცია

სისხლის სამართლის 24.12.2015
საქმის ნომერი
2კ-345აპ.-15
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.12.2015

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№345აპ-15 24 დეკემბერი, 2015 წელი

გ-ა ს, 345აპ-15 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ზაზა მეიშვილი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, მაია ოშხარელი

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულების - ს. გ-ას, ი. კ-სა და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. კ-ას საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მაისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. ბრალდების არსი:

1.1. 2009 წლის 10 ივნისს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და შპს ,,ს-ს“ შორის დაიდო №- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, ...ის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ახალი სამმართველოს შენობაში, საერთო საცხოვრებელ ,,ე-ის“ N1 და N2 კორპუსებში, სოფელ მ-ს საკრებულოს შენობაში და სოფელ ჭ-ს სამშენებლო უბან ,,-ის“ ტერიტორიაზე განთავსებულ, იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოების ჩატარების თაობაზე. ხელშეკრულების საბოლოო ღირებულებამ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით, შეადგინა 1 239 540. 85 ლარი.

შპს ,,ს-ის“ დირექტორმა ს. გ-ამ და დირექტორის მოადგილე ი. კ-ამ წინასწარი შეთანხმებით განიზრახეს, მართლსაწინააღმდეგოდ მიეთვისებინათ ზემოაღნიშნული სამუშაოებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ნაწილი, რისი მიღწევაც შესაძლებელი იყო შესრულებულ სამუშაოთა აქტებში შესრულებული სამუშაოების მოცულობების ხელოვნურად გაზრდილი მონაცემების შეტანით.

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ი. კ-ამ სამუშაოები არ შეასრულა სრულყოფილად. მან 2009 წლის განმავლობაში შეადგინა და ხელი მოაწერა შესრულებულ სამუშაოთა შუალედურ აქტებს, სადაც ყალბად უჩვენა, რომ შესრულებული სამუშაოები შეესაბამებოდა შესრულებულ სამუშაოთა აქტებში ნაჩვენებ მონაცემებს. აღნიშნული აქტები პერიოდულად წარედგინა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, რის შემდეგაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მოხდა შესაბამისი თანხების გადმორიცხვა შპს ,,ს-ის“ ანგარიშზე. საბოლოოდ შპს ,,ს-მ“ სრულად მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა - 1 239 540. 85 ლარის ოდენობით.

ჩატარებული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, სხვაობამ ნაკლებობით, ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოსა და შესრულებული სამუშაოების აქტებში მოცემულ მონაცემებს შორის ჯამში შეადგინა 29 457. 87 ლარი, რაც მიითვისეს ს. გ-ამ და ი. კ-ამ.

ტენდერში გამარჯვების შემდეგ, ქ.-ში, საცხოვრებელ უბანში ,,ა“ და ,,ბ“ ტიპის შენობების სამშენებლო სამუშაოებზე 2009 წლის 7 დეკემბერს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და თურქულ კომპანია ,,თ-ის“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ შემდეგი ხელშეკრულებები: №... ხელშეკრულება (A2-12 და A1-4) შენობების მშენებლობაზე, ხელშეკრულების საბოლოო ღირებულებამ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით, შეადგინა 2 138 501. 56 ლარი; №... ხელშეკრულება (B2-26 და B1-18) შენობების მშენებლობაზე, ხელშეკრულების საბოლოო ღირებულებამ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით, შეადგინა 1 541 408. 39 ლარი; №- ხელშეკრულება (B2-29 და B1-23) შენობების მშენებლობაზე, ხელშეკრულების საბოლოო ღირებულებამ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით, შეადგინა 1 535 295. 86 ლარი; №- ხელშეკრულება (A2-13 და A1-5) შენობების მშენებლობაზე, ხელშეკრულების საბოლოო ღირებულებამ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით, შეადგინა 2 264 490. 31 ლარი; №- ხელშეკრულება (B2-25 და B1-17) შენობების მშენებლობაზე, ხელშეკრულების საბოლოო ღირებულებამ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით, შეადგინა 1 596 495. 20 ლარი; №- ხელშეკრულება (A2-16 და A1-8) შენობების მშენებლობაზე, ხელშეკრულების საბოლოო ღირებულებამ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით, შეადგინა 2 207 637. 81 ლარი; №- ხელშეკრულება (A2-9 და A1-1) შენობების მშენებლობაზე, ხელშეკრულების საბოლოო ღირებულებამ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით, შეადგინა 2 144 329. 35 ლარი; №- ხელშეკრულება (A2-10 და A1-2) შენობების მშენებლობაზე, ხელშეკრულების საბოლოო ღირებულებამ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით, შეადგინა 2 262 052. 4 ლარი.

2009 წლის 25 დეკემბერს შპს ,,ს-ის“ წარმომადგენელ ტ. თ-ისა და შპს ,,ს-ის“ დირექტორ ს. გ-ას შორის გაფორმდა ხელშეკრულება ზემოაღნიშნული სამუშაოების ჩატარებაზე, რომლის მიხედვით, სუბკონტრაქტორ შპს ,,ს-ის“ უნდა უზრუნველეყო სამუშაოების ხარისხიანი შესრულება, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა ხელშეკრულებასა და მოქმედ სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნასთან. შპს ,,ს-ის“ დირექტორ ს. გ-ას 2010 წლის 20 იანვრის ბრძანებით, დირექტორის მოადგილე ი. კ-ა მიმაგრებულ იქნა ქ. ...ში დევნილთა სახლების მშენებლობაზე, რომელსაც დაევალა მოემზადებინა და ჩაებარებინა ყოველთვიური შესრულებები და მოეწერა ხელი მიღება-ჩაბარების აქტებზე.

შპს ,,ს-ის“ დირექტორმა ს. გ-ამ და დირექტორის მოადგილე ი. კ-ამ წინასწარი შეთანხმებით, განიზრახეს მართლსაწინააღმდეგოდ მიეთვისებინათ ზემოაღნიშნული სამუშაოებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ნაწილი, შესრულებულ სამუშაოთა აქტებში შესრულებული სამუშაოების მოცულობების ხელოვნურად გაზრდილი მონაცემების შეტანით.

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ი. კ-ამ 2010-2011 წლების პერიოდში შეადგინა შესრულებულ სამუშაოთა შუალედური აქტები, სადაც ყალბად უჩვენა, რომ შესრულებული სამუშაოების დროს 300 მარკიანი ბეტონის ხარჯვა შეესაბამებოდა შესრულებულ სამუშაოთა აქტებში ნაჩვენებ მონაცემებს, რის შემდეგაც ხელს აწერინებდა თურქული კომპანიის წარმომადგენელს და ხელმოწერილი აქტები პერიოდულად წარედგინებოდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს. წარდგენილი შესრულებული სამუშაოების აქტების საფუძველზე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მოხდა შესაბამისი თანხების გადმორიცხვა თურქულ კომპანიაზე და შემდეგ ამ კომპანიიდან - შპს ,,ს-ის“ ანგარიშზე. საბოლოოდ შპს ,,ს-იმ“ სრულად მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა - 15 690 210. 88 ლარის ოდენობით.

ჩატარებული კომპლექსური, საინჟინრო-ტექნიკური საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნით, სხვაობამ ნაკლებობით, ბეტონის ფაქტობრივ დანახარჯსა და შესრულებული სამუშაოების აქტებში მოცემულ მონაცემებს შორის ჯამში შეადგინა 97 926 ლარი, რაც მიითვისეს ს. გ-ამ და ი. კ-ამ.

ამრიგად, შესრულებული სამუშაოების ხელოვნურად გაზრდის შედეგად ს. გ-ამ და ი. კ-ამ ზემოაღნიშნული სამუშაოების ჩატარებისას 2010-2011 წლებში მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულადი თანხის ნაწილი, ჯამში - 127 383 ლარის ოდენობით.

ს. გ-ას და ი. კ-ას ქმედებები დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა” და „დ“ პუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” პუნქტით.

1.2. 2009 წლის 10 ივნისს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და შპს ,,ს-ის“ შორის დაიდო №- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, დაბა.. N... ბაგა-ბაღში, ...ს ბაგა-ბაღში, სოფელ ზ-ს კოლმეურნეობის შენობაში, მ-ს ყოფილ ბაგა-ბაღში, სოფელ ლ-ს მეურნეობის ბაგა-ბაღის შენობასა და ჩაის მეურნეობის შენობაში განთავსებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოების ჩატარების თაობაზე. ხელშეკრულების საბოლოო ღირებულებამ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით, შეადგინა 1 484 920. 72 ლარი.

შპს ,,ს-ის“ დირექტორმა ს. გ-ამ განიზრახა მართლსაწინააღმდეგოდ მიეთვისებინა ზემოაღნიშნული სამუშაოებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ნაწილი, რისი მიღწევაც შესაძლებელი იყო შესრულებულ სამუშაოთა აქტებში შესრულებული სამუშაოების მოცულობების ხელოვნურად გაზრდილი მონაცემების შეტანით.

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ს. გ-ამ სამუშაოები არ შეასრულა სრულყოფილად. მან 2009 წლის განმავლობაში შეადგინა და ხელი მოაწერა შესრულებულ სამუშაოთა შუალედურ აქტებს, სადაც ყალბად უჩვენა, რომ შესრულებული სამუშაოები შესაბამისობაში იყო შესრულებულ სამუშაოთა აქტებში ნაჩვენებ მონაცემებთან. აღნიშნული აქტები პერიოდულად წარედგინა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, რის შემდეგაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მოხდა შესაბამისი თანხების გადმორიცხვა შპს ,,ს-ის“ ანგარიშზე. საბოლოოდ შპს ,,ს-იმ“ სრულად მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა - 1 484 920. 72 ლარის ოდენობით.

ჩატარებული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით, სხვაობამ ნაკლებობით, ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოსა და შესრულებული სამუშაოების აქტებში მოცემულ მონაცემებს შორის ჯამში შეადგინა 89 920 ლარი, რაც მიითვისა ს. გ-ამ.

ტენდერში გამარჯვების შემდეგ, 2009 წლის 8 დეკემბერს, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და შპს ,,ს-ის“ შორის დაიდო №... ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, ქ. ...ში, საცხოვრებელ უბანში ,,ბ“ ტიპის (B1-21 და B1-22) შენობების სამშენებლო სამუშაოების ჩატარების თაობაზე. ხელშეკრულების საბოლოო ღირებულებამ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით, შეადგინა 1 549 146. 8 ლარი.

შპს ,,ს-ის“ დირექტორმა ს. გ-ამ განიზრახა მართლსაწინააღმდეგოდ მიეთვისებინა ზემოაღნიშნული სამუშაოებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ნაწილი, რისი მიღწევაც შესაძლებელი იყო შესრულებულ სამუშაოთა აქტებში შესრულებული სამუშაოების მოცულობების ხელოვნურად გაზრდილი მონაცემების შეტანით.

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ს. გ-ამ 2010-2011 წლების პერიოდში შეადგინა და ხელი მოაწერა შესრულებულ სამუშაოთა შუალედურ აქტებს, სადაც ყალბად უჩვენა, რომ შესრულებული სამუშაოების დროს 300 მარკიანი ბეტონის ხარჯვა შეესაბამებოდა შესრულებულ სამუშაოთა აქტებში ნაჩვენებ მონაცემებს. აღნიშნული აქტები პერიოდულად წარედგინა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, რის შემდეგაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მოხდა შესაბამისი თანხების გადმორიცხვა შპს ,,ს-ის“ ანგარიშზე. საბოლოოდ შპს ,,ს-იმ“ სრულად მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა - 1 549 146. 8 ლარის ოდენობით.

ჩატარებული კომპლექსური, საინჟინრო-ტექნიკური და საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნით, სხვაობამ ნაკლებობით, 300 მარკიანი ბეტონის ფაქტობრივ დანახარჯსა და შესრულებული სამუშაოების აქტებში მოცემულ მონაცემებს შორის ჯამში შეადგინა 8 350. 5 ლარი, რაც მიითვისა ს. გ-ამ.

ამრიგად, შესრულებული სამუშაოების ხელოვნურად გაზრდის შედეგად შპს ,,ს-ის“ დირექტორმა ს. გ-ამ ზემოაღნიშნული სამუშაოების ჩატარებისას 2009-2011 წლებში მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულადი თანხის ნაწილი, ჯამში - 98 270.2 ლარის ოდენობით.

ს. გ-ას ქმედებები დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ პუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” პუნქტით.

1.3. შპს ,,ს-ის“ დირექტორმა ს. გ-ამ განიზრახა ჯგუფურად ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის _ სალაროს გასავლის ორდერის გასაღების მიზნით დამზადება და მისი გასაღება, რათა საზოგადოების სალაროდან ფულადი თანხები გაეტანა და აღნიშნული კანონიერ ჩარჩოში მოექცია - მოეწესრიგებინა ბუღალტრული აღრიცხვიანობა.

განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, შპს ,,ს-ის“ დირექტორმა ს. გ-ამ 2007 წლიდან 2011 წლის ჩათვლით საზოგადოების მთავარ ბუღალტერ ე. ჯ-ს და მოლარე-ბუღალტერ ე. გ-ას დაავალა, დაემზადებინათ 178 ცალი ყალბი სალაროს გასავლის ორდერი, რომელთა თანახმადაც, თითქოს, ფულადი თანხები სამეურნეო ხარჯებისთვის გატანილი ჰქონდათ მომარაგების უფროსს _ მ. ყ-ს ან თ. ც-ას.

შპს ,,ს-ის“ დირექტორ ს. გ-ას დავალებით, საზოგადოების მთავარმა ბუღალტერმა ე. ჯ-მ და მოლარე-ბუღალტერმა ე. გ-ამ 2007 წლის 7 აგვისტოდან 2011 წლის 19 დეკემბრამდე პერიოდში დაამზადეს 178 ცალი ყალბი სალაროს გასავლის ორდერი, რომელთა თანახმად, თითქოს ორდერებში მითითებული ფულადი თანხები სამეურნეო ხარჯებისთვის გატანილი ჰქონდა ზოგ შემთხვევაში - მომარაგების უფროსს მ. ყ-ს, ხოლო ზოგ შემთხვევაში _ თ.ც-ას. რეალურად აღნიშნული თანხები გაჰქონდა შპს ,,ს-ის“ დირექტორს - ს. გ-ას.

გასაღების მიზნით დამზადებული ზემოხსენებული ყალბი სალაროს გასავლის ორდერები ს. გ-ამ, ე. ჯ-მ და ე. გ-ამ მოათავსეს საზოგადოების ბუღალტერიაში, რითაც სცადეს კანონიერ ჩარჩოში მოექციათ შპს ,,ს-ის“ სალაროდან 7 254 929 ლარის გატანა და მოეწესრიგებინათ ბუღალტრული აღრიცხვიანობა.

ს. გ-ას, ე. ჯ-ას და ეკ. გ-ას ქმედებები დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ პუნქტით.

2. პირველი და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებები:

2.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის განაჩენით ს. გ-ა, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ–ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. ს. გ-ას ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 25-2041-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 2012 წლის 7 დეკემბრიდან იმავე წლის 14 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით, შეუმცირდა და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, ს. გ-ა გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

2.2. ამავე განაჩენით ი. კ-ა, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ–ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

2.3. ე. ჯ-ს ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 2041-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 4000 ლარის ოდენობით. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, ე. ჯ-ა გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

2.4. ე. გ-ას ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 25,2041-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარის ოდენობით. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის თანახმად, ე. გ-ა გათავისუფლდა დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

2.5. გაუქმდა ე. ჯ-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა - 1000 ლარი სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტანს _ ე. ჯ-ას განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

2.6. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 19 დეკემბრის განჩინებით (#...) და 2013 წლის 4 სექტემბრის (#...) საოქმო განჩინებით ს. გ-ას და შპს ,,ს-ის” უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა უნდა გაუქმდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში.

2.7. საინჟინრო-საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნა CD დისკზე, ასევე ...ს და ...ის რაიონებში შპს ,,ს-ის“ მიერ გარემონტებული საცხოვრებელი სახლების სამშენებლო პროექტები შენახულ უნდა იქნეს საქმესთან ერთად.

2.8. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა, რომელმაც ითხოვა ს. გ-სა და ი. კ-ას მიმართ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. ს. გ-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ხოლო ი. კ-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. ამასთან, ცვლილების შეტანა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს ამავე განაჩენში იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულების _ ს. გ-ას, ე. გ-სა და ე. ჯ-ას ქმედებები გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და აღნიშნულ დანაშაულში იქნენ ცნობილი დამნაშავედ.

2.9. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 25 დეკემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მაისის განაჩენით შეიცვალა: ს. გ-ას ქმედება სსკ-ის 25-2041-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე. ს. გ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:

§ სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა;

§ სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 1 წლის ვადით. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-12, მე-18 მუხლების საფუძველზე ს. გ-ას გაუნახევრდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 6 თვის ვადით;

§ სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 1 წლის ვადით. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-12, მე-18 მუხლების საფუძველზე ს. გ-ას გაუნახევრდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 6 თვის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ს. გ-ას მიმართ სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთ-ერთმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი და ს. გ-ას დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 6 თვის ვადით. ს. გ-ა დაკავებულ იქნა სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2015 წლის 13 მაისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2012 წლის 7 დეკემბრიდან იმავე წლის 14 დეკემბრის ჩათვლით.

ს. გ-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში უნდა მოეხსნას გირაოს თანხის ნაცვლად შეტანილ მ. ყ-ის -) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - ქ. ...ში, ...ის ქ.№...-ში მდებარე საკარმიდამო მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლზე (ზონა ..., კოდი ..., სექტორი ქ... კოდი..., კვარტალი №..., ნაკვეთი ..., ფართობი ... კვ.მ, განაშენიანების ფართი ... კვ.მ) ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 31 დეკემბრის განჩინებით დადებული ყადაღა.

2.10. ამავე განაჩენით ი. კ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 1 წლის ვადით. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-12, მე-18 მუხლების საფუძველზე ი. კ-ას გაუნახევრდა დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა 6 თვის ვადით. ი. კ-ა დაკავებულ იქნა სასამართლო სხდომის დარბაზში და სასჯელის ათვლა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2015 წლის 13 მაისიდან.

გაუქმდა ი. კ-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.

2.11. ე. ჯ-ას ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 2041-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-12 მუხლის თანახმად, ე. ჯ-ას გაუნახევრდა დანიშნული სასჯელი და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 2500 ლარი.

მსჯავრდებულ ე. ჯ-ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მას სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა _ 1000 ლარის ოდენობით.

2.12. ე. გ-ას ქმედება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 25,2041-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე, რისთვისაც სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 5000 ლარის ოდენობით. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-12 მუხლის თანახმად, ე. გ-ას გაუნახევრდა დანიშნული სასჯელი და საბოლოო სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 2500 ლარი.

მსჯავრდებულ ე. გ-ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმდა.

2.13. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი თვის ვადაში უნდა გაუქმდეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 19 დეკემბრის განჩინებითა და ამავე სასამართლოს 2013 წლის 4 სექტემბრის საოქმო განჩინებით ს. გ-სა და შპს ,,ს-ის” საკუთრებაში არსებულ ქონებაზე დადებული ყადაღა.

2.14. საინჟინრო-საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნა CD დისკზე, ასევე ...სა და ...ის რაიონებში შპს ”ს-ის” მიერ გასარემონტებელი საცხოვრებელი სახლების სამშენებლო პროექტები, რომლებიც თან ერთვის საქმეს, შენახული უნდა იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, მისი შენახვის ვადით.

3. საკასაციო საჩივრის არსი:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა - ს. გ-ამ, ი. კ-ამ და მათმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. კ-ამ.

3.2. მსჯავრდებულები - ს. გ-ა, ი. კ-ა და მათი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. კ-ა საკასაციო საჩივრებით ითხოვენ ს. გ-ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას სსკ-ის 210-ე მუხლითა და სსკ-ის 182-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში, ხოლო ი. კ-ას უდანაშაულოდ ცნობას 182-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში შემდეგი სამართლებრივი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლოს შეფასება ს. გ-ას ქმედების სსკ-ის 210-ე მუხლით დაკვალიფიცირების თაობაზე არამართებულია; სალაროს გასავლის ორდერი, რომლის გაყალბებაშიც დაედოთ მსჯავრი ს. გ-ას, ე. ჯ-ს და ე. გ-ას არ არის პირველადი საგადასახადო დოკუმენტი და არც რაიმე შედეგის დადგომა დასტურდება ამ დოკუმენტების გამოყენებით. მისი დანიშნულება იყო შპს ,,ს-ის“ ბუღალტერიის აღრიცხვიანობის მოწესრიგება. მის კანონით დადგენილი წესის დარღვევით შედგენას შეიძლებოდა გამოეწვია პასუხისმგებლობა საგადასახადო ორგანოს წინაშე, საგადასახადო კოდექსის შესაბამისად და არა - სისხლის სამართლის წესით; იმისათვის, რომ ქმედება სსკ-ის 210-ე მუხლით დაკვალიფიცირდეს, გასავლის ორდერი უნდა იყოს აღნიშნული მუხლის განხილვის საგანი, უნდა დასტურდებოდეს დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით, გასაღება ან გამოყენება და ს. გ-ას ჩართულობა აღნიშნული დოკუმენტის შედგენაში. მოცემულ შემთხვევაში არც ერთი აღნიშნული კომპონენტის არსებობა არ დასტურდება, რის გამოც ქმედების დაკვალიფიცირება სსკ-ის 210-ე მუხლით არის მცდარი; პროკურატურის სააპელაციო საჩივარში არასწორად არის მითითებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, რომლითაც სალაროს შემოსავლის ორდერი მიჩნეულა საგადასახადო ან ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტად; ხსენებული გასავლის ორდერის შექმნით არ დამალულა გადასახადები, იგი ემსახურებოდა ,,ბუღალტრული აღრიცხვიანობის მოწესრიგებას“, რაც სსკ-ის 2041-ე მუხლის განხილვის საგანია და არა - სსკ-ის 210-ე მუხლისა. ამასთან, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა ს. გ-ას კავშირი აღნიშნული დოკუმენტების შექმნასთან, არ უნდა დადგეს მისი პასუხისმგებლობის საკითხი არც 2041-ე და არც 210-ე მუხლით; დანაშაულის კვალიფიკაციის პრობლემა კიდევ უფრო გამოკვეთილია სსკ-ის 182-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებასთან მიმართებით; ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე შპს ,,ს-ი“ პასუხისმგებელი იყო თურქული კომპანიის წინაშე, რომელიც თავის მხრივ იღებდა ვალდებულებას, შპს ,,ს-სათვის“ აენაზღაურებინა შესრულებული სამუშაოს ღირებულება. ,,მ...-ს“ წინაშე პასუხისმგებლობა სრულად აღებული ჰქონდა თურქულ კომპანიას; შესრულებული სამუშაოების კონტროლი და მათ შორის - ფორმა №2-ების შედგენა წარმოადგენდა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის პრეროგატივას, რასაც ფაქტობრივად ახორციელებდა აღნიშნული ფონდის მიერ დანიშნული ზედამხედველი. ს. გ-ა და ი. კ-ა მხოლოდ ფონდის მიერ წარდგენილ ფორმა №2-ებს ადასტურებდნენ ხელმოწერით; შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება ერიცხებოდა თურქულ კომპანიას - ,,თ-ს“, რაც სრულად არ ირიცხებოდა შპს ,,ს-ის“ ანგარიშზე, ვინაიდან ამ ორ კომპანიას შორის დადებული სუბკონტრაქტის ხელშეკრულება უფრო ნაკლები ღირებულების იყო; არასწორია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ რადგან ფაქტობრივად შპს ,,ს-ი“ ახორციელებდა ,,სუბკონტრაქტის“ მიხედვით სამუშაოებს, მუნიციპალური განვითარების ფონდის წინაშე პასუხისმგებელი იყო შპს ,,ს-ი“. ,,სუბკონტრაქტი“ არ ათავისუფლებდა გენერალურ კონტრაქტორს - თურქულ კომპანიას დამკვეთის მიმართ პასუხისმგებლობისაგან; შპს ,,ს-მა“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულა სრულად და დამკვეთს ჩააბარა იმ ხარისხის და მოცულობის შესრულება, რაც ხელშეკრულების პირობებით იყო გათვალისწინებული; გარდა იმისა, რომ ფორმა №2-ებს ადგენდა ფონდის მიერ დანიშნული ზედამხედველი, რომელსაც ადასტურებდნენ ხელმოწერით, აღნიშნული კიდევ ერთხელ გადიოდა კონტროლს ფონდის მხრიდან, მხოლოდ ამის შემდეგ დგებოდა ,,გადახდის სერტიფიკატი“, ხოლო აღნიშნულის საფუძველზე შპს ,,ს-ი“ წარადგენდა სათანადო ანგარიშ-ფაქტურას ანაზღაურების მოთხოვნით; ს. გ-ას ზედამხედველის მიერ შედგენილი აქტები არ გადაუმოწმებია, ვინაიდან არ გასჩენია ეჭვი, რომ მასში შეტანილი ინფორმაცია შეიძლებოდა არასწორი ყოფილიყო; ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 225 653,20 ლარის ქონებრივი ზიანი გამოწვეულია 11 ხელშეკრულებაზე, ხოლო აქედან მხოლოდ 3 პროექტზე გააჩნდა მუნიციპალური განვითარების ფონდთან პირდაპირი ხელშეკრულება შპს ,,ს-ს“, დანარჩენ 8 ხელშეკრულებაზე პასუხისმგებელ პირს დამკვეთის წინაშე წარმოადგენდა თურქული კომპანია, შესაბამისად არასწორია, როდესაც ,,სუბკონტრაქტის“ 8 ხელშეკრულებაზე დამზარალებლად შპს ,,ს...ია“ მითითებული; იმისათვის, რომ ს. გ-ას ქმედება დაკვალიფიცირებულიყო მითვისებად, სავალდებულო იყო დადგენილიყო, რომ ს. გ-ას გააჩნდა მითვისების წინასწარი განზრახვა, მან სამუშაოები არ შეასრულა სრულყოფილად, შეადგინა ფორმა №2-ები და მასში განზრახ შეიტანა ყალბი მონაცემები, თუმცა არცერთი აღნიშნული გარემოება არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით; შპს ,,ს-ს“ ფონდისთვის წარდგენილი ჰქონდა საბანკო გარანტია, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დამკვეთს მიადგებოდა რაიმე სახის ზიანი, იგი სწორედ ამ თანხებიდან აინაზღაურებდა ზიანს; სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ ს. გ-ამ და ი. კ-ამ სამუშაოები არ შეასრულეს სრულყოფილად, არასწორია. ექსპერტიზის წინაშე შეგნებულად არ იქნა დასმული შეკითხვა - შპს ,,ს-მა“ შეასრულა თუ არა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სრულყოფილად; ის ფაქტი, რომ ფორმა №2-ებს ადგენდნენ ს. გ-ა ან ი. კ-ა და მასში შეჰქონდათ არასწორი მონაცემები, წარმოადგენს პროკურატურისა და სასამართლოს ვარაუდს; აღნიშნული დავა არის სამოქალაქო სამართლებრივი ხასიათის; ს. გ-ას და ი. კ-ას ქმედებები არ წარმოადგენს სსკ-ის 182-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს; სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ავანსის სახით წინასწარ ჩარიცხულ თანხებთან მიმართებით მცდარია, ვინაიდან ყველა ეს ავანსი დამკვეთის მიერ გაქვითულ იქნა ხელშეკრულებით დადგენილი წესით; მითვისების დროს დანაშაული დამთავრებულია იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავისათვის კანონიერად მინდობილი ქონება მისმა მოქმედებამ უკანონოდ გადააქცია, ანუ როდესაც სხვის ქონებას დამნაშავე საკუთარ ქონებას უერთებს. აღნიშნული არც ერთი გამოკვლეული მტკიცებულებით არ დასტურდება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ამასთან, ცვლილება უნდა შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში, შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია და სადავო არ არის, რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და შპს ,,ს-ს“ შორის, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და თურქულ კომპანია ,,თ-ის“, ასევე შპს ,,ს-სა“ და თურქულ კომპანია ,,თ-ის“ შორის დაიდო ხელშეკრულებები სხვადასხვა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესახებ.

3. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ხელშეკრულებებით შემსრულებლის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე, შესრულებული სამუშაოს დამკვეთისათვის ჩაბარებისა და ანგარიშსწორების პირობების თაობაზე, კერძოდ:

§ სახელშეკრულებო ობიექტზე მიმწოდებელი აწარმოებს სამუშაოთა წარმოების ჟურნალს ორ ეგზემპლარად, სადაც ყოველდღიურად იწერება შესრულებული სამუშაოების მოცულობა;

§ ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ხელშეკრულების სპეციფიკურ პირობებში მითითებული ფორმითა და ვადებში მიმწოდებლის წერილობითი მიმართვის საფუძველზე;

§ ობიექტის მიღება-ჩაბარება ხორციელდება ერთიანად შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის სათანადოდ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;

§ წინასწარი (საავანსო გადახდა) შეადგენს ხელშეკრულების ღირებულების 20 პროცენტს. წინასწარი გადახდის თანხები ანაზღაურებული უნდა იქნეს მიმწოდებლისათვის განკუთვნილი გადახდებიდან პროპორციული თანხის დაკავებით, შესრულებულ სამუშაოებზე გადახდის გრაფიკის თანახმად;

§ თვეში ერთხელ მიმწოდებელი წარუდგენს შემსყიდველს მის მიერ შესრულებულ სამუშაოთა უწყისს სამუშაოების ღირებულების ჩვენებით, ადრე შესრულებულ სამუშაოებზე გადახდილი თანხის გამოკლებით. შემსყიდველი ამოწმებს მიმწოდებლის მიერ უწყისში შეტანილ სამუშაოთა მოცულობას და ღირებულებას;

4. შპს ,,ს-ის“ დირექტორის - ს. გ-ას 2010 წლის 20 იანვრის ბრძანებით აღნიშნული დღიდან შპს ,,ს-ის“ დირექტორის მოადგილე ი. კ-ა მიმაგრებულ იქნა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტზე (ქ ...ში - საცხოვრებელი უბნის მშენებლობაზე), რომელსაც დაევალა უზრუნველეყო სამუშაოთა წარმოება, კოორდინაცია, მოემზადებინა და ჩაებარებინა ყოველთვიურად შესრულება, ხელი მოეწერა მიღება-ჩაბარების აქტებზე, აღნიშნულ ობიექტზე სამშენებლო მასალების მოსამარაგებლად გაეფორმებინა ხელშეკრულებები, შეთანხმებები და ამ დავალებების შესასრულებლად განეხორციელებინა საბანკო ოპერაციები, უზრუნველეყო ობიექტის ჩაბარება კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადებში.

5. შპს „ს-ის“ დირექტორის - თ. თ-ის მიერ 2010 წლის 25 იანვარს გაცემული მინდობილობით დასტურდება, რომ 2010 წლის 25 იანვრიდან შპს „ს-ის“ დირექტორის მოადგილე ი. კ-ზე მინდობილ იქნა, განეხორციელებინა სამუშაოთა კოორდინაცია ქ ...ში, ლტოლვილთა 18 - სახლიანი საცხოვრებელი უბნის მშენებლობის პროექტზე, ხელი მოეწერა შესრულებული სამუშაოების აქტებზე, მიღება-ჩაბარების აქტებზე, მოემზადებინა ყველა სახის დოკუმენტაცია აღნიშნულ ობიექტზე, ყოფილიყო პასუხისმგებელი მათ სისწორეზე და უზრუნველეყო ობიექტზე სამშენებლო სამუშაოების დროული დამთავრება გეგმა-გრაფიკის მიხედვით.

6. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ს. გ-ამ და ი. კ-ამ დაადასტურეს, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოები შეასრულა შპს ,,ს-მა”.

7. ს. გ-ას მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად, ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ობიექტებზე ყოველ თვეში დგებოდა შესრულებულ სამუშაოთა აქტები. თითოეულ ობიექტზე დამკვეთის მიერ მიმაგრებული იყო ზედამხედველი, რომელიც თვითონ ადგენდა ამ დოკუმენტებს შპს ,,ს-ის” წარმომადგენლის თანდასწრებით. შპს ,,ს-ის” ანგარიშების განკარგვა შეეძლო პირადად მას, როგორც დირექტორს. იგი აძლევდა შესაბამის დავალებებს ბუღალტრებს. თანხების განკარგვა ასევე შეეძლო ი. კ-ას, როგორც მის მოადგილეს. კომპანიის ანგარიშზე ირიცხებოდა შესრულებული სამუშაოების ღირებულება. კონტროლს ახორციელებდა დამკვეთის წარმომადგენელი, რომელიც წარმოუდგენდა ფორმა №2-ს და იგი აწერდა ხელს. ფორმა №2-ს მხოლოდ ის დანიშნულება ჰქონდა, რომ თანხა ჩარიცხულიყო. მის სისწორეს ამოწმებდა მუნიციპალური განვითარების ფონდის ზედამხედველი, ვინაიდან ეს მათ ინტერესებში შედიოდა. თვითონ კონტროლს იმის თაობაზე, თუ როგორ ზომავდა სამუშაოებს ფონდის წარმომადგენელი, არ ახორციელებდა, ვინაიდან ეს არ ევალებოდა. ს. გ-ამ ასევე განმარტა, რომ შუალედურ აქტებს არ ჰქონდა დიდი მნიშვნელობა, ფორმა №2-ის შედგენა აუცილებელი არ იყო, მთავარი იყო საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები. ბეტონთან მიმართებით აქტებში 5 ეწერა თუ 15, მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინაიდან 22 - მილიონიან სამუშაოს ასრულებდა 15 მილიონად, ხოლო 5 ლარი იქნებოდა ბეტონში მეტი თუ ქვიშაში ნაკლები, არ ჰქონდა მნიშვნელობა. ფორმა №2-ებში იქნებოდა თუ არა ზუსტი მონაცემები, ამას მისთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მთავარი იყო, რომ ჩამჯდარიყო მთლიან ღირებულებაში და დაკვეთა შეესრულებინა. ჩარიცხული თანხები შპს ,,ს-ის” ეკუთვნოდა, ეს იყო შესრულებული სამუშაოების ღირებულებაც და მოგებაც, რომელშიც შედიოდა გადასახადები, ასევე ხელფასებისა და მასალების ღირებულება.

8. ი. კ-ას მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად, შპს ,,ს-ის” კვალიფიკაცია ვერ აკმაყოფილებდა ქ. ...ში, იძულებით გადაადგილებული პირებისათვის საცხოვრებელი უბნის ასაშენებლად საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ტენდერში მონაწილეობისათვის დადგენილ პირობებს, რის გამოც მათ თავად მოიწვიეს თურქული ფირმა _ შპს „თ-ი“, რათა აღნიშნული ფირმის ტენდერში გამარჯვების შემდეგ, ქვეკონტრაქტის საფუძველზე, შპს ,,ს-ის” შეესრულებინა ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები. თურქული კომპანიის ჩართვა ტენდერში ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ აეშენებინათ ქალაქი ლტოლვილებისათვის, გაზრდილიყვნენ ეკონომიკურად და მეტი გაეკეთებინათ. როცა ამ ხელშეკრულებას აფორმებდნენ, რა თქმა უნდა, ჰქონდათ მატერიალური დაინტერესება. შპს ,,ს-ის” ანაგარიშზე თანხების ჩამორიცხვა ხდებოდა შესრულებული სამუშაოების შუალედური აქტის საფუძველზე, რომელსაც ამზადებდა დამკვეთის საზედამხედველო სამსახური. ამ პროცესში მონაწილეობდა თვითონაც და ჩამოდიოდა შპს ,,თ-ის” წარმომადგენელიც, რომელიც მათი რეკომენდაციით აწერდა ხელს აქტებს. შესრულებული სამუშაოების შემოწმებასა და აზომვებს აწარმოებდა დამკვეთის საზედამხედველო სამსახური, ხოლო თვითონ ფორმალურად ესწრებოდა. შესრულებული სამუშაოების შუალედურ აქტებს ხელს აწერდნენ საზედამხედველო სამსახურისა და შპს ,,თ-ის” წარმომადგენლები. შპს ,,ს-ის” ანგარიშზე თანხების ჩამორიცხვა ხდებოდა შუალედური აქტების საფუძველზე. ეს თანხები ჯერ ერიცხებოდა შპს „თ-ს“, ხოლო შემდეგ შპს „თ-ისგან“ ერიცხებოდა შპს ,,ს-ის”, როგორც ქვეკონტრაქტორ ფირმას.

9. ს. გ-ამ და ი. კ-ამ დაადასტურეს, რომ ქ. ...ის ობიექტებზე განხორციელებულ სამუშაოებს, ს. გ-ასთან შეთანხმებით, ხელმძღვანელობდა ი. კ-ა, რომელიც მასთან ათანხმებდა შპს „-ის“ ანგარიშზე არსებული თანხების განკარგვას.

10. ამდენად, საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ხელშეკრულებების თანახმად, შესრულებულ სამუშაოთა აქტების შედგენა და დამკვეთისათვის წარდგენა ევალებოდა მიმწოდებელს - შპს ,,ს-ის“, ხოლო როდესაც ს. გ-ა და ი. კ-ა ხელმოწერით ადასტურებდნენ შესრულებული სამუშაოების თაობაზე შუალედურ აქტებს - ფორმა №2-ებს, აღნიშნულით პასუხისმგებლობას იღებდნენ მათში შეტანილი ინფორმაციის სისწორეზე. ის გარემოება, რომ ფორმა №2-ებს ადგენდნენ არა ს. გ-ა და ი. კ-ა, არამედ, ფონდის წარმომადგენელი - ზედამხედველი, ამაზე მიუთითებენ მხოლოდ მსჯავრდებულები, თუმცა მოწმის სახით დაკითხვისას ნეიტრალურმა პირმა - მ. ა-ამ ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ დოკუმენტებს ადგენდა შპს ,,ს-ი“, ზედამხედველი კი დეტალურად ამოწმებდა შესრულებულ სამუშაოებს და დოკუმენტებს ადასტურებდა ხელმოწერით. მოწმე ლ. ჯ-ამ განმარტა, რომ ფორმა №2-ები მასთან ხელმოსაწერად მიჰქონდა ი. კ-ას. ფონდის წარმომადგენელმა - ა. ჯ-მა მოწმის სახით დაკითხვისას მიუთითა, რომ ფორმა №2-ებს თავად უდასტურებდა შემსრულებელს, თუმცა იმის თაობაზე, რომ შუალედურ აქტებს შპს ,,ს-ი“ არ ადგენდა, განმარტება არ გაუკეთებია. ს. გ-ამ მოწმის სახით დაკითხვისას აღნიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა შუალედურ აქტებს, მისთვის ფაქტობრივად მნიშვნელობა არ ჰქონდა ამ დოკუმენტებში რა მოცულობის სამუშაო ჩაიწერებოდა. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, კასატორების მითითება, რომ ს. გ-ამ და ი. კ-ამ რეალურად არ იცოდნენ ფორმა №2-ებში შეტანილი ინფორმაციის სიზუსტე და მასზე პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდათ, არამართებულია.

11. საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებით დასტურდება, რომ შესრულებულ სამუშაოთა აქტებში შესრულებულად ნაჩვენები სამუშაოთა მოცულობები და ღირებულებები არ შეესაბამება ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოთა მოცულობებსა და ღირებულებებს, კერძოდ:

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2013 წლის .. №... საინჟინრო-საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ შპს ,,ს-ის” მიერ რიგ ობიექტებზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება არ არის შესაბამისობაში საწარმოს მიერ წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვებთან და შესრულებული სამუშოების აქტებთან. სხვაობა შეადგენს 204094,16 ლარს ნაკლებობით. სხვაობები შესრულებული სამუშაოების მოცულობებსა და ღირებულებებში ობიექტების მიხედვით ასახულია დასკვნის დანართებში.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2013 წლის ... №... საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად:

§ შპს ”ს-ის” მიერ 2009-2011 წლებში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ...სა და ...ს რაიონებში შესრულებული სამუშაოების ღირებულება არ არის შესაბამისობაში შესრულებული სამუშაოების აქტებთან.

§ 2009 წლის 10 ივნისს დადებული №... ხელშეკრულების საფუძველზე, ...ის რაიონის სოფელ ...-ში მდებარე ახალი სამმართველოს შენობაში, საერთო საცხოვრებელ ,,ე-ს“ N1 და N2 კორპუსებში, სოფელ მ-ს საკრებულოს შენობაში, სოფელ ჭ-ს სამშენებლო უბან ,,პ-ის“ ტერიტორიაზე განთავსებულ, იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხოვრებელი ბინების რემონტზე სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 1 210 082. 97 ლარი. სხვაობამ ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებსა და შესრულებული სამუშაოების აქტებში მოცემულ მონაცემებს შორის შეადგინა 29 457. 87 ლარი ნაკლებობით.

§ 2009 წლის ... ივნისს დადებული №... ხელშეკრულების საფუძველზე ...-ს N... ბაგა-ბაღში, ...-ს ბაგა-ბაღში, სოფელ ზ-ის კოლმეურნეობის შენობაში, მ-ს ყოფილ ბაგა-ბაღში, სოფელ ლ-ს მეურნეობის ბაგა-ბაღის შენობაში განთავსებულ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხოვრებელი ბინების რემონტზე შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 1 395 000. 01 ლარი. სხვაობამ ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებსა და შესრულებული სამუშაოების აქტებში მოცემულ მონაცემებს შორის შეადგინა 89 920. 01 ლარი ნაკლებობით.

12. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ი. ბ-მ სრულად დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნების სისწორე და განმარტა, რომ სხვაობები აღმოჩნდა ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოებსა და ფორმა №2-ში შესრულებულად ნაჩვენებ სამუშაოების მოცულობებსა და მათ ღირებულებებს შორის.

13. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს კასატორის მითითებაზე ექსპერტიზის დასკვნის უტყუარობასთან მიმართებით და უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე შეუძლებელი იყო ფაქტობრივი გარემოებების სწორად დადგენა სათანადო დარგის ექსპერტის მონაწილეობის გარეშე, რის გამოც ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზა. განმსაზღვრელია, რომ ექსპერტმა მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და არგუმენტირებულად განმარტა ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე სადავო საკითხებზე წარმოშობილი შეკითხვები. პალატას მიაჩნია, რომ არსებითი დარღვევა, რაც ექსპერტიზის დასკვნის სანდოობას ეჭვქვეშ დააყენებდა, მისი შინაარსიდან არ დასტურდება, ხოლო ამ საკითხზე კასატორის მხოლოდ მითითება ვერ გახდება სასამართლოს მიერ მის გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი.

14. საკასაციო პალატა საკასაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებზე - რომ შპს ,,ს-მა“ სრულყოფილად შეასრულა დამკვეთის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც გამოირიცხება ს. გ-ას და ი. კ-ას ბრალეულობა სსკ-ის 182-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებში - აღნიშნავს, რომ მათ ბრალდება არ ედავება ზოგადად სამუშაოთა შეუსრულებლობას, არამედ შესრულებულ სამუშაოთა აქტებში (ფორმა №2-ებში) სამუშაოთა იმაზე მეტი მოცულობის მითითებასა და, შესაბამისად, ანაზღაურების გაზრდას, ვიდრე შპს ,,ს-მა“ რეალურად შეასრულა, რითაც მიიღო ფაქტობრივად შესრულებულ სამუშაოზე მეტი ანაზღაურება, რომელთა ოდენობა დადგენილია ექსპერიზის დასკვნებით.

15. პალატა აღნიშნავს, რომ ს. გ-ას და ი. კ-ას ქმედებები წარმოადგენს სსკ-ის 182-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, ვინაიდან სახეზეა ამ დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, კერძოდ: საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის პოზიციას, რომ ხელშეკრულებების თანახმად, გათვალისწინებული წინასწარი (საავანსო) გადახდით, რაც შეადგენდა ხელშეკრულებების ღირებულების 20 პროცენტს, ასევე საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ (სუბკონტრაქტის შემთხვევაში თურქული კომპანიის - ,,თ-ის“ გავლით) შპს ,,ს-ისათვის“ ყოველთვიურად თანხების ჩარიცხვით აღნიშნული თანხები ექცეოდა შპს ,,ს-ის“ მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში, თუმცა, ექსპერტიზის დასკვნებით დადასტურდა, რომ შპს ,,ს-მა“ შუალედურ აქტებში არასწორი მონაცემების შეტანით მიიღო იმაზე მეტი ანაზღაურება, ვიდრე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოდან გამომდინარე ეკუთვნოდა და გამოიყენა (განკარგა) საკუთარი შეხედულებისამებრ, რითაც შპს ,,ს-ის“ ხელმძღვანელმა პირებმა - ს. გ-ამ და ი. კ-ამ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი) დიდი ოდენობით თანხები.

16. ამდენად, გასაჩივრებული განაჩენი ს. გ-სა და ი. კ-ას მიმართ სსკ-ის 182-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებში მსჯავრდების ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

17. რაც შეეხება ს. გ-ას მსჯავრდებას სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული კვალიფიკაცია სწორია, თუმცა ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება, არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რის გამოც აღნიშნული უნდა გადაკვალიფიცირდეს - ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის გამოყენების მიზნით დამზადებასა და გამოყენებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

18. საქმეში წარმოდგენილია 2007 წლის 7 აგვისტოდან 2011 წლის 19 დეკემბრამდე პერიოდით დათარიღებული 178 ცალი სალაროს გასავლის ორდერი, რომლებიც ხელმოწერილია შპს ,,ს-ის“ მოლარის _ ე. გ-ას მიერ, ხოლო ნაწილი ასევე მთავარი ბუღალტრის _ ე. ჯ-ას მიერ. აღნიშნული სალაროს გასავლის ორდერების თანახმად, მათში მითითებული ფულადი თანხები სამეურნეო ხარჯებისთვის გატანილი ჰქონდათ ზოგ შემთხვევაში შპს ,,ს-ის“ მომარაგების უფროსს მ. ყ-ს, ხოლო ზოგ შემთხვევაში _ თ. ც-ას, რომელთა ხელმოწერები სალაროს გასავლის ორდერებზე არ არსებობს.

19. მოწმის სახით დაკითხულმა ე. ჯ-ამ აჩვენა, რომ 2004 წლიდან 2013 წლის დეკემბრის ჩათვლით მუშაობდა შპს ,,ს-ის” მთავარ ბუღალტრად და მისი ფუნქცია იყო ბუღალტრული აღრიცხვის მოწესრიგება, საგადასახადო კოდექსის შესაბამისად წლიური დეკლარაციების შედგენა და სხვა. თანხების განკარგვის უფლება პირადად არ გააჩნდა, მაგრამ დირექტორის დავალებით იყო მეორე ხელმომწერი პირი. მომსახურე ბანკებში ყველგან ჰქონდა ფაქსიმილე დატოვებული და დირექტორის თანხმობით შეეძლო თანხების გატანა. შპს ,ს-ის” თანხებს განკარგავდნენ დირექტორის მოადგილე და დირექტორი, რომელთაგანაც იღებდა დავალებებს. თანხების განკარგვა ძირითადად ხდებოდა უნაღდო ანგარისწორებით, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ნაღდი ანგარიშსწორებითაც სჭირდებოდა ფირმას თანხის გატანა, ხელფასებისა და კერძო პირებისგან შესყიდვების განსახორციელებლად. ნაღდი ფულის გაცემის დროს ის და მოლარე ე. გ-ა მიდიოდნენ ბანკში და გამოჰქონდათ თანხები, რომელსაც აბარებდა ე. გ-ას. იგი იღებდა დავალებას უფროსებისგან _ ს. გ-ასა და ი. კ-ასგან და შესაბამისად, ხდებოდა ამ თანხების გაცემა. ბანკიდან თანხის გატანისას კეთდებოდა ამონაწერი, ბანკის დოკუმენტაცია ცალკე მუშავდებოდა და შემოსულ თანხაზე დგებოდა სალაროს შემოსავლის ორდერი, ხოლო როცა სალაროდან გადიოდა თანხა, ივსებოდა სალაროს გასავლის ორდერი. ე. ჯ-ას ჩვენების თანახმად, იგი თავად ავალებდა ე. გ-ას და სალაროს გასავლის ორდერებში თანხებს აწერდნენ მომარაგების უფროსს. სალაროს გასავლის ორდერებში მითითებული თანხები ფირმამ გახარჯა ხელფასებზე, მაგრამ ხელფასის სახით რომ გამოეტანათ თანხა, ბიუჯეტში უნდა ჩაერიცხათ შესაბამისი პროცენტი, რისი შესაძლებლობაც იმ მომენტისთვის შპს ,,ს-ის” არ გააჩნდა, რის გამოც გასავლის ორდერებში თანხის დანიშნულებად მიეთითა სამეურნეო ხარჯები. ე. ჯ-ას განმარტებით, ბანკიდან თანხის გამოტანაზე განკარგულებას იღებდა ხელმძღვანელობისგან, ძირითადად, ს. გ-ასგან, რომელიც საქმის კურსში იყო, რომ თანხა გამოჰქონდათ სამეურნეო ხარჯად და გასცემდნენ ხელფასის სახით. პირადად მას ასეთი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლება არ ჰქონდა. ხელფასის უწყისებს ხელს აწერდნენ მუშები, ასევე დირექტორი, ბუღალტერი და მოლარე. ე. ჯ-ამ დაადასტურა, რომ მან და მისი დავალებით ე. გ-ამ არასწორად შეადგინეს სალაროს გასავლის ორდერები. კერძოდ, ხელფასად გასაცემი თანხა გამოტანილი იყო სამეურნეო ხარჯად და თანხის მიმღებად მითითებული იყვნენ მ. ყ-ი და თ. ც-ა, რაც არასწორი იყო. მ. ყ-ი და თ. ც-ა სალაროს გასავლის ორდერებს ხელს არ აწერდნენ, რადგან თანხა მათთვის არ მიუციათ. რეალურად სამეურნეო ხარჯის სახით გაწერილი თანხის ნაწილი ხელფასებზე გაიცემოდა, ხოლო ნაწილი ხელზე მიჰქონდა ს. გ-ას.

20. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა შპს ,,ს-ის” მოლარემ ე. გ-ამ მოწმის სახით დაკითხვისას.

21. საქმეზე მოწმის სახით დაკითხული მ. ყ-ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2007-2008 წლებში მუშაობდა შპს ,,ს-ის” მომმარაგებლად და მის მოვალეობაში შედიოდა შესყიდვების განხორციელება. ამისათვის ბუღალტერიიდან იღებდა თანხას, რასაც ადასტურებდა ხელმოწერით. თანხის გატანის შემდეგ შესყიდვის აქტებს აბრუნებდა უკან. საქმეში წარმოდგენილი სალაროს გასავლის ორდერები, რომელთა თანახმად, სხვადასხვა რაოდენობის თანხები მოლარისგან სამეურნეო ხარჯებისთვის მიღებული აქვს შპს ,,ს-ის” მომარაგების უფროსს - მ. ყ-ს, მის მიერ არ არის ხელმოწერილი და აღნიშნულ ორდერებში მითითებული თანხები მას არ გაუტანია.

22. საქმეზე მოწმის სახით დაკითხული თ. ც-ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2010 წლის 19 იანვრიდან მუშაობდა შპს ,,ს-ში”. მის მოვალეობაში შედიოდა კომპანიის მომარაგება სამშენებლო და ტექნიკური მასალებით, საბაჟო ოპერაციების განხორციელება, ასევე შემოსული ტვირთების განბაჟება სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებში. შპს ,,ს-ის” თანხებთან შეხება ჰქონდა ისეთ შემთხვევებში, როდესაც ფიზიკური პირებისგან ხელზე შესყიდვა უწევდა. შპს ,,ს-ის” ბუღალტერიიდან ნაღდი ფულის სახით მაქსიმუმ 5000 ლარი აქვს მიღებული და თანხის მიღება მისი მხრიდან დასტურდებოდა გასავლის ორდერებზე ხელმოწერით. საქმეში წარმოდგენილი სალაროს გასავლის ორდერები, რომელთა თანახმად, მომარაგების უფროსს _ თ. ც-ას გატანილი აქვს თანხები სამეურნეო საჭიროებისათვის, მის მიერ არ არის ხელმოწერილი და ეს თანხები მასზე რომ იყო გაწერილი, არ იცოდა.

23. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ აღნიშნული გასავლის ორდერები შედგენილია ფიქტიურ, არარსებულ სალაროს ოპერაციაზე, ვინაიდან შპს „ს-ის“ სალაროდან თ. ც-ასა და მ. ყ-ზე მათში მითითებული თანხები არ გაცემულა და ასეთი სამეურნეო ოპერაცია საერთოდ არ განხორციელებულა, რაც ადასტურებს ამ დოკუმენტების სიყალბეს და აღნიშნული ვერ ჩაითვლება ბუღალტრული წესის დარღვევად. ასევე პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარში კასატორის მიერ მითითებული საფუძვლები სსკ-ის 210-ე მუხლიდან 2041-ე მუხლზე გადაკვალიფიცირების თაობაზე, არ წარმოადგენს საკმარის წინაპირობას, რათა ს. გ-ას ქმედება გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 2041-ე მუხლზე - ბუღალტრული აღრიცხვის წესების დარღვევაზე.

24. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში ყალბი დოკუმენტები დაამზადეს მსჯავრდებულებმა შპს ,,ს-ის” ბუღალტრული აღრიცხვიანობის მოწესრიგების მიზნით, ანუ ეს დოკუმენტები მათ საკუთარი კომპანიის მიზნებისათვის გამოიყენეს. პალატა განმარტავს, რომ ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის ან სხვა საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება გულისხმობს ამ დოკუმენტის იმ მიზნით დამზადებას, რომ იგი გადაეცეს სხვა, მესამე პირს და არ გულისხმობს ამ დანაშაულის ამსრულებლების მიერ ყალბი დოკუმენტების დამზადებას იმ მიზნით, რომ მოაწესრიგონ თავისი კომპანიის ბუღალტრული საკითხები და, შესაბამისად, დოკუმენტის ამ მიზნით გამოყენებას. ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ს. გ-ას ქმედება წარმოადგენს ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის დამზადებას გამოყენების მიზნით და გამოყენებას. აღსანიშნავია, რომ ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის ან სხვა საგადასახადო დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულ იქნა 2010 წლის ივლისში, ხოლო ეს ცვლილება ამოქმედდა ამავე წლის აგვისტოდან, რის გამოც ს. გ-ას ქმედება - აღნიშნული ყალბი დოკუმენტების გამოყენების მიზნით დამზადება სწორედ ამ ცვლილების ამოქმედების დღიდან დაკვალიფიცირდება სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ხოლო ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის გამოყენება - მის მიერ ჩადენილ ყველა ქმედებასთან მიმართებით.

25. ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 309-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო მსჯავრდებულის საჩივრის საფუძველზე მის სასარგებლოდ აუქმებს ან ცვლის განაჩენს იმ საფუძვლით, რომ სისხლის სამართლის კანონის გამოყენებისას დაირღვა კანონი და ეს სამართლებრივი შეცდომა განაჩენით ამ საქმეში მსჯავრდებულ სხვა პირსაც ეხება, რომელსაც საკასაციო საჩივარი არ შეუტანია, საკასაციო სასამართლო ვალდებულია, იმსჯელოს ამ მსჯავრდებულის მიმართაც.

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ს. გ-ას მიმართ გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს სსკ-ის 210-ე მუხლით - ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის დამზადებაში გასაღების მიზნით და გასაღების ნაწილში და უნდა გადაკვალიფიცრდეს ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის დამზადებაზე გამოყენების მიზნით და გამოყენებაზე და ეს ცვლილება ეხება ამ საქმეში მსჯავრდებულ სხვა პირებსაც - ე. ჯ-სა და ე. გ-ას, მათი ქმედებებიც, დაკვალიფიცირებული - ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის დამზადებად გასაღების მიზნით და გასაღებად იმავე საფუძვლით, რაც ს. გ-ას შემთხვევაშია სახეზე, უნდა გადაკვალიფიცირდეს - ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის დამზადებაზე გამოყენების მიზნით და გამოყენებაზე.

26. ამდენად, ცვლილება უნდა შევიდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 13 მაისის განაჩენში: ს. გ-ას, ე. ჯ-სა და ე. გ-ას ქმედებები, დაკვალიფიცირებული ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება, გადაკვალიფიცირდეს - გამოყენების მიზნით დამზადებასა და გამოყენებზე. გასაჩივრებული განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის - ს. გ-ას, ი. კ-ას, ე. ჯ-ასა და ე. გ-ას მიმართ დანიშნული სასჯელები უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულების - ს. გ-ას, ი. კ-ასა და მათი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. კ-ას საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

2. ცვლილება შევიდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 13 მაისის განაჩენში:

ს. გ-ას, ე. ჯ-ასა და ე. გ-ას ქმედებები, დაკვალიფიცირებული ყალბი საანგარიშსწორებო ბარათის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება, გადაკვალიფიცირდეს - გამოყენების მიზნით დამზადებასა და გამოყენებზე.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 13 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის - ს. გ-ას, ი. კ-ას, ე. ჯ-ასა და ე. გ-ას მიმართ დანიშნული სასჯელები დარჩეს უცვლელად.

4. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. მეიშვილი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

მ. ოშხარელი