საკასაციო საჩივარი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №293აპ-14 28 აპრილი, 2016 წელი
ა-ი ლ., 293აპ-14 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. ა-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ივნისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 დეკემბრის განაჩენით ლ. ა-ი, - დაბადებული 19… წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,108–ე მუხლით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 1000 ლარი; სსკ-ის 120-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ლ. ა-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2013 წლის 11 ივნისიდან.
2. განაჩენით ლ. ა-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია და 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2013 წლის 11 ივნისს, დაახლოებით 02.30 საათზე, 19… წლის დაბადებული, 21 წელს მიუღწეველი ლ. ა-ი გ-ის №.....–ში მდებარე დისკო–კლუბ „.....“ ეზოში ატარებდა ცივ იარაღს, დანას.
იმავე დღეს, დაახლოებით 02.30 საათზე, იმავე კლუბის ეზოში ლ. ა-მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით - ცივი იარაღის – დანის გამოყენებით მ. კ-ეს მიაყენა გულ–მკერდის მარცხენა ნახევარში, პლევრის ღრუში შემავალი ჭრილობა, ხოლო ზ. თ-ეს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლით, დუნდულისა და ბარძაყის არეში - ნაკვეთი ჭრილობების სახით. დაჭრილი მ. კ-ე გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად სიკვდილს გადაურჩა.
3. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ. ა-ა. იგი ითხოვდა მხოლოდ სსკ-ის 19,108-ე მუხლით დაკვალიფიცირებული ქმედებისათვის კვალიფიკაციის შეცვლასა და სასჯელის შემსუბუქებას.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ივნისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 10 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: ლ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,108–ე მუხლით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ჯარიმა 1000 ლარი, რომლის მოხდისგანაც გათავისუფლდა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად; სსკ-ის 120-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ლ. ა-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2013 წლის 11 ივნისიდან.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ. ა-მა და მოითხოვა სსკ-ის 19,108-ე მუხლით დაკვალიფიცირებული ქმედებისათვის კვალიფიკაციის შეცვლა და სასჯელის შემსუბუქება ამ ნაწილში, ხოლო სსკ-ის 2381-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში კი როგორც სააპელაციო, ასევე საკასაციო საჩივრებით არ გაუხდია სადავოდ გამამტყუნებელი განაჩენი.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ იქნა განსახილველად.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მარტის განჩინებით შეჩერდა საქმისწარმოება მსჯავრდებულ ლ. ა-ის საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით და წარდგინებით მიემართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს:
ა) საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მეორე წინადადებასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, რომელიც უგულებელყოფს სასამართლოს შესაძლებლობას, გაამართლოს პირი, რომლის მიერ ჩადენილი ქმედებაც განაჩენის გამოტანის დროს დანაშაულს აღარ წარმოადგენს.
ბ) საქართველოს 2009 წლის 9 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მეორე წინადადებასა და საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან შესაბამისობის დადგენის მიზნით იმ ნორმატიული შინაარსით, რომელიც უგულებელყოფს სასამართლოს შესაძლებლობას, გასცდეს საკასაციო საჩივრის ფარგლებს იმ შემთხვევაში, როდესაც შესაძლოა, სახეზე იყოს ისეთი პირის მსჯავრდება, რომლის მიერ ჩადენილი ქმედებაც განაჩენის გამოტანის დროს დანაშაულს აღარ წარმოადგენს.
8. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 13 აპრილის N 3/1/633,634 გადაწყვეტილებით: არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მეორე წინადადებასთან მიმართებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ N633 და N634 კონსტიტუციურ წარდგინებებში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი; შეწყდა საქმე საქართველოს უზენაესი სასამართლოს N634 კონსტიტუციური წარდგინების იმ ნაწილზე, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტსა და 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მე-2 წინადადებასთან მიმართებით სადავოდ ხდის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც გამორიცხავს სასამართლოს შესაძლებლობას, გასცდეს საკასაციო საჩივრის ფარგლებს იმ შემთხვევაში, როდესაც შესაძლოა, სახეზე იყოს ისეთი პირის მსჯავრდება, რომლის მიერ ჩადენილი ქმედება განაჩენის გამოტანის დროს დანაშაულს აღარ წარმოადგენს.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 აპრილის განჩინებით განახლდა საქმისწარმოება მსჯავრდებულ ლ. ა-ის საკასაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ლ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და აღნიშნავს, რომ სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, ლ. ა-ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ფოტოტაბულით, დათვალიერებისა და დალუქვის ოქმებით, სათვალთვალო კამერების მიერ დაფიქსირებული ჩანაწერებით, მ. კ-სა და ზ. თ-ის სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ტრასოლოგიური, კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნებით, ლ. ა-ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და ფოტოტაბულით, ამოღებული ნივთებით, ლ. ა-ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, დაზარალებულების - მ. კ-სა და ზ. თ-ის ჩვენებებით, მოწმეების: თ. ა-ის, მ. ა-ს, გ. პ-ს, ნ. ჭ-ს, მ. ბ-ს, ე. დ-ს, დ. შ-ს ჩვენებებით, დ. შ-ს, მ. ბ-სა და თ. ა-ს მიერ ლ. ა-ის ამოცნობის ოქმებითა და სხვა წერილობითი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ მისთვის საქართველოს სსკ-ის 19,108–ე მუხლითა და სსკ-ის 120-ე მუხლით შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედებები დადასტურებულია.
3. რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 2381–ე მუხლის 1-ლი ნაწილით შერაცხულ მსჯავრდებას, საქმის მასალების მიხედვით, მსჯავრდებულმა ლ. ა-მა მოცემული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა 2013 წლის 11 ივნისს, რა დროსაც ამ დანაშაულის 1-ლი ნაწილის შემადგენლობას გვაძლევდა - 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.
4. 2013 წლის 11 დეკემბრის კანონით, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის 8 იანვარს, შეიცვალა საქართველოს სსკ-ის 2381–ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დისპოზიციის ნაწილი იმ მიმართებით, რომ ამ დანაშაულის შემადგენლობას იძლევა ცივი იარაღის ტარებისათვის განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებული ან ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რა დროსაც მნიშვნელობა არა აქვს პირის ასაკს. ვინაიდან, მსჯავრდებული ლ. ა-ი ახალი კანონის თანახმად, არ იყო განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებული პირი ცივი იარაღის ტარებისათვის და არც ნარკოტიკების მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ივნისის განაჩენით ლ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381–ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი, რომლის მოხდისაგან გათავისუფლდა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
5. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 13 აპრილის N 3/1/633,634 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტის მეორე წინადადებასთან მიმართებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ N633 და N634 კონსტიტუციურ წარდგინებებში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით პირის დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, თუ ახალი კანონი აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას, სასამართლო ადგენს გამამტყუნებელ განაჩენს სასჯელის დანიშვნითა და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით. აღნიშნული სამართლებრივი რეგულაცია კი უგულებელყოფდა სასამართლოს შესაძლებლობას, შეეწყვიტა პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა, რომლის მიერ ჩადენილი ქმედებაც განაჩენის გამოტანის დროს დანაშაულს აღარ წარმოადგენდა.
6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, მითითებულ შემთხვევაში არ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას, თუმცა, ვინაიდან აღნიშნული ქმედება ჩადენის დროს დანაშაულად ითვლებოდა და ახალი კანონით მოხდა მისი დეკრიმინალიზება, აღნიშნულ სამართლებრივ საკითხს კი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ აწესრიგებს, რაც წარმოადგენს ხარვეზს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის გათვალისწინებით, დასაშვებია გამოყენებულ იქნეს კანონის ანალოგია, კერძოდ, სსსკ-ის 105-ე მუხლი და შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა პირის მიმართ.
7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებული საკასაციო საჩივრით ითხოვს კვალიფიკაციისა და სასჯელის შეცვლას მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 19,108-ე მუხლით მსჯავრდების ნაწილში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის №3/1/608,609 გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 25 ივნისის განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგი მიმართებით: მსჯავრდებულ ლ. ა-ის მიმართ უნდა შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 2381–ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდების ეპიზოდში. განაჩენი დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით, 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ ლ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ცვლილება შევიდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ივნისის განაჩენში:
- მსჯავრდებულ ლ. ა-ის მიმართ შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სსკ-ის 2381–ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდების ეპიზოდში.
- მსჯავრდებული ლ. ა-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს: საქართველოს სსკ-ის 19,108–ე მუხლით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 120-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ლ. ა-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
3. მსჯავრდებულ ლ. ა-ს სასჯელის ვადა აეთვალოს დაკავების დღიდან - 2013 წლის 11 ივნისიდან.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2014 წლის 25 ივნისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი