შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №618აპ-15. ქ. თბილისი
მ-ი შ–618აპ-15 20 მაისი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ს. ა.
ადვოკატ – მ. შ-ის
მსჯავრდებულ _ შ. მ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ შ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. შ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 7 ოქტომბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 აპრილის განაჩენით შ. მ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2. თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 21 მარტის განაჩენით შ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
3. 2014 წლის 21 ნოემბერს, დაახლოებით 20 საათზე, თბილისში, - გამზირის №--ში მდებარე შპს „დ. დ. ჯ-ას“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან შ. მ-ი დაუდგენელ პირთან ერთად შეეცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა აპარატში მოთავსებულ თანხას.
4. აღნიშნული ქმედებისათვის შ. მ-ს მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წელი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2014 წლის 21 ნოემბრიდან.
5. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. შ-მა. მან ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 აპრილის განაჩენის გაუქმება და შ. მ-ის გამართლება.
6. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ს. ა-მა შესაგებლით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი შ. მ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
8. კასატორი – ადვოკატი მ. შ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი დაუსაბუთებელი და უკანონოა, არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან და სრულად იზიარებს ბრალდების მხარის ვარაუდს; მხოლოდ ის ფაქტი, რომ შ. მ-ი ძიებით დაუდგენელ პირთან ერთად სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალთან იმყოფებოდა, არ ნიშნავს იმას, რომ მას აუცილებლად დანაშაულებრივი განზრახვა ჰქონდა; არ შეიძლება მოწმედ დაკითხული კ. დ-ის ჩვენების გამოყენება მტკიცებულებად, რადგან საქმის სასამართლო განხილვისას დადასტურდა მის მიერ ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტი, კერძოდ: კ. დ-მა გამოძიებაში მიუთითა, რომ აპარატის გახსნისას მასში აღმოაჩინეს ჩაჭედილი ქაღალდი და მონეტები, რაც მან უარყო არსებითი განხილვისას ჩვენების მიცემის დროს; შპს „დ. დ. ჯ-ა“ დაზარალებულად არ უნდა ეცნოთ, რადგან ამ კომპანიას არავითარი ზიანი არ მიადგებოდა, რაც განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა; პასუხგაუცემელი დარჩა კითხვა: გამოძიებით დაუდგენელი პირი თავისივე ჩაგდებული მონეტის ამოღებას ცდილობდა, თუ სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას.
9. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ადვოკატი მ. შ-ი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 7 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას შ. მ-ის მიმართ და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ შ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მსჯავრდებულ შ. მ-ის უდანაშაულობის თაობაზე და სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს იმ ნაწილში, რომ მსჯავრდებული შ. მ-ი და გამოძიებით დაუდგენელი პირი ცდილობდნენ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდნენ სწრაფი ჩარიცხვის აპარატში მოთავსებულ თანხას.
3. საკასაციო პალატა მიუთითებს: მსჯავრდებულის განმარტება, რომ თითქოს მასთან ერთად მყოფი პირი ცდილობდა თავისივე მონეტის ამოღებას, რომელიც აპარატმა ჩაუყლაპა, მოგონილია პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით და ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან მოწმე კ. დ-ის ჩვენებითა და გამოკვლეული ვიდეოფირით სრულიად ნათელია, რომ მათ არანაირი ტრანზაქციის შესრულება არ უცდიათ და აპარატთან მისვლისთანავე შეუდგნენ დანაშაულებრივი განზრახვის განხორციელებას, რაც გამორიცხავს მათ ვერსიას აპარატის მიერ მონეტის ჩაყლაპვის შესახებ.
4. უსაფუძვლოა ასევე კასატორის პოზიცია, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული კ. დ-ის ჩვენება, ვინაიდან საქმის სასამართლო განხილვისას დადასტურდა მის მიერ ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტი, რადგან პალატა, უპირველეს ყოვლისა, მიუთითებს, რომ სასამართლო მტკიცებულებად მიიჩნევს მოწმის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებას, ხოლო კ. დ-ის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება იყო თანმიმდევრული, დამაჯერებელი და ურთიერთშეთანხმებული სხვა მტკიცებულებებთან, რის გამოც საკასაციო პალატას არ გააჩნია მასში ეჭვის შეტანის საფუძველი.
5. ამავდროულად პალატას სურს ყურადღება გაამახვილოს იმაზეც, რომ ადვოკატის მითითება - თითქოს კ. დ-მა გამოძიებისას განაცხადა, რომ აპარატის გახსნისას მასში აღმოაჩინეს ჩაჭედილი ქაღალდი და მონეტები, რაც მან უარყო არსებითი განხილვისას ჩვენების მიცემის დროს, არ შეესაბამება საქმის მასალებს, კერძოდ:
· საქმეში არსებული, კ. დ-ის მოწმის სახით დაკითხვის ოქმიდან ირკვევა (ტ.1, ს.ფ.78-79), რომ მოწმის განმარტებით, --გამზირის №- ში მდებარე შპს ,,დ. დ. ჯ-ას“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გახსნა ტექნიკურმა ჯგუფმა, რა დროსაც ვერ მოხერხდა იმის დადგენა, თუ რა ოდენობის თანხა იყო აპარატის ჩასაყრელ ,,ყელში“, ვინაიდან გახსნის დროს რკინის მონეტები ჩაიყარა შიგნით; მანვე განმარტა, რომ ჩასაყრელ ,,ყელში“ აღმოჩნდა ჩაჭედილი ქაღალდი, რის გამოც რკინის მონეტები სეიფში ვერ იყრებოდა. პალატა აღნიშნავს, რომ კ. დ-ს ამ ჩვენებაში არც პირდაპირ და არც ირიბად არ მიუთითებია, რომ უშუალოდ მონაწილეობდა აპარატის გახსნაში. სწორედ ანალოგიური განმარტება მისცა კ. დ-მა სასამართლოს საქმის არსებითი განხილვის დროს მოწმის სახით ჩვენების მიცემისას. კერძოდ, ადვოკატის შეკითხვაზე მან განმარტა, რომ უშუალოდ არ ესწრებოდა აპარატის გახნას, იგი გახსნა ტექნიკურმა სამსახურმა და სწორედ მათგან ფლობს ინფორმაციას აპარატში მონეტების არსებობის თაობაზე (იხ. 1-ლი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი 25.02.2015 წლის ჩანაწერი).
6. უსაფუძვლოა ასევე ადვოკატის მითითება, რომ შპს „დ. დ. ჯ-ა “ დაზარალებულად არ უნდა ეცნოთ, რადგან ამ კომპანიას არავითარი ზიანი არ მიადგებოდა, რაც განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა, ვინაიდან არც აღნიშნული გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. კერძოდ, კ. დ-მა ადვოკატის კითხვაზე განმარტა, რომ როდესაც მომხმარებელი დარეკავდა, რომ ფული არ ,,დაუჯდა“ ანგარიშზე, ზიანს კომპანია აანაზღაურებდა; ამასთანავე, შ. მ-ისა და დაუდგენელი პირის ქმედებით შესაძლოა, დაზიანებულიყო კომპანიის კუთვნილი აპარატი. შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომ შპს „დ. დ. ჯ-ას“ არც მისდგომია და არც შეიძლება მისდგომოდა ზიანი.
7. ამდენად, საკასაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ შ. მ-ი ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ცდილობდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან თანხის დაუფლებას.
8. საკასაციო პალატას ასევე დადასტურებულად მიაჩნია, რომ შ. მ-ს ჩადენილი აქვს ქურდობა არაერთგზის, ვინაიდან თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 21 მარტის განაჩენით შ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო, რისთვისაც მას განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, იმავე გამოსაცდელი ვადით, ხოლო გასაჩივრებული განაჩენით ბრალად შერაცხული ქმედება კი მან ჩაიდინა გამოსაცდელი ვადის პერიოდში - 2014 წლის 21 ნოემბერს; შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მის მიერ ჩადენილია არაერთგზისი დანაშაული.
9. ამასთან, საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას შ. მ-ის მიერ ქურდობის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია, კერძოდ:
10. პალატა აღნიშნავს, რომ შ. მ-ის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის ჩადენის დასადასტურებლად გასაჩივრებული განაჩენი ეყრდნობა ვიდეოფირს და კ. დ-ის ჩვენებას, რომელთა მიხედვითაც, მსჯავრდებულები ერთად ცდილობდნენ აპარატიდან თანხის დაუფლებას.
11. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლი იძლევა ჯგუფური დანაშაულის დეფინიციებს და ერთმანეთისგან მიჯნავს წინასწარ შეუთანხმებლად, წინასწარი შეთანხმებითა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულის ცნებებს.
12. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერააა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში - გამოიხატოს.
14. მოცემულ შემთხვევაში გამოკვლეული ვიდეოფირითა და კ. დ-ის ჩვენებით დგინდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ შ. მ-ი და გამოძიებით დაუდგენელი პირი ერთობლივად ახორციელებდნენ ქურდობის ობიექტურ შემადგენლობას, რასაც არც საკასაციო პალატა მიიჩნევს სადავოდ, თუმცა, ხსენებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მათ შორის წინასწარი შეკავშირების არსებობა; კერძოდ, გამოკვლეულ ვიდეოფირზე არ ჩანს მათ შორის რაიმე ისეთი ტიპის კომუნიკაცია, რაც პალატას საშუალებას მისცემდა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ერწმუნა მათ შორის წინასწარი შეთანხმების არსებობა; არც მოწმე კ. დ-ს განუცხადებია ჩვენებაში რაიმე მსგავსი ფაქტის არსებობის თაობაზე.
15. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილვას რა ,,გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს“, განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, ნათელი და ურთიერთკავშირში მყოფი დასკვნებიდან, რომლებიც უდავო, საკმარისად მტკიცე და ზუსტ ხასიათს ატარებს და არ შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ თეორიულ ჰიპოთეზას[1]. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი სასამართლოს დასკვნა გამომდინარეობს მხოლოდ იმ ფაქტიდან, რომ შ. მ-ი ქმედების განხორციელების მომენტში არ იყო მარტო, რაც საკასაციო პალატის აზრით, არ აკმაყოფილებს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მაღალ სამართლებრივ სტანდარტს და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, რის გამოც, საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის, 259-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 273-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველი.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ შ. მ-ს ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს მითითება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის ჩადენის თაობაზე და ამ ნაწილში იგი უნდა გამართლდეს. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ჩადენილია ქურდობა წინასწარ შეუთანხმებლად ჯგუფის მიერ, რაც საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შესაბამისად, არ წარმოადგენს ქურდობის მაკვალიფიცირებელ გარემოებას, რის გამოც მის მიერ დაუდგენელ პირთან ერთად მოქმედება დამატებით კვალიფიკაციას არ საჭიროებს.
17. რაც შეეხება სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მოცულობის შემცირების გამო, სამართლიანი იქნება შ. მ-ისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ შ. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 7 ოქტომბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
3. შ. მ-ს მსჯავრდებიდან ამოერიცხოს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება და ამ ნაწილში გამართლდეს.
4. შ. მ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯოს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 21 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით შ. მ-ს სასჯელის სახით განესაზღვროს 4 (ოთხი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდაც აეთვალოს 2014 წლის 21 ნოემბრიდან.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 7 ოქტომბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
6. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე
უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ
საქმე №618აპ-15. ქ. თბილისი
მ. შ.–618აპ-15 22 ივლისი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2016 წლის 20 მაისის მსჯავრდებულ შ. მ-ის მიმართ გამოტანილ განჩინებაში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2016 წლის 20 მაისს მსჯავრდებულ შ. მ-ის მიმართ გამოტანილ იქნა განჩინება, რომელშიც დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ:
განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებულია _ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტები, რის ნაცვლად მითითებული უნდა იყოს _ საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტები.
აღნიშნული უზუსტობა უნდა გასწორდეს, რაც არ გამოიწვევს განჩინების გაუქმებას ან შეცვლას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის მსჯავრდებულ შ. მ-ის მიმართ გამოტანილ განჩინებაში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:
განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში ნაცვლად: ,,საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტისა“ ჩაიწეროს _ ,,საქართველოს სსკ-ის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი“, ხოლო განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში ნაცვლად ,,საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტისა", ჩაიწეროს _ ,,საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი".
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
პ. სილაგაძე
[1] იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე Labita v. Italy №26772/95, 2000 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება და Fyodorov and Fyodorova v. Ukraine №39229/03, 2011 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება.