შეიცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი

სისხლის სამართლის 12.07.2016
საქმის ნომერი
2კ-67აპ.-16
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
12.07.2016

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

#67აპ.-16 ქ. თბილისი

მ-ი ლ.-67ap.-16 12 ივლისი, 2016 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (Tavmjdomare),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ლ. მ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 5 იანვრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით ლ. მ-ი, –ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის და რაც გამოიხატა შემდეგში:

2. საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 3 აგვისტოს განაჩენით ლ. მ-ს საქართველოს სსკ-ის მე-19,137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-19,178-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით, საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 2 აგვისტოდან.

3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 27 დეკემბრის განაჩენით შეიცვალა: მსჯავრდებულ ლ. მ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ის მე-19,178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება; მასვე საქართველოს სსკ-ის მე-19,137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით, საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 9 ივლისის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 27 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა: ლ. მ-ს ამოერიცხა მსჯავრდება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 23 აგვისტოს განაჩენით ლ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, 6 თვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 6 თვე – ჩაეთვალა პირობით, 2 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულ ლ. მ-ს სასჯელის მოხდა დაეწყო 2011 წლის 22 აგვისტოდან.

6. საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 სექტემბრის განაჩენით ლ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წელი, 6 თვე და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 წელი და 6 თვე – ჩაეთვალა პირობით, 4 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. ლ. მ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2012 წლის 21 ივნისიდან.

7. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებით „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ლ. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და გამოსაცდელი ვადა და საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით პირობითი მსჯავრი, 3 წლის, 4 თვისა და 15 დღის გამოსაცდელი ვადით.

8. აღნიშნული განჩინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 19 აპრილის განჩინებით დარჩა უცვლელად.

9. ლ. მ-ი 2015 წლის 29 ივნისს გარდაბნის რაიონის სოფელ ...ში მდებარე შპს „...“ კუთვნილი სასურსათო მაღაზიიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 3 ბოთლ ლუდსა და 3 კოლოფ სიგარეტს, რითიც დაზარალებულს მიაყენა 26 ლარისა და 70 თეთრის მატერიალური ზიანი.

10. აღნიშნული ქმედებისათვის ლ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 სექტემბრის განაჩენითა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული სასჯელი და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით, რომლის მოხდა დაეწყო 2015 წლის 29 ივნისიდან.

11. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ლ. მ-მა და ითხოვა სასჯელის შემსუბუქება.

12. რუსთავის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორმა გ. ძ-მა შესაგებლით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი ლ. მ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

14. კასატორი – მსჯავრდებული ლ. მ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ლ. მ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ ლ. მ-ს მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტი, რასაც არც კასატორი ხდის სადავოდ, კერძოდ:

3. გარდა თავად ლ. მ-ს აღიარებითი ჩვენებისა, მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით: მოწმეების – შ. ჯ-ს, ვ. ნ-ს, დ. გ-ს, ლ. ლ-ს, ი. ც-ს, თ. ც-ს, გ. მ-სა და ნ. ფ-ს ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით.

4. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ლ. მ-მა ჩაიდინა ქურდობა საცავში უკანონო შეღწევით. ამასთან, პალატა არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ლ. მ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირების ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულის ნასამართლობა გაქარწყლდება სასჯელის მოხდიდან 6 წლის შემდეგ. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, გაქარწყლებული ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 9 ივლისის განჩინებით ლ. მ-ს საქართველოს სსკ-ის მე-19,137-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-19,178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 2 აგვისტოდან.

7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილით ირკვევა, რომ ლ. მ-ი თბილისის №1 დაწესებულებიდან სასჯელის კალენდარული მოხდით გათავისუფლდა 2009 წლის 30 იანვარს (ტ. 1-ლი, ს.ფ. 197). შესაბამისად, მას ნასამართლობა გაუქარწყლდა 2015 წლის 30 იანვარს.

8. ლ. მ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელი პირობაა, რომ იგი ორჯერ ან მეტჯერ იყოს ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების ან გამოძალვისათვის. მოცემულ შემთხვევაში ლ. მ-ს ბოლო დანაშაულის ჩადენის დროს – 2015 წლის 29 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 27 დეკემბრის განაჩენით (რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 9 ივლისის განჩინებით შეიცვალა) დადგენილი ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა. ამდენად, მსჯავრდებულ ლ. მ-სათვის აღნიშნული მაკვალიფიცირებელი გარემოების ბრალად შერაცხვა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 სექტემბრის განაჩენით ლ. მ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით დაედო მსჯავრი, პალატას მიაჩნია, რომ მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე – ქურდობა, ჩადენილი არაერთგზის – და სასჯელის ზომად და სახედ განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 5 იანვრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. ლ. მ-ის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

4. ლ. მ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

5. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 სექტემბრის განაჩენითა და სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 21 თებერვლის განჩინებით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 2 წლით, 7 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა და ლ. მ-ს განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

7. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე

№67აპ-16 22 ივლისი, 2016 წელი

მ-ი ლ, 67აპ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ 2016 წლის 12 ივლისს მსჯავრდებულ ლ. მ-ის მიმართ გამოტანილ განაჩენში დაშვებული უზუსტობის აღმოფხვრის თაობაზე.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ივლისს ლ. მ-ის მიმართ გამოტანილ განაჩენში დაშვებულია უზუსტობა, კერძოდ:

განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-6 აბზაცში მითითებულია:

,,თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.“

აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლით გათვალისწინებულ უზუსტობას, რაც უნდა აღმოიფხვრას და განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის შესაბამისი აბზაცები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 5 იანვრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.“

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლის ,,ვ” პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 12 ივლისის განაჩენში გამოვლენილი უზუსტობა, კერძოდ:

განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მე-6 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 5 იანვრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 12 ივლისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე