დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №251აპ-16 ქ. თბილისი
ტ-ა ი. 251აპ-16 26 ივლისი, 2016 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის
პროკურორ - თინათინ ჭურღულიას
ადვოკატების - დ. ნ-ს, მ. ბ-ს, ს. კ-ს
მსჯავრდებულების - ი. ტ-ს, გ. ქ-ს
კანონიერი წარმომადგენლის - ზ. ტ-ს
მონაწილეობით განიხილა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ჭურღულიას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 მარტის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ზ-ს, გ. ქ-ს, ი. ტ-სა და თ. პ-ს ბრალი დაედოთ შემდეგი დანაშაულის ჩადენაში:
2. 2014 წლის 12 დეკემბერს, დაახლოებით 23:50 საათზე, გ. ზ-მ, გ. ქ-მ და ი. ტ-მ, რომლებიც თ. პ-სთან ერთად ისხდნენ ტაქსის მძღოლ ზ. ბ-ს მიერ მართულ „ოპელ ვექტრას“ მოდელის ავტომანქანაში, სანომრე ნიშნით ….., წინასწარი შეთანხმებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცეს მას ფულადი თანხა 25 ლარის ოდენობით; ავტომანქანის მაგნიტოფონი მონიტორით; „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, მასში მოთავსებული სიმბარათით …..; „ოსრამის“ ფირმის მრგვალი ფორმის ფარანი; ვერცხლისფერი ჯაჭვი, სუვენირული ხანჯალი თავისი ქარქაშით და „ორიენტის“ ფირმის საათი. აღნიშნულის შემდეგ გ. ქ-მ მუქარით აიძულა ზ. ბ-ა, რომ გაეხადა რუხი ფერის უმკლავებო ე.წ. „დუტის“ ქურთუკი და მოეხსნა ავტომანქანის მაგნიტოფონის ორი ხმის გამაძლიერებელი. ვინაიდან ზ. ბ-ა განიცდიდა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების რეალურ საფრთხეს, შეასრულა მოთხოვნა და გაიხადა ქურთუკი, რომელიც ჩაიცვა ი. ტ-მ, ასევე თვითონ მოხსნა ხმის გამაძლიერებლები და გადასცა გ. ქ-ს. ამის შემდეგ მათ გახსნეს ავტომანქანის საბარგული, საიდანაც გაიტაცეს ჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო ავტომანქანის ქანჩები და სათადარიგო ნაწილები. დასახელებული ნივთები გ. ქ-მ, გ. ზ-მ და ი. ტ-მ გაინაწილეს ერთმანეთში და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულ ზ. ბ-ს მიადგა როგორც მორალური, ასევე ქონებრივი ზიანი - 700 ლარის ოდენობით.
3. 2014 წლის 13 დეკემბერს, ღამის საათებში, გ. ქ-ე და არასრულწლოვანი ი. ტ-ა წინასწარი შეთანხმებით, ფარულად დაეუფლნენ თბილისში, ….. მე-….. კვარტლის მე-….. კორპუსის მიმდებარედ გაჩერებული ,,ტოიოტას’’ მოდელის ავტომანქანის, სანომრე ნიშნით ….., წინა, მარჯვენა კარზე დამაგრებულ უკანა ხედვის სარკეს. ასევე ჩაამტვრიეს მარჯვენა კარის მინა და ავტომანქანის სალონიდან ფარულად დაეუფლნენ შავი ფერის ჩანთას, რომელშიც იდო სამედიცინო დახმარების საშუალებები და სათვალის ორი ნაჭრის ჩასადები. მასში მოთავსებული იყო ორი ვერცხლის ბეჭედი, ვერცხლისფერი ე.წ. ,,ბრასლეტი’’ თვლებით, მძივი და მამაკაცის ორი სათვალე, რაც გაინაწილეს ერთმანეთში და მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულ ხ. მ-ს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი - 350 ლარის ოდენობით.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 2 სექტემბრის განაჩენით გ. ზ-ი, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
5. გ. ქ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
6. გ. ქ-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’, ,დ’’ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 13 დეკემბრიდან.
7. ი. ტ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
8. ი. ტ-ა, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლსაჯულების კოდექსის მე-3 ნაწილის (სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილი) საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2014 წლის 13 დეკემბრიდან.
9. თ. პ-ე, - დაბადებული 19.. წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში. მის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
10. სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთმტკიცებები: ორმაგი ,,სკოჩი“, მაჯის საათი, ვერცხლის ჯაჭვი, ხანჯალი, უმკლავებო ქურთუკი, ფარანი, ა/მანქანა ,,ტოიოტას“ უკანა ხედვის სარკე, მანქანა ,,მერსედესის“ აფთიაქი, ე.წ. ,,ბრასლეტი“, მეფე ნიკოლოზის გამოსახულებიანი ოქროსფერი ბეჭედი, რეიბანის სათვალე, პოლოს სათვალე, ვერცხლისფერი, შავთვლიანი ბეჭედი უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. მინის ნატეხები, გ. ზ-ს სუნის ნიმუში, გ. ზ-ს თმის ნიმუში, გ. ქ-ს თმის ნიმუში, გ. ქ-ს სუნის ნიმუში, ი. ტ-ს თმის ნიმუში, ი. ტ-ს სუნის ნიმუში, თ. პ-ს თმის ნიმუში, თ. პ-ს სუნის ნიმუში, ,,ოპელ ვექტრადან“ ამოღებული მიკრონაწილაკების ნიმუშები, სუნის ნიმუში ,,ოპელ ვექტრადან“, ,,ტოიოტადან’’ აღებული სუნის ნიმუში, ,,ტოიოტადან’’ აღებული მიკრონაწილაკები, ხოლო ბრალდებულ ი. ტ-ს, თ. პ-ს, გ. ქ-სა და გ. ზ-საგან აღებული ხელის კვლევის ნიმუშები, რომლებიც ინახება შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ერთიან ბაზაში უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. გ. ზ-ს ტანსაცმელი, გ. ქ-ს ტანსაცმელი, ი. ტ-ს ტანსაცმელი, თ.პ-ს ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
11. გამართლებულებს - გ. ზ-სა და თ. პ-ს განემარტათ საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება.
12. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
13. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორი თინათინ ჭურღულია საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ თ. პ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით და განესაზღვროს შესაბამისი სასჯელი; ი. ტ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით და განესაზღვროს შესაბამისი სასჯელი; გ. ზ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით და განესაზღვროს შესაბამისი სასჯელი; გ. ქ-ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ“, ,,დ’’ ქვეპუნქტებით და განესაზღვროს შესაბამისი სასჯელი.
14. საკასაციო პალატის სხდომაზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თინათინ ჭურღულიამ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მხარი დაუჭირა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.
15. საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ი. ტ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს. კ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები და იშუამდგომლა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება. ამასთან, ადვოკატმა იშუამდგომლა, რომ მსჯავრდებულ ი. ტ-ს მიმართ სასამართლოს ეხელმძღვანელა ჰუმანიზმის პრინციპებით, რასაც მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულმა ი. ტ-მ და მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა - ზ. ტ-მ.
16. საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა გ. ქ-მ იშუამდგომლა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება.
17. საკასაციო პალატის სხდომაზე გამართლებულ გ. ზ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ. ნ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები და იშუამდგომლა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება.
18. საკასაციო პალატის სხდომაზე გამართლებულ თ. პ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ბ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები და იშუამდგომლა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები, გააანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ჭურღულიას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქმის მასალების მიხედვით, მსჯავრდებულების - გ. ქ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ’’, ,დ’’ ქვეპუნქტებითა და ი. ტ-ს მიერ - სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა დასტურდება საქმეზე შეკრებილი აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ:
3. მოწმე ა. მ-ს ჩვენებით, იგი ფლობს ავტომანქანა ,,ტოიოტას’’, სანომრე ნიშნით ….., რომელიც იურიდიულად გაფორმებულია მისი მეუღლის - ხ. მ-ს სახელზე. 2014 წლის 13 დეკემბერს, შუაღამისას დაუკავშირდნენ პოლიციის თანამშრომლები და აცნობეს, რომ მისი ავტომანქანის შუშა იყო ჩამტვრეული, ხოლო სარკე - მოგლეჯილი. იგი ჩავიდა და აღმოაჩინა, რომ ავტომანქანას ჩამსხვრეული ჰქონდა წინა მარჯვენა შუშა, ასევე მოგლეჯილი იყო წინა მარჯვენა სარკე, ხოლო წაღებული - შავი ფერის ჩანთა, რომელშიც ინახავდა ავტომანქანის აფთიაქს, ასევე წაღებული იყო ორი ცალი ვერცხლის ბეჭედი, ერთ-ერთი მოოქროვილი, ნ. რ-ს გამოსახულებით, მეორე - გიშრისთვლიანი, ასევე მწვანე ფერის მძივი და ორი სათვალე, ასევე, მთლიანად დაზიანებული იყო ავტომანქანის მაგნიტოფონი. მისი განმარტებით, მან მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედება - ამოცნობაში. ამოიცნო ავტომანქანის სარკე, რომელსაც ეწერა მანქანის მარკა, ასევე ამოიცნო ისეთი ინდივიდუალური ნიშნით, როგორიც არის მისი სარკის მოტეხილი ნაწილი, რომელიც ზუსტად ესადაგებოდა მანქანაზე დარჩენილ მოტეხილ ნაწილს.
4. 2014 წლის 13 დეკემბრის ი. ტ-ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ავტომობილის პატარა ზომის შავი ფერის ჩანთა, რომელსაც ლათინური ასოებით ეწერა ,,MERSEDES BENZ’’. ჩანთაში მოთავსებული იყო პოლიეთილენის პაკეტებში პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებები, ასევე ამოიღეს ავტომანქანის გვერდითა ხედვის მარჯვენა სარკე, ვერცხლისფერ პლასტმასის ჩარჩოში, რომელსაც ქვედა მხარეს ჰქონდა შავი ფერის სამაგრი, კორპუსზე მიმაგრებული სამი ჭანჭიკით. სამაგრს აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანების აშკარა კვალი. სარკის კორპუსის ქვედა მხარეს ლათინური ასოებით ამოტვიფრული იყო წარწერა ,,ტოიოტა’’. იმავე ჯიბეში ბრალდებულ ტ-ს აღმოაჩნდა სათვალის ნაცრისფერი ჩასადები, შავი ფერის მრგვალი ორნამენტებით, რომელშიც მოთავსებული იყო მუქი ფერის ჩარჩოიანი მზის სათვალე და სხვა ნივთები.
5. 2014 წლის 13 დეკემბრის გ. ქ-ს დაკავებისა და პირადი ჩრეკის ოქმის თანახმად, მისი პირადი ჩხრეკისას ამოიღეს სათვალის ნაცრისფერი ჩასადები, მასში მოთავსებული ორი ბეჭდით, ასევე ვერცხლისფერი მეტალის ე.წ. ,,ბრასლეტი“, რომელზეც მიმაგრებული იყო მედალიონი ღვთისმშობლის გამოსახულებით, გაწყობილი ვერცხლისფერი მეტალის ორნამენტებითა და მომწვანო ფერის მრგვალი ფორმის თვლებით.
6. 1-ლი ინსტანციის სასამართლოში დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმების სისწორე დაადასტურეს მოწმეებმა - პ. ჯ-მ, შ. კ-მ, რ. ქ-მ და ლ. ფ-მ.
7. 2014 წლის 30 დეკემბრის ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნისა და ექსპერტ გ. ტ-ს ჩვენებით, 2014 წლის 13 დეკემბერს, თბილისში, ….. დასახლებაში მე-…..’ კვარტლის კორპუსი …..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომანქანა ტოიოტას’’ სახ. ნომრით …..-ის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, ავტომანქანის წინა მარჯვენა და წინა მარცხენა სავარძლებიდან აღებული სუნის კვალის 2(ორი)ნიმუში იდენტურია ი. ტ-სა და გ. ქ-სგან აღებული სუნის კვალის ნიმუშებისა.
8. 2015 წლის 19 თებერვლის ნივთის ამოცნობის ოქმით, ა. ვ-ს წარედგინა ავტომანქანის უკანა ხედვის 3 სარკე და მან ამოიცნო მარჯვნიდან მარცხნივ, მესამე ადგილას განთავსებული ავტომანქანა ,,ტოიოტას’’ მარჯვენა ხედვის სარკე, რომელიც 2014 წლის 13 დეკემბერს მოტეხეს და მოიპარეს მისი ავტომანქანიდან.
9. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ ნ. ქ-ს ჩვენებით, მან გასცა დასკვნა, რითაც დაადგინა ავტომანქანა ,,ტოიოტა კლავია’’ სანომრე ნიშნით ….., მარჯვენა უკანა ხედვის სარკის ქურდობით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა. კერძოდ, წინა მარჯვენა კარის მოძრავი მინის საბაზრო ღირებულებამ, აღდგენითი სამუშაოების გათვალისწინებით, შეადგინა - 60 ლარი, ხოლო წინა მარჯვენა კარზე განთავსებული უკანა ხედვის სარკის საბაზრო ღირებულებამ, აღდგენითი სამუშაოების გათვალისწინებით, შეადგინა - 80 ლარი.
10. ამასთან, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს არგუმენტებს გ. ზ-სა და გ. ქ-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით, ხოლო ი. ტ-ს - სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულობის თაობაზე და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ. ზ-ს, გ. ქ-სა და ი. ტ-ს მიერ მათთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას.
11. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული გ. ზ-ს, გ. ქ-ს, ი. ტ-სა და თ. პ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება.
12. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას და მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ცალკეული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და მოპოვებული მტკიცებულებების საპროცესო დამაგრება განხორციელდა კანონის არსებით მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ: სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, დაზარალებულ ზ. ბ-ს კუთვნილი ავტომანქანის - „ოპელ ვექტრას“ სახ. ნომრით ….. - დათვალიერება ჩატარდა 2014 წლის 13 დეკემბერს, 01:57 საათიდან და 03:55 საათამდე დროის შუალედში. დათვალიერების ოქმში მითითებულია, რომ თითქოს დაზარალებულმა წერილობითი თანხმობა განაცხადა ავტომანქანის დათვალიერებაზე, რაზედაც ეს უკანასკნელი აწერს ხელს, თუმცა საგამოძიებო მოქმედებაზე დაზარალებულის წერილობითი თანხმობა საქმეში არ მოიპოვება.
13. 1-ლი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულ ზ. ბ-ს მიერ მიცემული განმარტებით, ის ავტომანქანის დათვალიერებას არ დასწრებია, ასევე, იმ დღეს, გარდა მისი დაკითხვისა, სხვა რაიმე დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია და ჩვენების მიცემის დროს გამომძიებელს მისთვის სხვა დოკუმენტი არ უჩვენებია. ამასთან, დაზარალებულის დაკითხვა პოლიციის განყოფილებაში ჩატარდა 2014 წლის 13 დეკემბერს, 01:00 საათიდან 02:00 საათამდე, ანუ იმ მომენტში, როდესაც შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობდა ავტომანქანის დათვალიერება. სასამართლოში საქმის გამომძიებელმა გ. მ-მ მიუთითა, რომ ავტომანქანის დათვალიერებას დაზარალებული არ დასწრებია და მისგან ზეპირი თანხმობა ჰქონდა მიღებული, რაც, თავის მხრივ, ეწინააღმდეგება სასამართლოში ექსპერტების მიერ მიცემულ ჩვენებებს, რომლის მიხედვით, ავტომანქანის დათვალიერება დაზარალებულის თანდასწრებით მიმდინარეობდა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებულ ზ. ბ-ს ავტომანქანის დათვალიერების ოქმი შედგენილია საქართველოს სსსკ-ის 125-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის არსებითი დარღვევით და იგი გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება.
14. 2014 წლის 13 დეკემბრის 01:57 საათიდან 03:55 საათში, ექსპერტების მონაწილეობით განხორციელდა ავტომანქანა ,,ოპელ-ვექტრას’’ სახ. ნომრით ….. დათვალიერება, რა დროსაც აღებულ იქნა სუნისა და ხელის თითის კვლების ნიმუშები, ასევე ავტომანქანის სავარძლის ზედაპირიდან, საზურგიდან და თავის საყრდენებიდან აღებულ იქნა მიკრონაწილაკების ნიმუშები, რომლებიც შეიფუთა ცალ-ცალკე სამ ფუთად, დაილუქა და გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები. აღებულ ნიმუშებზე ჩატარდა ოდოროლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზები. 2014 წლის 30 დეკემბრის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზარალებულ ზ. ბ-ს ავტომანქანის წინა მარცხენა კარის ჩარჩოს გარეთა ზედაპირიდან ამოღებული ხელის გულის კვალი იდენტურია გ. ქ-ს მარცხენა ხელის გულის ანაბეჭდის ნიმუშისა. 2014 წლის 30 დეკემბრის ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაზარალებულ ზ. ბ-ს ავტომანქანის წინა მარჯვენა, უკანა სავარძლის შუა ნაწილზე და უკანა მარცხენა სავარძლიდან ამოღებული ოთხი სუნის კვალის ნიმუში იდენტურია თ. პ-ს, ი. ტ-ს, გ. ქ-სა და გ. ზ-საგან აღებული სუნის კვალის ნიმუშებისა.
15. საქართველოს სსკ-ის 72-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, არსებითი დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება და ამგვარი მტკიცებულების საფუძველზე კანონიერად მოპოვებული სხვა მტკიცებულება, თუ ის აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას, დაუშვებელია და იურიდიული ძალა არ გააჩნია.
16. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს და მიაჩნია, რომ აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ავტომანქანის დათვალიერება ჩატარდა საქართველოს სსსკ-ის 125-ე მუხლის არსებითი დარღვევით, ამ საგამოძიებო მოქმედების დროს ამოღებული სუნისა და ხელის თითის კვლების ნიმუშების საფუძველზე მოპოვებული ოდოროლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, როგორც მტკიცებულებები, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება.
17. 2014 წლის 13 დეკემბრის ი. ტ-ს დაკავების ოქმის მიხედვით, იგი დაკავებულია 00:25 საათზე. დაკავებისას ი. ტ-ს ეცვა მამაკაცის „დუტის“ ჟილეტი, რომელსაც აქვს ორმხრივი ჯიბეები, ხოლო რაიმე წარწერა ან ორნამენტი არ გააჩნია. აღნიშნული ჟილეტი ამოიღო და დალუქა გამომძიებელმა.
18. 2014 წლის 13 დეკემბრის გ. ქ-ს დაკავების ოქმის მიხედვით, იგი დაკავებულია 00:25 საათზე. დაკავებისას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და ამოღებულია ხანჯლის ფორმის პატარა ზომის დანა, ვერცხლისფერი მეტალის ქარქაშით, შავი ფერის პლასტმასის ტარით, ასევე, ვერცხლისფერი მეტალის საათი დაზიანებული სამაჯურით, საათის კორპუსის უკანა მხარეს ლათინური წარწერით ,,ORIENT’’.
19. 2014 წლის 13 დეკემბრის გ. ზ-ს დაკავების ოქმის მიხედვით, იგი დაკავებულია 05:02 საათზე, მის ფაქტობრივ საცხოვრებელ სახლში, მდებარე თბილისში,….. ქუჩის N…..-ში.
20. გ. ზ-ს ბინის ჩხრეკის ოქმის მიხედვით, საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია 2014 წლის 13 დეკემბრის 06:00 საათიდან 06:30 საათამდე დროის შუალედში, მ. დ-ს საცხოვრებელ სახლში, მდებარე თბილისში, ….. ქუჩის N…..-ში. ჩხრეკის შედეგად, საძინებელ ოთახში არსებული კარადის მარჯვენა მაღლიდან პირველი უჯრიდან ამოღებულია ვერცხლისფერი სამნათურიანი ფარანი, წარწერით ,,OSRAM DOT it TM’’. ფარანს კორპუსზე აღენიშნება დაზიანების კვალი.
21. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, ამოღებულ ნივთებსა და საგნებზე გამოძიების პროცესში ამოცნობები ჩატარდა კანონის არსებითი დარღვევით და, შესაბამისად, ამოცნობის ოქმები გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება.
22. საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამომცნობს ამოსაცნობი ობიექტი უნდა წარედგინოს არანაკლებ ორ სხვა, ერთგვაროვან საგანთან ერთად. საგნის ერთგვაროვნება დამოკიდებულია იმ კონკრეტულ ნიშან-თვისებაზე, რომლითაც ის ამომცნობმა პირმა უნდა განასხვაოს სხვა, გვარობითად მსგავსი ნივთისაგან.
23. ფარნის ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ დაზარალებულს ამოსაცნობად წარედგინა გარეგნული ფორმით მკვეთრად განსხვავებული, მრგვალი, ცილინდრული და ოთხკუთხედი ფორმის ფარნები, რაც, თავის მხრივ, არ შეიძლება მივიჩნიოთ ერთგვაროვან ნივთებად. ანალოგიური დარღვევით არის ჩატარებული ქარქაშიანი სუვენირული ხანჯლის ამოცნობა, რა დროსაც დაზარალებულს მასთან ერთად წარედგინა რადიკალურად განსხვავებული, ორი უქარქაშო ხანჯალი.
24. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს შეფასებას და აღნიშნავს, რომ ამ ორ შემთხვევაში ასეთი ქმედებები შეიძლება ჩაითვალოს მინიშნებად საგნის ამომცნობი პირისთვის. ანალოგიური დარღვევით ჩატარდა ქურთუკის ამოცნობაც. დაზარალებულ ზ. ბ-ს ორმხრივად ჩასაცმელ ე.წ „დუტის“ ჟილეტთან ერთად ამოსაცნობად წარედგინა ორი ცალმხრივად ჩასაცმელი შავი ფერის „დუტის“ ჟილეტი და რუხი ფერის „დუტის“ ქურთუკი.
25. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არასწორად არის შედგენილი მაჯის საათის ამოცნობის ოქმი. დაზარალებულის მიერ ამოცნობილი მაჯის საათი, განლაგების მიხედვით, არ შეესაბამება მის მიერ გადმოცემულ ფაქტობრივ აღწერილობას. კერძოდ, ოქმში მითითებულია, რომ ზ. ბ-მ ამოიცნო მისგან მარჯვნიდან მარცხნივ, მეორე ადგილზე დადებული საათი, მაშინ, როდესაც მის მიერ ამოცნობილი საათი ოქმში მითითებულია პირველ ადგილზე.
26. 1-ლი ინსტანციის სასამართლოში გამომძიებელმა გ. მ-მ აღნიშნული დარღვევები „ახსნა“ იმ გარემოებით, რომ ოქმის სისწორეში დარწმუნებული იყო და შედგენის შემდეგ არ წაუკითხავს და ისე მოაწერა ხელი.
27. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებათა მოპოვება და დამაგრება განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მიაჩნია, რომ აღნიშნულ მტკიცებულებათა მოპოვება, რომლებიც დაზარალებულის ჩვენებასთან ერთად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი უნდა გამხდარიყო, განხორციელდა კანონის არსებითი დარღვევით.
28. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–13 მუხლის მე–2 ნაწილის შესაბამისად „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“, ხოლო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
29. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს არ მოუპოვებია უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა გ. ზ-ს, გ. ქ-სა და ი. ტ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს, დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მოცემულ შემთხვევაში რჩება მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულ ზ. ბ-ს ჩვენება, რომლითაც დასტურდება მისი დაყაჩაღების ფაქტი და ისიც ამხელს მხოლოდ გ. ქ-სა და ი. ტ-ს. მხოლოდ ერთი პირის ჩვენება კი არ შეიძლება დაედოს პირის მსჯავრდებასა და გამამტყუნებელ განაჩენს. რაც შეეხება 1-ლი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული სხვა მოწმეების - რ. ქ-ს, ჯ. ხ-ს, ლ. ფ-ს, პ. ჯ-სა და შ. კ-ს ჩვენებებს, აღნიშნული ჩვენებებით დასტურდება მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფაქტი.
30. რაც შეეხება თ. პ-ს მიმართ ბრალდებას, როდესაც სახეზე არ გვაქვს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა გ. ზ-ს, გ. ქ-სა და ი. ტ-ს ბრალეულობას ყაჩაღობის ჩადენაში, ასეთ შემთხვევაში, თ. პ-ს ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის არსებობა გამორიცხულია.
31. რაც შეეხება დანიშნული სასჯელის ზომას, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ქ-ს მიმართ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
32. მსჯავრდებულ ი. ტ-ს მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 მარტის განაჩენით (რომლითაც ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“,“დ“ ქვეპუნქტებით) 4 წლითა და 6 თვით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, უნდა შეიცვალოს, კერძოდ: სასჯელის გამოყენების პრინციპების გათვალისწინებით, ბავშვის უფლებათა კონვენციის (CRC) მე-40 მუხლის მე-4 პუნქტისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მინიმალური სტანდარტული წესების არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ (პეკინის წესების) მე-5 და 17.1 წესის შესაბამისად, მსჯავრდებულ ი. ტ-ს ასაკის გათვალისწინებითა და მისი რეინტეგრაციისათვის ხელშეწყობის მიზნით, მის მიერ სავარაუდო კონტრუქციული როლის შესრულებით საზოგადოებაში უნდა განხორციელდეს სასჯელის ეფექტური ფორმის გამოყენება და საპატიმრო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა ი. ტ-ს მიმართ უნდა შეიცვალოს ისეთი შესაბამისი ზემოქმედების ღონისძიებით, როგორიცაა პირობითი მსჯავრი.
33. ბავშვის უფლებათა კონვენციის (CRC) 37-ე (ბ) მუხლისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მინიმალური სტანდარტული წესების, არასრულწლოვანთა მიმართ მართლმსაჯულების განხორციელების შესახებ (პეკინის წესები, გენერალური ასამბლეა, #40/30 რეზოლუცია, 1985 წ, წესი 17.1 (ბ) და (გ)) მოთხოვნით, თავისუფლების შემზღუდავი სასჯელის გამოყენება მძიმე დანაშაულის არაერთჯერადად ჩადენის შემთხვევაშია შესაძლებელი, ასევე, როცა არ არსებობს სხვა შესაბამისი ზემოქმედების ღონისძიება.
34. როგორც აღვნიშნეთ, ი. ტ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“,“დ“ ქვეპუნქტებით იქნა მსჯავრდებული საპატიმრო სასჯელით. ამასთან, საპატიმრო სასჯელის - ვადიანი თავისუფლების აღკვეთის (3 წელი, 4 თვე და 15 დღე) მოხდა მსჯავრდებულს დაეწყო 2014 წლის 13 დეკემბრიდან და დღეისათვის მოხდილი აქვს სასჯელის მნიშვნელოვანი (დაახლოებით 1 წელი და 7 თვე) ნაწილი. აღნიშნული პერიოდი - ვადიანი თავისუფლების აღკვეთის მოხდისა - საკმარისია ი. ტ-ს საჭიროებებიდან გამომდინარე, რათა საპატიმრო სასჯელით განხორციელდეს შესაბამისი ინტერვენცია.
35. ამდენად, სასამართლოს მიერ არასრულწლოვნისათვის განსაზღვრული ვადიანი თავისუფლების აღკვეთის - 3 წლის, 4 თვისა და 15 დღის მოხდა აღემატება ი. ტ-ს საჭიროებებიდან გამომდინარე განსახორციელებელ ინტერვეციას და დანიშნული საპატიმრო სასჯელის მოხდა არ უნდა გაგრძელდეს თავისუფლების აღკვეთის სახით.
36. საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვან ი. ტ-ს საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, სასჯელის დანიშვნისას სასამართლოში წარმოდგენილი ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მონაცემებით: ხასიათდება დადებითად, დანაშაულის ჩადენამდე არ ყოფილა შემჩნეული ცუდ საქციელში; ოჯახური გარემო დადებითია, მშობლები მისთვის წარმოადგენენ ავტორიტეტს, მათ მიმართ ამჟღავნებს პატივისცემას და ნდობას, ასევე დედის გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა (სიმსივნით დაავადება) მისთვის სტრესის მნიშვნელოვანი წყაროა და სავარაუდოდ მასთან უშუალო ურთიერთობა სტრესის დაძლევის საშუალება იქნება. ზემოაღნიშნული გარემოებები იძლევა საკმარის ინფორმაციას სასამართლოს მიერ დანიშნული საპატიმრო სასჯელის - ვადიანი თავისუფლების აღკვეთის პირობით ჩასათვლელად პენიტენციური დეპარტამენტის ანგარიშის გარეშე.
37. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 27-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო საჭიროებისამებრ ითვალისწინებს ინდივიდუალური შეფასების ანგარიშში მითითებულ გარემოებებს, რომ ი. ტ-ა არის სპორტსმენი, რესპუბლიკური და საერთაშორისო ტურნირების არაერთგზის გამარჯვებული და პრიზიორი ჭიდაობაში, კითხულობს მხატვრულ ლიტერატურას, უკრავს გიტარაზე, იტაცებს მუსიკა.
38. მსჯავრდებული ი. ტ-ა არის მორწმუნე; დაპატიმრებამდე და მას შემდეგაც ეკლესიურად ცხოვრობს, ხვდება სულიერ მოძღვარს, კანონიერი წარმომადგენლის - მამის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, იგი სასულიერო ცხოვრებით ძლიერ არის დაინტერესებული და გათავისუფლების შემდეგ ერთ-ერთ ალტერნატივად განიხილავს ცხოვრების ეკლესიასთან დაკავშირებას.
39. ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მიხედვით, შეფასების პროცესში შესწავლილი არასრულწლოვნის განვითარების დონე, ცხოვრების, აღზრდისა და განვითარების პირობები, რომ მას აქვს ასაკის შესაბამისი ჯანსაღი ინტერესები, თავშეკავებისა და ნებისყოფის უნარი, ადეკვატური თვითშეფასების უნარი, ჯანსაღი ამბიცია, განათლების მიღებისა და წარმატების მიღწევის მოტივაცია, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური ვითარება და სხვა ზემოთ მითითებული გარემოებები, რომლებიც მისი ხასიათისა და ქცევის თავისებურებების შეფასებისა და საჭიროების განსაზღვრის შესაძლებლობას იძლევა, საფუძველია სასამართლოს მიერ, სსკ-ის 64-ე-65-ე მუხლებით გათვალისწინებული პროპორციული მოვალეობის დაკისრებისა და გამოსაცდელი ვადის განსაზღვრისათვის.
40. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის შეცვლა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თუ მსჯავრდებული არ ჩაიდენს ახალ დანაშაულს, დააკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ და სასამართლოს მიერ დაწესებულ ყველა პროპორციულ პირობას, შესაძლებელია - საპატიმრო სასჯელის დარჩენილი ნაწილის აღსასრულებლად არ მიექცევა ი. ტ-ს მიმართ.
41. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ი. ტ-სათვის მიზანშეწონილია ისეთი სასჯელის დანიშვნა, რაც არ არის დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ–ის 301–ე მუხლით, 307–ე მუხლის 1–ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2, მე-3 ნაწილებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 74-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თინათინ ჭურღულიას საკასაციო საჩივარი გ. ქ-ს, ი. ტ-ს, თ. პ-სა და გ. ზ-ს მიმართ არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 22 მარტის განაჩენში მსჯავრდებულ ი. ტ-ს მიმართ სასჯელის ნაწილში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
3. ი. ტ-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვროს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ¼-ით და განესაზღვროს 3 წლით, 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად პირობით არ იქნეს გამოყენებული. საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ი.ტ-ს გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 წელი, 4 თვე და 15 დღე.
4. პირობითი სასჯელის პერიოდში მასზე ზედამხედველობა დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. ი. ტ-ს დაევალოს პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
6. ი. ტ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2014 წლის 13 დეკემბრიდან 2016 წლის 26 ივლისის ჩათვლით.
7. ი. ტ-ა დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
8. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.
9. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი