განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№410აპ-16 28 დეკემბერი, 2016 წელი
გ-ე რ. 410აპ-16 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან _ გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ თამარ პაპავას
ადვოკატების – ე. გ-ს, შ. მ-ს, მ. პ-ს
გამართლებულ _ გ. გ-ს
მსჯავრდებულ _ რ. გ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ რ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. გ-სა და თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 23 მაისის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 იანვრის განაჩენით:
- რ. გ-ე, – დაბადებული 19.. წლის .. ივლისს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
- შ. კ-ი, - დაბადებული 19.. წლის .. ივლისს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 185-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით იმაში, რომ ჩაიდინა ქურდობაში დახმარება, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში დახმარება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; ქონების მესაკუთრის ან მფლობელის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის ამ კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები და ცივი იარაღის ტარება, ნარკოტიკის მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ.
- გ. გ-ე, - დაბადებული 19.. წლის .. დეკემბერს, ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში (ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ).
2. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ. გ-ს, შ. კ-სა და გ. გ-ს ბრალი დაედოთ შემდეგი დანაშაულის ჩადენაში:
2015 წლის 29 აპრილს, დილის საათებში, ქ. თბილისში, …... №…..-ში მდებარე სასტუმრო „…..” შ. კ-ი, მ. თ-ი, გ. გ-ე და რ. გ-ე ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაეუფლნენ სასტუმრო „…..” მდგარ „XBOX”-ის აპარატს, რომელიც შ. კ-მ და მ. თ-მ, ქ.თბილისში, ….. ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე 110 ლარად გაასხვისეს მათთვის უცნობ პირზე, ხოლო აღებული თანხა შ. კ-მ, მ. თ-მ, გ. გ-მ და რ. გ-მ ერთობლივად დახარჯეს, რითაც სასტუმრო „…..” მფლობელ გ. თ-ს მიაყენეს - 910 ლარის მატერიალური ზიანი.
შ. კ-ს ასევე ბრალი დაედო შემდეგი ქმედებებისთვის:
- 2015 წლის 29 აპრილს, ღამის საათებში, შ. კ-მ მოიპოვა ქ. თბილისში, …... №…..-ში მდებარე სასტუმრო „…..” ადმინისტრატორის ნდობა, რის შემდეგაც მოტყუებით, ერთი ღამით იქირავა აღნიშნული სასტუმროს ნომერი, ხოლო მეორე დილით ნომრის ღირებულებისა და მომსახურების თანხის გადაუხდელად დატოვა სასტუმროს ტერიტორია, რითაც სასტუმროს მეპატრონე გ. თ-ს მიაყენა - 162 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი.
- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 სექტემბრის დადგენილებით შ. კ-ი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის დაჯარიმდა - 500 ლარით. 2015 წლის 24 მარტს, 16:40 საათზე, ქ. თბილისში, ….. №…..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული წესით დააკავეს შ. კ-ი, რომლის პირადი გასინჯვისას „დუტის” ჟილეტის წინა, მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს ლითონის, ოქროსფერტარიანი, 5 სანტიმეტრი სიგრძის მჭრელი პირის მქონე დანა, რომელზედაც დამაგრებულია სხვადასხვა ფუნქციის მქონე დეტალები. ამოღებული ნივთი მოთავსდა ქაღალდის კონვერტში და დაილუქა …..ლუქით. ცივი იარაღის ექსპერტიზის №….. დასკვნის თანახმად, ამოღებული დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მაფიქსირებელი მოწყობილობით და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
3. აღნიშნული ქმედებებისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 იანვრის განაჩენით:
- შ. კ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.
შ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 3 წლით; 185-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით; 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 25,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 3 წლით თავისუფლების აღკვეთამ - სრულად შთანთქა საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შ. კ-ს განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
შ. კ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2015 წლის 5 მაისიდან.
- რ. გ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, დაკვალიფიცირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე.
რ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
რ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მომენტიდან - 2016 წლის 26 იანვრიდან.
რ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2015 წლის 21 მაისიდან - 2015 წლის 10 ივნისის ჩათვლით.
- გ. გ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
4. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ რ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. გ-მ, მსჯავრდებულმა შ. კ-მ და ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ პაპავამ.
5. მსჯავრდებულ რ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. გ-მ და მსჯავრდებულმა შ. კ-მ სააპელაციო საჩივრით ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 იანვრის განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ პაპავამ სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ - შ. კ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 185-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით; რ. გ-სა და გ. გ-ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 23 მაისის განაჩენით მსჯავრდებულ რ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. გ-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა; მსჯავრდებულ შ. კ-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 იანვრის განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
- რ. გ-ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
- რ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
- რ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2016 წლის 26 იანვრიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2015 წლის 21 მაისიდან - 2015 წლის 10 ივნისის ჩათვლით.
გაუქმდა რ. გ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
- გ. გ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
გაუქმდა გ. გ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტან პირს სრულად უნდა დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
- შ. კ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
- შ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 წლით; სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შ. კ-ს სასჯელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა.
შ. კ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - პატიმრობა გაუქმებულია.
შ. კ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2015 წლის 5 მაისიდან და ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოტანის დროს სასჯელი მოხდილი ჰქონდა, გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გ. გ-სა და შ. კ-ს განემარტათ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
საქმეზე დართული ნივთები და საგნები:
· 1 (ერთი) ლაზერული დისკი ჩვენების ადგილზე შემოწმების ამსახველი ფოტოსურათებით, დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
· 1 (ერთი) ლაზერული დისკი წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერით, დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
· შ. კ-სგან ამოღებული ცივი იარაღი - დანა, დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის ….. შს სამმართველოს მე-….. განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
· გ. გ-ს პირადობის მოწმობა - ID ბარათი, დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის ….. შს სამმართველოს მე-….. განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 23 მაისის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ რ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. გ-მ და ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამარ პაპავამ.
8. კასატორი - მსჯავრდებულ რ. გ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე. გ-ა საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის განაჩენი უკანონოა, უნდა გაუქმდეს და რ. გ-ე გამართლდეს წარდგენილ მსჯავრდებაში შემდეგ გარემოებათა გამო: ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა მოცემულ საქმეში რ. გ-ს ბრალეულობას; სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ გაიზიარა მოწმე მ. თ-ს ჩვენება და განმარტა, რომ პალატა მის ჩვენებას საფუძვლად ვერ დაუდებს გამამტყუნებელ განაჩენს. გარდა ამისა, მოწმე მ. თ-ს მიმართ გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი, თუმცა სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა აღნიშნულის თაობაზე; დაზარალებულები - გ. თ-ე და კ. თ-ე არ არიან ქურდობის უშუალო შემსწრეები; ამდენად, სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ ერთ მტკიცებულებას - ვიდეოჩანაწერს, რომლიდანაც ნამდვილად დასტურდება, რომ რ. გ-მ აიღო „იქსბოქსის“ აპარატი და შეიტანა სასტუმროს ოთახში, თუმცა შემდეგ რა ბედი ეწია მას, გამოძიებით დადგენილი არ არის, ხოლო ერთი ოთახიდან მეორეში ნივთის მხოლოდ გადატანა არ ქმნის ქურდობის შემადგენლობას, რადგან არ დადასტურებულა მისაკუთრების მიზანი; უტყუარად დადგენილია ის ფაქტი, რომ რ. გ-ს სათამაშო აპარატი სასტუმროდან არ გაუტანია; სათამაშო აპარატის დაკარგვის შესახებ მესაკუთრემ შეიტყო მხოლოდ 4-5 დღის შემდეგ და ამ დროის განმავლობაში სასტუმროს ეყოლებოდა უამრავი სტუმარი, თუმცა გამოძიებამ არ გადაამოწმა ვერსიები - აპარატი სხვა პირმა ხომ არ გაიტანა (მათ შორის, დამლაგებელმა).
9. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი თამარ პაპავა საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 23 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: შ. კ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 185-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით; რ. გ-სა და გ. გ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში შემდეგი საფუძვლებით: შ. კ-ს, რ. გ-სა და გ. გ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდებები უტყუარად დასტურდება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მოპოვებული და სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმე მ. თ-ს ჩვენებით, რომელიც სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა არც ერთ ნაწილში და არასწორად განმარტა, რომ აღნიშნული ჩვენება არის არასარწმუნო, ასევე, დაზარალებულ გ. თ-ს, მოწმე კ. თ-ს ჩვენებებით, რომელთა თანახმად, დგინდება, რომ დანაშაულის ჩადენის დღეს შ. კ-ი, რ. და გ. გ-ები, ასევე მ. თ-ი იმყოფებოდნენ სასტუმრო „…..“. გ. თ-სა და კ. თ-ს მოსაზრებით, სათამაშო აპარატის ქურდობა მოხდა დროის სწორედ იმ მონაკვეთში, როდესაც აღნიშნული პირები იმყოფებოდნენ სასტუმროში, რასაც ადასტურებს სასტუმროში დამონტაჟებული კამერის ვიდეოჩანაწერი; კ. თ-მ დამატებით განმარტა, რომ ვიდეოჩანაწერში გარკვევით ჩანს, თუ როგორ გამოაქვს მ. თ-ს სასტუმროდან რაღაც ნივთი და, მისი მოსაზრებით, ეს ნივთი სწორედ სათამაშო აპარატი იქნებოდა; ბრალდების მხარე ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებებად ასევე მიიჩნევს პირის ამოცნობის ოქმებს, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმებს, რა დროსაც ყველა ბრალდებულის თანდასწრებითა და მონაწილეობით დათვალიერდა სასტუმრო „…..“ მეპატრონის მიერ გამოძიებისათვის წარდგენილი ვიდეოჩანაწერი, საიდანაც ნათლად ჩანს, თუ როგორ ეუფლება რ. გ-ე სასტუმროს ჰოლში არსებულ სათამაშო აპარატს და შეაქვს ოთახში. ამდენად, ბრალდების მხარის მოსაზრებით, ყველა ზემომითითებული მტკიცებულების ერთობლიობით, უტყუარად დასტურდება შ. კ-ს, რ. გ-სა და გ. გ-თვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.
10. საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ რ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ე. გ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები და მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.
11. საკასაციო პალატის სხდომაზე გამართლებულ გ. გ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ. მ-მ და მსჯავრდებულ შ. კ-ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. პ-მ ვრცლად მიმოიხილეს საქმის მასალები და ითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 23 მაისის განაჩენის ძალაში დატოვება.
12. პროკურორმა თამარ პაპავამ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მხარი დაუჭირა საკასაციო საჩვრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ რ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. გ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 23 მაისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
2. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა შ. კ-მ თავი სრულად ცნო დამნაშავედ მხოლოდ ცივი იარაღის ტარებაში (სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილი), ხოლო ბრალდებულებმა - გ. გ-მ და რ. გ-მ გამოიყენეს მათთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.
3. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად, სათამაშო აპარატის ქურდობის ეპიზოდში შ. კ-ს, გ. გ-სა და რ. გ-ს ბრალი დაედოთ შემდეგი ქმედებებისთვის:
4. 2015 წლის 29 აპრილს, დილის საათებში, ქ. თბილისში, ….. №…..-ში მდებარე სასტუმრო „…..” შ. კ-ი, მ. თ-ი, გ. გ-ე და რ. გ-ე ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაეუფლნენ სასტუმრო „…..” მდგარ „XBOX”-ის აპარატს, რომელიც შ. კ-მ და მ. თ-მ ქ. თბილისში, ….. ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, 110 ლარად გაასხვისეს მათთვის უცნობ პირზე, ხოლო აღებული თანხა შ. კ-მ, მ. თ-მ, გ. გ-მ და რ. გ-მ ერთობლივად დახარჯეს, რითაც სასტუმრო „…..” მფლობელ გ. თ-ს მიაყენეს 910 ლარის მატერიალური ზიანი.
5. საკასაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის მოსაზრებას ქურდობის წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ჩადენის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია, კერძოდ:
6. საკასაციო პალატა, პირველ რიგში, ეთანხმება სააპელაციო პალატას, რომ მან მართებულად არ გაიზიარა მოწმე მ. თ-ს მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება. ბრალდების მხარის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეზიარებინა მოწმე მ. თ-ს ჩვენების მხოლოდ ის ნაწილი, რომელშიც იგი უთითებს, თუ როგორ ჩაიდინეს ერთობლივად დანაშაული - მან, შ. კ-მ, რ. გ-მ და გ. გ-მ, იმ საფუძვლით, რომ დაცვის მხარემ - ბრალდებულებმა დაკითხვის დროს მასზე განახორციელეს ფსიქოლოგიური ზეწოლა, რის გამოც მოწმე იძულებული გახდა, ჩვენება შეეცვალა. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის არგუმენტი არ შეესაბამება რეალობას. დაცვის მხარის მიერ კითხვების დასმის პროცესში მ-მ იკითხა, შეიძლებოდა თუ არა ჩვენების შეცვლა და მას შემდეგ, რაც მოსამართლემ განუმარტა ის სამართლებრივი შედეგები (საქართველოს სსკ-ის 3711-ე მუხლით მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ), რომელიც შესაძლოა, მოჰყოლოდა მის მიერ არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემას, მიუხედავად ამისა, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, არსებითად შეცვალა ჩვენება, კერძოდ: მ. თ-მ თავდაპირველად დაადასტურა ოთხივე მათგანს შორის წინასწარი შეთანხმების არსებობა, თუმცა შემდეგ უარყო აღნიშნული და განმარტა, რომ არ იცის, თუ ვინ შეიტანა სათამაშო აპარატი სასტუმროს ოთახში. როდესაც გაიღვიძა, აპარატი დახვდა იქ. აღნიშნული კი მ. თ-ს ჩვენებას უკარგავს სანდოობასა და დამაჯერებლობას, ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, რის გამოც საკასაციო პალატა, მას ასევე არ იზიარებს.
7. სახელმწიფო ბრალმდებელი შ. კ-ს, რ. გ-სა და გ. გ-ს მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის ჩადენას, გარდა მოწმე მ. თ-ს ჩვენებისა, ასევე დადასტურებულად მიიჩნევს სასტუმროს სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერის, დაზარალებულ გ. თ-სა და მოწმე კ. თ-ს ჩვენებების საფუძველზე, რომელთა თანახმად, მისი მოსაზრებით, უტყუარად დასტურდება, რომ 2015 წლის 29 აპრილს შ. კ-ი, რ. გ-ე, გ. გ-ე და მ. თ-ი იმყოფებოდნენ სასტუმრო „…..“ და წინასწარი შეთანხმებითა და როლების განაწილებით ჯერ ფარულად დაეუფლნენ „იქსბოქსის“ აპარატს, რის შემდეგაც შ. კ-მ და მ. თ-მ ის 110 ლარად გაასხვისეს მათთვის უცნობ პირზე, ხოლო აღებული თანხა შ. კ-მ, მ. თ-მ, გ. გ-მ და რ. გ-მ ერთობლივად დახარჯეს.
8. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
9. საკასაციო პალატის მიერ განმარტებულია (618აპ-15, მოსამართლეები: გ. შავლიაშვილი, ნ. გვენეტაძე, პ. სილაგაძე), რომ წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა; მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ - წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში - გამოიხატოს.
10. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ გ. თ-სა და მოწმე კ. თ-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ ისინი არ არიან მომხდარი ფაქტის თვითმხილველები და სათამაშო აპარატის ქურდობის ეპიზოდთან დაკავშირებით გადმოსცემენ იმ ინფორმაციას, რაც იხილეს სასტუმროს კამერის ვიდეოჩანაწერში, კერძოდ: კადრში ჩანს, თუ როგორ იღებს რ. გ-ე სასტუმროს ჰოლიდან „იქსბოქსის“ აპარატს და შეაქვს ოთახში. გარდა ამისა, მათი ვარაუდით, სათამაშო აპარატი სასტუმროდან გაიტანა მ. თ-მ, რადგან მას შენობიდან გასვლისას, გ. თ-ს განმარტებით, ხელში ეჭირა ჩანთა, ხოლო კ. თ-ს (უშუალოდ შეესწრო მ. თ-ს მიერ სასტუმროს დატოვების მომენტს) განმარტებით - ტანსაცმელი (მაისური), რომელშიც, მათი აზრით, მ. თ-ს დამალული ექნებოდა სათამაშო აპარატი, თუმცა დანამდვილებით არ იციან. ამდენად, მათი ჩვენებებით არ დასტურდება არც აღნიშნულ პირებს შორის წინასწარი შეკავშირების ფაქტი და არც ის, რომ სათამაშო აპარატი სასტუმროდან გაიტანა სწორედ მ. თ-მ და იგი წარმოადგენს მხოლოდ ბრალდების მხარის ვარაუდს; რაც შეეხება გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერს, მასზე არ ჩანს შ. კ-ს, რ. გ-ს, გ. გ-სა და მ. თ-ს შორის რაიმე ისეთი ტიპის კომუნიკაცია, ან მოქმედება, რაც პალატას საშუალებას მისცემდა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ერწმუნა მათ შორის წინასწარი შეთანხმების არსებობა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ 2015 წლის 29 აპრილს - 09:12:04 საათიდან 09:18:22 საათის ინტერვალში - ვიდეოჩანაწერზე სხვადასხვა დროს ჩანან - შ. კ-ი, რ. გ-ე, გ. გ-ე და მ. თ-ი, არ მიუთითებს მათ შორის რაიმე დანაშაულებრივი კავშირის არსებობაზე, რაზედაც ბრალდების მხარე უსაფუძვლოდ აპელირებს. ასევე, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია ბრალდების მხარის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ მათი მხრიდან სხვისი ნივთის დაუფლების განზრახვის არსებობაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ მათი წასვლის შემდეგ, დალაგებისას, სასტუმროს ნომერში არსებული ტელევიზორი აღმოჩნდა უკუღმა დაკიდებული, რაც მიანიშნებს მათ მიერ ტელევიზორის დაუფლების განზრახვაზეც. სხვა რაიმე უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სათამაშო აპარატის ქურდობის ფაქტს, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.
11. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო პალატა ასევე ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით არ არის დადგენილი არათუ ის ფაქტი, კონკრეტულად რომელმა მათგანმა გაიტანა სასტუმროდან „იქსბოქსის“ აპარატი, არამედ საერთოდ გაურკვეველია, რა ბედი ეწია მას რ. გ-ს მიერ ოთახში შეტანის შემდეგ. მხოლოდ დაზარალებულ გ. თ-სა და მოწმე კ. თ-ს ვარაუდი, რომ სასტუმროდან გასვლისას მ. თ-ს ხელში ეჭირა რაღაც ნივთი და შესაძლებელია, სწორედ ის ყოფილიყო სათამაშო აპარატი, არ შეიძლება ჩაითვალოს უტყუარ მტკიცებულებად და საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
12. საყურადღებოა ასევე ის გარემოებაც, რომ, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, დაზარალებული გ. თ-ე და მოწმე კ. თ-ე არ არიან მოცემული შემთხვევის თვითმხილველები და მათთვის სათამაშო აპარატის დაკარგვის ფაქტი ცნობილი გახდა წინასწარი გამოძიების მიერ რ. გ-ს, შ. კ-სა და გ. გ-თვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის დღიდან მხოლოდ მეოთხე-მეხუთე დღეს. ამდენად, მთელი ამ დროის განმავლობაში როგორც გ. თ-ს, ასევე კ. თ-თვის უცნობია სათამაშო აპარატის ბედი, სად იყო ის - სასტუმროს რომელიმე ნომერში, ჰოლში თუ საერთოდ, დაიკარგა. კ. თ-ს ჩვენებით, რომ სასტუმროდან ყოველი სტუმრის გასვლის შემდეგ პირადად ამოწმებს, ხოლო დამლაგებელი ალაგებს ოთახს, უტყუარად არ დასტურდება ის ფაქტი, რომ აპარატი დაიკარგა 2015 წლის 29 აპრილს, სწორედ მას შემდეგ, რაც სასტუმროს შენობა დატოვეს შ. კ-მ, რ. გ-მ, გ. გ-მ და მ. თ-მ. ამასთან, გამოძიება არ დაინტერესებულა და არ გამოუთხოვია ინფორმაცია, ამ დროის განმავლობაში ისარგებლა თუ არა სხვა დამსვენებელმა სასტუმროს იმ ოთახით, რომელშიც განთავსებული იყვნენ ბრალდებულები.
13. ამდენად, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს და მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები საერთოდ გამორიცხავს შ. კ-სა და გ. გ-ს მხრიდან სათამაშო აპარატის ქურდობის ნაწილში მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენას და არ დასტურდება მათ მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. რაც შეეხება შ. კ-თვის საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრად შერაცხულ ქმედებებს, საკასაციო პალატა მას მთლიანად დადასტურებულად და საფუძვლიანად მიიჩნევს, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და ამ გარემოებათა თაობაზე საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე. ამასთან, საკასაციო პალატა არ იზიარებს როგორც ბრალდების მხარის, ასევე სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას რ. გ-ს მიერ ჩადენილ ქმედებასთან დაკავშირებით, შემდეგ გარემოებათა გამო:
14. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის თანახმად, ქურდობა არის სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. პირის ქმედება რომ ქურდობად დაკვალიფიცირდეს, აუცილებელია, ქურდობისათვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1. სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება. 2. ქმედების ფარული ფორმით განხორციელება. 3. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობა. ხოლო აღნიშნული დანაშაული დამთავრებულია ნივთის დაუფლების მომენტიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, ფლობდეს და განკარგოს სხვისი ქონება, როგორც საკუთარი.
15. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოწმე მ. თ-ს ჩვენება მისი არასანდოობის თვალსაზრისით, რასაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, სრულად ეთანხმება საკასაციო პალატაც. ამდენად, სააპელაციო პალატამ რ. გ-ს მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტი დადასტურებულად ჩათვალა მხოლოდ ერთი მტკიცებულების, კერძოდ, სასტუმროში განთავსებული კამერის ვიდეოჩანაწერის საფუძველზე და განმარტა, რომ მის მიერ სათამაშო აპარატის მოთავსების ადგილიდან - ჰოლიდან ფარულად დაუფლება და სასტუმროს ნომერში შეტანა თავისთავად წარმოადგენს უკვე დამთავრებულ დანაშაულს; ამასთანავე, ამავე ვიდეოჩანაწერიდან თვალნათლივ ჩანს მისი მოქმედების როგორც ფარული ხასიათი, ასევე - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანიც.
16. განსახილველ შემთხვევაში, ვიდეოჩანაწერის თანახმად, მართალია, რ. გ-ე მართლაც ეუფლება სასტუმროს ჰოლში არსებულ ნივთს და შეაქვს სასტუმროს ოთახში, რასაც სადავოდ არ მიიჩნევს არც საკასაციო პალატა, მაგრამ საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევით უტყუარად არ დასტურდება ქურდობის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანი - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ მას ამოძრავებდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და არ არის გამორიცხული ეჭვი, რომ მას სურდა ამ ნივთით მხოლოდ სარგებლობა - თამაში, მისი სასტუმროში ყოფნის განმავლობაში. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო „…..“ ჰოლი დამსვენებლებისათვის განკუთვნილი, საერთო სარგებლობის მქონე ოთახია (როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, იგი მოწყობილია როგორც სასადილო ოთახი), რის შესაბამისადაც, სათამაშო აპარატი განთავსებული იყო სწორედ იქ, ხელმისაწვდომი იყო ყველა დამსვენებლისათვის, რათა მათ ჰქონოდათ მისით სარგებლობის უფლება და შესაძლებლობა. ზუსტად ის გარემოება, რომ რ. გ-ე სასტუმროს ჰოლიდან, და არა - სასტუმროს რომელიმე ოთახიდან დაეუფლა ნივთს, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ მას სურდა არა აპარატის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლება, არამედ -მხოლოდ სარგებლობა, ყოველგვარი ეჭვი კი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასიკეთოდ. გარდა ამისა, ასევე დადასტურებულია, რომ რ. გ-ს სასტუმროდან სათამაშო აპარატი არ გაუტანია და რა ბედია ეწია აპარატს მას შემდეგ, რაც რ. გ-მ შეიტანა ოთახში, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი არ არის, რაზეც ზემოთ უკვე იყო დეტალური მსჯელობა.
17. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ.[1]
18. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან.[2]
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რ. გ-ე, მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შერაცხულ მსჯავრდებაში, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 23 მაისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამარ პაპავას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. მსჯავრდებულ რ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ე. გ-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 23 მაისის განაჩენში შევიდეს ცვლილება რ. გ-თან მიმართებით:
4. რ. გ-ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შერაცხულ მსჯავრდებაში.
5. რ. გ-ე დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
6. რ. გ-ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 23 მაისის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს ძალაში.
8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე
გ. შავლიაშვილი
[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
[2] იხ. El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia №39630/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება და Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება.