დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 06.03.2017
საქმის ნომერი
166აგ.-2016
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
06.03.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №166აგ-16 6 მარტი, 2017 წელი

ყ-ი ხ, 166აგ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ხ. ყ-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივლისის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 მარტის განაჩენით ხ. ყ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 7 წლით; სსკ-ის 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, იმავე მუხლის მე–2 ნაწილით – 4 წლით; 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით – 12 წლით, სსკ-ის 23,363–ე მუხლის მე–2 ნაწილით – 1 წლით; სსკ-ის 109–ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“, „დ“ და მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით – უვადო თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ხ. ყ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. ხ. ყ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 13 აგვისტოდან.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 9 ივლისის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 24 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ცვლილება შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 9 ივლისის განაჩენში და „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 29 ნოემბრის კანონით ხ. ყ-ს გაუნახევრდა სსკ-ის 23,363–ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი – 1 წელი. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

4. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 9 ივლისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–16 მუხლის საფუძველზე ხ. ყ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა: სსკ–ის 177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“, „ბ“ და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 7 წელი და განესაზღვრა 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236–ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 2 წელი და განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 236–ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელი – 4 წელი და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 12 წელი და განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 23,363–ე მუხლის მე–2 ნაწილით დანიშნული სასჯელი – 6 თვე და განესაზღვრა 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 109–ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“, „დ“ და მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნულ სასჯელზე – უვადო თავისუფლების აღკვეთაზე არ გავრცელდა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მოქმედება და იგი დარჩა უცვლელად. საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, ხვიჩა ყ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. ხ. ყ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 13 აგვისტოდან. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 9 ივლისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 23 აპრილის განჩინებით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებაში შევიდა შემდეგი ცვლილება: „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ხ. ყ-ს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ–ის 109–ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“, „დ“ და იმავე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – უვადო თავისუფლების აღკვეთა და შთანთქმის პრინციპით საბოლოო სასჯელად განესაზღვრა უვადო თავისუფლების აღკვეთა. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

6. 2016 წლის 14 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მსჯავრდებულმა ხ. ყ-მა და ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 9 ივლისის განაჩენის გადასინჯვა იმ მოტივით, რომ, მისი მოსაზრებით, აღნიშნულ განაჩენს საფუძვლად უდევს კანონის დარღვევით მოპოვებული, ყალბი, არასანდო და საეჭვო მტკიცებულებები, რასაც უტყუარად ადასტურებს მის მიერ მოპოვებული ახალი მტკიცებულებები, კერძოდ: დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოთხოვილი ცნობები; მსჯავრდებულის მოსაზრებით, საქმეში არ არსებობს არც ერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის ბრალეულობას მისთვის ბრალად შერაცხულ ქმედებებში; მსჯავრდებულის მითითებით, მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებებთან ერთად ამტკიცებს მის უდანაშაულობას.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისის განჩინებით მსჯავრდებულ ხ. ყ-ის შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

8. კასატორი - მსჯავრდებული ხ. ყ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისის განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის განსახილველად დაშვებას შუამდგომლობაში მითითებული მოტივებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, რომელთა შემთხვევაშიც შესაძლებელია ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ: განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;

ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;

ზ 1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;

თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.

3. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ საფუძველს არ აკმაყოფილებს. პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივებს შუამდგომლობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის გარემოებებს.

4. მსჯავრდებულის მიერ დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გამოთხოვილი ცნობები ვერ გახდება განაჩენის გადასინჯვის საფუძველი, ვინაიდან პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 310–ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანხამად, კანონიერ ძალაში შესული განაჩენი გადაისინჯება, თუ წარდგენილი იქნება ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი, მაგრამ არსებობდა და რომლის წარმოუდგენლობას სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას ობიექტური მიზეზები ჰქონდა. მოცემულ შემთხვევაში კასატორი ვერ ასაბუთებს, რომ აქტიური მცდელობის მიუხედავად, ვერ შეძლო აღნიშნული ცნობების მოპოვება.

5. ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ წარმოდგენილი ცნობით მსჯავრდებული ცდილობს დაადასტუროს ის ფაქტი, რომ მასთან, დროებითი მოთავსების იზოლატორში, პროკურორი არ შესულა რიგ ოქმებზე მის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზის გამოსარკვევად, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პროკურორის მიერ შედგენილი ოქმები, რომლებშიც ის აღნიშნავს, რომ გამოარკვია მსჯავრდებულის მიერ სხვადასხვა საპროცესო დოკუმენტზე ხელის არმოწერის მიზეზი, ყალბია. პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცებულების სიყალბე, რომელსაც ეყრდნობა გადასასინჯი განაჩენი, საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დადგინდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, რაც მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია.

6. რაც შეეხება კასატორის მითითებას საქმეში არსებული მტკიცებულებების საეჭვოობასა და არასაკმარისობაზე, პალატა აღნიშნავს, რომ ხ. ყ-ის ბრალდების საქმეში არსებული მტკიცებულებები სამართლებრივად შეფასდა საქმის არსებითი განხილვისას სამივე ინსტანციის სასამართლოში, ხოლო მათი ხელახლა შეფასების სამართლებრივი საფუძველი მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატას არ გააჩნია.

7. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ ხ. ყ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ხ. ყ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივლისის განჩინება მსჯავრდებულ ხ. ყ-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე