დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 13.03.2017
საქმის ნომერი
182აგ.-2016
დავის ტიპი
საზედამხედველო
თარიღი
13.03.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №182აგ-16 13 მარტი, 2017 წელი

ლ-ე დ, 182აგ-16 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ დ. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ც-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 10 აგვისტოს განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 29 აგვისტოს განაჩენით დ. ლ-ე, ნასამართლევი, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, გადაზიდვა ჯგუფურად) და მიესაჯა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 12 აპრილიდან.

2.აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 6 დეკემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 დეკემბრის განაჩენით დ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2007 წლის 12 აპრილიდან.

4. ამავე სასამართლოს 2008 წლის 7 ივლისის განაჩენით დ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2005 წლის 10 ნოემბრის რედაქცია) და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; ამ სასჯელს დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 6 დეკემბრის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 16 წელი, 9 თვე, 5 დღე და 2 წელი, 9 თვე, 5 დღე, რის შედეგადაც საბოლოოდ განესაზღვრა 20 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 7 ივლისიდან.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 28 ნოემბრის დადგენილებით დ. ლ-ეს გაუნახევრდა სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და განესაზღვრა 3 თვით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 19 წლით, 9 თვითა და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2008 წლის 7 ივლისიდან.

6. ამავე სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით დ. ლ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული 18 წელი და განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის მე-19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული 4 წელი და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 6 თვე და განესაზღვრა 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; მსჯავრდებულს საბოლოოდ განესაზღვრა 14 წლით, 9 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 7 ივლისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 29 მარტის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინება შეიცვალა: დ. ლ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 7 ივლისის განაჩენით სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შეფარდებული 1 წელი და განესაზღვრა 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ 2007 წლის 29 ნოემბრის კანონის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა; ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონის საფუძველზე დ. ლ-ეს აღნიშნული 4 თვე და 15 დღე გაუნახევრდა და განესაზღვრა 2 თვითა და 7 დღით თავისუფლების აღკვეთა. გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში, მათ შორის - საბოლოო სასჯელის დანიშვნის ნაწილში, დარჩა უცვლელად.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 26 ივნისის განაჩენით მსჯავრდებულ დ. ლ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 6 დეკემბრის განაჩენში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 29 მარტის განჩინებებში შევიდა ცვლილება, კერძოდ: საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის მე–4 ნაწილის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 7 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 362–ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელს - 4 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთას - ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 29 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელიდან - 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 24 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ–ის 19,177–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 8 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ დ. ლ-ეს განესაზღვრა 13 წლითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 6 დეკემბრის განაჩენი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 29 მარტის განჩინება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

9. 2016 წლის 2 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა დ. ლ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. ც-მა, რომელმაც მოითხოვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, რის საფუძვლადაც მიუთითა შემდეგი: 2007 წლის 29 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის. ხსენებული განაჩენის დადგენამდე დ. ლ-ე მსჯავრდებული არ ყოფილა სხვა განზრახი დანაშაულისათვის. აღნიშნული ფაქტის დასტურად ადვოკატმა წარადგინა საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს მიერ 2016 წლის 11 მაისს გაცემული ცნობა ნასამართლობის შესახებ. შესაბამისად, ადვოკატს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიმართ უნდა გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი, რომლის მე–8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260–ე მუხლით, 261–ე მუხლის მე–3 ან/და მე–4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით, ამასთანავე, ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, გარდა იმავე კოდექსის 32–ე თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 10 აგვისტოს განჩინებით შუამდგომლობა დაუშვებლად იქნა ცნობილი.

11. კასატორი - მსჯავრდებულ დ. ლ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. ც-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 10 აგვისტოს განჩინების გაუქმებას შუამდგომლობაში მითითებული მოტივებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის მიერ შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებულ საკითხებზე საკასაციო პალატას მიღებული აქვს შესაბამისი გადაწყვეტილება (№9461-13, 2013 წლის 29 მარტის განჩინება).

3. რაც შეეხება ადვოკატის პოზიციას, რომ მსჯავრდებულ დ. ლ-ის მიმართ, როგორც ნასამრთლობის არ მქონე პირზე, უნდა გავრცელებულიყო ამნისტია, პალატა მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს №1/2547 განაჩენიდან ირკვევა, რომ 2007 წლის 29 აგვისტოს დ. ლ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე–3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა. ხსენებულ განაჩენში მითითებულია, რომ დ. ლ-ე ნასამართლევია. ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებიდანაც ირკვევა, რომ დ. ლ-ე 2007 წლის 29 აგვისტომდე ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის, კერძოდ 2001 წლის 20 ნოემბერს თბილისის ვაკე–საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ იგი გაასამართლა დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია სსკ–ის 177–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. აღნიშნული მოცემულობებიდან გამომდინარე, უდავოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 29 აგვისტოს განაჩენით ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის დროს, დ. ლ-ე იყო განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის მქონე პირი.

4. ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება მსჯავრდებულ დ. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ც-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერია, მისი გაუქმების ან შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ც-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 10 აგვისტოს განჩინება მსჯავრდებულ დ. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. ც-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის შესახებ დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე