საკასაციო საჩივარი ცნობილია დაუშვებლად

სისხლის სამართლის 17.07.2017
საქმის ნომერი
2კ-106აპ.-17
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.07.2017

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№106აპ-17 ქ. თბილისი

უ-ა გ, 106აპ-17 17 ივლისი, 2017 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ნინო გვენეტაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 იანვრის განაჩენზე საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტორში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორების - გიგა ძნელაძისა და მიხეილ სადრაძის და მსჯავრდებულ გ. უ-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ბ-ას საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ. კ-ს, ბრალად ედებოდა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში წაქეზება, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ე.ი. უკანონო ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების დამალვა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 25,182–ე მუხლის მე–2 ნაწილის „დ“, მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ–ის 194–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2008 წლის ბოლოს საქართველოს ... ყოფილმა ...-მა დ. კ-მა, გააჩნდა რა გარკვეული ფინანსური ვალდებულებები ბიზნესმენ ჯ. კ-ის წინაშე, განიზრახა ხსენებული თანხის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, რის გამოც დაუკავშირდა იმჟამინდელ თბილისის ...-ს – გ. უ-ას და შესთავაზა ..-ის ბიუჯეტიდან გამოეყო თანხები, რომლის წარმოშობის წყაროს დაფარვისა და კანონიერი სახის მიცემის გზით შეასრულებდა ვალდებულებებს. აღნიშნულ შეთავაზებას გ. უ-ა დასთანხმდა და განიზრახა 2006 წლის 6 ივნისს აუქციონის წესით შპს -ე“ 7 000 000 აშშ დოლარად გასხვისებული, თ-ში, რ-ის ტერიტორიაზე მდებარე 43 350 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთის გამოსყიდვა საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით მაღალ ფასად - 17 000 000 აშშ დოლარად, რა დროსაც მიწის ღირებულება რეალურად იქნებოდა 7 000 000 აშშ დოლარი, ხოლო 10 000 000 აშშ დოლარი წარმოადგენდა დ. კ-ის მიერ ჯ. კ-სათვის გადასაცემ თანხას.

გ. უ-ამ, რომელიც მოქმედებდა დ. კ-ის სასარგებლოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების გაფლანგვის განზრახვით, 2008 წლის 29 დეკემბერს, როგორც ქალაქ თ-ის მთავრობის ხელმძღვანელმა, დ. კ-თან შეთანხმებისამებრ გამოსცა №... დადგენილება, რომლის თანახმადაც, ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის გამოყოფილი ხარჯებიდან, შპს „ა-სთან“ შეთანხმებით, 17 000 000 აშშ დოლარად გამოსყიდულ იქნა ზემოხსენებული მიწის ნაკვეთი. გ. უ-ას აღნიშნული ქმედების შედეგად მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი 10 000 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, რაც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი 2008 წლის 26 დეკემბრის ცვლილების თანახმად, უნდა მოხმარებოდა .. თ-ის ტერიტორიაზე ინვესტიციების განხორციელების წახალისებას, მის განაშენიანებას, რესტრავრაციასა და რეკონსტრუქციას.

დ. კ-ი მაკონტროლებელი ორგანოების ეჭვის თავიდან ასაცილებლად და გ. უ-ას მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან არამიზნობრივად გამოყოფილი თანხის უკანონო წარმოშობის დაფარვის, მისი წარმოშობის წყაროს შენიღბვის მიზნით, დაუკავშირდა ჯ. კ-ს და შეუთანხმდა მის წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებების შესრულებას შპს „ა- ის“ ანგარიშზე განთავსებული თანხებიდან. ამ მიზნით დ. კ-ის მითითებით, 2009 წლის იანვარში დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებულ ჯ. კ-ს კუთვნილ კომპანია „L- D–სა“ და შპს „ა- ს“ შორის გაფორმდა 2008 წლის 5 აპრილით დათარიღებული ფიქტიური ხელშეკრულება მმართველობითი და ოპერაციული მომსახურების გაწევის თაობაზე. ხსენებულ ხელშეკრულებაში, რომელიც წარმოადგენდა გ. უ-ას მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაფლანგული 10 000 000 აშშ დოლარისათვის კანონიერი სახის მიცემის სამართლებრივ საფუძველს, ხელოვნურად ჩაიდო პირობა შპს „ა-ის“ მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს სახით 10 000 000 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე.

2009 წლის იანვარში გაფორმებულ ხელშეკრულებაში დაფიქსირებული მოჩვენებითი ვალდებულების ვითომდა 2008 წლის 5 ივლისს დარღვევის გამო, 2009 წლის 12 თებერვალს დ. კ-ის მითითებით, შპს „ა- ის“ მიერ 10 000 000 აშშ დოლარიდან შესაბამისი გადასახადის გადახდის შედეგად დარჩენილი 8 811 189 აშშ დოლარი გადაირიცხა ჯ. კ-ს კუთვნილი კომპანიის ანგარიშზე.

ხსენებული სქემით დ. კ-მა შენიღბა აღნიშნული თანხის წარმოშობის წყარო და კომპანია „L. D–ის“ ანგარიშზე თანხის განთავსებით დაიფარა ჯ. კ-ს წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებები.

2. ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. უ-ას, ბრალად ედებოდა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 182–ე მუხლის მე–2 ნაწილის „დ“, მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ბრალდების ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

2008 წლის ბოლოს საქართველოს ...-ის ყოფილმა ...-მა დ. კ-მა განიზრახა ბიზნესმენ ჯ. კ-სთან არსებული ფინანსური ვალდებულების სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით შესრულება, რისთვისაც დაუკავშირდა იმჟამინდელ ..-ის ...-ს - გ. უ-ას, რათა მას ...-ის ...-ის სახელით გამოესყიდა ქ. თ-ში, რ-ის ტერიტორიაზე მდებარე კერძო კომპანიის კუთვნილი მიწის ნაკვეთი საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით მაღალ ფასად, ხოლო ზედმეტად გადახდილ თანხას დ. კ-ი მისცემდა კანონიერ სახეს და გადასცემდა ჯ. კ-ს.

აღნიშნულის შემდგომ, კერძოდ, 2008 წლის 29 დეკემბერს, გ. უ-ამ, როგორც ქალაქ ...-ის ...-ის ხელმძღვანელმა, დ. კ-თან შეთანხმებისამებრ გამოსცა №.... დადგენილება, რომლის თანახმადაც, ...-ის რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის გამოყოფილი ხარჯებიდან, შპს „ა-სთან“ შეთანხმებით, საბაზრო ღირებულებაზე მეტ თანხად, კერძოდ კი 17 000 000 აშშ დოლარად გამოსყიდულ იქნა 2006 წლის 6 ივნისს აუქციონის წესით შპს „ა- ზე“ 7 000 000 აშშ დოლარად გასხვისებული, ქ. თ-ში, რ-ის ტერიტორიაზე მდებარე 43 350 კვ. მ ფართის მიწის ნაკვეთი. გ. უ-ას აღნიშნული ქმედების შედეგად მართლსაწინააღმდეგოდ გაიფლანგა სახელმწიფოს კუთვნილი, 10 000 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, რაც მისი მიზნობრიობიდან გამომდინარე, უნდა მოხმარებოდა .. თ-ის ტერიტორიაზე ინვესტიციების განხორციელების წახალისებას, მის განაშენიანებას, რესტავრაციასა და რეკონსტრუქციას.

ქ. ...-ის ..-მა გ. უ-ამ გადაწყვიტა ქ. ...-ის ..-ის ასპროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „თ-ის ჯგუფის“ ფულადი სახსრებით შენიღბულად, თვალთმაქცური გზით დაეფინანსებინა პოლიტიკური გაერთიანება „ე -ის“ საქმიანობა, რისთვისაც 2009 წლის დეკემბერში ქ. ...-ის მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსის - ტ. ხ-ის მეშვეობით შპს „თ- ის“ გენერალურ დირექტორს - გ. ხ-ას დაავალა შპს „თ-ში“ სამუშაოზე მოჩვენებითად გაეფორმებინა პოლიტიკური გაერთიანება „ე-ის“ აქტივისტები, რომელთა პარტიის სასარგებლო საქმიანობის სახელფასო ანაზღაურება მოხდებოდა მითითებული საწარმოს კუთვნილი, ...-ის დაგვა–დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურებისათვის მოსახლეობისაგან აკრეფილი და თბილისის ბიუჯეტიდან მიღებული თანხებიდან.

გ. ხ-ამ, დავალების საფუძველზე 2009 წლის 31 დეკემბრის №... ბრძანებით, შპს „თ- ში“ შექმნა საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, თავდაპირველად 514 საშტატო ერთეულით, ხოლო შემდეგ მან 2011 წლის 1 ივნისის №... და 2011 წლის 15 ივლისის №... ბრძანებებით საშტატო რაოდენობა გაზარდა 12 ერთეულით.

მოგვიანებით, გ. უ-ამ ტ. ხ-ის მეშვეობით შპს „თ-ის“ ახალ გენერალურ დირექტორს - თ. შ-ს დაავალა საშტატო ერთეულის გაზრდა, რომელმაც 2011 წლის 30 სექტემბრის №.... ბრძანებით განყოფილებას დაუმატა კიდევ 90 საშტატო ერთეული. 2009 წლის 31 დეკემბრიდან 2011 წლის 29 დეკემბრამდე შპს „თ-ის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში ფიქტიურად გაფორმებულ „ე- ის“ 712 პარტიულ აქტივისტზე ხელფასის სახით უკანონოდ დაირიცხა და, შესაბამისად, გაიფლანგა 4 130 728 ლარი, ისე, რომ მათ არ შეუსრულებიათ მითითებული განყოფილების დებულებით გათვალისწინებული სახელშეკრულებო მოვალეობები.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 18 სექტემბრის განაჩენით დ. კ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ–ის 25,182–ე მუხლის მე–2 ნაწილის „დ“, მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ–ის 194–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

გ. უ-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ–ის 182–ე მუხლის მე–2 ნაწილის „დ“, მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ე.წ. ,,რ-ის“ ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

გ. უ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182–ე მუხლის მე–2 ნაწილის „დ“, მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ე.წ. ,,თ-ის“ ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მასვე დამატებითი სასჯელის სახით 1 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–12 მუხლის თანახმად, გ. უ-ს გაუნახევრდა ძირითადი და დამატებითი სასჯელები და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით - 6 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

4. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ.უ-მ ჩაიდინა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინაღმდეგო გაფლანგვა, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა გამფლანგველის მართლზომიერ გამგებლობაში (ე.წ. ,,თ-ის“ ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

ქ. ...-ის ...-მა გ. უ-ამ გადაწყვიტა ქალაქ თ-ის ..-ის ასპროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „თ-ის“ ფულადი სახსრებით შენიღბულად, თვალთმაქცური გზით დაეფინანსებინა პოლიტიკური გაერთიანება „ე-ის“ საქმიანობა, რისთვისაც 2009 წლის დეკემბერში ქალაქ თ-ის ..-ის დასუფთავების სამსახურის უფროსის - ტ. ხ-ის მეშვეობით შპს „თ-ის“ გენერალურ დირექტორს - გ. ხ-ს დაავალა შპს „თ-ში“ სამუშაოზე მოჩვენებითად გაეფორმებინა პოლიტიკური გაერთიანება „ე-ის“ აქტივისტები, რომელთა პარტიის სასარგებლო საქმიანობის სახელფასო ანაზღაურება მოხდებოდა მითითებული საწარმოს კუთვნილი, ... -ის დაგვა–დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურებისათვის მოსახლეობისაგან აკრეფილი და ..-ის ბიუჯეტიდან მიღებული თანხებიდან.

გ. ხ-ამ, დავალების საფუძველზე 2009 წლის 31 დეკემბრის №... ბრძანებით, შპს „თ-ში“ შექმნა საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, თავდაპირველად 514 საშტატო ერთეულით, ხოლო შემდეგ მან 2011 წლის 1 ივნისის №... და 2011 წლის 15 ივლისის №.... ბრძანებებით საშტატო რაოდენობა გაზარდა 12 ერთეულით.

მოგვიანებით, გ. უ-ამ ტ. ხ-ის მეშვეობით შპს „თ-ის“ ახალ გენერალურ დირექტორს - თ. შ-ს დაავალა საშტატო ერთეულის გაზრდა, რომელმაც 2011 წლის 30 სექტემბრის №... ბრძანებით განყოფილებას დაუმატა კიდევ 90 საშტატო ერთეული. 2009 წლის 31 დეკემბრიდან 2011 წლის 29 დეკემბრამდე შპს „თ-ის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში ფიქტიურად გაფორმებულ „ე- ის“ 712 პარტიულ აქტივისტზე ხელფასის სახით უკანონოდ დაირიცხა და, შესაბამისად, გაიფლანგა 4 130 728 ლარი, ისე, რომ მათ არ შეუსრულებიათ მითითებული განყოფილების დებულებით გათვალისწინებული სახელშეკრულებო მოვალეობები.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 6 იანვრის განაჩენით საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორების: გიგა ძნელაძისა და მიხეილ სადრაძის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ხოლო მსჯავრდებულ გ. უ-სა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების: ბ. ბ-სა და ზ. გ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

გ. უ-ს ქმედება საქართველოს სსკ–ის 182–ე მუხლის მე–2 ნაწილის „დ“ და მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებიდან (ე.წ. ,,თ-ის“ ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ–ის 333–ე მუხლის პირველ ნაწილზე.

გ. უ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 333–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 9 თვით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით 8 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე–16 მუხლის თანახმად, გ. უ-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდა ძირითადი და დამატებითი სასჯელები და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკეთა 1 წლით, 3 თვითა და 22 დღით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით - 6 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

გ. უ-ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდა აეთვალა 2015 წლის 18 სექტემბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის განაჩენი დ. კ-ის გამართლებისა და გ. უ-ს ე.წ. ,,რ-ის“ ეპიზოდში გამართლების ნაწილში დარჩა უცვლელად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. უ-მ ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ–ის 333–ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გამოიხატა შემდეგში:

ქ. ...-ის ...-მა გ. უ-ამ გადაწყვიტა ქ. ...-ის ...-ის ასპროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს „თ-ის“ ფულადი სახსრებით დაეფინანსებინა პოლიტიკური გაერთიანება „ე-ის“ აქტივისტების საქმიანობა, რისთვისაც 2009 წლის დეკემბერში ქ. ...-ის ...-ის დასუფთავების სამსახურის უფროს ტ. ხ-ს დაავალა აღნიშნული საკითხის მოგვარება, ხოლო ამ უკანასკნელმა შპს „თ-ის“ გენერალურ დირექტორს - გ. ხ-ას დაავალა შპს „თ- ში“ სამუშაოზე გაეფორმებინა პოლიტიკური გაერთიანება „ე --ის“ აქტივისტები, რომელთა პარტიის სასარგებლო საქმიანობის სახელფასო ანაზღაურება მოხდებოდა მითითებული საწარმოს კუთვნილი, ...-ის დაგვა–დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურებისათვის მოსახლეობისაგან აკრეფილი და ...-ის ბიუჯეტიდან მიღებული თანხებიდან, რითაც სახელმწიფოს ინტერესებს მიადგა არსებითი ზიანი.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარემ, კერძოდ:

7.1. ბრალდების მხარემ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და დ. კ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ–ის 25,182-ე მუხლის მე–2 ნაწილის „დ“, მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ–ის 194–ე მუხლის მე–3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით; გ. უ-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ–ის 182–ე მუხლის მე–2 ნაწილის „დ“, მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა (ე.წ. ,,რ-ის“ ეპიზოდი) და სსკ–ის 182–ე მუხლის მე–2 ნაწილის „დ“, მე–3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ე.წ. ,,თ-ის“ ეპიზოდი) იმ მოტივით, რომ საქმეში წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ დ. კ-ისა და გ. უ-ს მიერ მათთვის ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას, რაც სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა; ბრალდების მხარის მოსაზრებით სამართლებრივი კუთხით არასწორად შეფასდა გ. უ-ას ქმედება ე.წ. ,,თ-ის“ ეპიზოდთან დაკავშირებით (ვრცლად იხ. საკასაციო საჩივარი).

7.2. მსჯავრდებულ გ. უ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ბ. ბ-ა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას ნაწილობრივ (ე.წ. „თ-ის“ ეპიზოდში) და გ. უ-ს გამართლებას, ე.წ. „რ-ის ეპიზოდში“ კი - განაჩენის უცვლელად დატოვებას შემდეგი მოტივებით: სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები, ვინაიდან ისინი არადამაჯერებელია; სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა დაცვის მხარის მოწმის - მ. ა-ის ჩვენება; დაცვის მხარე შეზღუდეს და არ მისცეს მტკიცებულებათა სრულყოფილად გამოკვლევის შესაძლებლობა; მოსამართლე ლ. ჩ-ის აცილების შუამდგომლობა უსაფუძვლოდ არ დაკმაყოფილდა (ვრცლად იხ. საკასაციო საჩივარი).

8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და მივიდა დასკვნამდე, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

10. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად, ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა.

11. სააპელაციო პალატამ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება (ე.წ. ,,რ-ის“ ეპიზოდში), მათ შორის მოწმეების - ჯ. კ-ის, ნ. ბ-ის, ვ. ჯ-ას, გ. გ-ას, ლ. ფ-ის, მ. ჭ-ის, თ. ი-ის, გ. პ-ის, გ. ს-ის, გ. ი-ის, პ. ს-ის, ბ. ბ-ის, გ. კ-ის, გ. მ-ის, გ. ჯ-ას, დ. ც-ის, გ. მ-ის, გ. გ-ის, ი. შ-ის, ნ. ჩ-ის, ლ. ა-ის, პ. პ-ის, ს. ს-ის, ჯ. ს-სა და დ. ი-ის ჩვენებები, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტ გ. ჩ-ის ჩვენება, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ცნობა და აუდიტორ ზ. შ-ის ჩვენება - ამომწურავად შეაფასა, დეტალურად იმსჯელა თითოეულ მათგანზე და იმ მიზეზებზე, თუ რატომ არ გაიზირა ისინი, რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებს დ. კ-სა და გ. უ-ს ბრალეულობას, რის გამოც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს, ვინაიდან არ შეიძლება სასამართლომ პირი დამნაშავედ ცნოს, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი[1].

12. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ასევე სააპელაციო პალატის მოტივაციას ე.წ. ,,თ-ის“ ეპიზოდში გ. უ-ს ქმედების საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლით დაკვალიფიცირების თაობაზე და მიაჩნია, რომ როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის საკასაციო საჩივრები უსაფუძვლოა და არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არც ერთ საფუძველს.

13. სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა გ. უ-ს ქმედება ბრალდების ამ ეპიზოდში. საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ გ. უ-ს ქმედებაში არ არის გაფლანგვის, როგორც დანაშაულის, ძირითადი ნიშანი - სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში არსებობა, ვინაიდან ყველა ძირეული საკითხი, რაც დაკავშირებული იყო …-ის …-ის ბიუჯეტის დამტკიცებასთან, მასში ცვლილებების შეტანასთან, განეკუთვნებოდა კოლეგიური ორგანოს - საკრებულოს უფლებამოსილებას, ხოლო მერია, როგორც კოლეგიური აღმასრულებელი ორგანო, აღასრულებდა საკრებულოს გადაწყვეტილებებს.

14. სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ გ. უ-მ, როგორც მოხელემ, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, სრულადაა დადასტურებული გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის - მოწმეების: ტ. ხ-ის, გ. ხ-ას, ნ. თ-ისა და თ. შ-ის ჩვენებებით, რომელთა სისწორის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია. პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზეც, რომ სააპელაციო სასამართლოში საბოლოო სიტყვაში თავად გ. უ-მ აღნიშნა, რომ არ უარყოფს, რომ ეს ადამიანები მან დაასაქმა. თუმცა განზრახვა, რომ ეს პირები მაინცდამაინც პარტიული ნიშნით ყოფილიყვნენ შერჩეულნი, არ ჰქონია, მაგრამ გამოვიდა ისე, რომ ნაწილობრივ პარტიულ უჯრედს დაემსგავსა. მსჯავრდებულმა ასევე აღნიშნა, რომ არ ახსოვს, ნამდვილად ჰქონდა თუ არა ტ. ხ-თან ასეთი შეხვედრა და საუბარი, მაგრამ თუ ეტყოდა, ის ამას შეასრულებდა. ამიტომ არ გაურბის პასუხისმგებლობას. ეს ფაქტი მისი საქმიანობის მინუსად ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს, ეს არის მისი შეცდომა.

15. სააპელაციო პალატამ სწორად მიუთითა, რომ ვერ გაიზიარებდა მოწმე მ. ა-ის ჩვენებას, ვიანიდან ის ეწინააღმდეგება არა მარტო ბრალდების მოწმეთა ჩვენებებს, არამედ - თავად გ. უ-ს მიერ საბოლოო სიტყვაში დაფიქსირებულ პოზიციასაც, რის გამოც საეჭვოა და ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს.

16. საკასაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევის თაობაზე, რაც გამოიხატა დაცვის მხარის არამართლზომიერ შეზღუდვაში, ვინაიდან მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა არ გულისხმობს მათთვის მტკიცებულებების წარმოდგენისათვის ზუსტად ერთნაირი დროის მიცემას, რადგან ეს დამოკიდებულია თითოეული მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების რაოდენობაზე, მოცულობასა და სადავოობაზე. მხარეთა თანასწორობა და შეჯიბრებითობა არ ირღვევა იმ შემთხვევაში, თუ ერთ მხარეს მეტი მტკიცებულება აქვს და, შესაბამისად, მეტი დრო მიეცა მათ წარმოსადგენად. გადამწყვეტია, რომ სასამართლომ თანაბარი შესაძლებლობა მისცეს ორივე მხარეს მტკიცებულებათა გამოსაკვლევად, რაც, ბუნებრივია, მხარის მიერ ამ უფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევაში, თუ ეს პროცესის გაჭიანურებას ისახავს მიზნად, სასამართლომ უნდა აღკვეთოს. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარეს მიეცა გონივრული დრო და შესაძლებლობა დაცვის სათანადოდ მოსამზადებლად და ბრალდების თანასწორ პირობებში მტკიცებულებათა გამოსაკვლევად. სასამართლოს მიერ დაცვის მხარისათვის განსაზღვრული დრო იყო გონივრული და პროპორციული, როგორც გამოსაკვლევი მტკიცებულებების მოცულობასთან, ასევე - მის შინაარსობრივ მხარესთან მიმართებით.

17. უსაფუძვლოა ასევე დაცვის მხარის მითითება მოსამართლე ლ. ჩ-ს აცილების თაობაზე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 59-ე მუხლით გათვალისწინებული მოსამართლის აცილების არც ერთი საფუძველი.

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არც ერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტორში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორების - გიგა ძნელაძისა და მიხეილ სადრაძის და მსჯავრდებულ გ. უ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ბ-ას საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ნ. გვენეტაძე

პ. სილაგაძე

[1] ECtHR, Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, Lavents v. Latvia, Melich and Beck v. the Czech Republic.